ტელეკომპანია „იმედის“ ტელეწამყვანი, მსახიობი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე დემონსტრაციებზე „ძალადობის ორგანიზების“ ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას ითხოვს.
„თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს“, - წერს წულუკიძე ფეისბუკის „სთორიში“ და აქვეყნებს ანდრო ჭიჭინაძის ფოტოს.
ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც პროევროპულ დემონსტრაციებში მონაწილეობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საკუთარ ბინაში 5 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალად ედება „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, მასში მონაწილეობა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება“.
ჭიჭინაძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გუშინ, 6 დეკემბერს, „იმედის“ კიდევ ერთმა წამყვანმა, მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა გააზიარა ანდრო ჭიჭინაძის დაკავების კადრები და დაწერა: „ჩემი მეგობარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დაიჭირეს თავის სახლში“.
რამდენიმე საათში მან დაწერა, რომ „იმედს“ ტოვებს. „მორჩა, საკმარისია ამდენი ტყუილი!“ - დაწერა მან.
დემონსტრაციები, - რომლებთან დაკავშირებითაც არაერთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ნაწილი სისხლის სამართლის წესით, - თბილისში და საქართველოს ქალაქებში 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
შსს-ს სპეცრაზმელები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად იყენებდნენ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს.
პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა არა მხოლოდ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც სამართალდამცავებს პიროტექნიკას, ქვებს, ჯოხებს და სხვა საგნებს ესროდნენ, არამედ მშვიდობიანი დემონსტრანტებიც. ფიზიკურად იძალადეს მედიის არაერთ წარმომადგენელზეც.
6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპულ აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი.
დაკავებულთა უმეტესობა ამბობს, რომ სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ფორუმი