Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის ეკონომიკური ბუმი დასრულდა


ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

ჩინეთის ეკონომიკური ბუმი, რომელიც ოთხი ათწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა, დასრულდა.

მოდელმა, რომელმაც ღარიბი, სუსტად განვითარებული ქვეყანა ეკონომიკურ ზესახელმწიფოდ აქცია, თავი ამოწურა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ The Wall Street Journal-ის მიმომხილველები ლინლინ ვეი და სტელა იფან სე.

ხანგრძლივმა აღმავლობამ ჩინეთს შესაძლებლობა მისცა ეშენებინა ქარხნები და ცათამბჯენები, ინვესტიცია ჩაედო ინფრასტრუქტურაში. სამშენებლო სექტორმა შექმნა მაღალი მოთხოვნა შრომით, მატერიალურ და ფინანსურ რესურსებზე, რაც თავის მხრივ ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას უწყობდა ხელს.

მაგრამ მოდელმა თავი ამოწურა: ჩინელებმა უკვე ყველაფერი ააშენეს, რაც სჭირდებოდათ, მეტიც კი. ქვეყანაში დარჩა მილიონობით გაუყიდავი ბინა; ხიდები და გზები, რომლებზეც არავინ დადის; აეროპორტები, საიდანაც არავინ არსად არ მიფრინავს.

ჩინეთის ეკონომიკას კარგი დღე ნამდვილად არ უდგას. მეორე კვარტალის სტატისტიკა მოსალოდნელზე ბევრად უარესი აღმოჩნდა. წინა კვარტალთან შედარებით ეკონომიკური ზრდა 0.8 პროცენტით შეფერხდა. ივლისის შედეგი კიდევ უფრო უარესია: ქვეყანაში წლიური დეფლაცია დააფიქსირეს. ფასების დავარდნა მიანიშნებს, რომ ქვეყანაში ზედმეტი წარმოებაა.

The Financial Times-ის წყაროების მიხედვით, ჩინეთის მთავრობამ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და უსიტყვო გადაწყვეტილებით კრიტიკული კომენტარები და პროგნოზები აკრძალა.

ამ „რეგულაციას“ დასაქმებულებიც მიმართავენ (მათ შორის ჩინეთის ეროვნული ბანკი) და ადგილობრივი ტელევიზიებიც. იმ თემებს შორის, რომლებიც ეკონომისტებმა და ანალიტიკოსებმა არ უნდა განიხილონ, ჩინური ნაწარმის გაუფასურება და კაპიტალის გადინებაა. სიტყვა „დეფლაციას“ ყველა ერიდება, მის მაგივრად „მცირე“ ან „დაბალ“ ინფლაციას იყენებენ.

ჩინური „ეკონომიკური სასწაულის“ საფუძველი შეიძლება ამ ორი სიტყვით აღიწეროს - ურბანიზაცია და ინდუსტრიალიზაცია. ქვეყანამ ტექნოლოგიური ნახტომი გააკეთა, როცა 80-იანი წლების მიწურულს უზარმაზარი მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბალპროდუქტიული სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. ამ დარგის მექანიზაციამ ათწლეულებით უზრუნველყო წარმოება, რომელიც, ერთი შეხედვით, იაფი მუშახელის ულევ წყაროდ უნდა ქცეულიყო.

წარმოებისა და მუშახელის რაოდენობის ზრდამ ჩინეთი „მსოფლიო ფაბრიკად“ აქცია. ჩინეთმა ფართო მოხმარების იაფი პროდუქციის წარმოებით დაიწყო, მაგრამ თანამედროვე და ხარისხისნი საქონლის გამოშვებაც მალევე ისწავლა. ასობით მილიონი გლეხი სოფლებიდან ქალაქებში გადაბარგდა, ამან კი ის მშენებლობის ბუმი გამოიწვია, რომელზეც The Wall Street Journal-ი წერს.

მაგრამ ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის გზას მხოლოდ ერთხელ თუ გაივლი. ჩინეთმა ეს უკვე გააკეთა. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ მოდელმა თავი ამოწურა, უადგილო სულაც არ არის. ისიც ცხადია, რომ ეს ჯერ კიდევ ათი წლის წინ მოხდა, როდესაც ჩინეთის მთავრობა შეეცადა, ქვეყანა ექსპორტზე დამოკიდებულებისგან გაეთავისუფლებინა და ფსონი ქვეყნის შიდა მოთხოვნაზე დადო.

სტიმულირების მასშტაბურობამ და ტრილიონიანმა ინვესტიციებმა ინფრასტრუქტურაში, ჩინეთს საშუალება მისცა, ეკონომიკური აღმავლობა კიდევ ათი წლით შეენარჩუნებინა. ამის ფასი კი ის იყო, რომ სწრაფად დაგროვდა მთლიანი ვალი. 2022 წელს მან მთლიანი შიდა პროდუქტის 300 პროცენტს მიაღწია და ამ მაჩვენებლით ჩინეთმა აშშ-ს გაუსწრო.

განსაკუთრებით უსიამოვნო ვითარება შეიქმნა ჩინეთის პროვინციებში, რომლებიც აქტიურად სესხულობდნენ ფულს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა მთავრობამ შეზღუდვები დააწესა, საქმეში საგანგებოდ ამისთვის შექმნილი კომპანიები ჩაერთვნენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშით, მსგავსი „დაუბალანსებელი“ რეგიონალური ვალი 9 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

ახლა მსოფლიოს მეორე ეკონომიკისთვის ყველაზე სუსტი წერტილი უძრავი ქონებაა. უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ სფეროში მოთხოვნას მიწოდება ჭარბობს, თან ბევრად. სასწორზე 60 ტრილიონი დოლარის ბაზარი დევს. წინა კვირას ქვეყნის ერთ-ერთმა მსხვილმა სამშენებლო კომპანიამ - China Evergrande Group - ნიუ-იორკს მიმართა და დრო ითხოვა, რომ 300 მილიარდი დოლარის ვალის რესტრუქტურიზაცია მოახდინოს და გაკოტრება აირიდოს.

EVERGRANDE GROUP-ის სათავო ოფისი
EVERGRANDE GROUP-ის სათავო ოფისი

დეფოლტი ემუქრება ასეთივე მასშტაბის ჩინურ კომპანიას Country Garden Holdings-ს. ინვესტიციის ზოგიერთი ანალიტიკოსი ირწმუნება, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოდის. უცხოელი ინვესტორები ჩინურ ფასიან ქაღალდებს თავიდან იშორებენ.

ეს უკვე ჩინეთის საფონდო ბაზრიდანაც ჩანს და იმითაც, რომ იუანი დასუსტდა. რამდენად ღრმაა ეს კრიზისი და შეძლებს კი ჩინეთის ეკონომიკა ისევ აღმავლობის გზას დაადგეს? ბევრი ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ ჩინეთმა შესაძლოა იაპონიის ბედი გაიზიაროს, რომლის ეკონომიკა 90-იანი წლების შემდეგ სტაგნაციას განიცდის.

ეს ძალიან სამწუხარო ამბებია რუსეთისთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მთავარი სავაჭრო, ფინანსური და პოლიტიკური პარტნიორი იცვლება. წინა წლებშიც რუსეთი ძალიან იყო დამოკიდებული მეზობელი ქვეყნის ეკონომიკაზე: ჩინური იმპორტი ენერგომატარებლებზე მსოფლიო მოთხოვნის განმსაზღვრელ ლამის მთავარ ფაქტორად იქცა.

ახლა კი მოსკოვს მსგავსი მასშტაბის სავაჭრო, ფინანსური და ლოგისტიკური პარტნიორები აღარ შემორჩა. ჩინეთი სავალუტო დახმარების, სხვადასხვა პროდუქციის წყარო იყო - დაწყებული ფართო მოხმარების საგნებითა და ელექტრონიკით, დამთავრებული სამხედრო წარმოებისთვის შექმნილი დეტალებით.

რომ არა რუსული ბაზრის მოთხოვნა, ჩინეთში ეკონომიკური პრობლემები გაცილებით ადრე დაიწყებოდა. რუსულმა ბაზარმა ჩინელ მეწარმეებს საშუალება მისცა, საკუთარი მდგომარეობა ოდნავ გაეუმჯობესებინათ. თუმცა, არ შეიძლება ამ ფაქტორს ზედმეტად დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ.

2022 წლის მონაცემებით, რუსეთსა და ჩინეთს შორის საქონელბრუნვამ 190 მილიარდ დოლარს მიაღწია. წელს 200 მილიარდსაც რომ გადასცდეს, რის დაპირებასაც რუსეთის მთავრობა იძლევა, ეს მაინც იმაზე ერთ-ნახევარჯერ ნაკლები იქნება, ვიდრე ჩინეთის ერთ, თუნდაც მსხვილ სამშენებლო კომპანიას აქვს ვალად.

თუ ჩინეთის კრიზისი გამწვავდა, ფინანსური კატასტროფა მთელ მსოფლიოს დაემუქრება. თუმცა, რუსეთისთვის, რომელსაც სხვა საყრდენი უბრალოდ აღარ გააჩნია, ეს გაცილებით მტკივნეული იქნება, ვიდრე დანარჩენი ქვეყნებისთვის.

XS
SM
MD
LG