სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჩემი ხმის“ წევრი გიორგი მშვენიერაძე ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბების მიზნით, სხვადასხვა დროს საარჩევნო კოდექსში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომლებმაც მმართველ პარტიას არჩევნების დღეს, უბანზე მყოფი კომისიის წევრების მოსყიდვა და კონტროლი გაუადვილა.
ამ მოსაზრებას იზიარებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ის წევრებიც, რომლებიც ამ თანამდებობებზე პოლიტიკური ნიშნით მოხვდნენ. ყველა ცვლილებამ, რომლებზეც ამ სტატიაში ვწერთ, მათ თვალწინ ან „მათზე“ გადაიარა.
ცესკოსთვის ეს დაშვებები „შეთქმულების თეორიებია“. ბოლო სამ წელიწადში მიღებული გადაწყვეტილებების ქრონოლოგიურად დალაგება, სულ მცირე, იმას აჩვენებს, როგორც ჩამოაცილა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელ მთავარ უწყებას „ზედმეტი თვალი“.
ბოლო სამ წელიწადში, შარლ მიშელის შეთანხმების გაფორმებიდან (19 აპრილი 2021 წელი) დღემდე, საარჩევნო კოდექსი 20-ჯერ შესწორდა. ყველაზე ბოლოს, 2024 წლის მარტში, ცესკოში გადაწყვეტილების მიღების წესი შეიცვალა.
2021 წელს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების შემუშავებულია, რომელსაც იმ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია უმეტესად იწონებდნენ.
ცვლილება 1 - გადაწყვეტილებები ოპოზიციის გარეშე
2024 წლის მარტში მიღებული ცვლილებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შესაძლებლობა მიეცა, დადგენილებები და საკადრო გადაწყვეტილებები კომისიის წევრთა უბრალო უმრავლესობით - 9 ხმით, ანუ ოპოზიციის ხმების გარეშე მიეღო. ცვლილებამდე ამისათვის კომისიის წევრთა ხმების ⅔ ანუ 12 ხმა იყო საჭირო.
2021 წლის ივნისში მიღებული საარჩევნო ცვლილებებით, ცესკოს წევრთა რაოდენობა 11-დან 17-მდე გაიზარდა. მათგან 8 - პარლამენტის არჩეული პროფესიონალია, დანარჩენი ცხრა კი პარტიული კვოტითაა დანიშნული. ეს მოდელი 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების (ცნობილი, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტი) მონაპოვარია.
8 არჩეულ წევრს დამატებული „ქართული ოცნება“, ჯამში, ზუსტად 9 ხმაა. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად გაუარესდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობის ხარისხი.
კენჭისყრის წესი ასე ჩამოყალიბდა: თუ დადგენილება ცესკოს 12 წევრის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მას კენჭს ხელმეორედ უყრიან. მეორე ჯერზე, უკვე 9 ხმა იქნება საკმარისი.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკოში წარმომადგენლის ყოლის უფლება აქვს ყველა იმ პარტიას, რომელმაც არჩევნებზე მხარდაჭერის 1%-იანი ზღვარი გადალახა. 2020 წლის არჩევნების შემდეგ ასეთი 9 პარტია იყო: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი, ლელო, ევროპული საქართველო, ევროპელი სოციალისტები, მოქალაქეები, ევროპელი დემოკრატები.
„ევროპელმა სოციალისტებმა“ ადგილი ცესკოში „ქართული ოცნების“ დახმარებით მოიპოვეს, მას შემდეგ, რაც 2021 წელს, მმართველმა პარტიამ საარჩევნო კოდექსი მათ სასარგებლოდ შეცვალა.
კოდექსში სპეციალური ჩანაწერის მიხედვით, პარტია საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლებას კარგავს, თუ მის მიერ გაყვანილი ყველა პარლამენტარი ამ პარტიას დატოვებს და სხვაგან გაწევრიანდება. ცესკოში თავისი წარმომადგენლის დანიშვნის უფლება ახალ პარტიას გადაეცემა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაძლია. ვეტოდაძლეულ „საარჩევნო კოდექსს“ პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა ხელი.
„ცესკოს დადგენილებებით მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხები რეგულირდება, მათ შორის, კენჭისყრის დღის პროცედურები, გადასატანი ყუთის მიტანის საკითხები, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, სპეციალური სიების შედგენისა და დაშვების საკითხები. ასეთ ნორმატიულ აქტებს მაღალი კვორუმი და ოპოზიციის რაღაც ნაწილის მხარდაჭერა სჭირდება. ახლა ეს ბარიერიც არ არსებობს და, შესაბამისად, ნებისმიერ გადაწყვეტილებას ცესკოში იღებენ 9 ხმით, რომელიც ისედაც ჰქონდათ და ახლაც აქვთ“, - ამბობს გიორგი სიორიძე, ცესკოს წევრი პარტია „ლელოდან“, რომელსაც ცესკოში ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა გაუუქმეს. ამაზე ქვევით დავწერთ ვრცლად.
ცვლილება 2 - საუბნო კომისიის წევრების ფუნქციები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ირკვევა
გადაწყვეტილებების მიღების წესის გამარტივების შემდეგ, ცესკომ „საკანონმდებლო მაცნეში“ სულ 13 დადგენილება გამოაქვეყნა. ერთ-ერთ დადგენილებაში, რომელიც 2024 წლის 16 აგვისტოთია დათარიღებული, წერია, რომ საუბნო კომისიის წევრების უფლებამოსილებები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე განისაზღვრება. აქამდე, ფუნქციები არჩევნების დღესვე, უბნის გახსნამდე 15 წუთით ადრე, კენჭისყრით ნაწილდებოდა ხოლმე.
დადგენილებამ პირველ ჯერზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების 2/3-ის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. გადაწყვეტილების მიღების ახალი წესით, ცესკომ შეძლო, საკითხი ხელმეორედ დაეყენებინა კენჭისყრაზე და გადაწყვეტილება უბრალოდ უმრავლესობით - 9 ხმით მიიღო.
ცესკოს ეს სამართლებრივი დოკუმენტი პარტია „ლელომ“ სასამართლოში გაასაჩივრა, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლო მეგობრის მოსაზრება დაურთო:
„ქართულ რეალობაში სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზებასთან დაკავშირებით არსებული ეჭვების პირობებში, კომისიის წევრთა ფუნქციების მინიმუმ შვიდი დღით ადრე გამოვლენა, აჩენს რისკებს, რომ შესაბამისი პოლიტიკური ინტერესის არსებობის შემთხვევაში, შერჩეული პირები აღმოჩნდნენ დაშინებისა და ზეწოლის მაღალი რისკის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრთა სრული შემადგენლობა საჯაროა, კონკრეტული ფუნქციების შესასრულებლად მათი წინსწრებით შერჩევა, შერჩეულ პირებს ამგვარი რისკის პირობებში აყენებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.
სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კენჭისყრის ერთი კვირით ადრე ჩატარების მიზეზი ელექტრონული ტექნოლოგიებია.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე ამბობს, რომ ერთდროულად, ელექტრონული მოწყობილობების საარჩევნო დღისთვის მომზადება და კომისიის წევრების ფუნქციების განაწილება, უბნის გახსნამდე 15 წუთით ადრე, დროში ვერ ესწრებოდა, დანარჩენი - „შეთქმულების თეორიაა“.
გიორგი შარაბიძე, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე:
„დიდად ვერ ვხვდები, რა განსხვავება შეიძლება ყოფილიყო, წინა დღეს განაწილდებოდა ფუნქციები, ორი დღით ადრე თუ ერთი კვირით. ვინმეს თუ შეთქმულების თეორიების სჯერა, რომ მათზე გავლენის მოხდენა უნდოდათ, არ ვიცი. კომისიის წევრების ვინაობა დანიშვნისთანავეა ცნობილი. ისიც ცნობილია, რომ რაღაც ფუნქცია ვიღაცას შეხვდება. შეთქმულების თეორია და ეჭვი ისეთი რამეა, ამით თუ დაავადდი, რაციონალურზე ფიქრი ძნელია.
რ.თ. გლობალური ომის პარტიის შეთქმულების თეორიის მსგავსია?
- ორი უკიდურესობაა.
და მაინც, რა ფუნქციები ნაწილდება კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე? - ამ კითხვაზე პასუხის გასაგებად საჭიროა ვიცოდეთ საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა და, ამასთან, გავიხსენოთ ცვლილებები, რომელმაც ცესკოში გადაწყვეტილებების მიღების ვერტიკალი დროთა განმავლობაში შეცვალა.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება:
- ცესკოსა და მისი აპარატისგან;
- უსკოსა და მისი აპარატისგან;
- საოლქო საარჩევნო კომისიებისგან;
- საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს. ცესკო შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან. მათ შორის არიან ცესკოს თავმჯდომარე, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და ცესკოს მდივანი.
ცვლილება 3 - გაუქმდა ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა
ცესკოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ოპოზიციის დანიშნული იყო იქამდე, სანამ 2024 წლის თებერვალში საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილება არ შევიდა. საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა გააუქმა, რომელსაც „ლელოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე იკავებდა. ეს თანამდებობა „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს შემოიღო.
ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის გაუქმებასთან ერთად, შეიცვალა ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესიც. ბოლო სამ წელიწადში გიორგი კალანდარიშვილს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე 4-ჯერ უყარეს კენჭი, მის დასანიშნად ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევი წესი ოთხჯერ შეცვალეს. პრეზიდენტმა კი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო ოთხჯერ დაადო.
საბოლოოდ, გიორგი კალანდარიშვილი 2024 წლის 30 აპრილს აირჩიეს თავმჯდომარედ, მაღალი ლეგიტიმაციით მაინც ვერ - 85 ხმით 16-ის წინააღმდეგ, უფლებამოსილების 5-წლიანი ვადით. წარდგენილ კანდიდატურებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრების გარდა, „გირჩისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ მხარდაჭერაც ჰქონდათ.
კალანდარიშვილთან ერთად, ამავე ვადით ცესკოს სამი წევრი - მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი დაამტკიცეს. არჩეული სამი წევრიდან ერთმა - გიორგი შარაბიძემ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
ცვლილება 4 - რეგისტრატორი ოპოზიციის წარმომადგენელი ვეღარ იქნება
საოლქო საარჩევნო კომისია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც საუბნო კომისიებს მართავს და აკონტროლებს. საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 76 საოლქო საარჩევნო კომისია, რომელიც 17 წევრისგან შედგება, 8 - პარლამენტის მიერ არჩეული პროფესიული კადრია, დანარჩენი ცხრა კი პარტიული კვოტითაა დანიშნული. ანალოგიურადაა დაკომპლექტებული საუბნო საარჩევნო კომისიაც.
ცესკოს მსგავსად, საოლქო და საარჩევნო კომისიებს თავმჯდომარე, ორი მოადგილე და მდივანი ჰყავთ. ოლქის თავმჯდომარეები, მოადგილეებსა და მდივანთან ერთად ცესკომ შეარჩია, უბნის იგივე თანამდებობები კი ოლქმა დააკომპლექტა.
