ასევე ოფიციალური ვერსიით, ის გასამართლების შემდეგ, დეკემბერში დახვრიტეს. თუმცა, მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ბერიას ციხემდე არ მიუღწევია და ადგილზევე გამოასალმეს სიცოცხლეს. მიუხედავად იმისა, რომ 70 წელი გავიდა, დღემდე არავინ იცის, ზუსტად რა მოხდა 1953 წლის ზაფხულში.
1950-იანი წლების მიწურულს ბერიას ქვრივი, ნინო გეგეჭკორი რუსეთიდან ანაკლიაში ჩავიდა. მასპინძლები თავს დასტრიალებდნენ, სუფრაზე რჩეული კერძები მოჰქონდათ, მონატრებული იქნებიო. ნინო კი ამოჩემებულ ადგილას იდგა და იქაურობას არ შორდებოდა. Როგორც შემდეგ ბერიას შვილი იხსენებდა, რამდენიმე დღით ადრე უცნობმა შეატყობინა, ანაკლიაში ლავრენტი შეგხვდებაო. არც მაშინ და არც მერე ლავრენტი ბერია არავის უნახავს, თუმცა ნინოს ცხოვრების ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ მისი ქმარი გადარჩა.
სტალინის მერე
1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა „პროლეტარიატის ბელადი” იოსებ სტალინი. მაშინ სტალინი უკვე 74 წლის იყო, ავადმყოფობდა, მაგრამ მაინც გაჩნდა ეჭვი, რომ ის ბერიამ მოკლა. სწორედ სტალინის სიკვდილმა შეაჩერა ე.წ. მეგრელთა საქმე, რომელსაც ადრე თუ გვიან ლავრენტი ბერიაც შეეწირებოდა. 1951 წელს, სტალინის ხელდასხმით, საქართველოში მაღალ თანამდებობებზე მყოფი მეგრელების მასობრივი დაპატიმრება დაიწყეს.
„ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს ის, რომ გარკვეული მოვლენების შემდეგ მუდამ კითხვები ჩნდება. სტალინი ყოველთვის ცდილობდა ხელქვეითები ეკონტროლებინა, შესაბამისად, როდესაც ბერიას გავლენა გაიზარდა, „მეგრელების საქმე“ წამოიწყეს. მკვლევრები ამბობენ, რომ მან ამით ბერიას დაუწესა საზღვრები. როდესაც სტალინი გარდაიცვალა, რა თქმა უნდა, გაჩნდა ეჭვი, რომლის დადასტურება ან უარყოფა ახლა ძალიან ძნელია“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელი.
მაშინ 53 წლის ლავრენტი ბერიას საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. ის იყო ადამიანი, რომლისაც სტალინის შემდეგ ყველაზე მეტად ეშინოდათ.
მის კისერზეა მასობრივი რეპრესიები, ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ქართული ინტელიგენციის განადგურება, გადასახლებები და ყველაფერი ის, რასაც კომუნისტური მანქანა განსაკუთრებული სისასტიკით აკეთებდა.
ლავრენტი ბერიას გავლენა ძალიან დიდი იყო, თუმცა, მოგვიანებით მისმა შვილმა გაიხსენა, რომ ოჯახი უბედურების მოახლოებას გრძნობდა.
„ლავრენტი ბერიას ვაჟი მოგვითხრობს“ - ეს არის დოკუმენტური პროზა, უფრო სწორად, ვრცელი ინტერვიუ, რომელიც მწერალმა რაულ ჩილაჩავამ ბერიას ვაჟთან, სერგო გეგეჭკორთან ჩაწერა. წიგნი პირველად 1992 წელს გამოიცა.
მოკლა თუ რა სტალინი ბერიამ? ამ კითხვაზე მისი შვილი ასე პასუხობს:
„ყველას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი, შექმნას საკუთარი ვერსია. მე არ მინდა მათ ვეკამათო, რადგან გამაბათილებელი საბუთები არ გამაჩნია. მე შემიძლია ხსოვნაში აღვიდგინო ჩემი მშობლების საუბარი სტალინის გარდაცვალების დღეს.
„ლაუ, - უთხრა დედაჩემმა მამას, - როგორც არ უნდა ინუგეშო თავი, შენი დრო დამთავრდა. აქამდე სტალინის წყალობით გითმენდნენ, ახლა კი მორჩა. სანამ გვიან არაა, დაწერე განცხადება და გადადექი, ან ავადმყოფობა მოიმიზეზე, ან სხვა რამე საბაბი გამოძებნე!“
1953 წლის 5 მარტის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა. ბერიას წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს.
„არ ვიცი, თვითდაჯერებულების გამო, ეიფორიის თუ იმის, რომ ყურადღება მოადუნა, მაგრამ ბერია ამ ბრძოლაში დამარცხდა“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
მისი თქმით, ბერიას მოწინააღმდეგეებმა კარგად გამოიყენეს დაპირისპირება ძალოვან უწყებებს შორის. ომის მოგების მიუხედავად, საბჭოთა არმიას უფრო ნაკლები პრივილეგიები ჰქონდა, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ორგანოებს: შინაგან ჯარსა და უშიშროებას, რომელთაც ბერია განაგებდა.
სწორედ არმიის დახმარებით მოახერხეს ნიკიტა ხრუშჩოვმა და მისმა მომხრეებმა ბერიას გაენეიტრალება. ამის შემდეგ, 1953 წლის სექტემბერში, ხრუშჩოვი სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა - სტალინის ადგილი დაიკავა.
ორეული თუ ნამდვილი?
სპეცოპერაცია ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ 26 ივნისს მოაწყვეს. ოფიციალური ვერსიით, ამ დღეს ის დააპატიმრეს და ბრალად სამშობლოს ღალატი და შპიონაჟი წაუყენეს. ჩატარდა სასამართლო, რომელსაც თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. განაჩენი დახვრეტა იყო. ოფიციალური ვერსიით, ბერია 1953 წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს.
„მაშინვე გაჩნდა ვარაუდი, რომ ბერიას პროცესი იმიტირებული იყო. სასამართლოზე მოკავშირე რესპუბლიკების დელეგატებიც მიიწვიეს, მათ შორის საქართველოდანაც. იყო ჭორები, რომ საქართველოდან ჩასულმა დელეგატმა, თუ არ ვცდები, კუჭავამ, მეგრულად მიმართა ბერიას და მან ვერაფერი გაიგო“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
თუმცა, თავად მიტროფანე კუჭავა, საქართველოს სსრ-ის დეპუტატი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც საქართველოდან სასამართლოს ესწრებოდა, თავის მოგონებებში წერს, რომ განსასჯელის სკამზე ნამდვილად ლავრენტი ბერია იჯდა.
„საქართველოსა და საბჭოთა კავშირის მრავალ კუთხეში დღემდე ცოცხალია ლეგენდა იმის შესახებ, რომ სასამართლო პროცესზე ბერიას ნაცვლად თურმე მისი ორეული იჯდა. ჩემი ღრმა რწმენით, ამ ლეგენდას სათავე დაუდო მითმა ლავრენტი ბერიას მოუხელთებლობისა და ყოვლისშემძლეობის შესახებ, რასაც ხალხში წლების მანძილზე ნერგავდნენ საბჭოთა მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები.
ჩემთვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა, დავრწმუნებულიყავი, რომ ჩვენს თვალწინ იჯდა ლავრენტი ბერია, რომელსაც ვასამართლებდით, რაკი მე ბერია მრავალჯერ პირადად, ახლოს მყავდა ნანახი და მქონდა კიდევაც მასთან შეხვედრები“, - წერს ის თავის წიგნში „ლავრენტი ბერიას და მის თანამზრახველთა სასამართლო პროცესი“.
ლავრენტი ბერიას ვაჟი სერგო გეგეჭკორი კი დარწმუნებული იყო, რომ სასამართლოზე დასვეს ადამიანი, რომელიც ბერიას ჰგავდა, სინამდვილეში კი მამამისი 1953 წლის 26 ივნისს მოკლეს.
ბრეზენტგადაფარებული ცხედარი
მაშინ სერგო 28 წლის იყო, ჯერაც მამის გვარზე მყოფს, ცოლად მაქსიმ გორკის შვილიშვილი ჰყავდა და მესამე ბავშვს ელოდებოდა. სარაკეტო სისტემების ახალგაზრდა კონსტრუქტორისთვის საბჭოთა ელიტაში ყველა კარი ღია იყო.
26 ივნისს სერგო კრემლში, სახალხო კომისარ ბორის ვანიკოვთან მივიდა, მასთან ერთად ბირთვულ იარაღზე მუშაობდა. უეცრად საბჭოთა კავშირის ორგზის გმირმა, მფრინავმა სულთან ამეთ-ხანმა დაურეკა და უთხრა, თქვენი სახლი ალყაშია მოქცეული, მამაშენი ალბათ მოკლეს, მანქანა გამოგიგზავნე, აეროდრომამდე მიდი და სანამ გვიან არ არის, სადმე გადაგაფრენო.
სერგომ რეკვა დაიწყო, ყურმილს არც მამის სამდივნოში იღებდნენ, არც - სახლში, არც - აგარაკზე. ბოლოს ვანიკოვმა პირდაპირ ხრუშჩოვს დაურეკა. იმან, არაფერი მომხდარა, რას იგონებთო. მანქანაში ჩასხდნენ და ბერიას ბინისკენ წავიდნენ.
„რაიონი მართლაც სამხედროებით იყო გარშემორტყმული და სანამ ვანიკოვი ისევ არ დაუკავშირდა ხრუშჩოვს, ეზოში არ შეგვიშვეს. ეჭვი არ იყო, ამ ბაქხანალიას სწორედ ხრუშჩოვი ხელმძღვანელობდა.
მამაჩემის ოთახის კედელი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით დაეცხრილათ, ფანჯრები ჩაელეწათ, კარები შეემტვრიათ. სანამ ამ სანახაობას შეძრწუნებული შევყურებდი, სახლის ერთ-ერთმა მცველმა მოირბინა და მიჩურჩულა: „სერგო, ეს-ესაა შენობიდან ბრეზენტგადაფარებული საკაცით ვიღაცა გამოიტანეს“. მცველს სასწრაფოდ დაუძახეს და მე ვერ მოვასწარი მეკითხა, სროლის დროს მამა შინ იყო თუ არა“.
ამის შემდეგ აპატიმრებენ სერგოსაც და ლავრენტი ბერიას ცოლს, ნინო გეგეჭკორსაც. 1955 წელს, როდესაც ისინი ციხიდან გამოვიდნენ, მთელი წელი ეძებდნენ ბებიებს, რომლებიც ბინებიდან გამოესახლებინათ. ბოლოს გორთან, მოხუცთა თავშესაფარში მიაგნეს.
ციხეში გატარებული დროიდან სერგოს ყველაზე მტკივნეულად დახვრეტის იმიტირება ახსენდებოდა. ციხის ეზოში სეირნობისას კედელთან მიაყენეს, თოფები დაუმიზნეს და განაჩენი წაუკითხეს. ამ სცენას აყურებინებდნენ დედამისსაც, რომელმაც ვერ გაუძლო და გული წაუვიდა.
„მეორე დღეს, მაშინ ოცდაათი წლისაც არ ვიყავი, წყალში ჩემი ანარეკლი დავინახე და გავფითრდი: ნახშირივით შავი ქოჩორი ერთთავად გამჭაღარავებოდა“, - იხსენებდა სერგო გეგეჭკორი.
ბერიას სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირში მისი ხსენებაც კი აიკრძალა. ლავრენტი ბერიას სახელი ამოიღეს წიგნებიდან, ენციკლოპედიებიდან. ჩამოხსნეს მისი სურათები, მისი სახელობის ქუჩებს თუ ინსტიტუტებს სახელები შეუცვალეს. მაშინ გადაიკეთა გვარი მისმა შვილმაც, გეგეჭკორი გახდა.
ლავრენტი ბერიას საფლავის ადგილმდებარეობა ცნობილი დღემდე არ არის. მისი ცოლი, ნინო გეგეჭკორი 1991 წელს გარდაიცვალა, შვილი, სერგო - 2000 წელს. კიევში მის კოლუმბარიუმს რუსულად სერგო გეგეჭკორი აწერია, ქართულად კი - სერგო ბერია.