რა ვიცით „საქართველოს ბანკზე“ სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ?
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ოფიციალურად დაასახელა „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა. მისი თქმით, გამოძიება ამ საქმეზე ბადრი ესებუას ეძებს. სამართალდამცველებმა გუშინ რამდენიმე სახლი გაჩხრიკეს, მათ შორის, ესებუას მშობლების.
„პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს“, - განაცხადა ბორცვაძემ ბრიფინგზე.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამ თემაზე ასევე ნახე:
COVID 19: ნახეთ, დარჩებით თუ არა არჩევნების მიღმა - ვინ ვერ დარეგისტრირდება სიაში
საპარლამენტო არჩევნებზე გადასატანი ყუთებით მისცემენ ხმას კოვიდინფიცირებულები შინ და საავადმყოფოებში. დასარეგისტრირებლად რამდენიმე საათით მეტი დრო მიეცათ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც COVID-19-ის გამო სახლის პირობებში არიან იზოლირებული და 31 ოქტომბერს გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობა სურთ.
ცვლილებას წინ უძღოდა პოლიტიკური სუბიექტებისა და არასამთავრობო სექტორის მწვავე კრიტიკა და ხმაური. ვადა გახანგრძლივდა, მაგრამ კვლავაც ძალაში რჩება წესები, რომლებიც, სავარაუდოდ, კენჭისყრის პროცესის მიღმა დატოვებს ათასობით ამომრჩეველს.
- ვინც სახლის პირობებში მკურნალობს COVID-ინფექციას;
- ვინც პრევენციის მიზნით იმყოფება თვითიზოლაციაში, ასევე სახლის პირობებში.
რა აძლევს არასამთავრობო სექტორს კრიტიკის საფუძველს, უფრო ვრცლად წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 1872 პირი დაინფიცირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 303-ს მიაღწია. ამავე პერიოდში განიკურნა 603 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 11 370.
გუშინ კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 14 პაციენტის გარდაცვალება დადასტურდა. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 215 ადამიანი.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გლობალური ჯანმრთელობის გაზომვის ინსტიტუტმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდოს ნიღბების მოხმარება. მისი თქმით, თუ მოსახლეობაში ნიღბის მოხმარება 95%-იან მაჩვენებელს მიაღწევს, იანვრის ბოლოსთვის ევროპაში შესაძლებელი იქნება 278 ათასი სიცოცხლის შენარჩუნება.
ამ თემაზე ასევე ნახე:
წინასწარი მონაცემებით, უკრაინის პრეზიდენტის პარტია ადგილობრივ არჩევნებში მარცხდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი პარტია „ხალხის მსახური“ მარცხდება ადგილობრივ არჩევნებში, როგორც ეს ეგზიტპოლის მონაცემებიდან გამოჩნდა. ზელენსკის პრორუსი და პროდასავლელი მეტოქეები წინ არიან დედაქალაქ კიევში და ასევე დიდი ქალაქების უმეტესობაში.
ზელენსკის პარტია დამარცხდა ცხრა დიდი ქალაქიდან შვიდში, მათ შორის, კიევში, რომელშიც ქალაქის მერია ვიტალი კლიჩკო, თავისი „უკრაინის დემოკრატიული ალიანსით“.
ადგილობრივი არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართა უკრაინაში და ის მიიჩნევა ისტორიულად, რადგან პირველია ახალი საარჩევნო კოდექსის მიღების შემდეგ.
სირთულეები გაჩნდა 20 ივნისს დაშავებულების მკურნალობაში
2019 წლის 20 ივნისს დაშავებული დემეტრე ნაყოფია და კობა ლეთოდიანი უკვე რამდენიმე თვეა სახელმწიფოსგან ვერ იღებენ პასუხს, როდის შეძლებენ მკურნალობის გააგრძელებს ისრაელის იმ კლინიკებში, სადაც მათ პირველადი ოპერაციები გაუკეთეს. მათ აქციის შემდეგ თვალის მძიმე დაზიანებები მიიღეს და ორივე მათგანმა მხედველობა დაკარგა.
დემეტრე ნაყოფიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შიშობს, უკვე ჩატარებული მკურნალობა უშედეგო არ აღმოჩნდეს, თუკი გონივრულ ვადაში არ გადაინერგავს ბადურას. ოპერაციამ დათქმულ თარიღთან შედარებით უკვე ნახევარი წლით დააგვიანა. ოპერაციის შემთხვევაში მას ექიმები აძლევენ იმედს, რომ მხედველობა დაზიანებულ თვალში ნაწილობრივ მაინც აღუდგება, ახლა ამ თვალს რეაქცია მხოლოდ სინათლეზე აქვს.
COVID-19-ით სახლში: რა შეიძლება და რა არა
კორონავირუსით ინფიცირების მზარდ სტატისტიკასთან ერთად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით შინ რჩება. 22 ოქტომბრის მონაცემებით, სახლში მკურნალობს 8 000-ზე მეტი ინფიცირებული.
რადიო თავისუფლება აგროვებს კითხვებს, რომლებიც შინ დარჩენილებს უჩნდებათ და პასუხებს ექიმებთან და სამედიცინო პროტოკოლებში ვეძებთ თქვენს კითხვებზე. თუ თქვენ გაქვთ კითხვები, რომელზე პასუხებსაც აქ ვერ იპოვით, მოგვწერეთ რადიო თავისუფლების ფეისბუკისა და ინსტაგრამის გვერდებზე.
ამ სტატიაში კი გაიგებთ, რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა დარეკოთ 112-ში, როგორ არ უნდა გამოგეპაროთ მდგომარეობის დამძიმება, როგორ უნდა გადაყაროთ ნარჩენები, თუ ვირუსი დაგიდასტურდებათ და შინ ყოფნა მოგიწევთ და კიდევ ბევრი დეტალი, რაზეც ალბათ გიფიქრიათ.
ანდრო დადიანმა პარლამენტთან დროებით დადგა „ნიჩვრიტის“ ძეგლი, იმის სიმბოლოდ, რომ ყველა დაპირება ტყუილი იყო და ახლაც ასე იქნება. მოგვიანებით პოლიციამ ძეგლის დაფარვა მოსთხოვა პერფორმანსის მონაწილეებს, მათ ძეგლი მანქანაზე განათავსეს და დაიძრნენ ქალაქის ქუჩებში.