„ოლქი ისე უნდა ყოფილიყო დაკომპლექტებული, რომ უბნების დაკომპლექტება შემდეგ პრობლემა არ გამხდარიყო. აარჩიეს ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებდნენ. მთავარია პრინციპი - წამოვიდა დავალება, სამივე რგოლი გაიარა და შესრულდა“, - ამბობს ცესკოს ოპოზიციონერი წევრი ანა კობახიძე და ამტკიცებს, რომ ცესკომ ოლქები და შემდეგ უბნები, „ქართული ოცნებისთვის“ სანდო პირებით დააკომპლექტა:
„ამ სქემით ცენტრალიზებულად კონტროლდება ადმინისტრაციის სამივე რგოლი. ამ სისტემაში გამორიცხულია, ვინმე პროფესიონალიზმით მოხვდეს. მისი ნაწილი უნდა იყო და თან ბოლომდე უნდა გენდობოდნენ, მინიმუმ უბნის წევრად რომ შეგარჩიონ. კლანური სისტემაა. ამაში მონაწილეობს სუსი. კომისიები შეარჩევენ და სუსმა უნდა დაუდასტუროს, რომ ისინი მათთვის სანდო ადამიანები არიან”.
ბრალდებებს უარყოფენ ცესკოში და არგუმენტად საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესი მოჰყავთ, რომელიც 2021 წელს შემოიღეს. ამ წესით, ცესკოს მოხელე კვალიფიკაციის დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარებამდე ვერ გახდები.
პარტიამ „საქართველოსთვის“ არჩევნებამდე რამდენიმე ბრიფინგი გამართა და კომისიების პარტიული ნიშნით დაკომპლექტების მტკიცებულებები წარადგინა. მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საოლქო და საუბნო კომისიებში წევრებად დანიშნულები არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები, მათი ნაწილი პარალელურად საჯარო სამსახურშიც მუშაობს. მაგალითად, მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსი, ნინო ბერიძე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა, მისი შვილი და რძალი - მარნეულის მერიისა და საკრებულოს წევრები - ერთსა და იმავე საუბნო საარჩევნო კომისიაშიც აირჩიეს.
საუბნო კომისიის თითოეული წევრის როლი საარჩევნო დღეს უმნიშვნელოვანესია და იმის მიხედვით, რა ფუნქციას ასრულებენ ისინი, ეს მნიშვნელობა იზრდება ან იკლებს. გაყალბების თავიდან ასაცილებლად უბანზე მთავარ როლს ნაკადის მომწესრიგებლები, რეგისტრატორები და დამკვირვებლები ასრულებენ.
რეგისტრატორის პასუხისმგებლობაა შეამოწმოს, არის თუ არა ნამდვილად ამ უბანზე რეგისტრირებული პირი, რომელიც არჩევნებზე მივიდა და შეესაბამება თუ არა მისი გამოსახულება პასპორტზე ან პირადობაზე გამოსახულს. ნაკადის მომწესრიგებელი პასუხისმგებელია, უბანზე არ მოხვდეს ის, ვინც ხმა უკვე მისცა, ეს კი მარკირების შემოწმებით უნდა დაადგინოს.
გიორგი მშვენიერაძის გაყალბების სქემა დგას ვარაუდზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები იმ ამომრჩევლების ბაზის შეგროვებით გააყალბა, რომლებიც არჩევნებზე სხვადასხვა მიზეზით არ მიდიოდნენ, ოპოზიციურად განწყობილებს პირადობები ჩამოართვა და მოსყიდვის გზით აიძულა, არ წასულიყვნენ არჩევნებზე. მათ ნაცვლად უბნებზე ხმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მისცეს. ამას დაემატა ამომრჩევლის ნების ირიბი კონტროლი, ხმის ფარულობის დარღვევა, აგიტაცია საარჩევნო უბნებთან, მოსყიდვა და დაშინება.
2021 წელს საარჩევნო კოდექსში შესულმა ერთ-ერთმა ცვლილებამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს რეგისტრატორების კენჭისყრაში მონაწილეობა აუკრძალა და დაადგინა, რომ რეგისტრატორი მხოლოდ და მხოლოდ ოლქის მიერ დანიშნული წევრი შეიძლება ყოფილიყო. გიორგი მშვენიერაძე დარწმუნებულია, რომ ეს ცვლილება გაყალბების სქემის ნაწილია.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, ოპოზიციისთვის რეგისტრატორად ყოფნის შესაძლებლობის წართმევა, მათ „არაპროფესიონალიზმს და საარჩევნო პროცესის ჩიხში შეყვანის საფრთხეებს უკავშირდებოდა“.
„2016-2020 და 2024 წლის არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები უარს ამბობდნენ და ამბობენ ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე. ისინი ძალიან ხშირად მისდევენ პარტიულ დღის წესრიგს. ცვლილებების მიზანი ამომრჩევლისთვის სერვისის მიწოდების პროცესი შეუფერხებლობა იყო. პარტიული წევრები არ ესწრებიან ტრენინგებს, სადაც თავისი უფლებამოვალეობები უნდა ისწავლონ, ვინც ესწრება, შეიძლება გამოცვალონ არჩევნების წინ. შედეგად, არჩევნების დღეს ჩვენ შეიძლება მიგვეღო საუბნო კომისიის წევრები, რომლებიც არ არის მზად განახორციელონ უფლება-მოვალეობები“, - ამბობს გიორგი შარაბიძე რადიო თავისუფლებასთან და გვიგზავნის ტრენინგებზე დასწრების მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, კომისიის ოპოზიციონერი წევრების დასწრების სტატისტიკა საშუალოდ 25%-ია.
არჩევნებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ვინ არის საუბნო კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი და რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი. გასარკვევია - ვინ იდგება კარში, ანუ ვინ შეამოწმებს მარკირებას.
აქ ვუბრუნდებით იმ დადგენილებას, რომელზე საუბარიც დავიწყეთ და რომლითაც დარჩენილი ფუნქციები, მათ შორის გადასატან ყუთზე პასუხისმგებელი პირი, არა კენჭისყრის დღეს, არამედ კენჭისყრამდე ერთი კვირით ადრე გამოვლინდა.
„იცით, მმართველი პარტია როგორ ემზადება? კომისიის წევრების სურვილები-ცხოვრება ზეპირად იციან, შემდეგ ახარისხებენ მისიანი/სხვისიანი, ამისთვის ხომ დრო სჭირდებათ. 8 დღე იყო მათთვის საუკეთესო დრო, დაელაგებინათ, სად შეექმნებოდათ პრობლემა, რომ შესაბამისი დავალება მიეცათ. მაგალითად, თუ ყუთთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერი არ დგას, შემდეგ უკვე დამკვირვებლებს ავალებენ, რომ მიხედონ უბანზე მათთვის არასანდო პირებს“, - ამბობს ანა კობახიძე.
საიას თავმჯდომარე ამბობს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს კენჭისყრის პროცედურის დაკვირვების საშუალება არ მიეცათ.
„წინა დღით ღამის რვა საათის შემდეგ გვაცნობეს, რომ კენჭისყრა უბნებზე შუადღის 12 საათზე გაიმართებოდა. ასეთ ვითარებაში შეუძლებელი იყო, პროცესს სრულყოფილად დაკვირვებოდი, მაგრამ შევძელით და 20-მდე უბანს დავაკვირდით, დაახლოებით 30%-ში წილისყრის პროცესი იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე დაანონსებული იყო, ფაქტობრივად, დამკვირვებლის გარეშე ჩაიარა წილისყრის განაწილების პროცესმა“, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
არჩევნების ტოტალური გაყალბების არგუმენტით, 200-ზე მეტი უბნის ბათილად ცნობას მოითხოვს სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჩემი ხმა“, რაც ჯამში 400 000-ზე მეტ ამომრჩეველს ეხება. საჩივრები დაწერეს სხვა არასამთავრობოებმაც და პოლიტიკოსებმაც, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ რეგისტრატორებისა და ნაკადის მომწესრიგებლის მიერ საარჩევნო წესების დარღვევაზე მიუთითებს. ხმის ფარულობის დარღვევის მოტივით შედეგების ბათილობას მოითხოვს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ამ საჩივრებმა უნდა დაამტკიცოს, იყო თუ არა ცესკო არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი არბიტრი.