30 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ დანიშნულმა „სახალხო მიტინგმა“, რომელიც სოხუმის დრამატული თეატრის წინ შეიკრიბა, 9-პუნქტიანი რეზოლუციით მიმართა პრეზიდენტ ასლან ბჟანიას. მომიტინგეებმა ბჟანიასგან პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ ანქვაბის გადაყენება, ენერგეტიკის ობიექტების პრივატიზების შეჩერება, სასტუმროებისა და ე.წ. აპარტ-ოტელებისთვის მიწების გაყიდვაზე უარის თქმა და ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირების არდაშვება მოითხოვეს. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ასლან ბჟანიას მიტინგზე მისვლას და სიტყვით გამოსვლასაც სთხოვდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ბჟანიამ თავის კაბინეტში უმასპინძლა „სახალხო მიტინგის“ სამ წარმომადგენელს. სწორედ მათთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი მიტინგზე მიღებული რეზოლუციის არცერთი პუნქტის შესრულებას არ აპირებს. პასუხად „სახალხო მიტინგის“ ორგანიზატორებმა ასლან ბჟანიას გადადგომაც მოითხოვეს და რეზოლუციის პირობების შესასრულებლად საპროტესტო აქციების მთელი სერია დააანონსეს.
„ჩვენ თავისუფალი და დამოუკიდებელი აფხაზეთის მოქალაქეები ვართ, ვიმყოფებით ჩვენს მიწაზე, ჩვენს სამშობლოში და ჩვენ აზრს ყოველთვის ხმამაღლა გამოვთქვამთ“, - განაცხადა აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ადგურ არძინბამ „სახალხო მიტინგის“ ორგანიზატორთა სამომავლო გეგმების გამოცხადების შემდეგ.
ერთი თვით ადრე დაანონსებული მიტინგი, რომლისთვისაც დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება და მისი ძალოვანი უწყებებიც გულმოდგინედ ემზადებოდნენ, 4 საათში, სიტყვით გამოსვლებისა და რეზოლუციის მიღებით დასრულდა.
რა წერია მიტინგის მიერ მიღებულ რეზოლუციაში?
ე.წ. სახალხო მიტინგის მიერ მიღებული 9-პუნქტიანი რეზოლუციის ადრესატი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანიაა. რეზოლუციის მიხედვით, საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ბჟანიასგან ალექსანდრ ანქვაბის მთავრობის გადაყენებას და რამდენიმე განკარგულება/კანონის გაუქმებას მოითხოვენ. რეზოლუცია ასლან ბჟანიას სამკაციანმა დელეგაციამ (ტიმურ გულია, საიდ ბუთბა, ვიანორ აშბა) გადასცა, სოხუმის დრამატული თეატრის წინ შეკრებილ ხალხს კი საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ამირან კაკალიამ გააცნო:
„აფხაზეთის რესპუბლიკაში შექმნილი კრიზისის დაძლევისა და აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის მშენებლობის შენარჩუნების მიზნით, "სახალხო მიტინგმა" დაადგინა, რომ აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან გიორგის ძე ბჟანიამ დაუყოვნებლივ უნდა
- დაითხოვოს მოქმედი მთავრობა, რომელმაც: ვერ გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ვერ შექმნა სერიოზული ანტიკრიზისული პროგრამა, საფრთხის ქვეშ დააყენა ენერგეტიკის სფერო და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქვეყანას
- შექმნას რეფორმების საბჭო, რომელიც შეიმუშავებს საგზაო რუკას ეროვნული მნიშვნელობის საკითხების გადასაჭრელად ორი წლის ვადაში. საბჭო უნდა შედგებოდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებისგან
- გააუქმოს 2023 წლის 31 მარტის N135-ე განკარგულება საქართველოსთან ვაჭრობის შესახებ
- გააუქმოს აფხაზეთის მთავრობის დადგენილება (N177, 2022 წლის 27 დეკ.) ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის თაობაზე
- უკან გაიხმოს შეთანხმება „რუსეთის ფედერაციისათვის სახელმწიფო აგარაკ "ბიჭვინთის" საკუთრებაში გადაცემის და მისი განკარგვის შესახებ“, რომელიც შეტანილია პარლამენტში შემდგომი რატიფიკაციის მიზნით
- საჯაროდ თქვას უარი და გამოიხმოს პარლამენტიდან კანონპროექტი „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების მშენებლობა-განკარგვის“ შესახებ
- საჯაროდ თქვას უარი ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზებასა და კერძო კაპიტალისათვის მის გადაცემაზე
- საჯაროდ დადოს პირობა, რომ პარლამენტში რატიფიკაციისათვის არ შეიტანს 2023 წლის 18 მარტის შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ დავებში სასამართლოებისა და არბიტრაჟების გადაწყვეტილებების ცნობისა და სისრულეში მოყვანის შესახებ
- შექმნას ექსპერტთა კომისია ქალაქგეგმარების კოდექსის შესაქმნელად, რათა არ დაუშვას აფხაზეთის დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში აპარტამენტებისა და ისეთი ობიექტების მშენებლობა, რომლებიც დაარღვევენ ქალაქ სოხუმის არქიტექტურულ ანსამბლს.
„შეთავაზებული გეგმის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჩვენ, აფხაზეთის მოქალაქეები ჩავთვლით მოქმედ ხელმძღვანელობას აფხაზი ხალხის ეროვნული ინტერესების მტრად და მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას არსებული რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ჩვენ არ დავუშვებთ აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დაკარგვას", - თქვა ამირან კაკალიამ რეზოლუციის წაკითხვის შემდეგ
რა ითქვა მიტინგზე?
სოხუმის ცენტრში გამართულ მიტინგში, როგორც თვითონ ორგანიზატორებმა აღნიშნეს, 3-4 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მთავარი სათქმელი ტრანსპარანტებზე იყო გამოსახული:
„ჩვენ წინააღმდეგი ვართ - ბინების შესახებ კანონის, აფხაზეთში უცხოელთა ჩასახლების, აფხაზური მიწის დარიგების, ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის“; „ენერგეტიკა ხალხის საკუთრებაა!“; „აფხაზეთი არ იყიდება!“, „ჩვენ აპარტამენტების წინააღმდეგი ვართ!“
„მიჭირს იმის გაგება, რისთვის იბრძვიან დღეს ბჟანია და ანქვაბი. უცხოელი ინვესტორებისთვის? - იკითხა ადგურ არძინბამ, - კომპრომისებისა და დიალოგის გზით მათი შეჩერების მცდელობამ შედეგი არ მოიტანა. გვაიძულეს შევკრებილიყავით. მოვითხოვთ უარი თქვან დამღუპველ ინიციატივებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს სახელმწიფოს... მოვითხოვთ სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლას და მის ეროვნული ინტერესებისკენ მიმართვას. პრეზიდენტია პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება. ასლან ბჟანიამ დაკარგა ლეგიტიმაცია თავისი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე უარის თქმის შემდეგ. მოვითხოვთ მინისტრთა კაბინეტის გადაყენებას. მივმართავთ ხელისუფლებას, დაუბრუნდით ეროვნულ დღის წესრიგს და დაიწყეთ რეალური დიალოგი ხალხთან“.
ადგურ ლაგვილავა, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი: „აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს, მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ თითოეული აფხაზისათვის მისი მიწა და ხალხი უმაღლესი ღირებულებაა. ეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მიწაა და ჩვენ აქ ვდგავართ“.
მარინა შაკრილი: „აფხაზი ხალხი მომთმენია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, აფხაზი ხალხი არ მოგცემთ აფსნის გაყიდვის უფლებას“.
ახალგაზრდული ორგანიზაციების სახელით მიტინგზე სიტყვით გამოსულმა ხინა დუმავამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ხალხის მოტყუება:
„დღევანდელი ხელისუფლება ჰპირდებოდა ხალხს, რომ გაატარებდა რეფორმებს, შეამცირებდა ბიუროკრატიას და ხალხის ნების გამომხატველი იქნებოდა. ყველაფერი პირიქით მოხდა: არანაირი რეფორმები! ხელისუფლება უფრო ჩაკეტილი გახდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. ასე მოხდა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემისას. ხელისუფლება, ქვეყნის მშენებლობის ნაცვლად, საკუთარი კომერციული საკითხების მოგვარებითაა დაკავებული. ხელისუფლება მზადაა სუვერენიტეტის ნაწილიც კი დათმოს. მთავრობის არაკომპეტენტურმა და ჩავარდნილმა საქმიანობამ გამოიწვია ენერგოკრიზისი და ტარიფის 350%-იანი ზრდა. საქართველოსთან იმპორტისთვის კარის გაღება ეწინააღმდეგება აფხაზეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს. ჩვენ, პატრიოტულად განწყობილი ახალგაზრდობა, ვხედავთ როგორ გვატყუებენ. ჩვენ არ გვჯერა ამ ხელისუფლების, პრეზიდენტის, მინისტრებისა და მთელი მთავრობის. ისინი იძლევიან დაპირებებს და არ ასრულებენ. ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. სხვა მიწა, გარდა ჩვენი აფნისა, არ გაგვაჩნია“.
ვიტალი გაბნია, პარტია „აფსნი“: „კორუფცია და არაკომპეტენტურობა იმდენად გაიზარდა, რომ ეჭვის ქვეშ დგება ჩვენი სახელმწიფოებრიობაც კი. ტყუილი, როგორც მმართველობის ფორმა, ნორმად იქცა. წელიწადზე მეტი ოპოზიცია არ ითხოვდა მიტინგებს, თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან, მაგრამ ერთობლივი კომისიების მუშაობამ შედეგი ვერ გამოიღო. ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ჰქონდა ნულოვანი ეფექტი. ფუჭი დაპირებებით მრავალი წელი დაგვაკარგვინეს. ძალაუფლების შემცირების შიშით არ გაატარეს რეფორმები. ახლა პრეზიდენტის ძალაუფლების განმტკიცება უნდათ პარლამენტის დათხოვნით, რითაც დაარღვევენ ძალთა ბალანსის ერთადერთ მექანიზმს. ცდილობენ ხალხს ჩაუნერგონ აზრი, რომ ჩვენ თვითონ არაფერი შეგვიძლია, რომ საჭიროა ყველაფრის გაყიდვა ან სხვისთვის გადაცემა. ასეთ მიდგომას გადაგვარებისა და დეგრადაციისკენ მივყავართ“.
ვიტალი გაბნიას თქმით, კორუფციამ და პროტექციონიზმმა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ შვილებს პირდაპირ მინისტრების მოადგილეებად და სახელმწიფო კომპანიების დირექტორებად ნიშნავენ.
„ახალი ბურჟუაზია იქნება, რომელიც კანონზე მაღლა დგას. კორუფცია კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ეს არის პრეზიდენტის საჩუქარი ლოიალურობის სანაცვლოდ. ამაზე დგას ბჟანიას ხელისუფლება. აღარ არსებობს სამართლიანობა, სოციალური კიბე და ა.შ. სამართლიანობა აფხაზების, როგორც სოციუმის არსებობის საფუძველია. მხოლოდ აფხაზი ხალხია სუვერენიტეტის მატარებელი, ხალხმა უნდა შეახსენოს ხელისუფლებას, რომ სიცრუე და მიწების გაყიდვას მივყავართ ვადამდელ არჩევნებამდე. ხალხი გამოვა და იტყვის, რომ ამის უფლებას არ მოგცემთ. ხელისუფლების ნდობის ლიმიტი პრაქტიკულად ამოიწურა, დრო და მოთმინება ილევა. შეუძლებელია გულისწყვეტის გარეშე უყურო ამ ბარიკადებს. განა, არ სჯობია, შენი ხალხის პრეზიდენტი იყო და არა მავთულხლართების?“ - ამ კითხვით ვიტალი გაბნიამ მიანიშნა მიტინგიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე პრეზიდენტის სასახლის დასაცავად აგებულ სახელდახელო მესერსა და მთელი პერიმეტრის გასწვრივ გაჭიმულ მავთულხლართებზე.
იმის გამო, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა რკინის მესრითა და მავთულხლართებით იყო შემოღობილი, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ასე იხუმრა: „ალექსანდრ ანქვაბმა 12 წლის შემდეგ მაინც შეასრულა წინასაარჩევნო დაპირება - ყველა ჩასვა ზღვის ხედის მქონე ერთ დიდ საკანში“.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის უპრეცედენტო დაცვაზე საუბრით დაიწყო სიტყვით გამოსვლა პარლამენტის დეპუტატმა ნატალი სმირმა:
„აფხაზეთის ისტორიას არ ახსოვს ისეთი სირცხვილი, როგორსაც ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარშემო აშენებული ბარიკადების სახით. არასოდეს აფხაზი ხალხი არ ყოფილა მავთულბადით შემოღობილი, მავთულხლართებში აფხაზი ხალხი ამწყვდევდა საქონელს. სირცხვილია“.
ნატალი სმირის თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკა (განსაკუთრებით მიწების შესაძლო გაყიდვა უცხოელებზე) კატასტროფის წინაშე დააყენებს აფხაზეთს:
„ჩვენ არ გვინდა, გავხდეთ 17%, როგორც ერთ დროს ვიყავით. გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ჩვენს მიწაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დგანან "ურალები", რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა. ვის იცავს ჯარი, ხალხს თუ პრეზიდენტს? პრეზიდენტის მოვალეობაა ეროვნული ინტერესების დაცვა, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ამას ჰქვია საკუთარი, მერკანტილური ინტერესების დაცვა. ბოლომდე უნდა დავდგეთ აფხაზეთისთვის“.
როგორ მოემზადა დე ფაქტო ხელისუფლება „სახალხო მიტინგისთვის“
30 მაისს „სახალხო მიტინგის“ გარდა სოხუმში ასევე გაიმართა კონტრაქცია. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის დაიდგა ბიოტუალეტები, მათთვის მორიგეობდა სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები. ბჟანიას პრესსამსახურში არ დამალეს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მთავრობის მხარდასაჭერად „ათასზე მეტი ადამიანი“ იყო შეკრებილი.
მიტინგამდე ერთი დღით ადრე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ახალა „მიტინგების დრო“ არ იყო, ხოლო დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ რობერტ კიუტმა ხალხი გააფრთხილა (როგორც ოპოზიცია ამბობს, დააშინა) „ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალისმიერი მცდელობის“ შესახებ.
როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი სოხუმში ამბობს, მიტინგამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდა როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება:
„ერთი შეხედვით, მიტინგის ჩვეულებრივი სამზადისი იყო, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ 30 მაისს დანიშნული იყო მიტინგზე მეტი: ამბობენ მიტინგს, მაგრამ გულისხმობენ სამთავრობო შენობების შესაძლო იერიშსა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას. ბოლო 9 წლის განმავლობაში ორი ასეთი წარმატებული იერიში განხორციელდა: 2014 წლის მაისში და 2020 წლის იანვარში“.
მართლაც, არცერთ სხვა მიტინგს არ ჰქონია ამგვარი საინფორმაციო მომზადება: ინტერნეტი და ტელეეთერი სავსე იყო მოწოდებებით, მისულიყვნენ მიტინგზე. მეტიც, ამავე შინაარსის პროკლამაციებიც კი ვრცელდებოდა აფხაზეთის ქალაქებსა და რაიონებში. ამგვარი აგრესიული საინფორმაციო კამპანიის მიზეზად ომის ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „აიააირას“ თავმჯდომარემ ვიანორ აშბამ შემდეგი გარემოება დაასახელა:
„დადგა მომენტი, როცა ყველამ, როგორც ერთმა, ხმამაღლა უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია. შიშის გარეშე უნდა შევეწინააღმდეგოთ იმას, რომ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს არ შერჩეთ ისეთი ქვეყანა, რომელშიც მათი არაფერი იქნება. ჩვენ აღარ გვაქვს სხვა გზა, რომ ამ ანტიხალხურ ხელისუფლებას შევასმინოთ, რომ ეს ქვეყანა არაა იმ ერთი მუჭა ჯგუფის გამდიდრების წყარო, რომელმაც ხელში ჩაიგდო ხელისუფლება. ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას, რომ შექმნან ჩასახლების პუნქტები ე.წ. აპარტამენტების სახით, კერძო პირებზე გასცენ ენერგეტიკის ობიექტები, გასაყიდად გაიტანონ ჩვენი სამშობლო, რომელიც ბრძოლით შევინარჩუნეთ ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა“.
ბრალდებების პასუხად ასლან ბჟანიამ თქვა, რომ ახლა მიტინგების დრო არ არის, რადგან, მისი თქმით, აფხაზეთის ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” ატარებს:
„ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ყველა ღონე იხმარა, რომ აქ "მეორე ფრონტი" არ გახსნილიყო. ყველანაირ პროვოკატორს, მათ შორის უცხოელებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ამ აქციით და შეეცადონ მიტინგის მასობრივ არეულობაში გადაზრდას. აქციის ორგანიზატორებმა უნდა გაითვალისწინონ მოვლენების ასეთი განვითარების დაუშვებლობა. რაც შეეხება მოთხოვნებს, ქვეყნის ხელმძღვანელობის მხარდამჭერმა პარტიებმა სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან მრგვალი მაგიდა გამართეს, სადაც დაწვრილებით განიხილეს ოპოზიციის მიერ ხელისუფლების მიმართ წაყენებული პრეტენზიები თუ მოთხოვნები. დისკუსიის დროს მიწოდებული იქნა სანდო ინფორმაცია ყველა სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ. თუ ვინმეს აინტერესებს ობიექტური ინფორმაცია, მაშინ ამის შესახებ საკმარისი მასალა არსებობს“.
მკაცრი განცხადება გააკეთა დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, რობერტ კიუტმა:
„კანონმდებლობის დარღვევისა და ძალაუფლების ძალით ხელში ჩაგდების მცდელობის შემთხვევაში სამართალდამცავები ზედმიწევნით საფუძვლიანად მიუდგებიან მტკიცებულებების შეგროვების საქმეს. სამთავრობო შენობების კომპლექსის მთელ პერიმეტრზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, შექმნილია საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი, რომელიც დააფიქსირებს ყველაფერს, რაც მიტინგის მსვლელობისას მოხდება. ჩვენ ვიმოქმედებთ მკაცრად კანონის ფარგლებში. ჩვენი მხრიდან, უსაფრთხოების ძალების მხრიდან არანაირ კანონდარღვევას არ დავუშვებთ. ყურადღებით დავაკვირდებით და გადაცდომის შემთხვევაში მკაცრად დავსჯით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ ჩაიდინონ უკანონო ქმედებები, რადგან ჩვენ იძულებულნი ვიქნებით დავსაჯოთ ისინი ჩვენს ქვეყანაში მოქმედი კანონების მიხედვით“.
აფხაზი პოლიტოლოგისა და ჟურნალისტის, იზიდა ჭანიას თქმით, აფხაზეთის „მთავარი ჩეკისტის“ მკაცრი განცხადება მიმართული იყო არა აქციის ორგანიზატორების და ოპოზიციის მხარდამჭერების, არამედ საჯარო სექტორისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებისკენ, რომლებიც გააფრთხილა სათვალთვალო კამერების არსებობის შესახებ. როგორც ჩანს, დე ფაქტო ხელისუფლების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო: ოპოზიციის „სახალხო მიტინგზე“, თვითონ ორგანიზატორების შეფასებით, 3-4 ათასი ადამიანი შეიკრიბა.