- საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუმცა „არა ახლა“
- შავი ზღვის უსაფრთხობა ნატო-საქართველოს დღის წესრიგში
- “ღირსეული პარტნიორი 2018”
- ანგელა მერკელი:რუსეთს საქართველოს ტერიტორია აქვს ოკუპირებული
- ამერიკელები ქართული არმიის წვრთნა-აღჭურვას განაგრძობენ
- ურთიერთობა ევროკავშირთან - ახალი ფორმატი
- ევროკავშირთან ასოცირება - რა ევალება საქართველოს
- რუსეთის მცოცავი ოკუპაცია
- რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ
- სირიამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა
საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუმცა "არა ახლა"
ნატო-საქართველოს ურთიერთობებში წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ბრიუსელის ივლისის სამიტი იყო. 12 ივლისს უმაღლეს დონეზე პირველად გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ნატოს 29 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა დეკლარაცია მიიღეს. ტექსტში აღინიშნა საქართველოს პროგრესი. ალიანსის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს შეახსენეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების აუცილებლობა.
- „მოკავშირეებმა გაიმეორეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი MAP-ის მიღებით, რომელიც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია“.
- „საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად; მათ შორისაა ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი.“
ბრიუსელის სამიტზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მას ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა ამერიკელ კოლეგასთან. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუმცა "არა ახლა“.
შავი ზღვის უსაფრთხობა ნატო-საქართველოს დღის წესრიგში
2018 წელს წინა პლანზე წამოიწია შავი ზღვის უსაფრთხოების თემამ. საქართველო დაინტერესებულია, აქტიურად ჩაერთოს ნატოს ამ სტრატეგიის აღსრულებაში. დაინტერესებულია ალიანსიც და ეს დეკემბრის დასაწყისში ბრიუსელში გამართული სამიტის ფარგლებში გამოჩნდა. ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო საგანგებოდ შეხვდა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს, დავით ზალკალიანსა და პავლო კლიმკინს, ქერჩის სრუტეში რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე.
შავი ზღვის უსაფრთხოების ჭრილში საქართველო და უკრაინა მნიშვნელოვან პარტნიორებად მოიხსენია ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 4 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
“ღირსეული პარტნიორი 2018”
13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო და ნატოს სახელმწიფოთა სამხედრო ტექნიკა საქართველოში - (1-15 აგვისტოს) ქვეყანა უკვე მეოთხედ მასპინძლობდა მასშტაბურ მრავალეროვან სამხედრო წვრთნას, რომელმაც რუსეთი ისევ გააღიზიანა. ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანში გაიხსნა და გაიმართა არაერთი საჩვენებელი წვრთნა.
ანგელა მერკელი: რუსეთს საქართველოს ტერიტორია აქვს ოკუპირებული
თბილისში ჩამოსულ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, 24 აგვისტოს სტუდენტმა ათქმევინა სიტყვა „ოკუპაცია“, რომელსაც ის თავს არიდებდა და ეს მოვლენა საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ანგელა მერკელი საქართველოს სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა. მან თქვა, რომ საქართველოს, უკრაინასთან ერთად, აქვს დიდი ევროპული პერსპექტივა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ვერ ხედავს საქართველოს ნატოში სწრაფად გაწევრიანების შესაძლებლობას, ოკუპაციის პრობლემის გამო.
ამერიკელები ქართული არმიის წვრთნა-აღჭურვას განაგრძობენ
18 მაისს, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა ამერიკა-საქართველოს საბრძოლო მომზადების ცენტრი და ამოქმედდა „თავდაცვის მზადყოფნის“ მასშტაბური პროგრამა. მთავარი მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაა. დაიგეგმა 9 ქვეითი ბატალიონის ნატოს სტანდარტებით გაწვრთნა და აღჭურვა.
აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, გენერალ კურტის სკაპაროტის თქმით, ახალი გეგმა წვლილს შეიტანს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში და, შესაბამისად, ევროპის სტაბილურობის გაძლიერებაში.
ურთიერთობა ევროკავშირთან - ახალი ფორმატი
21 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირისა და საქართველოს ახალი ფორმატის პირველი შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით და ევროკომისრები ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით. განიხილებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ჟან კლოდ იუნკერმა თქვა, რომ, რაც უფრო წარმატებული იქნება საქართველო რეფორმირების პროცესში, მით მეტ დახმარებას მიიღებს ის ევროკავშირისგან.
მაისში ჟან კლოდ იუნკერი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მე-100 წლის აღსანიშნავად ესტუმრა და იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დააანონსა ახალი უმაღლესი დონის ფორმატი. მან თქვა, რომ ასეთი რამ „არა ყოველი და ყველა ქვეყნისთვის“ არის.
ევროკავშირთან ასოცირება - რა ევალება საქართველოს
14 ნოემბერს, ევროპარლამენტმა (528 ხმით 97-ის წინააღმდეგ) კენჭი უყარა რეზოლუციას ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ. რეზოლუციის ტექსტი ეფუძნება ევროპარლამენტარ ანდრის მამიკინსის ანგარიშს. დებატები 13 ნოემბერს გაიმართა.
ტექსტში საქართველო რეგიონში “ევროკავშირის მთავარ პარტნიორად“ არის მოხსენიებული, რეფორმირებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში გამოვლენილი პროგრესის შესაბამისად. თუმცა რეზოლუციის თანახმად, კვლავაც გამოწვევად რჩება, მაგალითად:
- ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა;
- სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა:
- მედიის პოლარიზაცია;
- შრომის უფლებები, ადამიანის უფლებები;
- გარემოს დაცვა.
ევროპარლამენტმა შეშფოთება გამოხატა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, თბილისიდან გატაცების ფაქტის წარუმატებელი გამოძიების გამო და სვამს შეკითხვებს, მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობასთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
- „კვლავაც უზრუნველყოს სტაბილურობა, შემდგომი დემოკრატიული რეფორმები და ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც დააზარალა სიღარიბემ, უმუშევრობამ და ეკონომიკური მიგრაციის მაღალმა მაჩვენებელმა.“
- „ეს არის მთავარი ფაქტორი გულთა და გონებათა მოსაგებად საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ჭრილში და ასევე ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის გასაძლიერებლად.“
ანგარიშის მომზადების პროცესში, ანდრის მამიკინსი საქართველოში ივლისში იმყოფებოდა.
ევროპარლამენტარები ადასტურებენ „ცალსახა მხარდაჭერას“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ; მხარს უჭერენ ასევე საქართველოს კურსს, რომელიც კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, შერიგებასა და ჩართულობას გულისხმობს. ასევე მხარდაჭერილია საქართველოს ძალისხმევა „აწარმოოს დიალოგი რუსეთთან“.
რუსეთის მცოცავი ოკუპაცია
რუსეთი 2018 წელსაც განაგრძობდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ატოცი. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის 9 ნოემბრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპატრულო ჯგუფებმა შენიშნეს ახალი ბარიერები დაახლოებით 400-მეტრიან მონაკვეთზე, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. ეს კი, „აზარალებს როგორც სტაბილურობას, ასევე ადგილობრივ მკვიდრთა უფლებებს“. სოფელ ატოცში მცოცავ ოკუპაციას პერმანენტულად აპროტესტებდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი, მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ თაოსნობით.
რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ
2018 წელს განსაკუთრებით მწვავე იყო რუსეთის რეაქცია თბილისში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერაციის მაღალი რანგის საჯარო მოხელეები ისევ გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ თბილისში მოქმედ ლაბორატორიაში, ხალხის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე, ბიოლოგიური იარაღი მზადდება. მაგალითად, „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოსთან მიმართებით „ყველაზე სერიოზულ“ საკითხად სწორედ „ბიოლაბორატორიებს“ განიხილავს.
სირიამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა
2018 წელს რუსეთის თანამოაზრეთა წრეს სირია შეემატა. ბაშარ ალ ასადის რეჟიმმა, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაშია დადანაშაულებული, დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
რუსეთისა და სირიის გარდა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ: ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს. ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმეს.