“Checked in New York” - ცოტა ხნის წინ კიდევ ერთმა ჩემმა კარგმა ნაცნობმა დაწერა ფეისბუკზე, რომ ემიგრაციაში წავიდა. იმდენად მოულოდნელი ამბავი იყო, რომ საერთო მეგობარს მივწერე, მაიაც წავიდა-მეთქი? ჰო, როგორც ვიცი, მოხუცის დამხმარედო, დამიბრუნდა პასუხი. ზუსტი მიზეზი, რატომ გადაიხვეწა ოკეანის გადაღმა ადამიანი, რომელსაც საქართველოში ჰქონდა კარგი სამსახური, წარმატებული კარიერა, ოჯახი - არც ჩემმა მეგობარმა იცოდა. თუ ემიგრანტების ამბებს მოისმენ, ზუსტად მიხვდები, რომ არ არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი ამ ქვეყნიდან გადასახვეწად. ბევრი მიზეზის პოვნა შეიძლება, რომლებიც წლები გროვდება და საბოლოოდ წასვლის გადაწყვეტილებით მთავრდება.
ეს სტატია საქართველოდან წასვლაზეა, გაღწევის მცდელობაზე, რომელიც ყველა ადამიანის შემთხვევაში სხვადასხვანაირად მთავრდება. ეს მცდელობა კი ყოველწლიურად სულ უფრო მეტს ადამიანს აქვს.
„ეს არ ყოფილა ჩემი „ამერიკული ოცნება“ - ეკას წასვლის ამბავი
ეკა მიქელაძე, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია და საქართველოში წლები იყო საქველმოქმედო საქმეში ჩართული, უკვე სამი თვეა ნიუ-იორკშია.
ნახევარწლიანი უწყვეტი ფიქრის და აწონ-დაწონვის შემდეგ მანაც წასვლა გადაწყვიტა. აქამდე არასოდეს უფიქრია, რომ სხვა ქვეყანაში იცხოვრებდა, მით უმეტეს ასე შორს, ამერიკაში - „მე შეხების ადამიანი ვარ, მიყვარს ფიზიკური კონტაქტი ჩემს ადამიანებთან. ვერ წამომედგინა მათ გარეშე სიცოცხლე, მაგრამ ახლა აქ ვარ“, - მეუბნება ეკა და თავის თავგადასავალს მიყვება.
შორიდან ასე ჩანს - სახლი გაქვს, ოჯახი გყავს, შენი ქმარი წარმატებული მსახიობია, წარმატებული შვილი გყავს, შენც მუშაობ. სად გარბიხარ? გეუბნებიან. წასვლამდე ჩვენც ასე გვგონია, რომ ემიგრაციაში უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები მიდიან.
ფინანსებიც მნიშვნელოვანია, რადგან რასაც არ უნდა აკეთებდე საქართველოში, სულ რომ ბოლომდე იხარჯებოდე, ხელფასი არასოდეს არის საკმარისი. ყველა ჩემი მეგობარი მიბმულია იპოთეკურ სესხზე, რომელიც სულ იზრდება. და ხელფასიდან ხელფასამდე გააქვს თავი. მაგრამ ეს აქ წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ არა ერთადერთი.
ბოლო ექვსი წელი მე და ჩემმა მეგობრებმა აქციებზე გავატარეთ. მეგონა, აქციებზე ვბერდებოდი, მაგრამ მაინც მჯეროდა, რომ ან ახლა შეიცვლებოდა რამე, ან ახლა. არც მაშინ შეიცვალა, როცა ლექსო ლაშქარავა მოკლეს. არც მაშინ, როცა ჩემი შვილისხელა გოგოს თვალი ამოთხარეს. არც როცა ბავშვი შადრევანში დაიღუპა. არასდროს. პირიქით - უცებ ხედავ, რომ ტიპი, რომლის ბრძანებით ადამიანებს თვალები დასთხარეს, პარტიას ქმნის და მეტიც, მას გვერდით ცნობილი ადამიანები უდგანან. ყველას ყველაფერს პატიობენ.
იმედგაცრუებები გროვდებოდა და, განცდა, რომ შენს ქვეყანაში არავის აინტერესებ, რომ არასოდეს არაფერს არანაირი შედეგი არ მოჰყვება, კიდევ უფრო ძლიერდება. იმედგაცრუებას ნიჰილიზმი მოჰყვება, ოღონდ პესიმიზმით გამოწვეული კი არა, კარგად გააზრებული. ხვდები, რომ შენი ქვეყანა შენთვის, შენი შვილისთვის, შენი ოჯახისთვის არის საშიში და გამოსავლად სწორედ წასვლა გეჩვენება.
მაგრამ წამოსვლაც ძალიან, ძალიან ძნელია.
მე ვიზა ავიღე და ისე წამოვედი. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ბრმად წამოსვლა გამორიცხულია - საწყის ეტაპზე შენ აქ გჭირდება ადამიანი, ვისაც ნამდვილად ადარდებ. ვინც მარტო ღამეს არ გაგათევინებს. ვინც დაგეხმარება, გქონდეს დაზღვევა, საბანკო ბარათი, მართვის მოწმობა. ეს პირველი ეტაპი მე უკვე გავიარე და მაქვს განცდა, რომ დაცული ვარ.
ეს შეგრძნება არასოდეს მქონია ჩემს ქვეყანაში, სადაც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადარჩენის და მკურნალობის საფასურს სოციალურ ქსელებში ხალხი აგროვებს. სახელმწიფო და ეკლესია კი უმოქმედოდ ზის.
თუ ამერიკაში მოდიხარ, ზუსტად უნდა იცოდე, სად იცხოვრებ, რას გააკეთებ, მინიმუმ 2-3 თვე ვის იმედად მოდიხარ. ფული რომც გქონდეს, ასე მარტივად ბინას ვერ იქირავებ - საბუთები გჭირდება, საკრედიტო ისტორია... თუმცა, პირველი ეტაპის ჩავლის მერე ხვდები, რომ ამერიკა ნამდვილად არის შესაძლებლობების ქვეყანა. თუ მუშაობ, შენი ფინანსური პრობლემები ნელ-ნელა ქრება.
ამ ამბავს აქვს მეორე მხარეც - შენს ქვეყანაში ვერ წახვალ, როცა მოგინდება. ყველაფერი უნდა გამოტოვო, რაც შენს სახლში ხდება. ამიტომ ხშირად თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ ხოლმე ჩემს სახლს, ჩემს შვილს, ქმარს, ძაღლს, ჩემს ჩაიდანს, რომელიც წუთი-წუთზე ადუღდება და მალე ერთად შემოვუსხდებით მაგიდას... მაგრამ მერე ვფიქრობ, რომ ეს გამოწვევაა, რომ ჩავისუნთქე და რაღაც დროის მერე ისევ უნდა ამოვისუნთქო.
და არის კიდევ მიზნები, ჩემი გეგმა. რომ ჩემი ქმარი და შვილი და ძაღლი ჩამოვიყვანო აქ, ჩემთან. მერე ვიტყვი, რომ გამომივიდა.
გაღწევის მცდელობები
სოციალურ ქსელში ათობით ჯგუფი არსებობს, სადაც საქართველოდან წასვლის მსურველები ქვეყნიდან გაღწევის გზებს ეძებენ. ბოლო დროს, ყველაზე ხშირად, გეზი ამერიკისკენ აქვთ. მექსიკის გავლით, არალეგალური გზით.
ამ ჯგუფებში ხშირად ეძებენ ე.წ. გადამყვანებს - ადამიანებს, ვინც სოლიდური თანხის სანაცვლოდ წამსვლელებს მექსიკის საზღვრის გადაკვეთაში ეხმარება.
„ბოლო დროს ვინ გადახვედით ჟენიას დახმარებით ნიკარაგუიდან უვიზოდ? დაწერეთ, რა გზა გაიარეთ.“
„ყოველდღე გადაყავს ხალხი, გინდა ვიზით გინდა უვიზოდ“.
„3500 $ - წინასწარ არაფერს იხდით, სანამ ვიზას არ აიღებთ“, - ჰპირდება მექსიკის ვიზას ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში რომელიღაც იუზერი ჯგუფის წევრებს. ოღონდ პირობა ის არის, რომ ვიზის „ყიდვის“ მსურველი მაქსიმუმ 30 წელის უნდა იყოს.
ვიღაც წერს, რომ „გადამყვანებმა“ მოატყუეს - „ვურეკავთ და არ იღებენ“, - პოსტს მიმოწერის სქრინებიც ახლავს.
„პოლონეთის ვიზა აიღეთ და ისე წადით გადამყვანით“ - ურჩევენ. აქ ყველა ერთმანეთს რაღაცას ურჩევს.
„პოლონეთის ვიზა სად ავიღო?"
„პოლონეთის საელჩოში, რა თქმა უნდა“.
„12 (ათასი დოლარი) მომთხოვა გადამყვანმა და საბოლოოდ, 15 500 დამიჯდა. ყურადღებით იყავით“.
ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დანარჩენებს ნიკარაგუიდან მექსიკამდე ჩასვლის მთელ მარშრუტს უზიარებს და ჰყვება, როგორ ჩავიდა თბილისიდან სტამბოლში, სტამბოლიდან გადაფრინდა მადრიდში, შემდეგ სან სალვადორში, იქიდან მანაგუაში. შემდეგ დაიწყო ახალი მარშრუტი:
ნიკარაგუა - ჰონდურასი.
ჰონდურასი - გუატემალა.
გუატემალა - მექსიკა.
წერდა, რომ მგზავრობდა საქართველოს პასპორტით, შეძენილი ჰქონდა ორმხრივი ავიაბილეთები და დაჯავშნილი ჰქონდა სასტუმროები. ჰყავდა „გადამყვანიც“ და რომ საბოლოოდ თბილისიდან მექსიკამდე ჩასვლას 10 დღე მოუნდა.
ამერიკის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, ეს ადამიანები ახალი სირთულეების წინაშე დგებიან. ამ დროს პროცესში „ძველი ემიგრაცია“ ერთვება, შედარებით ადრე წასული ქართველები, რომლებიც ახლად ჩასულებს საბუთების დამზადებაში, ბინის მოძებნაში ეხმარებიან და სამართლებრივ დახმარებასაც უწევენ. ეს მომსახურება არ არის იაფი.
რას ელიან ქართველები და რა ხვდებათ მათ ემიგრაციაში
ბელა მაღლაფერიძე აშშ-ში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა. დღეს ის პარალეგალია. პარალეგალი არის ადამიანი, რომელსაც არა აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, თუმცა, გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგი სამართლებრივ საკითხებში და შეუძლია ადამიანებს პირველადი სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს.
ასეთი დახმარება კი, ამერიკაში არალეგალურად ჩასულ ყველა ქართველს სჭირდება, რადგან ტურისტული გზით ჩასულებისგან განსხვავებით, მექსიკიდან ამერიკაში შესულ ადამიანებს წინ სასამართლო პროცესები ელით.
ამისთვის მათ სჭირდებათ კონსულტანტი, სჭირდებათ ადვოკატი, მათი სერვისი, საშუალოდ, 10 000 დოლარი ჯდება. გზის ხარჯებს ეს თანხაც ემატება. თუ საზღვრის დამრღვევი საემიგრაციო ციხიდან გირაოთი გაუშვეს, კიდევ 10 000 და გამოდის, რომ უკვე ამერიკაში ჩასულს, საშუალოდ, 30 000 დოლარი ვალი აქვს.
არცთუ იშვიათად, ეს ადამიანები მუშაობას მაშინვე ვერ იწყებენ. ბელა მაღლაფერიძე გვიყვება, რომ აშშ-ში მოქმედი საემიგრაციო კანონით, ისინი კიდევ 6 თვე უნდა დაელოდონ მუშაობის მიღების უფლებას და სოციალური დაცვის ნომერს.
- ბევრნი მოდიან? - ვკითხე ბელას.
პასუხად თავისი ფეისბუკმეგობრის პოსტი ჩამიგდო, რომელშიც ეწერა: „სანდრო მეუბნება, 10 დღით ამერიკაში უნდა წავიდე, ვიმუშაო და დოლარები ჩამოვიტანოო. საქართველოს მთავრობავ, 6 წლის ბავშვი ემიგრაციაზე ფიქრობს, იცოდეთ მაინც“.
„ეს კარგი ილუსტრაციია, დაახლოებით ექვსი წლის სანდროსავით ფიქრობენ ზრდასრული ადამიანებიც საქართველოში, რომ ამერიკაში არის „ბევრი დოლარი“ და თავზე საყრელი სამუშაო. ამ მოლოდინით მოდიან“, - მეუბნება ბელა და სტატისტიკას მიზიარებს.
პიკი 2022 წლის აპრილიდან - აგვისტომდე იყო, როცა ამერიკის საზღვარი არალეგალურად თვეში დაახლოებით 890-დან 1000-მდე ქართველმა გადაკვეთა.
ახლა ნაკადი შემცირებულია - თვეში 300-400 ქართველი ჩადის. ისინი ამერიკის სხვადასხვა შტატში ნაწილდებიან, მაგრამ ბირთვი მაინც ნიუ-იორკში რჩება და საცხოვრებლად ბრუკლინს ირჩევს.
„უკვე იმდენი ვართ, რომ მთელ ნიუ-იორკში შეიძლება ქუჩაში ქართული საუბარი გაიგონო. რომ მეგონა, რომ მხოლოდ მე ვიცოდი მანჰეტენზე ერთ-ერთი გერმანული ბარი, იქ მისვლიდან 40 წუთში შვიდი ქართველი შემოვიდა ლუდის დასალევად“, - მეუბნება ბელა მაღლაფერიძე.
ამ ნაკადს ემატება ევროპის ქვეყნების პირველი თაობის ემიგრაციაც. ქართველი ემიგრანტები იტალიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან - მათი აბსოლუტური უმრავლესობა ახლა ამერიკაშია. ეს მათი მეორე ემიგრაციაა.
ამერიკაში, როგორც წესი, მიდიან ისინი, ვისაც იქ ელოდებიან, ჰყავთ „პატრონი“, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი იღბლის იმედად რჩება.
„ორივე ტიპისთვის რთულია თავის დამკვიდრება. როცა ადამიანი აპირებს გახდეს ემიგრანტი, ის თავის უნარებს, ენის ცოდნას ადარებს იმ ქვეყნის მოთხოვნებს, სადაც მიდის და მერე წყვეტს, უღირს თუ არა აბარგება და ოჯახის დატოვება. მაგრამ აქ უმეტესობა ჩამოდის ამის გაუაზრებლად და პირველივე სირთულე საცხოვრებლის გარეშე დარჩენაა“, - ამბობს ბელა მაღლაფერიძე.
„2000 დოლარს წავიღებ და რაღაც დრო მეყოფა“ - ეს გამოსავალი არ არის. თუ სამუშაო ვერ იშოვე, ამერიკაში ეს თანხა არაფერში გეყოფა. ერთ ოთახში, რამდენიმე უცხო ადამიანთან ერთად ცხოვრებაც კი, დღეს 700 დოლარი ღირს და ეს ერთადერთი ხარჯი არ არის.
ბელა მაღლაფერიძე ემიგრანტებს ხშირად ურჩევს, როდის არ ჩავიდნენ ამერიკაში, რომ უმუშევრად არ დარჩნენ: მაგალითად, ვისაც მოხუცების დამხმარედ სურს მუშაობა, ასეთი სამსახური ნიუ-იორკში მაშინ იშოვება, როცა იქ ძალიან ყინავს - მოხუცები ხშირად დამოუკიდებლად გადიან გარეთ, ცივდებიან ან მოტეხილობით ხვდებიან საავადმყოფოში და შემდეგ მათ სჭირდებათ დამხმარე. ხშირად ეს დროებითი დამხმარე მათ მუდმივ მომვლელად გადაიქცევა ხოლმე.
„ასეთი დრო, როცა სამსახურის პოვნა უფრო ადვილია, გაზაფხულია. როცა ადამიანს ეუბნები, ნუ ჩამოვა ნოემბერში, თუ გარანტირებული სამუშაო არ ელოდება, ჰგონია, რომ მისი წილი ბებო უნდა წაართვა... მინახავს ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ დაემტკიცებინათ, რომ სამსახურს იშოვიდნენ. მაგრამ აქ სხვა რეალობა დახვდათ“.
სურათი ბოლო დროს იმანაც შეცვალა, რომ ამერიკაში სულ უფრო მეტია მოთხოვნა ე.წ. საბუთიანი ემიგრანტების მიმართ. მათი რიცხვიც გაზრდილია. გაზრდილია კონკურენციაც.
ბელა მიყვება, რომ არც ე.წ. ძველი ემიგრაცია აღმოჩნდა მზად საქართველოდან ამხელა ახალი ტალღის დასახვედრად. ყველა ქართველს, ვინც არალეგალურად ჩადის, იქ მყოფების დახმარება ერთხელ მაინც სჭირდება.
"როცა მივხვდი, რომ ემიგრაციის ტალღა იზრდებოდა, სწავლა დავიწყე, რომ სამართლებრივად მათი დახმარება შემძლებოდა და მალე ერთწლიან კურსს ვასრულებ", - ამბობს ბელა.
ისევ მოხდა, რომ ზოგიერთმა ქართველმა ახალჩამოსულების ხარჯზე ფულის შოვნის ცდუნებას ვერ გაუძლო. მართვის მოწმობის აღებაში დახმარების საფასური 100 დოლარი უცებ გახდა 400 დოლარი, ოთახში ერთი საწოლის ფასი - 450 დოლარი 750-მდე ავარდა და ა.შ.
„ამიტომ მგონია, რომ ეს პერიოდი არა მხოლოდ ახალი ემიგრანტებისთვის, ჩვენთვისაც ბეწვზე გავლის პერიოდი იყო. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად კეთილსინდისიერად დავეხმარებით მათ“, - მეუბნება ბელა მაღლაფერიძე.
ნაწილი, ვისაც ბელა სამართლებრივად ეხმარება, ისევ საქართველოში დაბრუნებას არჩევს ხოლმე, მაგრამ გადის ცოტა დრო და ყველა ისევ თავიდან იწყებს ამერიკაში წასვლის გზების ძებნას.
ხუთი წასული ადამიანიდან, ხუთივე სწერს: „რომ დავბრუნდე, შემომიშვებენ?"
"წამოვედი იმიტომ, რომ მთელი ქვეყანა წამოვიდა" - ვახოს წასვლის ამბავი
ამერიკაში წავიდა იუმორისტული შოუების წამყვანი ვახო ბიჭიკაშვილიც, რომელიც რამდენიმე თვეა, როგორც თავად ამბობს, ქართველი ემიგრანტებისთვის მუშაობს. იმავე საქმეს ვაკეთებ, უბრალოდ ტელევიზორში აღარ ვარ, "ჩარჩო" ჩამოვიხსენიო.
ვამბობდი ხოლმე, რომ დედამიწელი ვარ და ახლა აქ მომინდა ცხოვრება. მაგრამ ერთია, რამე მოგინდეს, მეორეა შენი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა. შენი კომფორტის ზონიდან გამოდიხარ და იწყებ ახალ ცხოვრებას, მაგრამ ვერასოდეს ეჩვევი შენი ადამიანების მონატრებას. ეს ყველაზე სევდიანი მომენტია.
დანარჩენი - თუ გააზრებულად ხარ ჩამოსული, სხვა რამეზე ფიქრის დროც არ გრჩება, იმდენი საქმე გაქვს. ყველაზე სევდიანი მაშინ ვარ და ალბათ, ყველაზე მეტად მეტყობა, როცა აქ მყოფი ქართველების ბავშვებს ვნახულობ და მათ ვეთამაშები. ხან სკოლასთან ჩაივლი და უამრავ ბავშვში შენს შვილებს ეძებ. მერე იაზრებ, რომ შენი შვილები მაგ სკოლაში არ სწავლობენ.
წამოვედი იმიტომ, რომ მთრგუნავდა საქართველოში ცხოვრება. მაშინებდა უიმედობა. წამოვედი იმიტომ, რომ დამემტკიცებინა საკუთარი თავისთვის სიძლიერე, რომ მე მეტი შემიძლია. წამოვედი იმიტომ, რომ წამოვიდა მთელი ქვეყანა და ის აუდიტორიაც, ვინც წლების მანძილზე ჩემი მაყურებელი იყო...
ყოველი მეხუთე წასვლის ფიქრით
საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს, ეს NDI-ის ბოლო, საზოგადოებრივი გამოკვლევის შედეგებშიც გამოჩნდა. თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა NDI-მ ეს კითხვა დასვა.
დიდია ევროპაში წამსვლელთა რაოდენობაც.
IOM-ის მიერ შეკრებილი მონაცემებით, მხოლოდ 2022 წელს, ევროპის კონტინენტზე თავშესაფარი მოითხოვა 27 437-მა მოქალაქემ საქართველოდან. თუმცა, ეს მონაცემებიც არასრულია, მას ჯერ არ დამატებია ნოემბრის მერე, საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნით ჩასული დაახლოებით ათასამდე ადამიანი. ეს რიცხვიც, დაახლოებით, 30 000-ს მიაღწევს (ამ მონაცემებში არ შედის 2017 წლის შემდეგ აშშ-ში თავშესაფრის მთხოვნელთა სტატისტიკა. აშშ-ს გასწვრივ გრაფები ცარიელია).
საერთო სურათის დასანახად საინტერესოა, როგორ იზრდებოდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საქართველოდან უცხოეთში თავშესაფარს ითხოვდა. 1990 წელს საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მოუთხოვია ოფიციალური თავშესაფარი. 1991-ში - ასეთი 8 ადამიანი გამოჩნდა. შემდეგ კი რიცხვი ასე იზრდებოდა:
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მონაცემებით:
- 2021 წელს საქართველოს 10 645 მოქალაქეს უბრძანეს ევროპის ქვეყნების ტერიტორიის დატოვება. 2015-ში ეს რიცხვი იყო 6090.
- 2021 წელს საქართველოს 3105 მოქალაქეს უთხრეს ევროპაში შესვლაზე უარი.
- 2020 წელს საქართველოს ყოფილმა 1553 მოქალაქემ მიიღო ევროპის ქვეყნების მოქალაქეობა.
- 2020 წელს ევროპაში ემიგრაციაში წავიდა 2386 საქართველოს მოქალაქე. მათ შორის, ქალები - 51%, კაცები - 49%.
IOM-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი, პროექტის კოორდინატორი, მარკ ჰულსტი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რთულია ევროკავშირის ტერიტორიაზე თუნდაც ლეგალურად ჩასული ადამიანების კონტროლიც. თუ ისინი არალეგალურად იწყებენ სამსახურს, მათი კვალი იკარგება.
არც საქართველოში დაბრუნებულთა სრულყოფილი სურათი არსებობს. ქართველების ნაწილი საკუთარი ინიციატივით, სპეციალური პროგრამის და დახმარების გარეშე მოდის, მათ არავინ ამოწმებს და არც მათი მონაცემები გროვდება ცალკე. მარკ ჰულსტის აზრით, ამის მიუხედავადაც, თავშესაფრის მაძიებელთა ბოლოდრონდელი რიცხვი მაინც უპრეცედენტოდ მაღალია.
მისი თქმით, თავშესაფრის მიღების მცდელობები უვიზო მიმოსვლამაც გაახშირა, თუმცა, ადამიანების ქვეყნიდან წასვლის მთავარ მიზეზად მაინც რჩება ის, რომ სახელმწიფო ვერ ასაქმებს მოქალაქეებს.
უმუშევრობას ფსიქოლოგიური განწყობაც ემატება, გვეუბნება მარკ ჰულსტი, ხალხი ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში საშველს ვერ იპოვიან და ცდილობენ საკუთარი შვილებისთვის, მათი აზრით, უკეთესი მომავალი შექმნან, მაგრამ ხშირად ჩიხში ხვდებიან.
„გამოსავალზე როცა ვფიქრობ, მაინც აქტიური დასაქმების პოლიტიკამდე მივდივარ. და ეს საქართველოს სახელმწიფოს გასაკეთებელია. მას მერე, რაც ეს ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი, ეს საკითხი არასოდეს ყოფილა საკმარისად პრიორიტეტული. ასე აქტიური ემიგრაციის მიზეზიც ეს არის“, - გვითხრა მარკ ჰულსტმა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ამ ნაკადის ნაწილი მაინც უკან, საქართველოში დაბრუნდება, რადგან ევროპაში ლტოლვილის სტატუსს ყველა ვერ მიიღებს, არაოფიციალურად დასაქმება კი არ არის მარტივი ამბავი.