მარი ჩხაიძეს ერთი შვილი სკოლაში დაჰყავს, მეორე - ბაღში. დიდთოვლობის შემდეგ უკვე აღარ არის დარწმუნებული, რომ ბავშვები არდადეგების შემდეგ სასწავლებლად დაბრუნებას მოახერხებენ.
შრომაში სკოლა და ბაღი ერთ შენობაშია. დიდთოვლობისას სახურავი ამ ორ სივრცეს შორის ჩაინგრა, თან ეს პირველად არ მომხდარა.
„ორიოდე წლის წინაც სტიქია იყო და მაშინაც ჩაინგრა სახურავი. ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ ბაღს ხურავდნენ და სახურავს არემონტებდნენ. ახლა ხელმეორედ, თუ „ხელმესამედ“ კეთდება. ისე, რომ კაპიტალურად გაკეთდეს, არა. გვეშინია ამ სკოლაში ბავშვების გაშვება“, - ეუბნება მარი რადიო თავისუფლებას.
თიკო მალაზონიას ორი შვილიც იმავე სკოლაში სწავლობს:
„შენობა ავარიულია. ვიცი, რომ კედლებიც დასველებულია, თოვლი დნება და წყალი ჩადის. ეს ერთი კვირაც მალე გაივლის და იმედია, ასეთ მდგომარეობაში მყოფ შენობაში არ მოგვიწევს ბავშვების მიყვანა“.
ორსართულიან სკოლაში 90 ბავშვი სწავლობს. სკოლის დირექტორი დავით ჯაბუა ამბობს, რომ სახურავი მხოლოდ ბაღის მხარეს დაზიანდა.
„ჩემთან პრობლემა არ არის, ბაღმა უნდა გადახუროს. თუ არ გააკეთებენ, წვიმაში ჩემკენაც წამოვა წყალი“, - ამბობს დირექტორი და გვიდასტურებს, რომ არდადეგების შემდეგ, 17 მარტს, ბავშვებს ჩვეულებრივად სკოლაში ელოდებიან.
ბაღის მენეჯერი მაყვალა დარჩია კი გვეუბნება, რომ სახურავის შეკეთებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაჰპირდნენ.
„100 კვადრატული მეტრი უნდა დაიხუროს ამ ეტაპზე. კომისია იყო, ოქმი შეადგინეს, ხელი მომაწერინეს. მგონი, მალე გადაწყდება ყველაფერი. ახლა რაც ჩავარდა მხოლოდ ის გარემონტდება, თორემ ისე მთლიანად შენობა არის გადასახური ხელმეორედ. ეს გადახურვა ძველია, 1985 წელსაა გაკეთებული“, - ამბობს მაყვალა დარჩია. მას მიაჩნია, რომ ბავშვებს შენობაში საფრთხე არ ემუქრებათ. – „წყალი ჩამოდის, თორემ ისე კი არ არის, რომ რამე ჩამოვარდეს“.
სკოლა და ბაღი საბოლოოდ რომ გაეცალკევებინათ, წლების წინ ახალი ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა.
„ვინ მოიგო მაშინ ტენდერი ისიც არ ვიცი. მერე ვეღარ მოაბა თავი. მოვიდნენ შემოღობეს, საძირკველი ამოიღეს და გაჩერდნენ. ახლა როგორც ვიცი, ხელახლა გამოცხადდა ტენდერი. ახალი ბაღი უნდა აშენდეს, ამ შენობას სკოლას ვუტოვებთ“, - ამბობს მაყვალა დარჩია.
გურიის დიდთოვლობამ, რომელიც დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდა, რეგიონში ბევრი შენობა დაანგრია და დააზიანა. სტიქიის შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობამ განაცხადა, რომ დიდთოვლობისას დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს. ჯერჯერობით არ არის დათვლილი ზარალი, რომელიც დიდთოვლობის შედეგად დადგა.
ფორუმი