ორი წლის წინ, 2021 წლის 17 იანვარს, სამშობლოში დაბრუნდა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც მანამდე გერმანიაში მკურნალობდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწამვლის შემდეგ.
ნავალნი დააპატიმრეს სამშობლოში ჩასვლისთანავე, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში. მალევე მის წინააღმდეგ აღიძრა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე. 2022 წლის ივნისიდან ნავალნი იმყოფება ვლადიმირის ოლქის პოკროვის N6 მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში, სადაც კოლონიის ადმინისტრაციის მხრიდან განიცდის უზარმაზარ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. რუსი უფლებადამცველების თქმით, ნავალნის პატიმრობის პირობები წამების ტოლფასია.
ნავალნის პატიმრობის ამ უსიამოვნო წლისთავმა გააცოცხლა და გააძლიერა მისი მხარდამჭერი კამპანია. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი პოლიტპატიმრის მხარდასაჭერად გამოვიდნენ რუსი ადვოკატები, ექიმები და დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებმაც ღია წერილებით მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს. ნავალნის მხარდამჭერ საერთაშორისო აქციას ამზადებენ მისი პოლიტიკური თანამებრძოლები და ოჯახის წევრები.
„ზუსტად ორი წლის წინ მამაჩემი დაბრუნდა მოსკოვში, რათა ებრძოლა დემოკრატიული, თავისუფალი და შესანიშნავი რუსეთისთვის. დღეს ჩვენ ვიწყებთ კამპანიას მის გასათავისუფლებლად!“, - განაცხადა ალექსეი ნავალნის ქალიშვილმა დაშა ნავალნაიამ, რომელმაც ასევე გაავრცელა 1,5-წუთიანი ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს:
„ალექსეი ნავალნი დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც მისი მოკვლა სცადა ფეესბეშნიკების ჯგუფმა პუტინის დავალებით: მოწამლეს „ნოვიჩოკით“. მიუხედავად ამისა და მიუხედავად ყველა რისკისა, მამაჩემი მაინც დაბრუნდა რუსეთში. უკრაინაზე თავდასხმის პირველსავე წუთებში ალექსეი ნავალნიმ კატეგორიულად დაგმო ომი. ყველა წერილში, ყველა განცხადებაში იგი ამტკიცებდა, რომ პუტინის მიერ გაჩაღებული დანაშაულებრივი ომი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. იგი ყავთ სადამსჯელო საკანში და აწამებენ იმისათვის, რომ გაჩუმდეს. დღეს ჩვენ ვიწყებთ კამპანიას ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით. მამაჩემი უდანაშაულოა და იმსახურებს თავისუფლებას. შემოგვიერთდით. თავისუფლება ალექსეი ნავალნის, არა - ომს!“
რუსეთში დაბრუნებისა და პატიმრობის ორი წლისთავს გამოეხმაურა თვითონ ალექსეი ნავალნიც, რომლის განცხადება პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის ფეისბუკგვერდმა გაავრცელა:
„ზუსტად ორი წლის წინ დავბრუნდი რუსეთში და ზუსტად ორი წელი გავატარე ციხეში. და როცა ასეთ პოსტს წერ, მოგწონს თუ არა, საკუთარ თავს ეკითხები: კიდევ რამდენი ამგვარი საიუბილეო პოსტის დაწერა მოგიწევს? თუმცა ცხოვრება და მიმდინარე მოვლენები თვითონ გვიკარნახებენ პასუხს: რამდენიც საჭირო იქნება! ჩვენს უბედურ, ტანჯულ სამშობლოს გადარჩენა სჭირდება. გაძარცვული, დასახიჩრებული, აგრესიულ ომში ჩათრეული - საპყრობილედაა გადაქცეული და მას ყველაზე უსირცხვილო და მატყუარა ნაძირლები მართავენ. ამ ბანდისათვის გაწეული ნებისმიერი წინააღმდეგობა - თუნდაც სიმბოლური ჩემი ამჟამინდელი შეზღუდული შესაძლებლობებით - მნიშვნელოვანია.
როგორც ორი წლის წინ, ახლაც ვამბობ: რუსეთი ჩემი ქვეყანაა. აქ დავიბადე და გავიზარდე, აქ არიან ჩემი მშობლები და აქ შევქმენი ოჯახი - ვიპოვე საყვარელი ადამიანი, შემეძინა შვილები. მე ვარ სრულფასოვანი მოქალაქე და მაქვს უფლება გავერთიანდე მათთან, ვინც ასევე ფიქრობს და მათთან ერთად ვაწარმოო პოლიტიკური საქმიანობა. ჩვენ ბევრი ვართ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი, ვიდრე კორუმპირებული მოსამართლეები, ცრუ პროპაგანდისტები და კრემლის ქურდები.
მე არ ვაპირებ მათთვის ჩემი ქვეყნის დათმობას და მჯერა, რომ სიბნელე გაქრება, მაგრამ მანამდე, ვიდრე ეს მოხდება, გავაკეთებ იმას, რაც შემიძლია, ვეცდები გავაკეთო სწორად და მოვუწოდო ყველას, რომ არ მიეცნენ სასოწარკვეთას. რუსეთი იქნება ბედნიერი!“
თუმცა, ვიდრე ასეთი დრო არ დამდგარა, ალექსეი ნავალნის უმძიმეს პირობებში იხდის სასჯელს. მისი თანამებრძოლის, ლიუბოვ სობოლის თქმით, პუტინმა არა მხოლოდ ჩასვა ნავალნი ციხეში, არამედ ყოველდღე ცდილობს აუტანელი გახადოს მისთვის პატიმრობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მას უკრძალავს ადვოკატებთან კონფიდენციალურ ურთიერთობას, უკრძალავს ნებისმიერი პატიმრისთვის ნებადართულ შეხვედრას ნათესავებთან, ათავსებს სამარტოო საკანში.
„პუტინი ცდილობს გატეხოს ნავალნი როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს“, - წერს ლიუბოვ სობოლი.
პატიმრობაში მყოფ ალექსეი ნავალნის მხარდაჭერა გამოუცხადა რუსი ადვოკატების ნაწილმაც, რომლებმაც ღია წერილით მიმართეს პუტინს და მისგან მოითხოვეს, შეწყდეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წამება და აბუჩად აგდება. მიმართვის ინიციატორის, სანქტ-პეტერბურგელი ადვოკატის ვიქტორ დროზდოვის თქმით, ღია წერილს 50-ზე მეტმა ადვოკატმა მოაწერა ხელი. ცოტა ხნით ადრე მსგავსი შინაარსის მიმართვა პუტინს რუსმა ექიმებმაც გაუგზავნეს.
„არ შეგვიძლია და არც გვაქვს უფლება მშვიდად ვუყუროთ იმას, თუ როგორ ილახება ჩვენი კოლეგის კონსტიტუციური უფლებები და ღირსება. ჩვენი კოლეგის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მისი აქტიური პოლიტიკური საქმიანობის ფონზე, რის გამოც მას ასევე ჩამოერთვა ადვოკატის სტატუსი“, - ნათქვამია ადვოკატთა მიმართვაში.
განცხადების ავტორები „წამებას“ უწოდებენ ნავალნის სადამსჯელო საკანში ათჯერ მოთავსებას, რაც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს.
2022 წლის 14 დეკემბერს ნავალნი სადამსჯელო საკანში 12 დღით ჩასვეს მხოლოდ იმისთვის, რომ თანამესაკნესთან საუბარში უცენზურო სიტყვა გამოიყენა. ამ დროს ნავალნი სულ რაღაც ორი დღის დაბრუნებული იყო იმავე სადამსჯელო საკნიდან, სადაც 11 დღე გაატარა უქურთუკოდ სიარულის გამო.
რუსი ადვოკატები ასევე მოითხოვენ ნავალნისთან სამოქალაქო ექიმების შეშვებას.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ადვოკატი ვიქტორ დროზდოვი ამბობს, რომ მიმართვის მიზანი არ არის მხოლოდ ალექსეი ნავალნის დარღვეული უფლებების დაცვა.
„გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა იმიტომ, რომ ერთადერთ ნავალნის სჭირდება დახმარება. ბოლოს და ბოლოს, თვითონ ნავალნიც მოუწოდებს საზოგადოებას, დაეხმაროს არა მხოლოდ მას, არამედ ყველას, ვინც არ არის ისეთი ცნობილი, როგორც თვითონაა. ყველა პატიმარს არ აქვს საშუალება იყვიროს პატიმრობის საშინელ პირობებზე, ადამიანური ღირსების შელახვისა და წამების შესახებ. ეს არ არის კერძო, მხოლოდ ნავალნის საკითხი. ეს არის მთელი რუსული საზოგადოების სისტემური პრობლემა. თუ გავჩუმდებით, ეს შეეხება ყველას“, - ამბობს ადვოკატი ვიქტორ დროზდოვი.
მაინც რა იძლევა იმის თქმის უფლებას, რომ ალექსეი ნავალნი წამებასთან გათანაბრებულ პირობებში იმყოფება?
ადვოკატ დმიტრი ზახვატოვის თქმით, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც ნათქვამია, რომ დაუსრულებლად საჯარიმო საკანში გამომწყვდევა არღვევს კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს, რომელიც კრძალავს წამებას.
„კიდევ ერთი მომენტი: რიგ შემთხვევებში პატიმრისათვის სამედიცინო დახმარების შეზღუდვა ასევე ნიშნავს წამებას, ალექსეი ნავალნის კი უარს ეუბნებიან სამედიცინო დახმარებაზე, - ამბობს ადვოკატი, - გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის კოლონიებში მკაცრი რეჟიმით პატიმრობა არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მიღებულია ცივილიზებულ სამყაროში. ამიტომ, რუსეთში ნებისმიერი პატიმრობა წამებაა, რადგან ქვეყნის პენიტენციური სისტემა არსებითად საკონცენტრაციო ბანაკების ქსელია, ალექსეი ნავალნის მიმართ კი განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს: მას დამატებით აწამებენ სადამსჯელო საკანში გაუთავებელი გამოკეტვით. მეტიც, ნავალნის ასევე გამიზნულად ათავსებენ გადამდები დაავადებების მქონე პატიმრებთან“.
დმიტრი ზახვატოვის თქმით, არ არსებობს არანაირი რაციონალური არგუმენტი, რომელიც გასაგებს გახდიდა რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სისტემის თანამშრომლების გადაწყვეტილებებს.
„ისინი უბრალოდ სადისტები არიან. მგონი მოსწონთ ადამიანის ღირსების შელახვა. ამგვარ მოპყრობაში რაღაც რაციონალურობა რომ იყოს, ალბათ, გარკვეულ მოთხოვნებსაც წაუყენებდნენ. ასეთი მოთხოვნები რომ არსებობდეს, მათ შესახებ აუცილებლად ილაპარკებდა ნავალნი. ჩვენ ვიცნობთ ნავალნის: როდესაც ცდილობენ მისთვის ასეთი მოთხოვნების წაყენებას, ის ყოველთვის ხმამაღლა საუბრობს. რადგან არანაირი მოთხოვნა მისთვის არ წაუყენებიანათ და ისე აწამებენ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ყოველივე ეს კეთდება „სადისტური წადილით“. არის ასეთი ტერმინი“, - ამბობს ადვოკატი დმიტრი ზახვატოვი.
2022 წლის 31 დეკემბერს ნავალნი, რომელიც „სასჯელს“ ვლადიმირის ოლქის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის, მეათედ მოათავსეს საჯარიმო საკანში, სადაც დაავადდა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით, რომლის სამკურნალო მედიკამენტები პატიმარს მხოლოდ მას შემდეგ მიაწოდეს, რაც პუტინს ღია წერილით მიმართა 600-მდე ექიმმა.
ვლადიმირ პუტინს ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი წერილით მიმართეს რუსმა დეპუტატებმაც, რომლებიც მოითხოვენ შეწყდეს პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის აბუჩად აგდება.
წერილის ტექსტი სანქტ-პეტერბურგის ოლქის „მორსკოის“ მუნიციპალურმა დეპუტატმა დენის ვასილიევმა გამოაქვეყნა.
დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ნავალნი იმყოფება „აუტანელ პირობებში“, ხოლო ვლადიმირის ოლქის კოლონიის თანამშრომლები „ზიანს აყენებენ პატიმრის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას და საფრთხეს უქმნიან მის სიცოცხლეს“.
„დღეს ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებს ჩამორთმეული აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება, რომელიც ჯერ კიდევ გარანტირებულია რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 31-ე მუხლით, მაგრამ რეალურად ეს უფლება განადგურებულია ფედერალური კანონებითა და რეგიონული თანამდებობის პირების დადგენილებებით. საკუთარი აზრის ინტერნეტში გამოხატვაც კი დაკავშირებულია დევნისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის რისკებთან. ამიტომ არასწორად გეჩვენებათ, რომ ყველაფერი რიგზეა: არავინ აპროტესტებს, ყველა დუმს. ჩვენ არ ვართ ჩუმად“, - ნათქვამია ღია წერილში.
ღია წერილს 50-მა რუსმა დეპუტატმა მოაწერა ხელი, მათ შორის 20-ზე მეტმა პეტერბურგიდან.
„პუტინი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში ნავალნის დაივიწყებენ, რომ ხალხს აღარ შეაწუხებს მისი პოლიტიკური პატიმრობის საკითხი, მისი მდგომარეობა, რომ ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადავა. ამიტომ, ახლა, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, მნიშვნელოვანია მსგავსი წერილების ინიცირება და ხელმოწერა, ამომრჩევლებისა და ხელისუფლებისთვის შეხსენება, რომ ნავალნი ჩვენი მხედველობის არეშია და, რომ არავის გამოუვა მისი ციხეში ჩუმად ამოლპობა“, - უთხრა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს ერთ-ერთმა მუნიციპალურმა დეპუტატმა, ლეონიდ ანდრუხოვმა, რომელმაც ხელი მოაწერა პუტინისათვის გაგზავნილ წერილს.
იმას, რომ ახლა მნიშვნელოვანია, არ დაივიწყონ ალექსეი ნავალნი, ეთანხმება სმოლნის რაიონის მუნიციპალური დეპუტატი დმიტრი ბალრუკოვიც.
„მე მესმის, რომ ალექსეის გათავისუფლების დიდი შანსი არ არის, მაგრამ ამ თემაზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დეპუტატმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ნავალნის გათავისუფლებისთვის „ერთადერთი შესაძლო და აუცილებელი გარემოება“ პუტინის რეჟიმის შეცვლაა.
„ალექსეი ნავალნი პუტინს ჰყავს მძევლად აყვანილი. ასეთი წერილების ხელმოწერით ვცდილობთ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას პატიმრობის არაადამიანურ პირობებზე, მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის უსამართლობაზე. ნავალნი ციხეშია თავისი შეხედულებებისთვის, რუსეთის თავისუფლებისთვის, ჩვენთვის. ის დიდი პოლიტიკური სიმამაცის მაგალითია და რაც უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება მისი წამების შესახებ, მით უფრო დიდი იქნება ალბათობა იმისა, რომ ეს წამება შეწყდება. რა თქმა უნდა, გენერალური პროკურორი და პუტინის ადამიანის უფლებათა საბჭო არანაირ რეაგირებას არ მოახდენენ. ეს წერილი მათთვის არ დაწერილა. ეს არის წერილი რუსეთის მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა მუნიციპალურმა დეპუტატმა ნიკიტა იუფერევმა.
რას მოითხოვენ დეპუტატები?
წერილში აღნიშნულია, რომ დეპუტატები თავიანთი და ამომრჩევლის სახელით „ღიად და საჯაროდ“ მოითხოვენ:
- შეწყდეს ალექსეი ნავალნის სადამსჯელო საკანში გადაყვანა;
- შეწყდეს პოლიტიკოსის მიმართ უსაფუძვლო დისციპლინური სასჯელის დაწესება, რომელთა მიზანი „პატიმრობის გაუსაძლისი პირობების შექმნა და ახლო ნათესავებთან კანონით გარანტირებული შეხვედრებისთვის ხელის შეშლაა“;
- გაეწიოს დროული სამედიცინო დახმარება, მათ შორის სამოქალაქო ექიმების ჩართულობით;
- საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანონ სამოქალაქო საავადმყოფოში;
- ჩატარდეს საჯარო საზედამხედველო შემოწმება ნავალნის სიცოცხლის უფლების საფრთხესთან დაკავშირებული ქმედებების კანონიერების დასადგენად;
- პასუხისგებაში მიეცნენ დამნაშავე პირები.
რუსი ჟურნალისტი ანდრეი ლოშაკი ფიქრობს, რომ უსამართლოდ დაპატიმრებული ნავალნის მხარდამჭერი მასობრივი საპროტესტო გამოსვლები რუსეთისთვის ერთვაგრი უკანასკნელი შანსი იყო, რათა რეჟიმი შემდგომი სიგიჟისგან მოეთოკათ:
„ვვარაუდობ, რომ ორი წლის წინ ნავალნისაც რაღაც მსგავსი გათვლა ჰქონდა, თუმცა ეს შანსი, როგორც ყოველთვის, ხელიდან გავუშვით“.
შედარებით ოპტიმისტურად არის განწყობილი მწერალი და კინოდოკუმენტალისტი, რომან სუპერი, რომელიც ასევე ფიქრობდა, რომ პუტინის კარიერა დასრულდებოდა ორი წლის წინ, როცა მან ნავალნი მხოლოდ იმის გამო დაიჭირა, რომ ქიმიური იარაღით ვერ მოკლა.
„შევცდი, - ამბობს რომან სუპერი, - პუტინის კარიერას წერტილს დაუსვამს მიმდინარე ომი უკრაინასთან, რომელსაც ვერანაირი იარაღით ვერ მოკლავს“.