დამოუკიდებელი მოლდოვის ისტორიაში უპრეცედენტო სკანდალი მწიფდება. 6 ივნისს მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურს (SIB) მოსთხოვა დეტალური ინფორმაციის მიწოდება ქვეყნის გენშტაბის ყოფილ უფროსზე, იგორ გორგანზე, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუს) ინფორმატორი იყო.
რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან მოლდოველი სამხედრო მაღალჩინოსნის შესაძლო კავშირების შესახებ სტატია 5 ივნისს გამოცემა "ინსაიდერმა" გამოაქვეყნა. ჟურნალისტური გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, რომ გენერალი გორგანი საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას გადასცემდა რუსეთში თავის კურატორს, რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს შპიონაჟის განყოფილების უფროსს, პოლკოვნიკ ალექსანდრ მაკაროვს.
5 ივნისს ტელეკომპანია TVR Moldova-სთან კომენტარში, ქვეყნის უშიშროების წარმომადგენლებმა სანდო უწოდეს "ინსაიდერში" გამოქვეყნებულ ინფორმაციას. მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, რომ გენერალ იგორ გორგანს ყველა სახელმწიფო ჯილდო და სამხედრო წოდება ჩამოერთმევა.
რას აწვდიდა გორგანი რუს კურატორს?
გამოცემა "ინსაიდერი" ამტკიცებს, რომ მას ხელში ჩაუვარდა გენერალ გორგანსა და რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს შპიონაჟის განყოფილების უფროსს, პოლკოვნიკ ალექსანდრ მაკაროვს შორის ტელეგრამის არხით გამართული მიმოწერა, რომელიც 2022 წლით აპრილით თარიღდება.
ამ დროს გენერალი გორგანი პრეზიდენტ მაია სანდუს ბრძანებით უკვე ერთი წლის გათავისუფლებულია მოლდოვის გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან, მაგრამ ინარჩუნებს ძველ კავშირებს მოლდოვის სამხედრო წრეებში. „ინსაიდერის“ მიერ მოპოვებულ მიმოწერაში გორგანი თავის კურატორს ატყობინებს, რომ მისი მოკავშირეები ახლაც არიან თავდაცვის სამინისტროში და ინფორმაციას აწვდიან.
"ინსაიდერის" თანახმად, რუსეთის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსანს, პოლკოვნიკ ალექსანდრ მაკაროვს აინტერესებდა, თუ რა შეიარაღებას ყიდულობდა კიევი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, მოლდოვაში.
ამ მონაცემების გარდა, მოლდოვის გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, რუსეთის სპეცსამსახურებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია მოლდოვიდან ოდესის ოლქისკენ მიმავალი საწვავით დატვირთული მატარებლების შესახებ.
გორგანი თავის მოკავშირეს რეგულარულად აწვდიდა ცნობებს მოლდოვის რესპუბლიკაში შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და არწმუნებდა პოლკოვნიკ მაკაროვს - მოლდოვაში მზად არიან რუსეთის ჯარების შეყვანისთვისო.
გამოცემა "ინსაიდერში" გამოქვეყნებულ პუბლიკაციას უმალვე გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს ადმინისტრაცია, სადაც განაცხადეს, რომ თუ დადასტურდა იგორ გორგანის სახელმწიფო ღალატი, იგი უმკაცრესად დაისჯება, ყველა ჯილდო და გენერლის წოდება ჩამოერთმევა.
„ასეთი შემთხვევები თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოების თანამშრომლების მუდმივი მონიტორინგისა და საფუძვლიანი შემოწმების გადაუდებელ აუცილებლობაზე მიუთითებს.
ასეთი ინსაიდერი დამნაშავეები ხელს უწყობენ მოლდოვის რესპუბლიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჰიბრიდული საფრთხეების შექმნას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო ეფექტიანი ინსტრუმენტები გვჭირდება სახელმწიფო ღალატის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა "ინსაიდერში" გამოქვეყნებული მასალის კომენტირებისას მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს ადმინისტრაციის უფროსმა, ადრიან ბელუცელმა.
პრეზიდენტ იგორ დოდონის ფავორიტი
გენერალი იგორ გორგანი მოლდოვის გენერალური შტაბის უფროსად 2013 წელს დაინიშნა, მაგრამ ორი წლის შემდეგ, 2015 წელს, ამ თანამდებობიდან მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ანატოლ შალარუს დაჟინებული მცდელობის შემდეგ გაათავისუფლეს.
"SIB-ისგან (მოლდოვის უშიშროების სამსახური) ვიცოდი, რომ გორგანი ფარულად ხვდებოდა მოლდოვაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს და ამის შესახებ პარლამენტში ვილაპარაკე. მე დამადანაშაულეს საბრძოლო გამოცდილების მქონე ოფიცრის გათავისუფლებაში, თუმცა სინამდვილეში ის პოლიტიკური მიმართულების ოფიცერი იყო", - თქვა შალარუმ TVR Moldova-სთან ინტერვიუში.
გამოცემა „ინსაიდერი“ ვარაუდობს, რომ იგორ გორგანმა და ალექსეი მაკაროვმა აქტიურად დაიწყეს კომუნიკაცია 2004 წელს, როდესაც გორგანი ჯერ კიდევ ნატოს მისიაში მსახურობდა. მაკაროვმა მასზე "პატრონაჟი" 2019 წელსაც გადაიბარა, როდესაც გენერალი იგორ გორგანი მისმა სეხნიამ და ფავორიტმა, მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა, მეორე ვადით დანიშნა გენშტაბის უფროსის პოსტზე.
"ინსაიდერის" თანახმად, გორგანსა და მაკაროვს შორის კომუნიკაცია განსაკუთრებით გააქტიურდა 2022 წლის აპრილში, ანუ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ისინი ერთმანეთს, სავარაუდოდ, კიშინიოვის კაფეებში ან თევზაობის დროს ხვდებოდნენ.
ერთი წლით ადრე, მოლდოვის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, თავდაცვის მინისტრის ანატოლი ნოსატის წარდგინებით, თანამდებობიდან ქვეყნის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაათავისუფლა.
ამის შემდეგ იგორ გორგანი გაეროს მოლდოვის წარმომადგენლობის ოფისში უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
როგორც გაეროს ოფისის წარმომადგენელმა მონიკა ვესკსემ უთხრა რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურს, მოლდოვის გენშტაბის ყოფილი უფროსის მიმართ დაწყებულია სამსახურებრივი გამოძიება. გამოძიების დასრულებამდე იგორ გორგანი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და "ადმინისტრაციულ შვებულებაში" იმყოფება.
გენერალი იგორ გორგანი ჯერჯერობით მოლდოველ სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ. მისი ეჭვმიტანილად ცნობისათვის მოლდოვის გენერალური პროკურატურა ელოდება უშიშროების სამსახურის დასკვნას, რომლის საფუძველზეც მოლდოვის გენშტაბის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ საქმე, სავარაუდოდ, "სამშობლოს ღალატის" (სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე) მუხლით აღიძვრება.
ფორუმი