გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ჩავიდა, ცოტა ხნის წინ ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული ელდარ გუნდიშვილი მოინახულა და ადგილზევე გასინჯა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში გაფრინდაშვილი ამბობს, რომ გუნდიშვილს სხეულზე სისხლჩაქცევების კვალი ამჩნევია.
ელდარ გუნდიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით 27 თებერვალს დააკავეს. მისი ცოლი ამბობდა, რომ საკუთარი ეზოდან უყურებდა, როგორ აგროვებდა ელდარ გუნდიშვილი შეშას ეზოს მახლობლად, საიდანაც შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.
ელდარ გუნდიშვილი ცხინვალის იზოლატორიდან 28 თებერვალს გაათავისუფლეს, გათავისუფლების შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან დაკავებისას ფიზიკური შეხლა-შემოხლაც ჰქონდა. 7 მარტს კი ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდიშვილი საოკუპაციო ძალების მიერ ნაცემია და მისი ცოლი ექიმების დახმარებას ითხოვს.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გუნდიშვილი კიდევ ერთხელ გამოჰკითხეს სამხარეო პოლიციაში, იქიდან გამოსულმა კი თქვა, რომ რუსებს არ უცემიათ და არც არაფერი აწუხებდა. ამის მიუხედავად, მასთან სოფელში დღეს ვაჟა გაფრინდაშვილი მაინც ჩავიდა და ადგილზე მოინახულა. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ სხეულის დიდ ნაწილზე გუნდიშვილს სისხლჩაქცევები და ფიზიკური ძალადობის კვალი ემჩნევა.