Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიქმნას ე.წ. ქართული სია, დაუწესდეთ სანქციები პასუხისმგებელ პირებს - დებატები ევროპარლამენტში გინტურის მკვლელობაზე


ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ დებატები გაიმართა
ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ დებატები გაიმართა

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, შეიმუშაოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი.

დებატები თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ ევროპარლამენტში 22 ნოემბერს გაიმართა.

ანა ფოტიგა, ევროპარლამენტარი, "ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი";
ანა ფოტიგა, ევროპარლამენტარი, "ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი";

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ამ სიას უკვე დაარქვა სახელი და "ქართული" უწოდა: "დღეს ჩვენი მოთხოვნაა, შეიქმნას ევროკავშირის სია, სანქციების სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის მსგავსი, ქართული სია, რომელიც ამ ტიპის ქმედებების დროს სანქციების დაწესების შესაძლებლობას მოგვცემს".

"სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" წარმომადგენელმა სვენ მიქსერმა თქვა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების სია საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციით უნდა შემუშავდეს.

სვენ მიქსერი, ევროპარლამენტარი, პოლიტიკური ჯგუფი "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი"
სვენ მიქსერი, ევროპარლამენტარი, პოლიტიკური ჯგუფი "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი"

“კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას... ჩვენ ასევე მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა უშუალო დამრღვევები პასუხისგებაში მიეცნენ. ამ მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციით შექმნას სია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ადამიანის უფლებათა რღვევაზე და მათ წინააღმდეგ ეფექტური, მიზანმიმართული სანქციები დააწესოს”, - თქვა სვენ მიქსერმა.

ევროპარლამენტარების ნაწილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და უკრაინაზე ერთ კონტექსტში ისაუბრა და ამით სანქციების დაწესების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპულ საბჭოს თამაზ გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზა, მათ შორის გამოთქვა აზრი, მათი გვარები მომდევნო სანქციების პაკეტს დაემატოს.

მარკეტა გრეგოროვა, ევროპარლამენტარი, პოლიტიკური ჯგუფი "ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი"
მარკეტა გრეგოროვა, ევროპარლამენტარი, პოლიტიკური ჯგუფი "ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი"

“მე არ ვასხვავებ ერთ უდანაშაულო სიცოცხლეს ათასობით უდანაშაულო სიცოცხლისგან. თითოეულ ასეთ შემთხვევაზე თანაბრად ძლიერი რეაქცია უნდა გვქონდეს. როდესაც რუსეთის ჯარებმა დაუწყეს სროლა ჩვენს უკრაინელ მეზობლებს, ჩვენ სასწრაფოდ მოვახდინეთ რეაგირება და დავაწესეთ სანქციები. ჩვენს მეზობლად არის კიდევ ერთი ოკუპირებული ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დახოცეს და გაიტაცეს. საქართველო შორსაა? - დიახ. ამას აქვს მნიშვნელობა? - არა. პირველ რიგში, მოვუწოდებ ევროპულ საბჭოს, დაამატოს მომდევნო სანქციების პაკეტს ან შეიმუშაოს ახალი მათ შესახებ, ვინც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის მკვლელობაზე და საქართველოს მოქალაქეების ტანჯვაზე. კრემლს სურს აცხოვროს ისინი შიშში, რათა საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვიოს. მივცეთ მათ გამბედაობა და ნებისყოფა”, - თქვა მარკეტა გრეგოროვამ.

ევროპარლამენტის სასესიო დარბაზში სიტყვით თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტის ყველა თანაავტორი გამოვიდა. მათ რეზოლუციის მნიშვნელობასა და შინაარსზე გაამახვილეს ყურადღება; კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და მკაცრად დაგმეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოქალაქეების მკვლელობა, წამება, გატაცება და უფლებების მასობრივი რღვევა.

მირიამ ლექსმანი, ევროპარლამენტარი, პოლიტიკური ჯგუფი "ევროპის სახალხო პარტია"
მირიამ ლექსმანი, ევროპარლამენტარი, პოლიტიკური ჯგუფი "ევროპის სახალხო პარტია"

“ეს მტკიცე ტექსტი არის დადასტურება, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, იცავს ადამიანის უფლებებს. სრულიად ვგმობ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას, ეს ფაქტი, ისევე როგორც ყველა სხვა მკვლელობის, გატაცების, უკანონო დაკავებისა და წამების შემთხვევა, რუსული საოკუპაციო ძალების პირდაპირი პასუხისმგებლობაა. ეს არ მოხდებოდა, რომ არა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა გასამართლეს, მათ შორის, უნდა დაუწესდეთ მიზანმიმართული სანქციები, ამას გარდა, რუსეთმა უნდა დაინახოს თავისი უკანონო ოკუპაცია. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ, მხარს ვუჭერთ ამ ადამიანების ევროპულ მისწრაფებას და ვგმობთ რუსეთისა და მისი მარიონეტების ყველა მცდელობას, გამოუთხარონ ძირი ამ მიზნებს”, - თქვა მირიან ლექსმანმა.

ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირის ინსტიტუტების როლზე, მხარი დაუჭირონ და წაახალისონ საქართველოს მოქალაქეების ეს მიზანი, რომლის განადგურებასაც რუსეთი ცდილობს. მოთხოვნები, რომლებიც ევროპარლამენტარებმა სიტყვით გამოსვლისას წამოაყენეს, უკვე ასახულია რეზოლუციის პროექტში. დოკუმენტს კენჭს 23 ნოემბერს უყრიან.

რა წერია რეზოლუციაში

რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, მოითხოვენ საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას. კიდევ ერთხელ გამოხატავენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროპულ საბჭოს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გათვალისწინებით და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებელი.

რეზოლუციის ტექსტით, დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.

დოკუმენტის შინაარსი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტკიცებლად ევროპარლამენტს წარუდგინა. ეს პოლიტიკური ჯგუფები არიან:

  • "ევროპის სახალხო პარტია";
  • "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი";
  • "რეფორმების ჯგუფი";
  • "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები";
  • "ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი".

კენჭისყრამდე ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატები. საერთო ტექსტის შემუშავებამდე, ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე თამაზ გინტურის შესახებ 5 სხვადასხვა რეზოლუციის პროექტები იყო ატვირთული.

თამაზ გინტურის მკვლელობა

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

9 ნოემბერს, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებამდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გამოაქვეყნა ლევან დოთიაშვილის ჩვენების ვიდეო, რომელშიც ის ჰყვებოდა ტაძართან მისვლასა და კარის გაღებაზე, თუმცა თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ საუბარი არ ყოფილა.

7 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტელევიზიამ გაავრცელა, სავარაუდოდ, მოკლული თამაზ გინტურის ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები.

კადრებში, რომელთა გადაღების თარიღი უცნობია, ჩანდა, როგორ აღებდნენ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშის კარს, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ იყო ჩაკეტილი. ვიდეოში ასევე ჩანდა, როგორ ამტვრევდა ლევან დოთიაშვილი კარს და როგორ შედიოდნენ ეკლესიაში თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი.

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტისა და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ადგილი ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ "ცხელი ხაზის" მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.

XS
SM
MD
LG