Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორალი და პოლიტიკა


ქართულ პოლიტიკაში, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში, ერთმანეთის გვერდით საქმიანობენ მეტად და ნაკლებად მორალური ადამიანები. და მაინც: "პოლიტიკა სუფთა ხელებით არ კეთდება",

- მიიჩნევს რიგითი ქართველი და უჭირს, მოძებნოს საყრდენი, რომელსაც მისი ოჯახისა და ქვეყნის მომავალი უნდა დაეფუძნოს. ალბათ, არამხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანა ხანგრძლივ და ღრმა კრიზისშია ჩაფლული. ამგვარ დამოკიდებულებას პოლიტიკისა და მორალის მიმართ ღრმა ფესვები აქვს.

მორალი და პოლიტიკა ყოველთვის არ ყოფილა ერთმანეთისგან ისე გამიჯნული, როგორც დღეს. უფრო მეტიც, ძველი დროის მოაზროვნეები, ლამის მეთხუთმეტე საუკუნემდე, პოლიტიკას ეთიკის ნაწილად მიიჩნევდნენ და, აი, რატომ: ცივილიზაციის საწყის ეტაპზე ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფები პოლიტიკის გარეშე ცხოვრობდნენ; ადამიანთა შორის ურთიერთობას წეს-ჩვეულებებზე, ტრადიციებზე და ტაბუთა სისტემაზე აღმოცენებული მორალური კოდექსი აწესრიგებდა. საზოგადოების სტრუქტურის გართულების შედეგად კი გაჩნდა მოღვაწეობის სფერო, რომელიც ადამიანების ქცევას იძულების აპარატის მეშვეობით წარმართავდა, ესე იგი, გაჩნდა პოლიტიკა. ასე რომ, მორალისა და პოლიტიკის მთავარი საზოგადოებრივი ფუნქცია თანხვედრია: ორივე არსებობს იმისათვის, რომ დაიცვას საზოგადოების კეთილდღეობა და სოციალური სამართლიანობა. პოლიტიკა გაჩნდა სწორედ იქ, სადაც მორალმა ვეღარ შეასრულა მომწესრიგებელი ფუნქცია; გაჩნდა, როგორც მისი სპეციფიკური დანამატი.

მაშ, რატომ მიიჩნევა პოლიტიკა ამორალურად? პირველ რიგში, იმის გამო, რომ პოლიტიკის განხორციელების საშუალება ძალაუფლებაა. ძალაუფლებას კი მოსდევს ადამიანების ბედის, მატერიალური და სულიერი ფასეულობების განკარგვა, რაც მაცდუნებელია და ხშირად ანგარებით გამოიყენება. ცნობილია ლორდ აკტონის ფრაზა: "ყოველგვარი ძალაუფლება ხრწნის ადამიანს, აბსოლუტური ძალაუფლება კი აბსოლუტურად ხრწნის". ანგარება ეყრდნობა იმ ფაქტორს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები ფორმდება, როგორც დიდი სოციალური ჯგუფების, ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისი; გადაწყვეტილებებს იღებს ერთი, ასრულებს მეორე. ამიტომ, მორალისგან განსხვავებით, პოლიტიკაში პასუხისმგებლობაზე საუბარი ფორმალურია. ამის გარდა, პოლიტიკისთვის მთავარია შედეგი, მისი მიღწევის საშუალებები კი, როგორც წესი, მეორეხარისხოვანია. როცა ერთმანეთს ეჯახება კონკრეტული ინტერესი და მორალის ზოგადი იმპერატივი, კონფლიქტი ინტერესების სასარგებლოდ წყდება. აღსანიშნავია პოლიტიკური ანგარების მულტიპლიკაციური ეფექტიც: ამორალური ქმედება ზედა ეშელონიდან გადაეცემა ქვედა ეშელონებს და მრავლდება. ხელისუფლების ირგვლივ იკრიბებიან კომპრომეტირებული ფიგურები, რადგან პატიოსანი ადამიანების გვერდით საქმიანობა ხელს არ აძლევს ზემდგომს. დაბოლოს, ერთი უმთავრესი ფაქტორი: პოლიტიკა, თავისი ბუნებით, კონფლიქტურია და, დეკლარაციული ფონის მიუხედავად, ვითარდება დევიზით - "ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია". მტერს კი მტრულად მოქცევა შეშვენის, რაც მორალური ქმედების ვალდებულებას გამორიცხავს. აღსანიშნავია, რომ რაც ნაკლებია სოციალური თანასწორობა საზოგადოებაში, მით მეტია კონფლიქტურობის ხარისხი პოლიტიკაში. ეს სწორედ ის მოვლენებია, რომლებიც ქართულ პოლიტიკას მიჯნავს მორალისაგან და რომელთა ფონზეც მიმდინარეობს მზადება მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

თითოეული ადამიანი, რომელსაც რამედ უღირს თავისი საარჩევნო ხმა, ფიქრობს არჩევანზე, ამავდროულად, ფიქრობს საკუთარი ქვეყნისა და ოჯახის მომავალზე.

რა სჭირდება ამომრჩეველს პოლიტიკოსისგან და პოლიტიკური ძალისგან? რწმენა იმისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი რჩეული, პირველ რიგში, იზრუნებს ხალხზე და მხოლოდ შემდეგ - საკუთარ ანგარებიან ინტერესებზე. ეს არ არის ამომრჩევლის ეგოისტური მოთხოვნა, ეს თვითგადარჩენის ინსტინქტია: რაც მეტად გაემიჯნება პოლიტიკა მორალს, მით მეტად დეგრადირებული აღმოჩნდება საზოგადოება.
XS
SM
MD
LG