Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 2 ნოემბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ყურადღებით ადევნებენ თვალყურს აფხაზეთშიც.


თამარ ჩიქოვანი, კობა ლიკლიკაძე, თბილისი საქართველოში 2 ნოემბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ყურადღებით ადევნებენ თვალყურს აფხაზეთშიც. მართალია, სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ინტერესს პრაგმატული კუთხით ხსნიან,

- მაგალითად, სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, სოხუმი საქართველოს პარლამენტში იმ ძალთა ყოფნას ისურვებდა, ვინც გაგებით მოეკიდებოდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს, - ფაქტი ფაქტად რჩება: სოხუმის ხელისუფლებისთვის სულ ერთი არ არის, რა შედეგით დასრულდება 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები.

განსხვავებით სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომელიც 2 ნოემბრის არჩევნებს მხოლოდ საქართველოს შიდა საქმედ აფასებს, სოხუმის ვიცე-პრეზიდენტი ვალერი არშბა არ მალავს, რომ აფხაზური მხარისთვის სულ ერთი არ არის, რით დასრულდება საპარლამენტი არჩევნები. ინტერნეტგამოცემა "აბხაზიას" ცნობით, ვალერი არშბას მნიშვნელოვნად მიაჩნია არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების მისვლა, ვისთვისაც თანასწორობა, კეთილმეზობლობა, ძალის გამოუყენებლობა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ძირითად პრინციპებად იქცევა. გაზეთი წერს:

"ვალერი არშბა მნიშვნელოვნად მიიჩნევს არჩევნებში ისეთი ძალების გამარჯვებას, ვინც იცის, რომ, მაგალითად, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა ორ ხალხს შორის ახალი ეპოქის დაწყებას დაუდებდა სათავეს. " საომარი რიტორიკა წარსულს უნდა ჩაბარდეს. და მე მოვუწოდებ ქართველ ერს, ასეთ ადამიანებს დაუჭიროს მხარი", - აცხადებს ვალერი არშბა. მისი თქმით, არჩევნები საქართველოში თავად საქართველოს და მისი მოქალაქეების საქმეა, მაგრამ აფხაზური მხარე ამ ფაქტისადმი გულგრილი ვერ იქნება. როგორც არშბამ აღნიშნა, პრესიდან ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია ელექტროენერგიის დეფიციტის, უმუშევრობის მაღალი დონისა და რთული კრიმინალური მდგომარეობის გამო.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, რათა რეგიონში სიტუაცია მოწესრიგდეს. თუ საქართველოში დაძაბულობა შეიქმნა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის, ეს უთუოდ წარმოქმნის დესტაბილიზაციას საქართველოში, რაც აუცილებლად აისახება რეგიონში არსებულ ვითარებაზე", - დასძენს ვალერი არშბა."


აფხაზური პრესა კვლავ ინტერესით აფასებს იმ ღონისძიებებს, რომლითაც სოხუმის ხელისუფლება "აფხაზეთის დამოუკიდებლობის" 10 წლისთავს გამოეხმაურა. თუმცა შეფასება - მართალია, იშვიათ შემთხვევაში - ყოველთვის დადებითი არ არის. რამდენიმე დღის წინ "ნუჟნაია გაზეტამ" გამოაქვეყნა რამდენიმე მოქალაქის ერთობლივი წერილი, რომელშიც ისინი გაკვირვებას გამოთქვამენ სოხუმის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, აფხაზეთში არ შეეშვათ აშშ-ში მცხოვრები იახია კაზანი, რომელიც აფხაზ-აბაზინი ხალხების მხოფლიო კონგრესის სტუმარი იყო. წერილში ნათქვამია:

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხვდებით, რომ კაზანების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოწვეულია მათი შეხედულებით, რომელიც კარდინალურად განსხვავდება აფხაზი ხალხის ხედვისგან და რომელიც აფხაზეთისთვის საუკეთესო გამოსავლად საქართველოს შემადგენლობაში შესვლას გულისხმობს. ჩვენც არაერთხელ გაგვიკრიტიკებია იახია კაზანის ეს მოსაზრება. მაგრამ, მეორე მხრივ, არავის აქვს უფლება, აუკრძალოს იახია კაზანს საკუთარ ისტორიულ სამშობლოში ჩასვლა მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრებების გამო. არ შეიძლება დავივიწყოთ ის დახმარება, რაც კაზანმა აფხაზ ხალხს ომის და ომის შემდგომ პერიოდში აღმოუჩინა. ვფიქრობთ, მისი მოღვაწეობა ყოველთვის განპირობებული იყო აფხაზი ხალხისადმი გულწრფელი სიყვარულით, რაც მას საკუთარი აზრის ქონის უფლებას აძლევს."
XS
SM
MD
LG