უცნაური შეგრძნება მაქვს - კი არ მეშინია ან რამე ეგეთი, პირიქით, აზარტში ვარ. აღელვების გამო ღამე ვერ ვიძინებ. მესიზმრება, რომ მეორე დღეს ვაგვიანებ.
ოთხშაბათს, დილის 11 საათზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” ეზოში ვიყავი. ბოლო აკვიატებულ სიმღერას მოვუსმინე, ხელებზე სადეზინფექციო ხსნარი დავისხი და შენობაში შევედი.
სანამ საავადმყოფომდე მივედი, კოვიდსტატისტიკაც დამეწია: 3120 ახალი ინფიცირებული, გარდაიცვალა 33 პაციენტი, განიკურნა 2358.
თავიდან გადაღების 1 დღეზე ვთანხმდებით, თუმცა მერე ვხვდები, რომ 4, 5 დღე ან შეიძლება 1 კვირაც დამჭირდეს. ასეც მოხდა. 5 დღე ვიღებდი.
შესასვლელში ინგა ექიმი დამხვდა, გამეცნო და ეგრევე უკითხავად მიპასუხა: არ ინერვიულო, კლინიკაში დაინფიცირების მინიმალური შანსიაო.
გამოსაცვლელ ოთახში ექთნები და სანიტრები დამხვდნენ. ოთახი თეთრია. 10-15 კვადრატული იქნება. ოთხი ლოგინი და 1 მაგიდა დგას. იმ დროს მოვედი, როცა ყველა ისვენებს. ზოგი ტელეფონში იყურება, ზოგი თვლემს, ზოგიც საათს უყურებს, ბოქსირებულ განყოფილებაში შესვლის დრო ხომ არ მოვიდა.
დეტალურად მიხსნიან, რა თანმიმდევრობით მომიწევს ჩაცმა. ჯერ ბახილები, შემდეგ ხელები უნდა დავიმუშავო, მერე ხელთათმანს ვიცვამ, შემდეგ წყალგაუმტარი ხალათი და რესპირატორი, ბოლოს ჩაჩი თავზე (ქუდი), ფარი და ისევ ხელთათმანი.
უკან, ბოქსირებული განყოფილებიდან გამოსვლისას მოქმედებების თანმიმდევრობა ასეთია: ჯერ ხელთათმანიანი ხელი უნდა დაიმუშავო და ისე გაიძრო პირველი პირი ხალათი, ისევ იმუშავებ ხელებს და ახლა უკვე წყალგაუმტარ ხალათს იხდი, ისევ დეზინფექცია, იხსნი ფარს, ხელთათმანიან ხელს იმუშავებ, იხსნი ჩაჩს და იხდი ბახილებს, ხელთათმანიან ხელზე ისევ სადეზინფექციო ხსნარს ისხამ და ისე იხდი, სულ ბოლოს კიდევ ერთხელ იმუშავებ ხელებს.
შესვლამდე ბევრი წყალი არ უნდა დავლიო. ტუალეტში რომ გამოვიდე, ბოქსირებულ განყოფილებაში იმ დღეს ვეღარ დავბრუნდები.
ორ პირბადეში სუნთქვა ჭირს. ფარი იორთქლება, კომბინეზონი ჰაერს არ ატარებს. ცხელა, ძალიან ცხელა. ყველა ერთმანეთს ვგავართ - ექიმებიც, ექთნებიც, სანიტრებიც, გარდა პაციენტებისა. ზოგი მუცელზე წევს, უმრავლესობა ჟანგბადის მილით სუნთქავს, ზოგს წვეთოვანიც უდგას.
ძალიან ბევრი პაციენტია და ვერც წარმომედგინა, რომ დავწოლილიყავი. ვინ იმუშავებდა ჩემ მაგივრად?!ნონა მხითარიანი
მიკვირს, ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთი მშვიდი გარემო როგორაა. განყოფილებაში სამი სართულია, სამივე სართულზე კოვიდპაციენტები წვანან.
მესამეზე მძიმე პაციენტები არიან, ვისაც ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება. ლოგინებს ერთმანეთისგან შუშის კედელი ყოფს.
დანარჩენ ორ სართულზე შედარებით მსუბუქი პაციენტები სტანდარტულ პალატებში არიან გადანაწილებული.
ნონა მხითარიანი, 31 წლის - უფროსი ექთანი
არავინ ვიცოდით, როგორ გვემუშავა, გვემოქმედა. ერთბაშად მივიღეთ ძალიან ბევრი პაციენტი. თქვენც ხედავთ, რომ ერთ პალატაში ოთხი პაციენტი წევს, ინტენსიურ განყოფილებაში - 9 პაციენტი. ყველას ჟანგბადი ან სხვა მანიპულაციები სჭირდება.
რა თქმა უნდა, ეკიპირება - ყველაფერი, რაც საჭიროა - გვქონდა, მაგრამ ნაკლები შეხება უნდა გვქონოდა ინფიცირებულებთან, რაც არ გამოდიოდა. ზოგი ძალიან შეშინებულია და, უბრალოდ, სიტყვით უნდა დაამშვიდო. ამის გამო ძალიან ხშირი შეხება მქონდა პაციენტებთან და, სავარაუდოდ, მაგ მომენტში დავინფიცირდი.
ალბათ, მთავარი ექთანი რომ ვარ, მაინც მე მქონდა უფრო მეტი პასუხისმგებლობა იმათთან, ვისაც ამ პირობებში უნდა ემუშავათ, ამათზე უფრო ვნერვიულობდი და ამ დროს ერთ-ერთი პირველი მე დავინფიცირდი.
თავიდან ძალიან ცუდად ვიყავი. მქონდა საერთო სისუსტე იმდენად, რომ სიარულის და მუშაობის დროსაც ძალიან ცუდად ვიყავი, მახველებდა. სისუსტე ძალიან მაწუხებდა, იმიტომ რომ ასეთ დროს, ალბათ, უნდა იწვე, მე კიდევ, პირიქით, ვმუშაობდი. მაგ პერიოდში გავიკეთე ტესტი. ჩვენ, თანამშრომლები, სულ ვიკეთებთ ტესტს. პასუხი მომივიდა უარყოფითი, მაგრამ, სიმპტომებიდან გამომდინარე, ვიცოდი, რომ დადებითი ვიყავი. მერე გემო დავკარგე, სუნი და 100%-ით დავრწმუნდი, რომ დავინფიცირდი.
მაქსიმალური სიფრთხილით გავაგრძელე მუშაობა. ძალიან ბევრი საქმე იყო და არის განყოფილებაში. ძალიან ბევრი პაციენტია და ვერც წარმომედგინა, რომ დავწოლილიყავი. ვინ იმუშავებდა ჩემ მაგივრად?!
როცა გადავკეთდით კოვიდცენტრად, ბევრი თანამშრომელი წავიდა. ზოგს შეეშინდა, ზოგს ოჯახმა დაუშალა. ძალიან ცოტანი დავრჩით.უფროსი ექთანი, ნონა მხითარიანი
ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ექთანი ან ექიმი გამოვსულიყავი. 11 წელია, ჩემი პროფესიით ვმუშაობ. აქ (თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში) უფროსი ექთანი ვარ განყოფილებაში და კიდევ მეორე კლინიკაში და იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ ვერ წარმომიდგენია ამის გარეშე. კი ვფიქრობ და მიფიქრია ხშირად, რომ დავიღალე, აღარ მინდა, მაგრამ ერთი დღე დასვენება და მაშინვე ფორმაში ვდგები.
როგორც წესი, უფროსი ექთნის გრაფიკი არის დილის 9 საათიდან საღამოს 5-მდე ან საღამოს 10-დან დილის 6-მდე. საკმაოდ დიდი განყოფილებაა. სულ მიწევს გვიანობამდე მუშაობა დილიდან... სანამ საქმე არ მორჩება. ახლაც, დილით რომ ვიწყებ, თუ გამიმართლა, 10-ზე მივდივარ სახლში. ბოლო პერიოდია, სულ აქ ვარ.
ოჯახის წევრები ძალიან ნერვიულობენ, განიცდიან. სულ იმას მეუბნებიან, თავს გაუფრთხილდიო. როცა გადავკეთდით კოვიდცენტრად, ბევრი თანამშრომელი წავიდა. ზოგს შეეშინდა, ზოგს ოჯახმა დაუშალა. ძალიან ცოტანი დავრჩით.
ადამიანური რესურსი და კადრის დეფიციტი ისედაც იყო საქართველოში. მიზეზი ანაზღაურება იყო, ძალიან დაუფასებელი შრომაა. ყველა ძირითადად საზღვარგარეთ ცდილობს წასვლას. იქ ნაკლები შრომა და უფრო მეტი ანაზღაურებაა, აქ - პირიქით.
მარტო ჩვენი განყოფილებიდან 17 კაცი წავიდა. განყოფილება უნდა იყოს სავსე პაციენტებით, მაგრამ კადრი არ გვყავს, ფაქტობრივად. ალბათ, ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის. ფიზიკურად არ გვყოფნის ხელი, მხოლოდ კოვიდი ხომ არ არის?! მაგალითად, ახლა ინტენსიურში გვიწევს ისეთი მძიმე პაციენტი, რომ ერთი ექთანი მხოლოდ მას სჭირდება.
ძალიან მენატრება სახლი. გუშინაც სახლზე ვფიქრობდი. ისე მენატრება გარეთ გასვლა!.. მეგობრებიც მენატრება. ორი კვირაა, არავინ მინახავს, არავისთან მქონია კონტაქტი.
ანა ხოზბელაშვილი, 20 წლის, ექთანი, მეოთხე კურსის სტუდენტი
დღის განმავლობაში 4 ექთანი და 2 დამხმარე ვართ, მაგრამ ამ ეკიპირებით, ფაქტობრივად, გაუსაძლისია დიდხანს მუშაობა, ამიტომ ორ ცვლად ვართ დაყოფილები.
ერთ ცვლაში შედის 2 ექთანი და 1 დამხმარე. დილაობით, როცა უფრო
ეს პერიოდი, რაც აქ ვმუშაობ, ვცდილობ ხალხი არ ვნახო, მეშინია არ გადავდო ვინმეს. ჩემი რეჟიმი კლინიკა და სახლია.ანა ხოზბელაშვილი, ექთანი
მეტი საქმეა, ყველა ერთად შემოვდივართ, შემდეგი 4 საათი ჩანაცვლებებით ვაგრძელებთ დღეს. ეს პერიოდი, რაც აქ ვმუშაობ, ვცდილობ, ხალხი არ ვნახო, მეშინია არ გადავდო ვინმეს. ჩემი რეჟიმი კლინიკა და სახლია. სხვაგან არ და ვერც გავდივარ. ლექციებს ონლაინ ვესწრები.
ამ პერიოდმა ის მასწავლა, რომ ასე მსუბუქად არ უნდა უყურებდეს ხალხი. მეც უსიმპტომოდ გადავიტანე, მაგრამ რეალურად ასე ხომ არაა. გადავსებულია კლინიკები. არ მინდა ადამიანების შეშინება, მაგრამ შეიძლება ისეთი პერიოდი დაგვიდგეს, რომ დერეფნებში და ძირს იწვეს პაციენტი.
ერთი დღე მახსენდება. ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა კოვიდით. სწრაფმა ტესტმა დაუდასტურა და ძალიან, ძალიან სწრაფად განუვითარდა ვირუსი. მაგ დღეს გავიფიქრე, რომ ძალიან დავიღალე.
თეონა კოშაძე და გიორგი მარიამიძე, ორივე 22 წლის, ექთნები, ცოლ-ქმარი
თეო: ერთმანეთი პირველ კურსზე გავიცანით. ჯგუფელები ვართ, კურსელები, თანამშრომლები, ახლა უკვე მეუღლეებიც. წელიწად-ნახევრის წინ დავქორწინდით.
წელიწად-ნახევარი აქ ვმუშაობდი, მერე წავედი და ახლა, როცა კოვიდკლინიკად გადაკეთდა საავადმყოფო, დავბრუნდი.
დედაჩემს იმ დილით დავურეკე, როცა აქ გადავწყვიტე წამოსვლა. ვუთხარი, რომ გიორგისთან ერთად მოვდიოდი სამუშაოდ.
გიორგი: სახელმწიფოს არ აქვს იმის რესურსი, რომ ცალკე სასტუმროში დავრჩე. ამიტომ ჩემს თეოს, ფაქტობრივად, ვერ ვნახავდი, სანამ პანდემია არ ჩაივლიდა. მეორე მხრივ, ისიც ექთანია, მასაც პატრიოტული ჟინი აქვს და ბუნებრივია, რომ აქ მოუნდა ყოფნა, ჩემ გვერდით. პირველად როცა მითხრა, რომ ისიც აპირებდა კლინიკაში დაბრუნებას, მივესალმე მის გადაწყვეტილებას. წარმოიდგინე, აბა, როცა შენს საყვარელ ადამიანს, მეუღლეს ვერ ნახავ ერთი კვირა, ერთი თვე... ჩემთვის ეს მოცემულობა ძალიან რთული იყო.
თეო: ოთხი წლის წინ, როცა გადავწყვიტე სამედიცინოზე ჩაბარება, ასეთ რამეზე ვერ ვიფიქრებდი, თუმცა ის, რომ მუდმივი ბრძოლა იქნებოდა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, ეს ვიცოდი, მაგრამ ეს მართლა უცნაური და უცხო გარემოა - ცხოვრება პანდემიის დროს.
გიორგი: ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ასეთ დროს მომიწევდა მუშაობა. პანდემია უფრო წარსული ხანა მეგონა. ყველა ექთანს თავისი მიზეზი ჰქონდა, რატომაც არ ან ვერ დარჩა კლინიკაში. ჩემთვის აქ ყოფნა, პირველ რიგში, დიდი გამოცდილებაა. აბა, სხვა რისთვის ვარ ექიმი, აქ თუ არ ვიყავი ამ პერიოდში. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ჩემი პროფესია. შიში მაქვს, რა თქმა უნდა. მე ჯარისკაცი არ ვარ, რომ ომში წავიდე, ჩემი ბრძოლის ხაზი აქაა.
თეო: დღეს, აი, ახლა, ამას რომ ვწერთ, მამაჩემი ოპერაციას იკეთებს. წესით, იქ უნდა ვიყო, მაგრამ არ გამოდის. ორი კვირა ვერ ვნახავ, ვერც გუშინ ვნახე. ამის დანახვა ბევრს უჭირს, რომ მე ჩემს ცხოვრებას გვერდით ვდებ და სხვას ვაქცევ ყურადღებას.
კოვიდამდე სულ სადღაც დავდიოდით - სად გვიღამდებოდა და გვითენდებოდა, არ ვიცოდით. ახლა როგორც ჩვენი, ისე სხვების უსაფრთხოებისთვის ყველაფერს ვიკლებთ.
გიორგი: ჩემი და თეოს დღის განრიგი: სახლი-კლინიკა, კლინიკა-სახლი. დაღლით ვიღლებით, ძალიან ვიღლებით.
დღეს, აი, ახლა, ამას რომ ვწერთ, მამაჩემი ოპერაციას იკეთებს. წესით, იქ უნდა ვიყო, მაგრამ არ გამოდის. ორი კვირა ვერ ვნახავ, ვერც გუშინ ვნახე.თეო, ექთანი
სხვაგან არსად არ გავდივართ, რამდენიმე თვეა უკვე. ერთი კვირა დავისვენეთ და ის 7 დღეც სახლში ვიყავით, ერთ ოთახში გამომწყვდეულები. არავინ გვინახავს. უბრალოდ, მაინც მგონია, რომ ხალხის შეგნებამდე უნდა მივიდეს ეს ყველაფერი. აი, აქედან რომ ქუჩაში გახვალ და პირბადე არ უკეთია ადამიანს, ძალიან ცუდი სანახავია.
თეო: ყველაზე მძიმე მომენტი, ალბათ, იმის ყურებაა, როგორ კარგავ ადამიანს. ამ ვირუსმა ერთად ყოფნა გვასწავლა სამედიცინო პერსონალს. ერთმანეთზე ვზრუნავთ.
ყველა ადამიანის ცხოვრებაში დატოვებს ვირუსი თავის კვალს. პირადად ჩემთვის ყველაზე რთული იყო ის სამი დღე, როცა გიორგის ვერ ვხედავდი. მე პირადად ბედნიერი ვარ, თუ ასე შევხედავთ, რომ ამ დროს დავბრუნდი სამედიცინო სფეროში და ვამაყობ კიდეც ჩემი თავით. პირველმა სამმა დღემ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება.
დარიკო ბერიაშვილი, სანიტარი
ვერ მივეცი ჩემს თავს იმის უფლება, რომ ბავშვები მარტო დამეტოვებინა და სახლში წავსულიყავი. ამიტომ დავრჩი აქ, თორემ ასაკი ისეთი მაქვს, ვიცი, რომ სახლში უნდა ვიყო... შიში არ მაქვს. ახალგაზრდობა იყოს კარგად და მე შიში არ მაქვს. ჩემს თავზე გადაიაროს ყველაფერმა. ვერ
შიში არ მაქვს. ახალგაზრდობა იყოს კარგად და მე შიში არ მაქვს. ჩემს თავზე გადაიაროს ყველაფერმა.დარიკო ბერიაშვილი, სანიტარი
ვუღალატე ჩემს მთავარ ექთანს, ლალის. რომ ვხედავ ამ პატარა გოგო-ბიჭებს, როგორ იბრძვიან. გუშინ, კვირა დღეს, სანიტარი არ ჰყავდათ და დამირეკეს... მე გამოვედი. ჩემმა შვილმაც მითხრა, გაჭირვების დროს ხომ არ მიატოვებ ექიმებსო.
კასპის რაიონიდან ვარ, ზემო ხანდაკიდან... და აქ, თბილისში, გავთხოვდი. სამი შვილი მყავს.
აქედან რომ მივდივარ, ნაკვეთი მაქვს და იქ ვაგრძელებ მუშაობას... დიდი ბაღი მაქვს, ხილი ყველანაირი.
მეორედ გათხოვებაზე უფრო ვიფიქრებდი, ვიდრე ამაზე, რაც ახლა აქ ხდება. პირველი ორი დღე ძალიან გამიჭირდა. ამ ჩაცმულობით მუშაობა ძალიან რთულია. ყოველდღე აქ ვარ, შაბათ-კვირის გარდა, მაგრამ, თუ დავჭირდი, უქმეებზეც აქ ვარ.
ყველა სანიტარმა, ვინც აქ მუშაობდა, დაწერა განცხადება და წავიდა. დაბალი ხელფასებია. ცუდად რომ გახდე, მკურნალობაშიც არ გეყოფა. მე ვერ მივეცი ჩემს თავს მაგის უფლება. მე რა ვარ, მე ჩემი დრო გავლიე. ამათ გვერდით როგორ არ უნდა ვიდგე.
ისე, აქ უფრო დაცული ვარ, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩაში. ჩემი მეზობლები სულ არ მუშაობდნენ, მაგრამ დაემართათ ეს ვირუსი. ვფრთხილობ ძალიან. კოვიდი რომ მორჩება, კარგ ხინკალს გავაკეთებ და ყველას დავპატიჟებ.