11-12-13 ოქტომბერს რადიო თავისუფლება აწყობს ჰაკათონს, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, თავისუფლების მასალებზე დაყრდნობით, შექმნას ჩეთბოტი. ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს და დაასახელებს საუკეთესო ნარატივდიზაინერებს.
გამარჯვებული გუნდის ლიდერს, რომელიც, ჟიურის შეფასებით, ყველაზე საინტერესო და სრულყოფილ ჩეთბოტს წარადგენს, შესაძლებლობა ექნება რადიო თავისუფლებაში ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიაროს და რადიო თავისუფლების ჩეთბოტი freeda გააუმჯობესოს.
- როგორ ჩატარდება ჰაკათონი
- რას მიიღებს გამარჯვებული
- რა არის ბოტი
- რა არის ჩეთბოტი
- როგორ შევქმნა ჩეთბოტი
- ვინ არის ფრიდა
- როგორ უნდა დავრეგისტრირდე ჰაკათონზე
- რა არის რადიო თავისუფლების მიზანი
- ანიმა ჩეთბოტიკსის შესახებ
როგორ ჩატარდება ჰაკათონი
ჰაკათონის მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად და, ერთმანეთს ინოვაციური პროექტების ან ფუნქციონალური პროტოტიპების შექმნაში შეეჯიბრებიან.
ჰაკათონი 48 საათი გაგრძელდება. ჰაკათონის მონაწილეებს ექნებათ სამუშაო სივრცე და გემრიელი საჭმელი. ჰაკათონის განმავლობაში ორგანიზატორები განრიგით გათვალისწინებულ დროის მონაკვეთებში მოაწყობენ ჩექფოინთებს, რომლის დროსაც მონაწილე გუნდების პროგრესი შეფასდება. მონაწილეებს პროექტზე მუშაობისას რჩევებს მისცემენ და დაეხმარებიან მენტორები.
ჰაკათონის მიზანია ბოტის მუშა პროტოტიპის შექმნა, რომლითაც გუნდი ჟიურის წინაშე წარდგება.
რას მიიღებს გამარჯვებული
გამარჯვებული გუნდი,რომელიც, ჟიურის შეფასებით, ყველაზე საინტერესო და სრულყოფილ ჩეთბოტს წარადგენს, შესაძლებლობა ექნება რადიო თავისუფლებაში ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიაროს და რადიო თავისუფლების ჩეთბოტზე იმუშაოს.
რა არის ბოტი
ბოტები კომპიუტერულ პროგრამებია, რომლებიც ადამიანისაგან დამოუკიდებლად ასრულებენ სხვადასხვა ამოცანას. ბოტს, რობოტისგან განსხვავებით, არ გააჩნია მატერიალური გარსი. ის მხოლოდ პროგრამაა.
რა არის ჩეთბოტი
ბოტების ერთ-ერთი ნაირსახეობაა ჩეთბოტი (ინგ. Chat საუბარი). ჩეთბოტები ადამიანთან მოსაუბრე პროგრამებია. ჩეთბოტს, ადამიანის მსგავსად, შეუძლია დიალოგის წარმართვა.
ინფორმაციული ნაკადების ზრდასთან ერთად იხვეწება აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდების გზებიც. ინფორმაციის ვიზუალური ხერხებით (ინფოგრაფიკა, ვიზუალური თხრობა) მიწოდების ახალ ტენდენციას ნელ-ნელა ვერბალიზაცია, ანუ ახალი მიდგომა ცვლის, რომელიც, ითვალისწინებს მომხმარებლის ინდივიდუალობას და ინფორმაციას მასზე მორგებულს ხდის.
როგორ შევქმნა ჩეთბოტი
„ჰაკათონში მონაწილეობისათვის არ არის საჭირო სპეციფიკური ტექნიკური ცოდნა. ანიმაჩეთბოტიქსმა ჰაკათონისათვის შექმნა პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მარტივად შეიძლება ჩეთბოტის აწყობა.
ჰაკათონის ჩატარებამდე მოეწყობა ღია ლექციები, რომლის დროსაც მსურველებს ანიმაჩეთბოტიქსის პლატფორმის საშუალებით შეეძლებათ უკეთ გაეცნონ ჩეთბოტის შექმნის შესაძლებლობებს.
ასევე ჰაკათონის დროს მონაწილეებს წვდომა ექნებათ ვიდეოთუთორიალებზე, რომლებშიც დეტალურად იქნება ნაჩვენები ჩეთბოტის შექმნის მექანიზმები ანიმაჩეთბოტიქსის პანელის საშუალებით.
ამის გარდა, ჰაკათონის განმავლობაში მონაწილეებს ეყოლებათ მენტორები, გამოცდილი ნარატივდიზაინერები, რომლებიც კონსულტაციებს გაუწევენ ჯგუფებს.
ნარატივდიზაინერები გუნდებს დაეხმარებიან ჩეთბოტის "პერსონის", მისი "ხასიათის", შეიძლება ითქვას, რობოტის "სულს" დანახვასა და შექმნაში.
ვინ არის ფრიდა?
ფრიდა რადიო თავისუფლების ჩეთბოტის დემო ვერსიაა. მას შეუძლია გესაუბროთ თავად ჰაკათონზე, რადიო თავისუფლებასა და ცოტა ზოგად თემატიკაზეც. ის ჰაკათონის მეგზური და რადიო თავისუფლების ჩეთბოტის ჩანასახია, რომელიც ანიმა ჩეთბოტიქსმა შექმნა.
როგორ უნდა დავრეგისტრირდე ჰაკათონზე?
რეგისტრაციის პირველი და აუცილებელი ეტაპია საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრება.
რეგისტრაციისა და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გაწევრიანდით ჰაკათონის ჯგუფში
რა არის რადიო თავისუფლების მიზანი
რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპა არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. რთ/რთე-ს აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით კონგრესი აფინანსებს.
რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.
რადიო თავისუფლების ქართული სამსახური ამ მისიის შესრულებისას ჟურნალისტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, ახალი ამბების თხრობის ინოვაციურ მეთოდებსა და აუდიტორიასთან მუდმივ კავშირს, ინტერაქციას ანიჭებს უპირატესობას. ამიტომაც, თავისუფლება მუდმივად ეძებს ინფორმაციის გავრცელებისა და აუდიტორიასთან კომუნიკაციის ახალ გზებს და პლატფორმებს. სწორედ ამ ხედვის ნაწილია თავისუფლების ჭკვიანი, მოქნილი ჩეთბოტის შექმნა.
ჰაკათონის მონაწილეებისგანაც ზუსტად ამას - ინოვაციურ და საინტერესო იდეებს - ველოდებით. ჩეთბოტი შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ თემაზე და უკავშირდებოდეს საზოგადოებისთვის ნებისმიერ აქტუალურ საკითხს, რომელსაც რადიო თავისუფლება აშუქებს.
ანიმა ჩეთბოტექსის შესახებ
კომპანია AnimaChatbotics აერთიანებს ანტრეპრენიორებს, პროგრამისტებსა და ნარატივდიზაინერებს ერთი საერთო მიზნის ქვეშ - შევქმნათ ცოცხალი და თავისი “სულის” მქონე ციფრული ასისტენტები, ე.წ. “ჩეთბოტები”.
Chatbotics - პროგრამული კოდის, ალგორითმებისა და ავატარების შექმნის ხელოვნებაა, ტექნიკური მხარე, “Anima” კი ლათინურად სულს ნიშნავს.
2011 წელს ჩვენმა გუნდმა შექმნა პირველი ქართულენოვანი ჩეთბოტი, “კიბერ გალაკტიონი”, და პირველი ქართული ჩეთბოტპლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო აეწყო საკუთარი კიბერარსება. „კიბერგალაკტიონის“ შექმნიდან მოყოლებული, ანიმა მუშაობს არაერთ ინოვაციურ პროექტზე, ღიაა თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის და თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასა და კომპანიასთან.
მოცემულ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ მზა ციფრული ასისტენტების შექმნაზე, რომელთაც გარკვეული საბაზისო ცოდნა ექნებათ ამა თუ იმ ინდუსტრიასთან დაკავშირებით და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია დაიქირაოს მსგავსი თანამშრომელი (იხილეთ განყოფილება “ციფრული თანამშრომლები”)
მიმდინარე პროექტებიდან შეგიძლიათ იხილოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩეთბოტი უნაბოტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიქმნა.