Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარაგაულში 60 ათასი წლის ძეგლი აღმოაჩინეს


ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევებით, ხარაგაულში შუა პალეოლითის ხანის ე. წ. მუსტიეური ეპოქის (ქვედა პალეოლითის ყველაზე გვიანდელი ხანის ძეგლი) არსებობა დასტურდება.

იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტში ახალი სარკინიგზო გვირაბის მიმდებარედ, მდინარე ჩხერიმელის ხეობაში, ხანდების კლდეში, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ორი კულტურული ფენა და მრავალი სახეობის ფაუნის ნაშთები აღმოაჩინა.

ექსპედიციის ხელმძღვანელის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, თენგიზ მეშველიანის განცხადებით, აღმოჩენილი კარსტული მღვიმე სავარაუდოდ 50-60 ათასი წლის წინანდელია და დევის ხვრელზე ბევრად, დაახლოებით 10-11 ათასი წლით ძველია.

„ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ხარაგაულისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, რადგან ასეთი არქაული ხანის ნაშთები ქვეყნის ტერიტორიაზე არც ისე ბევრია".

ექსპედიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღმოჩენილ მასალებს დამუშავების შემდეგ ხარაგაული ისტორიულ მუზეუმს გადასცემენ. მანამდე კი, ივნისის ბოლოს ხარაგაულში ჩავლენ იერუსალიმის უნივერსიტეტის სპეციალისტები, რომლებიც წყალტუბოსა და ჭიათურაში აფინანსებენ არქეოლოგიურ გათხრებს. თენგიზ მეშველიანი იმედოვნებს, რომ უცხოელი კოლეგების ფინანსური დახმარებით, ხარაგაულში სამუშაოების გაგრძელებას შეძლებენ.

ხარაგაულში ექსპედიციის მოწყობით ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები შარშან, ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის მღვიმე-ნამოსახლარ „დევისხვრელში“ დამატებითი გათხრების ჩატარების შემდეგ, დაინტერესდნენ. „დევისხვრელი“ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში პროფესორმა გიორგი ნიორაძემ აღმოაჩინა.

გასულ წლის აპრილში, როდესაც მუნიციპალიტეტში ქვის ხანის ნამოსახლარების გამოსაკვლევად და ახალი ძეგლების აღმოსაჩენად იმყოფებოდნენ, ექსპედიციამ „დევისხვრელი“ და ნუნისი განმეორებით გამოიკვლია. "დევისხვრელი" ზედა პალეოლითის პერიოდის ადამიანის სადგომია. ამ ძეგლის მიმართ ინტერესი ყოველთვის იყო. არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ მღვიმე მეცნიერულად შესწავლილია.

XS
SM
MD
LG