Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში ჰეიდარ ალიევის დაკრძალვას, 30-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის, საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაცია ესწრებოდა


15 დეკემბერს აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევი დაკრძალეს. ამ დღეს ბაქოში 30-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო ჩასული. აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვაზე ბაქოში საქართველოდან სამი დელეგაცია

ჩავიდა. თბილისიდან ბაქოში ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის თვითმფრინავით გადაფრინდა ედუარდ შევარდნაძე. ედუარდ შევარდნაძე არ იყო წევრი სახელმწიფო დელეგაციისა, რომელსაც მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე მეთაურობდა. ბაქოში ჰეიდარ ალიევის დაკრძალვაზე ბათუმიდან ასლან აბაშიძე ჩაფრინდა, შვილთან ერთად, კიევიდან კი - საქართველოს პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი. მათ აზერბაიჯანის დედაქალაქში თავმოყრილ უამრავ სტუმართან ერთად უკანასკნელი პატივი მიაგეს მეოცე საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ პოლიტიკოსს, ჰეიდარ ალიევს, რომელიც საქართველოში დიდ მეგობრად ეგულებოდათ.


15 დეკემბერს, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვის დღეს, ბაქოში თავმოყრილი ყოფილი საბჭოთა სივრცის სხვადასხვა ლიდერები ამ სივრცის სხვადასხვა ქვეყნებსა და აზერბაიჯანს შორის ჰეიდარ ალიევთან ერთად შექმნილ მეგობრულ ურთიერთობას აღნიშნავდნენ. მათ შორის იყო ვლადიმირ პუტინიც.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] "დღეს ჩვენს წინაშეა ამოცანა, განვამტკიცოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმ ბაზაზე, რომელსაც საფუძველი ჰეიდერ ალიევმა ჩაუყარა."

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ჰეიდარ ალიევი დაახასიათა როგორც დიდი პოლიტიკური ფიგურა და ბრძენი კაცი.

ჰეიდარ ალიევი უკრაინის დიდ და გულწრფელ მეგობრად მოიხსენია უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ:

[ლეონიდ კუჩმას ხმა] " ჰეიდარ ალიევი იყო დიდი მეგობარი უკრაინისა - გულწრფელი მეგობარი."

კიდევ უფრო მეტი ეთქმოდათ საქართველოდან ბაქოში ჩასული დელეგაციების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ჰეიდარ ალიევის დიდი ხნის მეგობარს ედუარდ შევარდნაძეს. 14 დეკემბერს გამოთქმული სურვილის მიუხედავად, საქართველოდან ბაქოში ხელისუფლების ამჟამინდელ წარმომადგენლებთან ერთად ჩასულიყო, ედუარდ შევარდნაძე მეგობრის დაკრძალვაზე დამოუკიდებლად, ბადრი პატარკაციშვილის თვითმფრინავით და "სოციალისტური პარტიის" გადამდგარი თავმჯდომარის ვახტან რჩეულიშვილის თანხლებით ჩავიდა. ამის მიზეზი ბაქოში საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა განმარტა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "გუშინდელი რეაქციების შემდეგ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო გადაწყვეტილება, ეს არ გამხდარიყო სალაპარაკო და წამოსულიყო დამოუკიდებლად. "

ჰეიდარ ალიევის საქმეზე, მათ შორის, მეზობელი საქართველოსთვის გაკეთებულ საქმეებზე განცხადებების გაკეთება საქართველოს მომავალ პრეზიდენტს მოუხდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "გავა საუკუნეები და ადამიანები საქართველოში არ დაივიწყებენ ჰეიდარ ალიევს. მომავალი თაობები გაიხსენებენ, როგორ ურთიერთობას ჩაუყარა საფუძველი მან საქართველოსთან. ეს არის მომავალი ურთიერთობების საფუძველი. "

"ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში ისეთ მეგობარს, როგორიც ედუარდ შევარდნაძეა, არ შევხვედრივარ. არც ამდენი შეხვედრა მქონია ვინმესთან. ჩვენ როცა ჩვენს ხალხებზე - როგორც ქართველებზე, ისე აზერბაიჯანელებზე - ვსაუბრობდით, განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას ერთობლივად ვწყვეტდით. გლობალური ენერგოპროექტების რეალიზება კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უშიშროების დამკვიდრების, ცენტრალური აზიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის და ევროპის უდიდეს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გარანტიაა."- ეს უკვე თავად ჰეიდარ ალიევის სიტყვებია. მან, უდავოდ, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ამ გარანტიების შესაქმნელად. ჰეიდარ ალიევის დაკრძალვის შემდეგ ბაქოში საქართველოდან ჩასული დელეგაციები სამშობლოში ისევე ცალ-ცალკე დაბრუნდნენ, როგორც წავიდნენ. ედუარდ შევარდნაძეს თბილისის აეროპორტში კომენტარები არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG