Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 წელი შინდისის ბრძოლის შემდეგ - ფილმი, დაუსრულებელი მონუმენტი და მუზეუმის იდეა


თენგიზ ცანავა სოფელ შინდისში ყოველწლიურად ჩადის და თანამებრძოლების ხსოვნას პატივს მიაგებს. თენგიზი შინდისის ბრძოლის ცოცხლად გადარჩენილი ჯარისკაცებიდან ერთ-ერთია:

„ეს არის ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში. მართლა უთანასწორო ბრძოლაში ჩავებით. მსუბუქად შეიარაღებული ოცეული რუსების ასეულს ვებრძოდით. ისინი ტანკებით და მძიმე ტექნიკით მოდიოდნენ. ტყვია-წამალი გაგვითავდა. ალეკო ონიანმა ამ დროს დაიძახა, მოდით, ბიჭებო, მე გადაგარჩენთო. ერთად ვლოცულობდით "მამაო ჩვენოს". ალეკომ გულში ჩაიკრა თავისი ნათლული რომან ზოიძე, რომელიც უკვე სისხლისგან იცლებოდა, ამ დროს რუსები ძალიან მოგვიახლოვდნენ, ონიანმა დაიძახა, არ ჩაგბარდებითო და უკანასკნელი ყუმბარა გახსნა. მე დავიჭერი, ბრძოლის ველიდან ახმეტა ხუციშვილმა გამიყვანა, საკუთარ სახლში მივლიდა. გადამარჩინა.“

თენგიზ ცანავა, ბადრი (ახმეტა) ხუციშვილს დღესაც შეხვდა შინდისში. ახმეტა შინდისის გმირთა მემორიალთან 8 აგვისტოსაც იმყოფებოდა და პრემიერ-მინისტრის გვერდით იდგა, მაგრამ რვაში სიტყვების თქმა უჭირდა. ბოლო წლებში ის სულ უფრო ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ დღეს მის მიერ გადარჩენილ ბიჭებთან გაღიმებაც შეძლო. ჟურნალისტებსაც ცოტა მეტხანს ესაუბრა. შინდისის ბრძოლის დროს ახმეტა მალულად ბრძოლის ველზე იპარებოდა და იქიდან დაჭრილები გამოჰყავდა. საკუთარი სახლის სარდაფში მალავდა, უვლიდა. პირველი სამედიცინო დახმარება მან გაუწია.

"დაჭრილებს საბანში ვახვევდით, და აქვე არხში გავდიოდით, რომ რუსებს არ დავენახეთ. გარშემო იდგნენ ჯავშანტრანსპორტიორებით. სამსახურის მანქანით გავედით, ღამით, ფარები გამორთული მქონდა, რუსებს რომ არ შეემჩნიათ. დაჭრილები საკუთარი სახლის სარდაფში ჩამყავდა… ერთ-ერთი ჩვენგანი წითელ ჯვარს დაუკავშირდა. იმას ვაკეთებდით, რასაც ექიმები გვკარნახობდნენ. სამწუხაროდ, ბევრი ვაჟკაცი დავკარგეთ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ რამდენიმე ჯარისკაცის სიცოცხლე გადავარჩინეთ”, – იხსენებს ახმეტა ხუციშვილი.

შინდისის ბრძოლიდან 11 წლის შემდეგაც, სოფელში არსებულ მემორიალთან, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების წევრები, ნათესავები, მეგობრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეიდან შეიკრიბნენ და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

დარეჯან მოდებაძე ჭიათურის რაიონიდან ჩამოვიდა, მან შვილის, შმაგი კუპატაძის შესახებ გვიამბო:

„11 აგვისტოს 8-ის ნახევარზე დაგვირეკა, აღარაფერი საშიში არ არის, სახლში მოვდივარ, ომი დამთავრდა და 2-3 საათში სახლში ვიქნებიო. მერე ვეღარ ვუკავშირდებოდით. ვეღარაფერს ვიგებდით, თურმე ჩემი შვილი შინდისში დაღუპულა. 5 დღე ვეძებდით. ყოველ წელიწადს, 11 აგვისტოს ჩამოვდივართ, ეს ყველაზე მძიმე დღეა ჩვენთვის, მაგრამ რა ვქნა, სანამდე ვიცოცხლებ, უნდა ვიარო.“

​შინდისის გმირების ახლობლებს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა ფილმ „შინდისის“ პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი. ყველას აინტერესებდა, როდის იქნება პრემიერა და როგორ წარადგენენ ამ ფილმს ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც ცნობილია შინდისი ამერიკის კინოაკადემიის, ოსკარის უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაშია წარდგენილი. ედმონდ მინაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ თბილისში ფილმის პრემიერა 27 სექტემბერს გაიმართება, ოქტომბრიდან კი ლოს-ანჯელესში ამერიკული პრომოუშენიც დაიწყება. ედმონდ მინაშვილმა ისიც გაგვიმხილა, რომ ფილმი შინდისი გმირობის არაერთ ისტორიას მოგვითხრობს. ჯარისკაცების გარდა სასულიერო პირების და შინდისელების გმირობაც იქნება ნაჩვენები.

„როდესაც უცხოელები ნახავენ ამ ფილმს, მთავარ მესიჯს მიიღებენ, ეს არის ის, რომ ქართველი კაცი ბოლომდე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს. არა აქვს მნიშვნელობა ეს მებრძოლი იქნება, სასულიერო პირი იქნება თუ უბრალო მოსახლეობა. ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას, ეს არის ამ ფილმის მთავარი ამოცანა. ვაჩვენეთ ომის სისასტიკე, რომელსაც მოაქვს უბედურება ნებისმიერი ქვეყნისთვის. როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში საერთოდ ომი ხდებოდეს?“

ფილმ „შინდისის“ გადაღება მილიონ ორასი ათასი ლარი დაჯდა. უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები რკინიგზის დეპარტამენტთან, შინდისის სადგურის შენობის გორის მერიისთვის გადმოცემის თაობაზე, სადაც მუზეუმის განთავსება იგეგმება. გაჭიანურდა, თუმცა ახლახანს უკვე დაიწყო შინდისის გმირების მონუმენტის მონტაჟის სამუშაოები, ჩასხმულია საძირკველი.

2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურთან ახლოს იყო ჩასაფრებული.

ბრძოლამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა. შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა. შინდისის გმირები არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

XS
SM
MD
LG