აფხაზეთში დარჩენილ ყველა სახლს თავისი თავგადასავალი აქვს. ზოგს უკვე ტყემ გადაუარა - ვეღარც მიაგნებ. ზოგის მხოლოდ რამდენიმე კედელი შემორჩა, შუაში ამოზრდილი ხეებით. ზოგი ჯერ ისევ დგას, მაგრამ შიგნიდან დამწვარია, ზოგის ადგილას უკვე სხვისი, ახალი სახლი დგას. ზოგი გაყიდულია. ზოგს ამ დრომდე საგულდაგულოდ ინახავენ და უვლიან იქ დარჩენილი ნათესავები. ქართველების სახლებს მათმა ყოფილმა ბინადრებმა თვალი მხოლოდ წლების შემდეგ შეავლეს - ნაწილმა ფოტოზე, ნაწილმა კი ჩასვლა მოახერხა.
სოხუმის დაცემიდან 30 წელი გადის.
ირაკლი შამათავას სახლი - სოფელი რეფო შეშელეთი, გალის რაიონი
ეს სოფელი გალიდან 5 კილომეტრში, სოხუმისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზეა. ირაკლის სახლიც ამ სოფელში დგას.
ხუთი წლის იყო, როცა მისმა ოჯახმა, ენგურის გამოვლით, ტრაქტორით დატოვა იქაურობა. დევნილობაც მაშინ დაიწყო.
სახლიდან წამოსვლის წინა დღე ბუნდოვნად ახსოვს: დიდ ოთახში გრძელი სუფრა იყო გაშლილი, რემონტი ახალი დასრულებული ჰქონდათ. ხელოსნებს ჯერ სამუშაო იარაღებიც კი არ წაეღოთ. გამთენიისას განგაშის ხმა გაიგეს - სოფელი სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინათ.
ამ სოფელში ქართველების სახლების უმრავლესობა ომის პირველივე თვეში გადაწვეს. მათ შორის, ირაკლის ოჯახის სახლიც.
ირაკლის ბებიამ ენგურს გაღმა დარჩენა გადაწყვიტა, დროდადრო მისი შვილებიც ახერხებდნენ გაჭირვებით დედასთან ჩასვლას. ბავშვობაში, ირაკლიც მიჰყავდა ხოლმე მამას ბებიასთან. რთული, სახიფათო გზებით. ხან მდინარით, ხან ტყე-ტყე.
საზაფხულო არდადეგების შემდეგ შესასრულებელ სავალდებულო დავალებაში, როცა მისი თანაკლასელები წერდნენ როგორც გაატარეს ზაფხული, ირაკლის სულ ის ჰქონდა მოსაყოლი, რომ მის სოფელში თითქმის ყველა სახლი დამწვარი იყო. მხოლოდ წლების შემდეგ, გაეროს დახმარებით გადახურეს სახლი, თუმცა შიგნიდან ისევ ისეა, როგორც ომის დროს.
ირაკლი ბებიის შემთხვევით გადარჩენილ ძველ, ხის ოდაში რჩებოდა ხოლმე, რომელსაც არ შეეხნენ.
ყოველთვის, როცა პირობით საზღვარს მიღმა დარჩენილ სახლს უყურებს, ირაკლი შამათავა ფიქრობს: რომ არა ომი, იქ უნდა ეცხოვრა. ახლაც, როცა წარმოიდგენს, რომ დაბრუნდნენ, გონებაში გადათვლის ხოლმე, რა დრო დასჭირდება ამ სახლის აღდგენას. იქაურობა ისევ ნამდვილ სახლად რომ ვაქციო, ორი-სამი თვე მეყოფაო.
ზვიად ჯგერენაიას სახლი, სოფელი პირველი გალი, გალის რაიონი
ამ სახლს ნამდვილად გაუმართლა. არაერთხელ გაძარცვეს, მაგრამ ზვიად ჯგერენაიას მშობლები ყოველ ჯერზე თავიდან აკეთებდნენ. დღემდე ასეა. მათ სოფელი არ დაუტოვებიათ.
ზვიადის მამა, ვახტანგ ჯგერენაია ამბობს ხოლმე, სანამ მე აქ ვცხოვრობ, ჩემი სახლი ისე მინდა გამოიყურებოდეს, როგორც ეს ნორმალური ცხოვრების დროს იქნებოდაო.
თუმცა მათ იქ ყოფნას აქვს თავისი ფასი - ისინი ძალიან იშვიათად ახერხებენ შვილების, შვილიშვილების ნახვას.
როცა ზვიადი მამას ეკითხება ხოლმე, კი მაგრამ, აქ ხომ ყველაფერი, ერთი ასანთის ღერზეა დამოკიდებული, კონფლიქტის ზონაში ცხოვრება უცებ შეიძლება გაცამტვერდესო, მამის პასუხია, რომ ეს მათი სახლია. საპირწონედ ვერაფერს დაუდებს.
ზვიადსაც ესმის მამამისის, იმიტომ, რომ მისთვის, როგორც დევნილისთვის, სახლი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი, სადაც დაბრუნდები და კომფორტულად იცხოვრებ. სახლი ქუჩაცაა, სასაფლაოა, მანდარინის ბაღია, მეზობელია. მდინარეა.
სოფო წულაიას სახლი, ჭუბურხინჯი, გალის რაიონი
ომი რომ დაიწყო, სოფო 8 წლის იყო. სოხუმში ცხოვრობდნენ, მაგრამ ყოველ ზაფხულს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ატარებდნენ, სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ. ჭუბურხინჯი პირველი სასაზღვრო სოფელია ენგურის ხიდის მერე.
27 სექტემბერს, როცა სოხუმი დაეცა, სწორედ ამ სახლიდან გამოიქცნენ. ასობით სხვა დევნილთან ერთად ფეხით მოდიოდნენ სოფო, დედა და მისი უმცროსი და-ძმა. ეს სურათი ხშირად ახსენდება. სიზმრადაც ხედავს ხოლმე ხალხის უზარმაზარ ნაკადს, რომელსაც მცირე ბარგი მოაქვს და თან საქონელს მოერეკება.
თან პატარა საბავშვო ეტლი მოჰქონდათ. მამამ ისინი ენგურის ხიდამდე მიაცილა და უკან იმ იმედით გაბრუნდა, რომ სახლიდან რამეს კიდევ წამოიღებდა - ეს ეტლიც წაიყოლა. მალევე ამ ამბიდან მათი სახლი გადაწვეს. ეტლიც სადღაც დაიკარგა. მერე დედა დარდობდა, ნეტა არ გამეტანებინა უკან, ეგ ერთი სამახსოვრო ნივთი მაინც დამრჩებოდა, რაც ჩემი შვილების ბავშვობას და ზოგადად, ბედნიერ ცხოვრებას გამახსენებდაო.
ჭუბურხინჯის სახლი სოფოს კარგად ახსოვს. მისი გამორჩეულად მოვლილი ეზოც, მანდარინის, ლიმონის და ფეიხოას ხეებით. თანაბრად გაკრეჭილი ბალახით და სახლის წინ ბილიკით. აივნით, სადაც ყველა თავს იყრიდა ხოლმე და მერე ბაბუს ხილი მოჰქონდა.
ამ სახლიდან წამოსვლის მერე სოფო თითქოს სულ „თავისი“ სახლის ძებნაშია. სხვა ათასობით დევნილის მსგავსად, ისიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა დევნილთა საერთო საცხოვრებელში, სადაც არასოდეს ჰქონია საკუთარი ოთახი. დღემდე აქვს განცდა, იმ სახლში რომ ეცხოვრა, იქ რომ დარჩენილიყო, ყველაფერი უკეთესად იქნებოდა.
როცა წლების მერე თავისი სახლის ფოტოებს დახედა, გული მოეწურა - მისი ბავშვობის სახლიდან ნახევრად დამწვარი კედლებიღა იყო დარჩენილი.
გოგა ჭყონიას სახლი, გაგრა, რუსთაველის ქუჩა, #111
ეს გოგას და მისი სანათესაოს საერთო სახლი იყო.
„ქვედა ბაღის“ ნახევარი და პირველი სართულის ორი ოთახი ახლაც მისად ითვლება. მაგრამ გაგრაში ჩასვლის იმედი გადაწურული აქვს. რუსთაველის ქუჩაზე, „პრინცის კიბეებთან“ მდგარი დიდი, ორსართულიანი სახლი იყო, მანსარდით და ბაღით. ეზოში ერთი კვიპაროსიც იზრდებოდა.
ეს სახლი გოგას დიდმა ბებიამ თავის სამ შვილიშვილს დაუტოვა - გოგა მათგან ყველაზე უფროსის შვილია. მისი ნათესავები, შერეული ქართულ-აფხაზური ოჯახი დღესაც იქ ცხოვრობს. სახლიც, ალბათ, ამან გადაარჩინა.
ამ სახლს თავად გოგამ თვალი 1992 წლის 3 ოქტომბერს შეავლო. ქართველები უკვე გაგრას ტოვებდნენ.
თამარ ზარანდიას სახლი, სოხუმი, მაშინდელი ორჯონიკიძის (ახლანდელი ვორონოვი) ქუჩა #24
თამარი სოხუმში, ორჯონიკიძის ქუჩის 24 ნომერში გაიზარდა. გზის გადაღმა, მე-11 სკოლაში სწავლობდა. დღესაც, 30 წლის შემდეგ, სოხუმი მის მეხსიერებაში ერთ-ერთი ყველაზე მულტიკულტურულ, მრავალფეროვან, ევროპულ ქალაქად დარჩა.
მათი სახლი ყოველ ზაფხულს ივსებოდა ნათესავებით. განსაკუთრებული მოვლენა კი მაინც ბებიის დის სოხუმში სტუმრობა და ლეღვის მურაბის მზადების რიტუალი იყო. ლეღვის ხე იქვე, ეზოში იდგა. ეს რიტუალი თამარს ახლაც თვალწინ უდგას - მურაბა თუხთუხებს. ერთად არიან. ყველა ბედნიერია.
სოხუმის ბინა, რომელშიც თამარის ოჯახი ცხოვრობდა, თამარის ბაბუის სახელზე იყო. როცა ომი დაიწყო, ბაბუამ თავი აგარაკის სახლს შეაფარა, მალვაში იქაური აფხაზები და სომხები ეხმარებოდნენ. ბოლოს, როცა იქ დარჩენა უსაფრთხო აღარ იყო, წითელი ჯვრის დახმარებით გამოიყვანეს აფხაზეთიდან, თუმცა წამოსვლის წინ, მაინც ვერ მოითმინა, „წითელი ჯვრის“ თანამშრომელს სთხოვა, თავის ბინასთან გაევლოთ. იქ უკვე უცნობი აფხაზი ქალი ცხოვრობდა. რამდენიმე წუთით მივიდა, უთხრა, იცხოვრეთ აქ, მაგრამ ჩვენ მაინც დავბრუნდებითო.
ამ სახლიდან დატოვა აფხაზეთი თამარმაც. იმ თვითმფრინავით გამოფრინდა, რომელსაც დაჭრილები მოჰყავდა და რომელსაც ბომბავდნენ. სოხუმიდან გამოფრენილ მეორე თვითმფრინავს დედა გამოჰყვა. მამამ - გემით გამოაღწია. ხოლო მესამე და სოხუმიდან გამოფრენილ ბოლო თვითმფრინავში, ჰაერშივე აფეთქდა.
მას შემდეგ სოხუმთან საჰაერო მიმოსვლა აღარც აღდგენილა.
თამარის ბავშვობის სახლში დღეს სხვები ცხოვრობენ.
ერთი წლის წინ, აფხაზეთიდან დევნილთა ნაწილმა კიდევ ერთხელ მოითხოვა იმ ქონების წინასწარ რეგისტრაცია, რომელიც მათ აფხაზეთში ომის შედეგად დაკარგეს. წინა ხელისუფლების დროს, 2006 წელს საქართველოში არსებობდა საპრეზიდენტო პროგრამა „ჩემი სახლი“, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიაზე ქონების რეგისტრაციას გულისხმობდა. მაშინ დაახლოებით 65 498-მა დევნილმა გააკეთა ქონების რეგისტრაციაზე განაცხადი. ეს პროგრამა 2013 წელს დასრულდა, თუმცა, როგორც დევნილთა სააგენტოში თქვეს, ეს პროგრამა „შინაარსობრივად გრძელდება“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 აგვისტოს #400 დადგენილების შესაბამისად. პროცესი არ გაჩერებულა და დეკლარაციის შევსება ისევ ნებისმიერ დევნილს შეუძლია.