თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა დღეს, ერთწლიანი პაუზის შემდეგ რეპეტიციები განაახლა - დასი პირველი წარმოდგენისთვის ემზადება, რომელიც 10 აპრილს შედგება და თბილისის ოპერის თეატრის 170 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტზე შესრულდება ფრაგმენტები ქართული საოპერო ნაწარმოებებიდან, მონაწილეობას მიიღებენ ოპერის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი.
რეპეტიციები რეგულაციების დაცვით: - მევიოლინეებს პირბადეები უკეთიათ, ჩასაბერი საკრავების მუსიკოსები კი დამცავი ბარიერების უკან სხედან. ორკესტრისთვის ადგილი პარტერის პირველი ექვსი რიგის აღების ხარჯზე გაფართოვდა.
„ასეთ განლაგებაში არ დაგვიკრავს არასდროს. ეს ძალიან რთულია ყოველი მუსიკოსისთვის, დირიჟორისთვის და განსაკუთრებით რთული იქნება მომღერლისთვის. მომღერლის ხმამ ორკესტრი უნდა გადაფაროს, ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა შრომაა.“ - უთხრა რადიო თავისუფლებას დირიჟორმა რევაზ ტაკიძემ.
„ვღელავ რა თქმა უნდა, ახალგაზრდა დირიჟორად არ ვითვლები, მაგრამ ჩემს ემოციებს მოვერევი და გავიხსენებ, ხომ არ დავკარგე დირიჟორობა. შარშანდელი წელი იყო ძალიან მძიმე - გამოკეტილები ვიყავით სახლში, თეატრი დაკეტილი, ეს ყველაზე საშინელი წელიწადია რაც შემიძლია გავიხსენო 47 წლიანი კარიერის განმავლობაში. ახლა ყველაფერს მოვერევით, ოღონდაც სპექტაკლი იყოს. ყველა რეგულაციებს ვიცავთ დიდი იმედები გვაქვს აცრის.“
მომღერლებმა დღეს პირველად რეპეტიცია ოპერის მთავარ დარბაზში ჩაატარე, აქამდე დაკვრა მხოლოდ ოთახებში შეეძლოთ.
„ჩვენი სპეციალობის ხალხისთვის ჩაკეტვა არის კატასტროფა,“ - ამბობს სახალხო არტისტი ლიანა კალმახელიძე - „იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ვმუშაობთ ერთ დღეს, მერე სამი დღე გვჭირდება რომ აღვადგინოთ ხმა - ფორმაში ყოფნაა ჩვენთვის მთავარი. წარმოიდგინეთ, ხუთსართულიანი შენობა მიკროფონის გარეშე უნდა შევავსოთ ხმით. 46-ე სეზონია რაც თეატრში ვარ და მაინც, ყოველი გასვლის წინ, აი ამხელა სივრცეს რომ უნდა შეეჭიდო ეს სულ სხვა გამოცდილებაა.“
ლიანა კალმახელიძემ, ოპერის სხვა სოლისტებთან ერთად, პირველ კონცერტზე უნდა იმღეროს:
„მუსიკას იმხელა ემოციური სტიმული შეუძლია რომ მოგცეს. თეატრის პირველი დანიშნულება ესთეტიური სიამოვნებაა, და სწორედ ეს გვაკლდა მთელი წელი ყველას“.
ორკესტრის მევიოლინე ბელა ურუშაძე ყვება როგორი რთულია დაკვრა პირბადით:
„მუდმივი კონცენტრაციაა საჭირო. ამას ისიც დაამატეთ, რომ სულ ვმოძრაობთ, ასე უნდა ვისხდეთ მთელი რეპეტიციის განმავლობაში.“
შეზღუდულია წარმოდგენის ხანგრძლივობაც, ის ერთ აქტად უნდა შესრულდეს, რადგან შესვენების დროს არ მოხდეს კონტაქტი მაყურებლებს შორის. წარმოდგენის დრო ორ საათს არ უნდა აღემატებოდეს.
ოპერა იუბილეს 12 აპრილს აღნიშნავს, პირველი ორი კონცერტი კი შემდეგ შაბათ-კვირას, 10 და 11 აპრილს შედგება.