Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინსვლა ხერსონში - უკრაინის პლაცდარმი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე


ოქტომბრის ბოლოს უკრაინის სარდლობამ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებს "კარგი შედეგები" ჰქონდათ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. საილუსტრაციო ფოტო
ოქტომბრის ბოლოს უკრაინის სარდლობამ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებს "კარგი შედეგები" ჰქონდათ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. საილუსტრაციო ფოტო

13 ნოემბრის დილით რუსეთის ორმა სახელმწიფო სააგენტომ, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ჯერ გამოაქვეყნა, შემდეგ კი მალევე გააქრო ცნობა უკრაინის ხერსონის ოლქში რუსული ჯარების გადაჯგუფების შესახებ. ტერმინს "გადაჯგუფება" რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკანადახევის ნაცვლად ხმარობს ხოლმე.

ამას წინ უძღოდა ქალაქ ხერსონის გათავისუფლების წლისთავზე სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული ინფორმაცია, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის სამხედრო რაზმების „მცირედი წინსვლის“ თაობაზე.

ანალიტიკოსები და ფრონტის ხაზის სიახლოვეს მყოფი სამხედროები ამტკიცებენ, რომ ბოლო დღეებში უკრაინელმა სამხედროებმა ფართო და რთული მდინარის ფორსირების შემდეგ, გარკვეულწილად მოახერხეს დაკავებული პლაცდარმის გაფართოება.

"ეს არის დასახლება ოლეშკი, ხერსონის მეორე, მარცხენა სანაპიროზე, სადღაც დაახლოებით ანტონოვსკის ხიდთან. აღმოსავლეთის მხარეზე ეს არის სოფელი კრინკი, ჯერ კრინკში გადავიდნენ სპეციალური ოპერაციული ძალების სპეცდანიშნულების ჯგუფები და შემდეგ უკვე გაფართოვდა ეს პლაცდარმი სოფელ პოდსტეპნოეს მიმართულებით და, შესაბამისად, გარკვეული რაოდენობა ტექნიკაც გადაყვანილია“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ.

ამასვე ადასტურებს თავის ანგარიშში "ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი" (ISW), რომლის ინფორმაციით, უკრაინულმა სარდლობამ დამატებითი ძალები გადაისროლა კრინკის ტერიტორიაზე და აპირებს ყირიმის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში მდებარე რუსეთის ლოგისტიკის ცენტრების ფრონტის ხაზისგან მოწყვეტას.

"დაწყებულ ოპერაციას უკვე მოაქვს უხერხულობა რუსეთისთვის"

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ჯერ გაავრცელებული, შემდეგ კი მალევე გაუქმებული ცნობაში ხერსონის ოლქში რუსული ჯარების გადაჯგუფების შესახებ, ნათქვამი იყო, რომ დაჯგუფება „დნეპრის“ სარდლობამ გადაწყვიტა ჯარების გადაჯგუფება უფრო „მომგებიან პოზიციებზე“ მდინარე დნეპრის აღმოსავლეთისკენ.

ორივე სააგენტომ ინფორმაცია მალევე წაშალა. ოფიციალური განმარტებით, ეს ახალი ამბავი „ანულირებულია" შეცდომის გამო. გამოცემა РБК-ს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ პრესსამსახურის სახელით ამ ინფორმაციის გავრცელება „პროვოკაცია“ იყო.

რუსეთის სახელმწიფო მედია უკრაინასთან ომის შესახებ მხოლოდ ოფიციალური არხებით მიღებულ ცნობებს ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა „პროვოკაცია“ უწოდა დნეპრის აღმოსავლეთი ჯარების უკან დახევის შესახებ გავრცელებულ ცნობას, ამ შემთხვევაში საყურადღებოა ორი ფაქტორი: მსგავსი ფორმულირება - "გადაჯგუფება" - ჯარების უკან დახევის შემთხვევაში რუსეთმა გასულ წელს უკვე გამოიყენა ხარკოვის მახლობლად და ხერსონიდან უკან დახევის დროს.

"როგორც ჩანს, დაწყებულ ოპერაციებს უკვე მოაქვს უხერხულობა რუსეთისთვის. ამას მოწმობს დღევანდელი ცნობა, სხვა ზღუდეებზე რუსეთის ქვედანაყოფების გადაჯგუფებისა და ყირიმისა და ზაპოროჟიეს ოლქისკენ შესაძლო უკანდახევის შესახებ, რომელიც რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ზეწოლის შედეგად წაშალეს. როგორც ჩანს, რუსეთის მიერ საკმაოდ სერიოზულად აღიქმება მუქარა და შესაძლოა, რომ ამ ფორმით კრემლმა და სამხედრო უწყებამ შეამოწმეს რუსეთის საზოგადოების რეაქცია ვითარების ასეთ განვითარებაზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, მიხაილო სამუსმა.

თანაც, რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა "გადაჯგუფების" ინფორმაცია გაავრცელეს იმ ფონზე, როდესაც არაერთი წყაროს ცნობით, უკრაინის სპეციალური ოპერაციის ძალებმა ნამდვილად მოახერხეს მდინარე დნეპრის ფორსირება და პლაცდარმის დაკავება ხერსონის მარცხენა სანაპიროზე.

„12 ნოემბერს გამოქვეყნებული კადრების გეოლოკაციური ანალიზი აჩვენებს, რომ უკრაინის ძალებმა უმნიშვნელოდ წაიწიეს წინ კრინკის მიმართულებით (ხერსონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 30 კილომეტრში და მდინარე დნეპრიდან 2 კილომეტრში). რუსი სამხედრო ბლოგერები აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ რუსეთის ჯარი შეეცადა, მაგრამ ვერ შეძლო უკრაინის სამხედრო ძალის შევიწროება კრინკში, ხოლო უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ შეტევას პოიმის (10 კილომეტრი ხერსონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით და მდინარე დნეპრიდან 4 კმ), პესჩანოვკისა და პოდსტეპნოეს მისადგომებთან“, - ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშში.

უკრაინის სარდლობა, რომელიც ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს იტყობინებოდა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე “ოპერაციის კარგ შედეგებზე“, ჯერჯერობით კვლავ თავს იკავებს დეტალებზე საუბრისგან.

ეს სიფრთხილე სრულიად გასაგებია სამხედროებისთვის. რამდენიმე სოფელში პლაცდარმის შექმნას და მიღწეულ მცირე წარმატებას ჯერ კიდევ სჭირდება განმტკიცება. მით უფრო, რომ მიმდინარე წელს უკრაინელმა სამხედროებმა რამდენჯერმე მოახერხეს მდინარე დნეპრის ფორსირება და ხერსონის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა, მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდეს და იძულებული გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ.

„დიახ, ექვსჯერ იყო მაგის მცდელობა, ანტონოვსკის ხიდის მიმართულებითაც, გოლი პრისტანის მიმართულებითაც, იმავე ოლეშკის მიმართულებითაც. მეტიც, ოლეშკის მიმართულებით, დასავლეთ მხარეზე, რაღაც პერიოდით გავმაგრდით კიდეც, მაგრამ ვერ შევძელით პლაცდარმის შექმნა, ტექნიკაც რომ გადაგვეყვანა და იძულებულები გავხდით უკან გამოვსულიყავით. ამ წუთში უკვე სხვა სიტუაცია გვაქვს", - გვეუბნება ვანო ნადირაძე.

იმისთვის, რომ ვითარება თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს და არ დაუშვას უკრაინის სამხედრო ძალების გადასვლა დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რუსეთი არტილერიისა და ავიაციის საშუალებით ინტენსიურად ბომბავს ქალაქ ხერსონსა და მის შემოგარენს.

გააფთრებული ბრძოლებია უკრაინის აღმოსავლეთში, ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში. უკრაინის ძალებს 70-მდე შეტაკება ჰქონდათ კუპიანსკის, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებით, - იუწყება უკრაინის გენერალური შტაბი 13 ნოემბრის დილით.

რუსეთის ძალები რამდენიმე კვირაა ცდილობენ ალყაში მოაქციონ ინდუსტრიული ქალაქი ავდეევკა, თუმცა უკრაინის მძლავრ წინააღმდეგობას აწყდებიან.

„დავალება არის მინიმუმ ჯანკოიმდე ჩასვლა"

სამხედრო თვალსაზრისით, სწორედ ხერსონის მარცხენა სანაპიროა ყველა მოკლე გზა ანექსირებული ყირიმისკენ, რომლის დეოკუპაცია უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.

„თუ მანამდე ეს იყო სპეციალური ოპერაციების ძალებისა და საზღვაო ქვეითების სარეიდო და დივერსიული მოქმედებები, რამდენიმე კვირის წინ დაიწყო უფრო მასშტაბური ქმედებები პლაცდარმის შესაქმნელად ხერსონის მარცხენა სანაპიროზე. შემდეგი ნაბიჯი უნდა გახდეს იმ უფრო მასშტაბური ოპერაციების დაწყება, რომელმაც ხორცი უნდა შეასხას უკრაინის სარდლობის გეგმას - ხერსონის მარცხენა სანაპიროს გათავისუფლებას და ყირიმზე გასვლას", - ამბობს სამხედრო ექსპერტი მიხაილო სამუსი.

როგორც ირკვევა, დნეპრის ფორსირებისა და მარცხენა ნაპირზე "პატარა წარმატების" მიღწევაში უკრაინის სპეციალური ოპერატიული ძალების სპეცდანიშნულების ნაწილებს, კარგი დაგეგმარების გარდა, ხელსაყრელი ვითარებაც დაეხმარა.

„მას შემდეგ, რაც რუსებმა კახოვკის ჰესი ააფეთქეს, შუა მდინარეში, ნაპირებს შორის პატარა კუნძულები წარმოიქმნა და წყლის დონემაც დაიწია, შესაბამისად, რაღაც მონაკვეთებზე დესანტის გადასხმის საშუალებაც იყო და როდესაც დესანტი უკვე გამაგრდა, მაგალითად, სოფელ კრინკში, იქ უკვე ტექნიკის გადატანის საშუალებაც შეიქმნა“, - ამბობს ვანო ნადირაძე.

ხერსონის მარცხენა ნაპირის დაცვის უზრუნველყოფა რუსეთის ჯარების დაჯგუფება „დნეპრს“ ეკისრება, რომლის დასახმარებლად და ოლეშკი-ნოვაია კახოვკის გზის დასაცავად, უკრაინელი სამხედრო მიმომხილველების ცნობით, რუსეთმა დამატებითი ქვედანაყოფები გადაისროლა.

შესაბამისად, უკრაინელი სამხედრო მიმომხილველები და უკრაინის ნაციონალური წინააღმდეგობის ცენტრი იმთავითვე უნდობლად მოეკიდნენ დნეპრის აღმოსავლეთით რუსეთის ჯარების უკანდახევის თაობაზე რუსეთის სახელმწიფო მედიით გავრცელებულ ცნობას და მას უკრაინის სარდლობის ყურადღების გადასატანად ჩაფიქრებული „რუსული პროპაგანდისტების ოპერაცია“ უწოდეს.

უკრაინული სარდლობა არ უარყოფს დნეპრის მარცხენა ნაპირზე მიღწეულ წარმატებას, მაგრამ იმ დროს, როდესაც ოპერაცია მხოლოდ საწყის სტადიაში იმყოფება, სხვა დეტალების გახმაურებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

„ჯერჯერობით ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მხოლოდ მოსამზადებელ ოპერაციაზე და არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს უკვე არის აქტიური ფაზა ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროს დეოკუპაციისათვის. საზღვაო ქვეითების გადასროლა, როგორც ჩანს, ამჟამად ხდება არა მასირებულად, არამედ ფარულად, რათა რუსეთის ძალებმა ვერ მოახერხონ ამ ჩანაფიქრის ხელის შეშლა. გასაგებია, რომ რუსეთის ჯარი ცდილობს არ დაუშვას დესანტის გადასხმა, ყველანაირად ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას - იყენებს არტილერიას და ავიაციას, მაგრამ უკრაინის არმია ახერხებს პლაცდარმის გაფართოებას და ძალებისა და საშუალებების კონცენტრაციას, მის წინაშე მდგარი ამოცანების განსახორციელებლად“, - გვეუბნება მიხაილო სამუსი.

ზამთრის დადგომისთანავე, როდესაც მდინარე დნეპრზე ზოგიერთი მონაკვეთი გაიყინება და გაუმჯობესდება პირადი შემადგენლობის და საკუთარი ტექნიკის გადაყვანის შესაძლებლობა, უკრაინის არმიის სამხედრო მოქმედებები ხერსონის მარცხენა სანაპიროზე კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

„დავალება არის მინიმუმ ჯანკოიმდე ჩასვლა, ეს არის უკვე ყირიმის შესასვლელი. გარდა ამისა, ამ დღეებში უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ძალების რაზმმა კიდევ უფრო აღმოსავლეთით წაიწია, ბელაგრუდოვკაა ასეთი დასახლებული პუნქტი, მთლიანი სოფელი აიყვანა კონტროლის ქვეშ. შევიდნენ, გაათავისუფლეს და გამაგრებულები არიან ამ სოფელში“, - ამბობს ვანო ნადირაძე.

  • რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ხერსონის ოლქი 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავეს. იმავე წლის შემოდგომაზე უკრაინის არმიამ კონტროლი დაიბრუნა ხერსონის ოლქის იმ ნაწილზე, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. მათ შორის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ ხერსონზე.
  • 11 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და პოლიცია ხერსონსა და მის შემოგარენში შევიდნენ. გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონში 14 ნოემბერს ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც ჟურნალისტების კითხვაზე, თუ საით წავიდოდა ამის შემდეგ უკრაინული არმია, ასე უპასუხა, რომ "არა მოსკოვზე... ჩვენ სხვა ქვეყნების ტერიტორიები არ გვაინტერესებსო".
  • განვლილმა წელიწადმა აჩვენა, რომ 2022 წლის შემოდგომაზე რუსი ოკუპანტების განდევნა ხერსონის ოლქიდან, რუსეთთან ომში უკრაინის არმიის ჯერჯერობით ბოლო და ყველაზე არსებით წარმატებად რჩება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG