Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობა, ალკოჰოლი, აზარტული თამაშები - როგორ ცხოვრობენ მოზარდები საქართველოში


გამოქვეყნდა მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გლობალური კვლევა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობდა. კვლევის ფარგლებში, 11, 13 და 15 წლის მოზარდებს 44 კითხვისგან შემდგარ თვითშეფასების კითხვარს ავსებინებდნენ. მასში ჩართული იყო 45 ქვეყანა. კვლევაში საქართველოდან 4 235 ბავშვი მონაწილეობდა 123 სკოლიდან, გლობალურად - 227,441 მოზარდი.

კვლევის გლობალური შედეგები აჩვენებს, რომ მოზარდთა ფსიქიკური მდგომარეობა 2014-2018 წლებში მრავალ ქვეყანაში გაუარესდა. მოზარდების წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის არის არაჯანსაღი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა. საგანგაშო ტენდენციებს შორის დასახელებულია ის, რომ იზრდება ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც სკოლა არ მოსწონთ და ვინც შფოთავს აკადემიური მოსწრების გამო.

კვლევის შედეგებმა საქართველოში აჩვენა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრობლემაა თინეიჯერებში. ამის გარდა, მოზარდების ნაწილმა აღნიშნა, რომ ხშირად აქვთ თავის ტკივილი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები. კვლევამ დაადგინა, რომ:

  • რეგულარულად მოზარდებს შორის კბილების გახეხვა, პრობლემური საკითხია საქართველოში.
  • ბულინგის ფენომენი საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში.
  • მოზარდებში ფიზიკური დატვირთვა არასაკმარისია.
  • 11-15 წლის მოზარდების 7%-ს აქვს ქრონიკული დაავადება, ინვალიდობა. უფრო მეტიც, მოზარდების 6.1% მედიკამენტებს იღება ქრონიკული დაავადების გამო. შემთხვევების 3.1%-ში, დაავადებებმა გავლენა მოახდინა სკოლაში დასწრებასა და სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე.

აი, რამდენიმე მონაცემი საქართველოში მცხოვრები მოზარდების შესახებ:

კვლევის მონაწილე მოზარდების 10% აქტიურად ცდილობს წონის დაკლებას, წონის კონტროლის ქცევა ასაკთან ერთად იზრდება, ისე, რომ 15 წლის გოგონების ერთი მესამედი (39%) წონის დაკლებას ცდილობს. სხეულის ჭარბი წონის აღქმა ასაკთან ერთად იცვლება და უკვე 15 წლის ასაკში, სამი ახალგაზრდიდან ერთი ამბობს, რომ ძალიან ჭარბწონიანია. უფრო მეტიც, ამ ასაკობრივ ჯგუფში, მოზარდთა დაახლოებით 14.5% დიეტაზე იმყოფებოდა ან წონის დასაკლებად სხვა ზომებს მიმართავს. საკუთარი სხეულის წონით და გარეგნობით უკმაყოფილება და დაბალი თვითშეფასება გავლენას ახდენს ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე და ხელს უწყობს დეპრესიას, ფსიქოსომატურ და კვების დარღვევებს და რისკის შემცველ ქცევას.

მოზარდთა ასაკობრივი დაჯგუფება წონის კონტროლის ქცევის მიხედვით
მოზარდთა ასაკობრივი დაჯგუფება წონის კონტროლის ქცევის მიხედვით

მოზარდების თითქმის ნახევარი არ იხეხავს კბილებს რეგულარულად. დღეში ერთხელ იხეხავს კბილებს ახალგაზრდების 54%. მნიშვნელოვანია ცვალებადობა სქესის მიხედვით: ყველა ასაკობრივ ჯგუფში გოგონებმა უფრო ხშირად იხეხავენ კბილებს, ვიდრე ბიჭები. ქალაქში მცხოვრები მოზარდების 57%-მა აღნიშნა, რომ კბილებს დღეში ერთხელ იხეხავენ. ეს მონაცემი შემცირდა 9%-ით და მიაღწია 48%-ს სოფლის მოზარდებში.

მოზარდების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიხმარს თამბაქოს და ეს მაჩვენებელი ასაკის ზრდასთან ერთად იზდება. 11 წლის ასაკის ყოველ მეათე მოზარდს (23% გოგონა და 19% ბიჭები) ცხოვრების განმავლობაში, სულ მცირე, ერთხელ ჰქონდა მოწევის მცდელობა, 15 წლის ასაკში კი სიგარეტს ეწევა გოგონების 53% და ბიჭების 57%.


მოზარდებში გავრცებულია ალკოჰოლიც. 15 წლის ასაკში მოზარდების 28% ამბობს, რომ მათ სიცოცხლეში ერთხელ მაინც მიუღიათ ალკოჰოლი (ბიჭების 34% და გოგონების 23%).

მოზარდების თითქმის მესამედი იცნობს აზარტულ თამაშებს. ბოლო 12 თვის განმავლობაში აზარტული თამაშების მოთამაშეთა მაჩვენებელი 15 წლის მოზარდებში ბიჭების შემთხვევაში 34,6 %-ია, გოგონების შემთხვევაში - 27,5.

მოზარდები მიუთითებენ ფიზიკურ ძალადობასა და ბულინგზეც, როგორც ნაცნობ პრობლემაზე. მოზარდების 36.9% ერთჯერ და უფრო მეტად იყო ჩართული ფიზიკურ ძალადობაში ბოლო 12 თვის მანძილზე. ბიჭებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი უფრო ხშირად არიან ჩართული ფიზიკურ ძალადობაში, ვიდრე გოგონები. კვლევაში მონაწილეთა 36.9% ჩართული იყო მრავალჯერ ფიზიკურ აგრესიაში ბოლო ერთი წლის მანძილზე, მათ შორის, ბიჭების ჩართულობა ფიზიკურ ძალადობაში იზრდება ასაკთან ერთად.

მოზარდთა 17% აღიარებს, რომ მათ მიუღიათ ბულინგში მონაწილეობა, მაგალითად, დაუჩაგრავთ სხვები ერთხელ ან ორჯერ ბოლო თვის განმავლობაში. კვლევაში მონაწილეთა 14 %-მა აღნიშნა, რომ ყოფილან ბულინგის მსხვერპლნი ერთხელ მაინც ბოლო თვეების განმავლობაში.

მოზარდთა პროცენტი, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ბულინგში ბოლო ერთი თვის მანძილზე
მოზარდთა პროცენტი, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ბულინგში ბოლო ერთი თვის მანძილზე

და, მიუხედავად ყველაფრისა, მოზარდების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ცხოვრებით კმაყოფილია. საგულისხმოა ის, რომ კმაყოფილების ხარისხი ასაკის ზრდასთან ერთად იკლებს.

ცხოვრებით კმაყოფილება: კმაყოფილი თინეიჯერების წილი ასაკისა და სქესის მიხედვით
ცხოვრებით კმაყოფილება: კმაყოფილი თინეიჯერების წილი ასაკისა და სქესის მიხედვით

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შესწავლა სასკოლო ასაკის ბავშვებში [Health Behaviour in School-aged Children, HBSC] საერთაშორისო კვლევაა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.

XS
SM
MD
LG