28 ოქტომბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ხელისუფლება მასშტაბურ სოციალურ პროექტებს იწყებს.
არამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ 9 ნოემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, "ახალი პროექტების დაპირებები, რომელთა შესახებ არჩევნების პირველ ტურამდე ცნობილი არ ყოფილა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს ინიციატივები არჩევნების პირველი ტურის შედეგებს უკავშირდება და მათი მიზანი არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებაა. ჩნდება განცდა, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია - „ქართული ოცნება“, რომელსაც ხელი მიუწვდება ყველა სახის ადმინისტრაციულ რესურსზე, ცდილობს მისი მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვების შანსი ფინანსური და აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გაზარდოს. ამ ფონზე, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და ზღვარი მმართველ პარტიასა და ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას შორის ფაქტობრივად აღარ არსებობს."
გთავაზობთ იმ დაპირებებს, რაც სამთავრობო სტრუქტურების ოფიციალურ საკომუნიკაციო არხებზე იძებნება 28 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე პერიოდში.
1) 9 საცხოვრებელი კორპუსი დევნილებს წყალტუბოსა და ზუგდიდში.
2) გაზრდილი ფულადი დახმარება 140 000 ბავშვს
3) ქორწინების ახალი სტანდარტი და სამზითვო „ვეფხისტყაოსანი“ ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს.
4) გაზრდილი ხელფასი სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.
5) 400 ბინა დევნილებს
6) ტყიბულში ქურთუკების, რუსთავი-გარდაბნის გზაზე მარილის და თბილისში სარწყავი ლენტების საწარმოების გახსნა.
7) ოფიციალური შემოსავლის მიღების მიუხედავად, სოციალური დახმარების შენარჩუნება 1 წლის ვადით.
8) 1200 სტუდენტს ერთი წლით სწავლის დაფინანსება.
9) სამხედრო მოსამსახურეების, სასაზღვრო პოლიციისა და სანაპირო დაცვის შემადგენლობის ხელფასების ზრდა
"არჩევნების მეორე ტურის წინ ხელისუფლებამ მასშტაბური სოციალური პროექტების წარდგენისგან თავი უნდა შეიკავოს" - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც ხელისუფლების მიერ მსგავსი ტიპის დაპირებები ასეა შეფასებული:
“ეს ტენდენცია, თავისი არსით, ინტენსივობითა და სამიზნე აუდიტორიით ცხადად ატარებს საარჩევნოდ მოტივირებული საბიუჯეტო ხარჯვის ხასიათს, რაც საარჩევნოდ ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას შეიძლება უტოლდებოდეს.
სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს სოციალური პოლიტიკა, რომელიც არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გაზრდის სოციალური დახმარებების ოდენობას, არამედ ხელს შეუწყობს სოციალური დაცვის სტაბილური სისტემის ჩამოყალიბებას. ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საბიუჯეტო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი სერიოზულ უპირატესობას იღებს." - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებაში.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, არჩევნების დღემდე ორი თვით ადრე არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია:
"ისეთი სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ან/და შეღავათების დაწესება, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ იყო საქართველოს კანონმდებლობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება".