Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: გლდანში ოპოზიციონერებმა ხელი შეგვიშალეს, პოლიციელები დაშავდნენ, დავიწყეთ გამოძიება


შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ გამოძიება დაიწყო „პოლიციელებზე თავდასხმისთვის“
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ გამოძიება დაიწყო „პოლიციელებზე თავდასხმისთვის“

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების გარდა, გლდანში მომხდარზე პოლიციელზე თავდასხმის მუხლითაც დაიწყო გამოძიება.

22 სექტემბერს, პარასკევ საღამოს, „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრ ირაკლი ეძგვარაძეს გლდანში ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მისი თანამოაზრეები ამბობენ, დაახლოებით, 30-ზე მეტი ადამიანი. მასზე თავდასხმას წინ უძღოდა ეძგვერაძის შელაპარაკება საკრებულოში „ოცნების“ დეპუტატთან, კოტე ზარნაძესთან.
შსს ამტკიცებს, რომ „ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დაშავებული პირების მეგობრებმა და თანაპარტიელებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს“.
პოლიციის თანახმად, სწორედ ამ დროს დააკავეს პოლიციელებმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად“ სამი პირი - ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე.
შსს წერს, რომ „ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო იმ პირების მიმართაც, რომლებიც სამართალდამცველებს ხელს უშლიდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას“.
და, ამასთანავე, პოლიცია აცხადებს, რომ „სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“.
უწყების ცნობით, „დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ“.
შსს-ს დასახელებული მუხლი - იმის მიხედვით, რომელი პუნქტით გაგრძელდება გამოძიება, - 4-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG