„ყოველი მეორე დღის გათენების მეშინოდა, რომ ან ერთს არ დაერტყა ხელი, ან მეორეს. ყველაფრის გამო შეეძლოთ ვეცემე. რატომ წამექცა რძიანი ვედრო, ან რატომ არ გამოვგავე ბოსელი ან რატომ დავაგვიანე სკოლაში ან რატომ ავურიე სათამაშოები. თვითონაც სულ ჩხუბობდნენ. მძულს ცხოვრების ეგ პერიოდი. მეგონა, რომ ყველაზე ცუდი შვილი ვიყავი და ერთადერთი მიზანი მქონდა, შორს გავქცეულიყავი, ქალაქში“, - დღეს რატი (სახელი შეცვლილია) 26 წლისაა და დიდ ქალაქში ცხოვრობს, მაგრამ 15 წლის წინანდელი ამბები წამითაც არ დავიწყებია.
საქართველოში, ბავშვების ცემას, მათ დამცირებას, ყვირილს, ტრანსპორტში ყურის ახევას და ქუჩაში ჯაჯგურს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს. ეს 2013 წლის გაეროს ბავშვთა ფონდის გამოკვლევამაც აჩვენა - მაშინ ხალხის 60 პროცენტი მიიჩნევდა, რომ ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდები უფრო ამართლებს
ბავშვთა მიმართ ძალადობის ამ გამოკვლევამ ისიც აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა, 60 პროცენტი მშობლების მიერ ბავშვების ცემას ოჯახის პირად საქმედ აფასებს, რაშიც სხვები არ უნდა ერეოდნენ.
ნამდვილი ამბავი #1
8 წლის დემეტრე ერთ საღამოს დედამ პურის საყიდლად მაღაზიაში გააგზავნა. დემეტრემ შინ ძველი პური მოიტანა. გაბრაზებულმა დედამ მას პური იმდენ ხანს ურტყა თავში, სანამ ბავშვმა გონება არ დაკარგა.
სასწრაფო დახმარების ექიმებმა დემეტრეს ტვინის შერყევა დაუდგინეს. ეს ნამდვილი ამბავია და ის საქართველოში მოხდა.
დემეტრე არ არის გამონაკლისი - ცემა საქართველოში ხშირად აღზრდის მეთოდია. თან - გამართლებული.
რატომ ჰქონიათ მშობლებს, რომ ბავშვის ცემით, მისი ფიზიკურად დასჯით, უკეთესი შედეგს მიიღებენ, ვიდრე მათთან მეგობრობით? ან უფრო მარტივად - რატომ სცემენ მშობლები ბავშვებს „აღზრდის“ სახელით? ფსიქოლოგები მრავალ მიზეზს ჩამოთვლიან. აი, ერთ-ერთი - „იმიტომ, რომ თვითონაც ასე გაიზარდნენ“, - გვეუბნება ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე. მოძალადე მშობლებს არგუმენტიც აქვთ - „მეც მცემდნენ, მაგრამ რა, ცუდი გამოვედი“?
ხშირად მიზეზია სიღარიბე, უმუშევრობა, უსუსურობის განცდა, „ნერვების აღარ ქონა“. ასეთ ოჯახებში მშობლის ადვილად წყობიდან გამოსვლის საფრთხე უფრო მეტია. მიზეზია ისიც, რომ ასეთ მშობლებს არა აქვთ დრო სხვა მეთოდებზე დასაფიქრებლად. ცემა - ხშირად მათი უმწეობის გამოხატულებაცაა, რადგან სხვა ვარიანტი, აღზრდის მეთოდების არსენალში მათ არ გააჩნიათ, - ფიქრობენ ფსიქოლოგები.
რით აიხსნება ეს დამოკიდებულება? და როდემდე შეიძლება ვამართლოთ ფიზიკური დასჯა ქართული ანდაზებით ან ფრაზებით დავით გურამიშვილის ცნობილი პოემიდან („ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი“)? ქეთევან თავართქილაძის შეფასებით, ეს მხოლოდ მეტაფორაა, რომელსაც ყველა ისე გაიგებს, როგორც სურს და აწყობს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ ფრაზების დაწერის შემდეგ დიდი დრო გავიდა, მეცნიერული კვლევები კი უკვე საპირისპიროს ამტკიცებს. თუმცა საქართველოს რეალობა ამ მეცნიერულ კვლევებს ჯერ ვერ ეწევა.
ნამდვილი ამბავი #2
6 წლის ტყუპები გიორგი და ნიკა დედამ დასაძინებლად დააწვინა. ბიჭებს არ ეძინებოდათ, ცელქობდნენ და ერთმანეთს ბალიშებს ესროდნენ. რამდენჯერმე გააფრთხილეს, დაეძინათ. ერთი-ორჯერ შეაჯანჯღარეს კიდეც, მაგრამ ბავშვები თამაშს განაგრძობდნენ. დედამ გამოსავალი იპოვა - ორივე ბიჭი საწოლზე თოკით მიაბა და ასე დატოვა, ფეხზე მდგომები. თუ არ გინდათ დაძინება, ასე იყავითო.
ბავშვთა უფლებების დამცველი, ანა არგანაშვილი შენიშნავს, რომ უფროსები ხშირად ვერ ხვდებიან, რა შეიძლება იყოს ბავშვისთვის საქვეყნოდ სილის ღირსების შემლახავი? ბავშვთა უფლებების დამცველებს მშობლების, და ზოგადად, დიდებისათვის მარტივი პასუხი აქვთ:
„წარმოიდგინეთ, რომ იმ მომენტში თქვენ ხართ ის ბავშვი და საზოგადოებრივ ტრანპორტში ვიღაცამ თმაზე მოგქაჩათ, ან უარესი, გაგილაწუნათ. რას იზამდით?“
ბავშვებს უფრო მაღალი სტანდარტით უნდა მივუდგეთ, ამბობს ანა არგანაშვილი. მათ, ზრდასრულებისგან განსხვავებით, ფიზიკური ძალადობის ადვილად და უკვალოდ მონელება არ შეუძლიათ.
რა შედეგს ვიღებთ, როდესაც ბავშვებს ვცემთ?
ცემის დროს ბავშვს უსამართლობის განცდასთან ერთად შურისძიების სურვილი უჩნდება. ხანდახან ეს ბავშვურად მარტივი, „რომ გავიზრდები, მანქანას არ გიყიდი“ ფრაზებია, ხანდახან კი გულში ჩადებული შურისძიება დანაშაულით სრულდება. როგორც წესი, ბავშვი ამ დროს ვერ იაზრებს რატომ დასაჯეს - ფიქრობს, რომ მას თავისზე დიდი მოერია. ცემით გამოწვეული ტკივილით კი სასჯელი მოიხადა. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ რა მორალური ღირებულებებითაც ვზრდით ბავშვებს 3-5 წლის ასაკში, ეს ღირებულებები მათ ბოლომდე გაჰყვებათ.
და კიდევ, ცემა ბავშვს მშობლის მიმართ შიშს უჩენს, შიში კი სიყვარულის ადგილს იკავებს. მეცნიერები დღეს ხშირად ამბობენ, რომ ბავშვი, რომელსაც ღირსება შეულახეს, რომელიც დაითრგუნა და საზოგადოებისგან გარიყულია, მომავალში ამავე საზოგადოებას თავის სიკეთეებს ვეღარ დაუბრუნებს. ასეთი ბავშვი ყოველთვის მოძებნის თავისზე სუსტს, რომლის დაჩაგვრასაც შეეცდება.
ნამდვილი ამბავი #3
ყოველთვის, როდესაც ნანა სკოლაში 9-იანს იღებს, ცუდად ხდება და მასწავლებლები სასწრაფო დახმარებას იძახებენ. ნანას დედის ეშინია. როდესაც ამ ნიშნით სახლში ბრუნდება, დედა ყოველ ჯერზე ხელწერილს აწერინებს, სადაც წერს, რომ ის მოკვდება, მისი სიკვდილის მიზეზი კი ნანა და მისი „ცუდი“ ნიშნები იქნება. დედას ასეთი შინაარსისი ხელწერილების მთელი დასტა აქვს.
რა უნდა ქნას ბავშვმა თუ მასზე ძალადობენ, გარშემო კი მშველელი არავინაა? თუ მისი არავის ესმის, თუ მას ხშირად ამცირებენ? როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომელიც ცემის გარდა სხვა გამოსავალს ვერ პოულობს. ან რა ქნან იმ ადამიანებმა, ვინც ძალადობას გულგრილად ვერ უყურებს?
ერთ-ერთი გზა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზია. ცხელი ხაზის ნომერია 116-111 - ზარი ანონიმურია და ამ ნომერზე დარეკვა შეუძლია ყველას, ვინც ფიქრობს, რომ „მისი არავის ესმის“, თუ მას ხშირად ეჩხუბებიან, თუ მას თანატოლები დასცინიან, თუ მას ეშინია, თუ მას ემუქრებიან და ა.შ.
მსოფლიოში უკვე დიდი ხანია არსებობს მოძრაობა, სრულად აიკრძალოს სხეულებრივი სასჯელი. საქართველო, როგორც ანა არგანაშვილი ამბობს, ამ მსოფლიო მოძრაობაში ის გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც არ არის სრულად აკრძალული ფიზიკური დასჯა. თუმცა მეორე მხრივ, თუ საზოგადოება არ აღიარებს, რომ ბავშვის ცემა მიუღებელია, მხოლოდ კანონის შიში დიდ ცვლილებებს ვერ მოიტანს.
8 წლის თაზომ ფსიქოლოგთან ერთ-ერთი ვიზიტის დროს თავისი თავი, დედა და მამა დახატა. თვითონ და დედა ნახატზე პატარები არიან - მამა უზარმაზარი. მას ხელში დასარტყმელაად მომზადებული ქამარი უჭირავს. თაზოს და მის ფსიქოლოგს შორის ეს დიალოგი გაიმართა:
- მადლობას ადამიანს რისთვის ეუბნებიან?
- დახმარებისთვის, რჩევისთვის, საჩუქრისთვის, გახარებისთვის.
- და ქამრით ცემისთვის?
- არა, ქამრით ცემისთვის მადლობას არ ეუბნებიან. ეს ცუდი საქციელია.
- და ყურების ახევისთვის?
- არც მაგისთვის.
- და შეგინებისთვის?
- არც შეგინებისთვის. რატომ მეკითხები?
- ვერ გავიგე: დედა მამაჩემს რომ ეუბნება ჩემზე, ნუ სცემო, მამა რატომ ამბობს, გაიზრდება და მადლობას მეტყვისო?
ნამდვილი ამბავი #4
7 წლის სალომეს დედინაცვალი ზრდის. სალომე მას დედას ეძახის, მაგრამ დედინაცვალმა სალომე ვერ შეიყვარა. ხშირად სცემს. ხანდახან კი ჩანგალს გაზზე აცხელებს და ხელზე ადებს. სალომე ფრჩხილებს იკვნეტს, დედინაცვალი კი მას თითებზე წიწაკას უსვამს. წყალში ჩამბალ პურს აჭმევს. მაცივარს კი გასაღებით კეტავს. სალომეს სამი წლის წინ, ნათლიის მიერ შეჭრილი ვარცხნილობა არ შეცვლია - სტრესის გამო მას თმა აღარ ეზრდება.
რა არის გამოსავალი?
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მშობლისთვის გამოსავალი იმის გააზრებაა, თუ რისთვის სჯის ბავშვს. ამაში მათ ხშირად პროფესიონალების დახმარება სჭირდებათ. იმ მშობლების შველა გაცილებით ადვილია, ვინც ფსიქოლოგთან თავად მიდის და ჩივის, რომ თავს ვერ აკონტროლებს, აღიარებს, რომ არ მოსწონს, როცა შვილს სცემს. ხშირად მშობლები ფსიქოლოგამდე სულ სხვა მიზეზით (ბავშვი ჭირვეულობს, არ სწავლობს, ფრჩხილებს იკვნეტს და სხვა) მიდიან და პროცესში გამოჩნდება ხოლმე, რომ ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია.
ბავშვთა უფლებების დამცველებისთვის გამოსავალი ადვოკატთან ზარი და ბავშვის შელახული უფლებებისთვის სასამართლოში ბრძოლაა. თუმცა ამ ბრძოლაში ხშირად უწევთ ისეთ არგუმენტენთან დაპირისპირება, როგორიცაა რა მოხდა მერე, ყველა ასე ვართ, ან - ბავშვს ღირსება არ უნდა შელახვოდა.
ღირსების გაზომვა კი სულაც არ არის ზრდასრულების გადასაწყვეტი.
ნამდვილი ამბავი #5
ეს დედა და მამა თავიანთ 6 წლის შვილს ყველა საქციელში ნიშნებს უწერენ. ცუდად თუ ჭამა, 2-იანი! რაღაც ისე ვერ გააკეთა, როგორც მათ სურდათ? 1-იანი! თუ ბევრი ცუდი ნიშანი დაუგროვდა, ბავშვს კუთხეში, იატაკზე დაყრილ ბრინჯის მარცვლებზე აყენებენ მუხლებით. ბავშვი ნატრობს მრგვალკედლებიან სახლს, რომელსაც კუთხე არ ექნება.
საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობა აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, კანონით ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ,სისხლის სამართლის კოდექსით... მიუხედავად ამისა, ბავშვთა მიმართ ძალადობა ბევრ ოჯახში ნორმად მიიჩნევა და რაც მთავარია, ხშირად იმალება. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ბავშვთა უფლებების ცენრის უფროსისი, მაია გედევანიშვილის თქმით კი, საქართველოში, უფროსების მხრიდან არასრულწლოვანთა ფიზიკური დასჯა ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა.