Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩუტყვავილას აფეთქება - როცა ვერც ვაქცინას პოულობ და ვერც პასუხს ჯანდაცვის უწყებებისგან


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

საქართველოში ჩუტყვავილას შემთხვევათა მატება ინფექციონისტებმა უკვე შეაფასეს აფეთქებად. საგულისხმოა, რომ თუკი წინა წლებში ინფექცია ძირითადად მცირე ასაკის მოსახლეობაში იყო გავრცელებული, ბოლო პერიოდის დაკვირვებით, გაზრდილია პაციენტთა ასაკიც.

ვირუსული ინფექციის გავრცელების ფონზე, მოსახლეობის ნაწილი ჩუტყვავილას ვაქცინის გეგმიური აცრების ეროვნული კალენდრის ნუსხაში დამატებას ითხოვს. იმის გამო, რომ ჩუტყვავილას ვაქცინაცია არასდროს ყოფილა გეგმიური აცრების კალენდარში, ქვეყანაში რეგისტრირებული ჩუტყვავილას ვაქცინა (VZV) მთავრობას არ შემოაქვს. შესაბამისად, ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, მშობლებს უწევთ საკუთარი ძალებით მოიძიონ ვაქცინა სხვადასხვა კომერციულ ქსელში. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ვაქცინის პოვნა მხოლოდ უიშვიათეს შემთხვევაშია შესაძლებელი და მისი ფასი დაახლოებით, 180-დან 250 ლარამდე მერყეობს.

ორთვიანი ბრძოლა ჩუტყვავილასთან

ნათია ამირიძე ორი თვე ებრძოდა ჩუტყვავილას. უფრო ზუსტად, ნათია ორი თვის განმავლობაში ცდილობდა გამოეჯანმრთელებინა ვირუსული ინფექციისგან სამი შვილი და ქმარი.

ყველაფერი დეკემბერში დაიწყო. როცა მისი 9 წლის შვილი ჩუტყვავილით სკოლაში დაინფიცირდა. უკვე მოგვიანებით, ინფექცია ჯერ 4 წლის ძმას გადაედო, შემდეგ ერთი წლის ძმას. სულ ბოლოს კი 40 წლის მამას. ძმებმა ინფექცია იოლ ფორმებში გადაიტანეს, თუმცა, 9 წლის გოგოს და მის მამას ჩუტყვავილა გაურთულდათ:

„ჩემს გოგოს ანტივირუსული მკურნალობაც კი დასჭირდა, საკმაოდ რთული პრეპარატით, რაც ნამდვილად არ იყო სახარბიელო, მაგრამ პედიატრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რადგან საკმაოდ გაურთულდა ინფექცია. ჰქონდა მაღალი სიცხე, გამონაყარი მთელ სხეულზე. ჩუტყვავილას აფეთქების ფონზე, პრეპარატის დეფიციტიც შეიქმნა. რეგიონებში გვიწევდა მისი მოძიება. სულ ბოლოს ჩემი მეუღლე დაინფიცირდა. ინფექცია ძალიან რთულ ფორმებში წავიდა. მხოლოდ იმიტომ არ გადავიყვანეთ კლინიკაში, რომ ოჯახის წევრები გვყავს ექიმები და მათი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. საბოლოოდ, ამ ინფექციას მთელი ოჯახი ორი თვის განმავლობაში ვებრძოდით“.

ვინ სად და როგორ ეძებს ვაქცინას?

ჩუტყვავილას გადაურჩა ნათია ამირიძის უფროსი, 14 წლის შვილი. მიღებული ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით, ნათიას უნდა, რომ შვილს ჩუტყვავილას ვაქცინაცია ჩაუტაროს, თუმცა, ვაქცინას ამ დრომდე ვერსად მიაგნო:

„ყველგან დავრეკე, ყველა კლინიკაში, დისტრიბუტორებთან, ვაქცინა არსად არ არის. თუკი აცრების ეროვნულ კალენდარში არ ზის ჩუტყვავილას ვაქცინაცია, იქნებ ის მაინც მოხერხდეს, რომ მსურველებისთვის ვაქცინების გარკვეული მარაგი არსებობდეს ქვეყანაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, სამწუხაროდ, მწირი ინფორმაციაა მოსახლეობაში, როგორ უნდა ავარიდოთ სხვებს ინფიცირება. არ ვიცავთ სავალდებულო წესებს, როგორც კი ბავშვს სიცხე დაუწევს, თუნდაც გამონაყარი ჰქონდეს, სკოლაში უშვებენ. ამანაც გამოიწვია ეს აფეთქება. ამიტომ ვაქცინა მაინც შემოიტანონ ქვეყანაში, რომ ვისაც სურვილი აქვს, ავცრათ ბავშვები“.

ნათიას მსგავსად სხვა ბევრი მშობელი ეძებს ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინას. ვაქცინას ეძებდა ცოტა ხნის წინ ქეთიც, თუმცა, სანამ იპოვა, მის გოგოს ჩუტყვავილაც შეხვდა. ქეთი თვლის, რომ ჩუტყვავილას ვაქცინა გეგმიური აცრების კალენდარში უნდა შედიოდეს:

„4 წლის იყო ჩემი შვილი ძებნა რომ დავიწყე, უნდა შეგეკვეთა და ჩამოიტანდნენ, ვეღარ მოვასწარით, დაინფიცირდა. სავალდებულოთა ნუსხაში უნდა იყოს აუცილებლად. 5 წლის იყო ბავშვი, გერმანიაში გვქონდა ვიზიტი პედიატრთან, ჩუტყვავილას და მენინგოკოქცემიის აცრა გაგვიხაზა, ბავშვი უკვე უნდა იყოს აცრილი და არ არისო. ჩუტყვავილა მაშინ უკვე მოხდილი ჰქონდა. ვაქცინაციის საერთაშორისო პასპორტის ბოლო გვერდზე, გარდა გეგმიური აცრებისა, ასაკების მიხედვით გვიწერია სარეკომენდაციო აცრებიც. კარგი იქნებოდა, ჩვენთანაც იყოს მსგავსი რეკომენდაციები მაინც“.

მეორე წელია, პერიოდულად რეკავს კლინიკებში და ეძებს ჩუტყვავილას ვაქცინას შვილისთვის ჟანა ჩიქოვანი, თუმცა, უშედეგოდ:

„ახლა მინდოდა გამერკვია, რამდენად შესაძლებელია, რომ გავერთიანდეთ, წინასწარ გადავიხადოთ ფული და ასე მაინც შემოიტანონ კომპანიებმა. მგონი, შემთხვევათა რაოდენობით წყდება აცრის გეგმიურ კალენდარში ჩასმის საკითხი და თუ ეს მართლაც ასეა, დავიჯერო, იმდენად ცოტა შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში, რომ არ გვჭირდება?“

ვისაც გაუმართლა და ჩუტყვავილას ვაქცინას მიაგნო, მასში საკმაოდ მაღალი თანხის გადახდა მოუწია. მათ შორის იყო ნინო სუქნიძე:

„შარშან, ჩემი სურვილის და დიდი მონდომების შედეგად "მივასწარი" ჟორდანიაში, აბაშიძეზე და გავუკეთე 14 წლის შვილს. აუცილებლად უნდა იყოს ქვეყანაში ვაქცინა, როგორც მინიმუმ მსურველთათვის (თუ გეგმიურ კალენდარში არ ჩაჯდება), ყველა ამ ვაქცინას ეძებს ბოლო პერიოდში. როგორც მახსოვს 200 ლარამდე გადავიხადე“.

გაცილებით ძვირი დაუჯდა ვაქცინის შეძენა შარშან თამარ კაციტაძეს:

„2 წლის იყო სანდრო, პირველი დოზით რომ ავცერი „ევექსში“, 200 ლარი გადავიხადე. შემდეგ დოზას ვეძებდი ერთი წელი და ბოლოს ჟორდანიაში მივაკვლიე შარშან, უკვე 270 ლარად, თუ სწორად მახსოვს“.

მშობლების ჯგუფში დასმულ რადიო თავისუფლების კითხვას, ფიქრობთ თუ არა, რომ ჩუტყვავილას ვაქცინაცია გეგმიური აცრების კალენდარში უნდა შედიოდეს, 20-ზე მეტმა მშობელმა უპასუხა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ვაქცინა აცრების კალენდარს უნდა დაემატოს.

ამას გარდა, რადიო თავისუფლება რამდენიმე კლინიკას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, ჰქონდათ თუ არა ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა ან იგეგმებოდა თუ არა მათი შემოტანა. „დიდი ხანია, ჩუტყვავილას ვაქცინა არ გვქონია. არ ვიცით, იგეგმება თუ არა მისი შემოტანა“, - ასე გვიპასუხეს იმუნიზაციის ცენტრში, „ევექსის“ კლინიკათა ქსელში, ავერსში, ჟორდანიას კლინიკაში, ქართულ-ამერიკულ კლინიკასა და ბოჭორიშვილის კლინიკაში.

ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა როგორც გეგმიური კალენდრის ნაწილი - უცხოური გამოცდილება

ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1995 წლიდანაა ხელმისაწვდომი. აშშ იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია გეგმიური აცრების კალენდარში შეიტანა. „აშშ-ის ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის“ 25-წლიან ანგარიშში, რომელიც 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, ვკითხულობთ, რომ ამ პროგრამის დახმარებით, თავიდან იქნა აცილებული ჩუტყვავილას 91 მილიონი შემთხვევა, 238 ათასი ჰოსპიტალიზაცია და 2000 გარდაცვალება.

ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ზის ევროპის ქვეყნების უმეტესობის გეგმიური ვაქცინაციის კალენდარში. ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაცია გეგმიურ კალენდარში გაწერილი აქვს მხოლოდ იტალიას, ლატვიასა და უნგრეთს. თუმცა, ევროპის დანარჩენი ქვეყნები იძლევიან აცრის რეკომენდაციას როგორც ზოგადად მოსახლეობისთვის, ისე განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

მართალია ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა არ არის დიდი ბრიტანეთის გეგმიური ვაქცინაციის კალენდარშიც, თუმცა, 2023 წლის დასაწყისში, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა (UCL) და კილის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მშობლების 74% მხარს უჭერს ბრიტანეთში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინის გეგმიურ კალენდარში ჩასმას:

„მართალია ჩუტყვავილა ძირითადად მშვიდი მიმდინარეობით ხასიათდება, მაგრამ რიგ პაციენტებში ის საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, მათი ნაწილი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და იშვიათ შემთხვევებში, გვხვდება ბავშვებში გარდაცვალების ფაქტებიც. ჩვენი გამოკვლევა ცხადყოფს, რომ მშობელთა უდიდეს ნაწილს სურს, რომ ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაჯდეს გეგმიური აცრების კალენდარში“, - ამბობენ გამოკვლევის ავტორები.

რას ამბობენ ინფექციონისტები საქართველოში?

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტების თანახმად, ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ძირითადად მიმდინარეობს სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ტემპერატურის ზომიერი მატებით, კანსა და ლორწოვან გარსებზე თანამიმდევრული, ტიპიური ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით.

ჩუტყვავილით ინფიცირებული პაციენტის ყვრიმალი. პაციენტი მკურნალობას გადის კლინიკაში, 21 მარტი, 2023
ჩუტყვავილით ინფიცირებული პაციენტის ყვრიმალი. პაციენტი მკურნალობას გადის კლინიკაში, 21 მარტი, 2023

ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად, ინფექციის წყარო შესაძლოა იყოს ჩუტყვავილათი დაავადებული ადამიანი გამონაყარის დაწყებამდე 2 დღით ადრე და გამონაყარიდან 7 დღის განმავლობაში.

ჩუტყვავილა ძალიან მარტივად და სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით დახურული სივრცის პირობებსა და თავშეყრის ადგილებში. მათ შორის, ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან საბავშვო ბაღებისა და სკოლის ასაკის მოზარდები.

ინკუბაციის პერიოდი, ანუ ინფექციის გამოვლენის პერიოდი შეადგენს 7-21 დღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩუტყვავილას შემთხვევების უმეტესობა ძირითადად მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს და საქართველოში რეგისტრირებულ შემთხვევათა ძირითადი ნაწილი ამბულატორიულია, რიგ შემთხვევებში გვხვდება გართულებებიც, განსაკუთრებით მოზრდილ ასაკში და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გვეუბნება, რომ ჩუტყვავილას გართულებებს შორისაა ვირუსული პნევმონია და ენცეფალიტი.

ჩუტყვავილას ერთ-ერთი გართულებაა ასევე ბაქტერიული ინფექციაც. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, აუცილებელია, რომ მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს პაციენტების ჰიგიენას:

მაია ბუწაშვილი
მაია ბუწაშვილი

„არსებობს მითი, რომ ამ ინფექციის დროს დაბანა არ შეიძლება, იმის გამო, რომ ადამიანები არ იბანენ, ძალიან ხშირია გამონაყარის ჩირქოვანი გართულებები, რადგან ვირუსულ დაზიანებებს, გამონაყარს, ძალიან ადვილად შეიძლება დაერთოს ბაქტერიული ინფექცია და შემდეგ უკვე ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებაა საჭირო. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ბაქტერიული გართულება მოზრდილებში“.

კიდევ ერთი შეცდომა, რასაც ჩუტყვავილათი დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებენ, მაია ბუწაშვილის თქმით, ეს არის, ე.წ. ბრილიანტის მწვანე:

„მისი, როგორც ანტისეპტიკის გამოყენება მხოლოდ პოსტ საბჭოთა ქვეყნებში გვხვდება. სინამდვილეში, არანაირად არ არის საჭირო ადამიანის მწვანედ დაწინწკვლა. გამონაყარზე არაფრის წასმა არ არის საჭირო. რამდენადაც შესაძლებელია, გამონაყარი უნდა იყოს ღიად, მჭიდრო და ხელოვნური ტანსაცმლის ზეწოლის გარეშე. ასევე ყურადღებით სჭირდება დათვალიერება გამონაყარს, ხომ არ არის ჩირქოვანი გართულებები“.

მაია ბუწაშვილს მიაჩნია, რომ ჩუტყვავილას აცრა აუცილებლად უნდა შედიოდეს გეგმიური ვაქცინაციის კალენდარში:

„ჩვენთან იყო სტერეოტიპი, რომ ჩუტყვავილა მარტივი ინფექციაა და სჯობს, ბავშვმა მოიხადოს. არსებობს ასეთი მახინჯი მიდგომაც, ბავშვები სპეციალურად შეჰყავთ კონტაქტში ინფიცირებულთან, რომ გადაედოს და ინფექცია მოიხადოს. მაგრამ აქვე დავსვამ კითხვას, რატომ უნდა მოიხადოს? ე.წ. მარტივმა ჩუტყვავილამაც კი ბავშვს რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება შეუქმნას პრობლემა, ჰქონდეს მაღალი ცხელება, დისკომფორტი, ქავილი, შემდეგ ნაწიბურები“.

გარდა ამისა, როგორც მაია ბუწაშვილი გვიხსნის, ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ, ადამიანის ორგანიზმში სამუდამოდ რჩება ვირუსი ჰერპეს ზოსტერის სახით, რომელმაც, შესაძლოა, მომავალში იჩინოს თავი:

„ეს ვირუსი არასდროს გვტოვებს, რჩება ჩვენთან, ლატენტური ინფექციის სახით და ასაკში, ახლა უკვე ახალგაზრდა ასაკშიც მხვდებიან პაციენტები, რომელთა ორგანიზმში ამ ინფექციის ხელახალი გააქტიურება ხდება ჰერპეს ზოსტერის სახით, რომელსაც თან ახლავს საკმაოდ ძლიერი ტკივილი, გამონაყარი“.

ჩუტყვავილა განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ორსულთათვის. მაია ბუწაშვილს დღეს ჩუტყვავილათი ინფიცირებული რამდენიმე ორსული პაციენტი ჰყავს. ის რეკომენდაციას აძლევს ორსულებს, რომლებსაც არც ჩუტყვავილა აქვთ გადატანილი და არც აცრილები არიან, მოერიდონ ისეთ დაწესებულებებს, სადაც ბავშვები იყრიან თავს:

„ისე დაემთხვა, რომ რამდენიმე ორსული პაციენტი მყავს, რომლებიც საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მუშაობენ და იქ დაინფიცირდნენ. ახლა, როდესაც აფეთქება გვაქვს, ძალიან ადვილია ინფიცირება და ორსულები მაქსიმალურად უნდა მოერიდონ მსგავს დაწესებულებებს. განსაკუთრებით პრობლემურია ჩუტყვავილა ორსულებისთვის ბოლო ტრიმესტრში. რაც შეეხება ნაყოფს, ნაყოფისთვის საფრთხეს წარმოადგენს ჩუტყვავილა ორსულობის 20 კვირამდე პერიოდში".

მაია ქაჩლიშვილი, ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმ-ინფექციონისტი გვეუბნება, რომ ჩუტყვავილას აფეთქება განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა კოვიდ-პანდემიის შემდეგ. სკოლები და საბავშვო ბაღები, რომლებიც პანდემიის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმზე მუშაობდნენ და ვირუსული ინფექციების გავრცელების საფრთხეც ნაკლები იყო, დღეს ჩუტყვავილას გავრცელების ერთ-ერთი მთავარ წყაროდ იქცა:

„ჩუტყვავილა ძალიან კონტაგიოზური დაავადებაა და შესაბამისად, ინფიცირებული მის გარშემო ყველას აინფიცირებს, ვისაც ეს ინფექცია გადატანილი არ აქვს. ფაქტობრივად, ოჯახები ხდებიან ავად“.

დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში ჩუტყვავილათი ინფიცირებული სამი პაციენტი მკურნალობას, თუმცა, როგორც მაია ქაჩლიშვილი გვიხსნის, „სტაციონარში რომ წვება ამ ინფექციით ინფიცირებული სამი პაციენტი, ეს ცოტა არ არის“.

ისევე როგორც მაია ბუწაშვილი, მაია ქაჩლიშვილიც თვლის, რომ ქვეყანაში ჩუტყვავილას ვაქცინაცია გეგმიური ვაქცინაციის კალენდარში უნდა ჩაეწეროს.

რეკომენდაციის თანახმად, ჩუტყვავილას ვაქცინა ორ დოზად კეთდება:

  • ვაქცინის პირველი დოზა რეკომენდებულია 12-დან 15 თვემდე ასაკის ბავშვებში. მეორე დოზა კი 4-დან 6 წლამდე ბავშვებში.
  • 13 წელს ზევით პირებმა, რომლებსაც არც ჩუტყვავილას ვაქცინაცია ჩაუტარებიათ და არც ინფექცია გადაუტანიათ, ორი დოზა ვაქცინა 28-დღიანი ინტერვალით უნდა გაიკეთონ.

ხომ არ გეგმავს საქართველო ჩუტყვავილას ვაქცინის გეგმიური აცრების კალენდარში შეტანას? რადიო თავისუფლება ამ კითხვაზე პასუხის მოძიებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ჯანდაცვის სამინისტროსგან და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან. თუმცა, კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

XS
SM
MD
LG