Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენის ვიზიტი მოლდოვაში ქვეყნის პროევროპული არჩევანის ძლიერ მხარდაჭერად მიაჩნიათ


ენტონი ბლინკენმა მოლდოვას "დიდი გულის მქონე პატარა ქვეყანა" უწოდა.
ენტონი ბლინკენმა მოლდოვას "დიდი გულის მქონე პატარა ქვეყანა" უწოდა.

მოლდოვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება და რუსეთის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, 29 მაისს, მოლდოვაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და მოლდოვის პროევროპელი პრეზიდენტის, მაია სანდუს შეხვედრის დროს განსახილველი საკითხები.

მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ენტონი ბლინკენმა კიშინიოვისათვის მორიგი, 50 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარების შესახებ გამოაცხადა. ეს თანხა სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას და რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციისა და "ჰიბრიდული ომის" სხვა ელემენტების წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.

ენტონი ბლინკენი კიშინიოვს ესტუმრა იმ დროს, როდესაც 2,5-მილიონიან ქვეყანას რუსეთიდან მართულ „გავლენის ოპერაციასთან“ უწევს შეჯახება.

ამ ოპერაციის ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენს გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში პრორუსული პოლიტიკური ძალების გააქტიურება. 29 მაისს მათმა ერთმა ნაწილმა აშშ-ის საელჩოსთან დილიდანვე გამართა საპროტესტო აქცია და შემდეგ ენტონი ბლინკენის კორტეჟისთვის გზის გადაკეტვაც სცადა.

"პატარა ქვეყანა დიდი გულით"

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოლდოვას ბოლო ორი წლის განმავლობაში მეორედ ესტუმრა. პირველად ენტონი ბლინკენი კიშინიოვში ჩავიდა 2022 წლის მარტში, როდესაც მოლდოვის მეზობელ უკრაინაში რუსეთს ფართომასშტაბიანი ომი ერთი თვის დაწყებული ჰქონდა.

"ორი წლის წინ, როდესაც აქ ვიყავი, ჩვენ ვმსჯელობდით იმაზე, თუ როგორ აგვეშენებინა დინამიკური მოლდოვა, რომელიც ევროპაში მყარად ფეხის მოკიდებას და მშვიდად ცხოვრებას შეძლებდა. მიუხედავად ყველა სირთულისა, თქვენ გადადგით კონკრეტული ნაბიჯები ამ ხედვის განსახორციელებლად, რაც ევროპულ გზაზე პროგრესის გზით ძლიერ მომავალს შექმნის", - განაცხადა კიშინიოვში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ენტონი ბლინკენმა.

როგორც კიშინიოვში მყოფი დამოუკიდებელი ჟურნალისტი ლინა გრაუ იხსენებს, ბლინკენის პირველი ვიზიტის შემდეგ აშშ მნიშვნელოვანად დაეხმარა ფინანსური და ენერგეტიკული კრიზისის წინაშე მდგარ მოლდოვას.

"უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა მოლდოვას 774 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება გაუწია, საიდანაც 300 მილიონი დოლარი მიზნად ისახავდა ენერგეტიკული კრიზისის დაძლევას და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას. ხოლო 135 მილიონი დოლარი მოხმარდა ელექტროენერგიის შიდა წარმოების გაზრდას და რუმინეთ-მოლდოვის დამაკავშირებელი სტრეშენ-გუტინაშის მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობას“, - უთხრა რადიოს თავისუფლების ქართულ სამსახურს ლინა გრაუმ.

ჟურნალისტი ლინა გრაუ
ჟურნალისტი ლინა გრაუ

მორიგი მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს უწოდებს დასავლური და მოლდოვური მედია ენტონი ბლინკენის ამჟამინდელ ვიზიტს მოლდოვაში, სადაც მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმიც ტარდება. რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვას: სურთ თუ არა მათ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.


"რეფერენდუმის ჩატარების იდეა ეკუთვნის პროდასავლელ პრეზიდენტ მაია სანდუს, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ორი მოვლენის გაერთიანება უზრუნველყოფს ამომრჩეველთა მაღალ აქტიურობას, რაც პლებისციტს დიდ ლეგიტიმურობას მიანიჭებს", - ამბობს ლინა გრაუ.

2021 წლის აპრილში, პრორუსი იგორ დოდონის დამარცხების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტად არჩეულმა პროევროპელმა მაია სანდუმ, მკაცრად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად ევროკავშირში გაწევრიანება გამოაცხადა. სანდუს მთავრობამ მკვეთრად შეამცირა დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირზე და ევროკავშირისა და აშშ-ის ფინანსური დახმარებით ელექტროენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია დაიწყო.

ამ თანამიმდევრული ნაბიჯების გამო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოლდოვას 29 მაისს "დიდი გულის მქონე პატარა ქვეყანა" უწოდა.

უსაფრთხოების სარტყელი და პრორუსული საფრთხე

29 მაისს მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრაზე ენტონი ბლინკენმა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომზეც ისაუბრა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის მიღწეულით არ დაკმაყოფილდება. ამიტომ მოლდოვამ, ბლინკენის თქმით, უნდა შეინარჩუნოს რეგიონში „უსაფრთხოების სარტყელის“ როლი.

დეტალებზე საუბარი პრესკონფერენციაზე არ ყოფილა.
მოლდოვიდან ენტონი ბლინკენი გაემგზავრება ჩეხეთში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების პრაღის არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

მოლდოვის პრეზიდენტმა თავის მხრივ განაცხადა, რომ შემოდგომისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რუსეთის მხრიდან "ჰიბრიდული საფრთხეების" გაძლიერებას ელოდება.

ამ საფრთხის ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენს ქვეყანაში პრორუსული პოლიტიკური ძალების გააქტიურება. მათმა ერთმა ნაწილმა, რომელიც პრორუსულ ბლოკ "გამარჯვებაშია" გაერთიანებული, 29 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დილიდანვე გამართა საპროტესტო პერფორმანსი და აშშ ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა.

„პრორუსულმა ძალებმა, რომლებიც დევნილ ოლიგარქ ილან შორის დავალებით მოქმედებენ, გადაწყვიტეს თავის გამოჩენა და სკანდალის მოწყობა. ისინი შეეცადნენ დაებლოკათ ის გზა, რომელზეც ბლინკენის კორტეჟს უნდა გამოევლო. ეს იყო რამდენიმე ათეული, ძირითადად პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონ გაგაუზიიდან ჩამოსული ადამიანები.

პოლიციამ სწრაფად განმუხტა სიტუაცია და დააკავა ამ არასანქცირებული პიკეტის ორგანიზატორები, მათ შორის გაგაუზიის ავტონომიური ოლქის დეპუტატი და რეგიონის ლიდერის, ევგენია გუცულის თანაშემწე, მიხაილ ვლახი", - გვიამბობს კიშინიოვში გამართული არასანქცირებული აქციის შესახებ ჟურნალისტი ლინა გრაუ.

სამი დღის წინ კიშინიოვმა მოსკოვს გაქცეული მოლდოველი ოლიგარქის ილან შორის ექსტრადირება მოსთხოვა, რომელსაც მოლდოვაში დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით.

მოლდოვის სასამართლომ ოპოზიციური პარტია "შორის" ლიდერს 2023 წლის აპრილში დაუსწრებლად წაუყენა ბრალი. საგამოძიებო ორგანოებმა დაადგინეს, რომ ილან შორი 2014 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის ქურდობის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და ბენეფიციარი იყო. შორი იყო აქციონერი ორ ბანკში, რომლებიც მოგვიანებით ლიკვიდირებული იყო. გაქცეული ოლიგარქი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი ასევე მოლდოვის ისტორიაში ყველაზე დიდი გაფლანგვის თანამონაწილეა. შორი უარყოფს ბრალდებებს და მათ უწოდებს "შურისძიებას იმ პროტესტისთვის", რომელიც მისმა პარტიამ კიშინიოვში ჩაატარა.

2024 წლის აპრილში შორმა მოსკოვში მისივე სახელწოდების მქონე პარტიის კონგრესზე ახალი პოლიტიკური ბლოკის „გამარჯვება-ვიქტორიის“ შექმნა გამოაცხადა.

პრორუსული გაერთიანება აპირებს მონაწილეობის მიღებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა საკუთარი კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG