Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიძლება თუ არა „მარტოობის ასი წლის“ ეკრანიზაცია?


„ნეტფლიქსმა“ გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წლის“ ეკრანიზაციის უფლება შეისყიდა. ამ ცნობამ სოციალურ ქსელებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - ზოგს ერთი სული აქვს, როდის იხილავს საყვარელი რომანის გაცოცხლებულ გმირებს. სხვები კი შიშობენ, რომ ამ ეპოსის ადეკვატური ეკრანიზაცია შეუძლებელი იქნება - „მარტოობის ასი წელი“ ხომ ბევრისთვის უბრალოდ კარგი რომანი კი არა - ყველაზე საყვარელი წიგნია! ქვემოთ ვცადეთ ორივე ბანაკის არგუმენტები ჩამოგვეწერა, ბოლოს კი თქვენი აზრის გამოთქმას გთხოვთ.

No! ხელი არ ახლოთ მაკონდოს!

  • ჯერ ერთი, სანამ ცოცხალი იყო, თავად გაბო იყო ეკრანიზაციის წინააღმდეგი. არაერთხელ შესთავაზეს, კარგი ფული აძლიეს, მაგრამ ყოველთვის უარზე იყო. იქნებ პატივი ვცეთ მსოფლიო ლიტერატურის გიგანტის სურვილს? რაღა რემედიოსს ვეცეთ, როდესაც ამდენი სხვა გმირია ეკრანზე გასაცოცხლებელი?
  • მარკესი ეკრანიზაციას იმიტომ კი არ ერიდებოდა, რომ ფულზე ჰქონდა ალერგია. იცოდა, რომ „მარტოობის ასი წელი“ ეკრანზე არ ივარგებს. წიგნში იმდენი სიუჟეტური ხაზია, რომ მას სათანადოდ ვერავინ ასახავს. თან, წიგნის ღირსება მარტო სიუჟეტი ხომ არ არის? რანაირად უნდა გადაიღო „გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად?“
  • ჰოდა, სულ რომ კარგი სერიალი გამოვიდეს, ის ამ წიგნთან მაინც ვერასოდეს მივა. უამრავი ადამიანი კი მხოლოდ „ნეტფლიქსის“ ადაპტაციას ნახავს და ეგონება, რომ „მარტოობის ასი წელი“ ეგაა. ნურას უკაცრავად! ვერ მოგართვით!
  • ვისაც წიგნი ძალიან უყვარს, არც იმისთვის იქნება კარგი. ჩვენ ყველას ჩვენი მაკონდო წარმოგვიდგენია, ჩვენი ბუენდიები გვყავს და არავის ჭირდება „ნეტფლიქსის“ დახმარება ამის ვიზუალიზაციაში.
  • Simplemente aparece! („გუგლი“ ასე თარგმნის ფრაზას „უბრალოდ ტეხავს!“)

Si! სასწრაფოდ მაჩვენეთ მაკონდო!

  • გაბო მართლაც ეწინააღმდეგებოდა ამ რომანის ეკრანიზაციას, მაგრამ ეს უბრალო ახირება კი არ იყო. ამბობდა, ერთი ფილმი ამდენს ვერ დაიტევსო და მართალიც იყო! მაგრამ მაშინ არც HBO იყო და არც „ნეტფლიქსი“. თან, უნდოდა, რომ ფილმი ესპანური ყოფილიყო. ჰოდა, იქნება ესპანურად! კოლუმბიაში გადაღებული! და საერთოდ, რაც არ უნდა გიყვარდეთ მარკესი, შვილებს ალბათ უფრო უყვართ და უკეთ იციან, მამას რა უნდოდა და რა მოეწონებოდა!
  • მარკესი დიდი მწერალი იყო, ბევრისთვის უდიდესიც, მაგრამ არანაკლები ტიტანების ტექსტები გაუცოცხლებიათ ეკრანზე. შექსპირი გაგიგონიათ? ითვლება, რომ საკმაოდ ნორმალურად წერდა. ჰოდა, გადაუღიათ ეკრანიზაციები, რომლებიც ვიღაცეებს მოსწონთ (ძეფირელის ვთქვათ). სახარებაც გადაუღიათ, რომელიც ვიღაცეებს მოსწონებიათ (ძეფირელის, ვთქვათ). ჰოდა, ვაცალოთ, იქნებ და კარგს აკეთებენ?
  • თუ კარგი არ გამოვიდა, მაგასაც არა უშავს. უხეირო ადაპტაცია თავდაპირველ ტექსტს ვერაფერს დაუშავებს. აგე, გადაიღეს „სიყვარული ჟამიანობის დროს“. 26% აქვს Rottentomatoes.com-ზე. დააკლდა ამით რამე წიგნს?
  • თუ არ გინდა რომ შენი წარმოდგენილი აურელიანო ბუენდია, ვთქვათ, ხავიერ ბარდემმა ჩაანაცვლოს, იცი რა უნდა გააკეთო? უფრო სწორად, რა არ გააკეთო? სწორია - არ უყურო! დიდი ალბათობით „ნეტფლიქსი“ წერილს არ მოგწერს და არ მოგთხოვს „ობიექტურობის მაღალ ხარისხს“ სერიალების ყურებისას. არც სასამართლოში შეგექმნება პრობლემები. პარლამენტშიც არ დაგიბარებენ და საერთოდ არაფერი მოხდება.
  • Los que creen en nosotros! („გუგლი“ ასე თარგმნის ფრაზას „ვისაც გვჯერა გაგვატარეთ“)

ბოლოს, იქნებ არ დაიზაროთ და კომენტარებისთვის გამოყოფილ ადგილში თქვენი აზრი მოგვახსენოთ? რომლის არგუმენტებია უფრო დამაჯერებელი? რამე ხომ არ გამოგვრჩა? უთქვენოდ ამაში ვერაფრით გავერკვევით!

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG