Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სევასტოპოლზე სარაკეტო თავდასხმისთვის რუსეთი "საპასუხო ზომებით" იმუქრება


პოლიციელი დგას სადარაჯოზე, პლაჟის მახლობლად დაბომბვის შემდეგ. სევასტოპოლი. 2024 წლის 24 ივნისი
პოლიციელი დგას სადარაჯოზე, პლაჟის მახლობლად დაბომბვის შემდეგ. სევასტოპოლი. 2024 წლის 24 ივნისი

რუსეთმა დემარში გამოუცხადა აშშ-ის ელჩს რუსეთში, ლინ ტრეისის, კვირას სევასტოპოლზე მომხდარი იმ თავდასხმის გამო, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 150-ზე მეტი კი დაშავდა.

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, პირდაპირ ვაშინგტონს დააკისრა პასუხისმგებლობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე სარაკეტო თავდასხმაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ეს იერიში დაუსჯელი არ დარჩება.

24 ივნისს საღამოს რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო და სარაკეტო იერიში მიიტანა. მხოლოდ დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის დაბომბვას 5 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი ემსხვერპლა.

აშშ-ის საელჩოს მოსკოვში ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაზე. შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა მანამდე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეერთებული შტატები არ მონაწილეობს რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში, მაგრამ უკრაინას აძლევს შესაძლებლობას დაიცვას თავი, მათ შორის - მიწოდებული იარაღით.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინის არმიამ სევასტოპოლს ATACMS-ის რაკეტა ესროლა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ კვირას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლის მცხოვრებლების მიმართ გამოიყენა რაკეტები ATACMS-ები, რომლის მართვაშიც ამერიკელი სპეციალისტები მონაწილეობენ. ეს აქტი უკვე საკმარისი აღმოჩნდა მოსკოვისთვის, განეცხადებინა, რომ ამერიკა „კიევის რეჟიმთან თანაბარ პასუხისმგებლობას იზიარებს ამ ბოროტებაზე“.

რუსული წყაროებით თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული რაკეტა 23 ივნისს ჩამოაგდეს ქალაქის სანაპიროზე და დაზარალებულები ნამსხვრევებით დაშავდნენ. მოგვიანებით რუსეთის სამხედრო უწყებამ დააზუსტა, რომ საჰაერო თავდაცვის ზემოქმედების შედეგად რაკეტა კურსს ასცდა, ხოლო მისი ნამსხვრევები ხალხმრავალ პლაჟზე ჩაცვივდა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, დაბომბვის დროს საჰაერო განგაშის სირენა არ ჩართულა, ხოლო სანაპიროსთან ახლოს არ არის თავშესაფრები, სადაც ადამიანებს სარაკეტო და საავიაციო საფრთხის დროს დამალვა შეეძლოთ.

დაბა უჩკუევკაში სარაკეტო ნამსხვრევების ჩავარდნის შესახებ პირველი ცნობები ადგილობრივი დროით კვირას, შუადღისას გამოჩნდა. სევასტოპოლის ჩრდილოეთით მდებარე ამ ზღვისპირა დაბის პლაჟზე იმ დროს ხალხმრავლობა ყოფილა: უქმე დღეს არა მხოლოდ ტურისტები, არამედ ადგილობრივებიც მრავლად ბანაობდნენ ზღვაში.

„ნამსხვრევები პირდაპირ პლაჟზე ცვიოდა. ჩვენ ისინი არ დაგვცემია, მე და ჩემი ოჯახი იმ დროს სახლში ვიყავით, მაგრამ ყველაფერი საკმაოდ ახლოს იყო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უჩკუევკის მეზობლად მდებარე დაბა ლიუბიმოვკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა. ზოგიერთი ადგილობრივის ცნობით, ნამსხვრევები ლიუბიმოვკის სანაპიროზეც ჩაცვივდა, რადგან ATACMS-ის კასეტური რაკეტა საკმაოდ ფართო დიაპაზონზე შლის მრავალ ქვეითსაწინააღმდეგო მცირე ჭურვს.

ქალაქ სევასტოპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რაკეტის ნამსხვრევების შედეგად, ადგილზე ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არის მოხუცი ქალი, რომელიც იმ მომენტში წყალში იყო და ბავშვები - ორი და ცხრა წლის. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ცხრა წლის გოგონა აღმოჩნდა მაგადანის მერის მოადგილის ოლეგ ავერიანოვის ქალიშვილი. ის ოჯახთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ისვენებდა.

უჩკუევკაში დაღუპულთა გამო ანექსირებულ ყირიმში 24 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ყველა გასართობი ღონისძიება გაუქმდა. სევასტოპოლის მოსახლეობამ ქალაქის ერთ-ერთ პარკში გარდაცვლილთა პატივსაცემად მოაწყო სტიქიური მემორიალი, სადაც ადამიანებს ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ.

„ყირიმში არ არის და არ შეიძლება იყოს არავითარი „პლაჟები“

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი არის „დიდი სამხედრო ბანაკი, მრავალი სამიზნით“, რომლის დამალვას რუსეთის ხელისუფლება ცდილობს სამოქალაქო მოსახლეობის ზურგს უკან, - განაცხადა სევასტოპოლის ინციდენტის კომენტირებისას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსმა მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

„ყირიმში არ არის და არ შეიძლება იყოს არავითარი „პლაჟები“, „ტურისტული ზონები“ და „მშვიდობიანი ცხოვრების“ სხვა ნიშნები. ყირიმი რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვისი ტერიტორიაა, სადაც საომარი მოქმედებები და სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს“, - თქვა მიხაილო პოდოლიაკმა.

უჩკუევკის სანაპიროს მახლობლად რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის 160-ე ცალკეული სამხედრო-საინჟინრო ბატალიონის სამხედრო ნაწილი მდებარეობს. არსებობს ვარაუდი, რომ სევასტოპოლზე ჩამოგდებული რაკეტებს სწორედ ეს სამხედრო ნაწილი ჰყავდა მიზანში ამოღებული.

სოფელი ლიუბიმოვკა, რომელიც ასევე აღმოჩნდა ნამსხვრევების არეალში, ბელბეკის სამხედრო აეროდრომის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს. ამ აეროდრომს უკრაინის არმია ხშირად უტევს შორეული რადიუსის რაკეტებით. მიმდინარე წლის მაისში სწორედ ამ აეროდრომზე განადგურდა ATACMS-ის სარაკეტო ცეცხლით სამი რუსული გამანადგურებელი, რომლებსაც რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიის დაბომბვისთვის იყენებდა.

რუსეთის ტელეგრამის არხი „ვოენნი ოსვედომიტელი“ 17 მაისს დილით წერდა, რომ ავიაბაზაზე იერიშის შედეგად „მთლიანად განადგურდა ორი მიგ-31 და ერთი სუ-27, ასევე დაზიანდა მიგ-29“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუშუქებია ბელბეკის აეროდრომზე თავდასხმის დეტალები.

15 მაისის ღამით უწყებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ ყირიმში გაანადგურა უკრაინის ხუთი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ATACMS-ი.

საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტის“ ცნობით, 7 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ასევე ATACMS-ის რაკეტებით განახორციელეს იერიში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში.

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა არტიომ ლიზოგორმა გაავრცელა ცნობა, რომ აფეთქების ადგილის სიახლოვეს მდებარეობს ასევე აეროპორტი, თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა და გადის რუსეთის საზღვართან დამაკავშირებელი მაგისტრალი, რომელზეც ფრონტის ხაზისკენ მიმავალი რუსეთის ჯარი და სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება.

23 ივნისს სევასტოპოლზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის გამო რუსეთმა პასუხისმგებლობა უკრაინასთან ერთად, აშშ-საც დააკისრა, რომელიც კიევს შორი მოქმედების სისტემა ATACMS-ის რაკეტებს აწვდის.

ATACMS-ის რაკეტები, ეს არის არმიული ტაქტიკური სარაკეტო სისტემა (Army Tactical Missile System), რომელიც აშშ-ის მიერ ბრძოლის ველზე კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად - სამეთაურო პუნქტების და მოწინააღმდეგის იმ აეროდრომების გასანადგურებლად გამოიყენება, რომლებზეც განლაგებულია როგორც ტაქტიკური ავიაცია (თვითმფრინავები), ისე არმიული ავიაცია - მრავალფუნქციური, დამრტყმელი შვეულმფრენები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სევასტოპოლზე განხორციელებულ იერიშს აუცილებლად მოჰყვება "საპასუხო ზომები". მაგრამ, არ დაუზუსტებია, თუ როგორი იქნება ეს "საპასუხო ზომები".

24 ივნისს დღის მეორე ნახევარში რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო და სარაკეტო იერიში განახორციელა. მათ შორის ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის დაბომბვა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 40-ზე მეტი ადამიანი.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ზალპური რაკეტებით საცხოვრებელი სახლები და რამდენიმე ავტომობილი განადგურდა. დაღუპულთა შორის არის 4 ბავშვი - 9, 11 და 13 წლის გოგოები და 12 წლის ბიჭი.

უკრაინის კონტროლის ქვეშ არსებული დონეცკის პროკურატურის ცნობით, რუსმა სამხედროებმა პოკროვსკზე იერიშის დროს სავარაუდოდ „ისკანდერ მ“-ის რაკეტები გამოიყენეს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG