“შაურიანი წიგნები”, რომლებიც ბევრად პოპულარული იყო ხალხში, ვიდრე XIX საუკუნეში ქართული საზოგადოების პროგრესული ნაწილის მიერ დაფასებული მწერლების ნაწარმოებები, მართლა ერთი შაური (5 კაპიკი) ღირდა. ამ წიგნებს თავიდან სწორედ ფასის გამო ეწოდათ „შაურიანი“ და ეს სახელდება არანაირად არ შეიცავდა ნეგატიურ შინაარსს, თუმცა სულ მალე „შაურიანი წიგნი“ იქცა იაფფასიანი ქალაქური პოეზიისა და მდარე ლიტერატურის სინონიმად, დაახლოებით, ასეთის:
„ახ, ქალებო, დაგწყევლოთ, ღმერთთან გახდით კრულია,
ჩემი ჯიბის ბარაქა თქვენგან დაკარგულია,
სუყველაფრით კარგი ხართ, არა გაქვთ რა წუნია,
უფულოდ არ მეძახით, დამიჩაგრეთ გულია...“ და ა.შ.
(„ახალი სიზმარი“. დიმიტრი ნადიროვი. 1880 წ.)
ან კიდევ:
„მისთვის მიყვარს ქვრივი მე,
ყოფა-ქცევით ზრდილია,
ჩემი დარდი მას ესმის,
რადგან გამოცდილია;
თვალზედა, ლალზედა,
შენ კარგი ხარ ქალზედა!“ და ა.შ.
(გიორგი სკანდარნოვა. „სალხინო საზანდარი“. 1912 წ)
შაურიანი ისტორიის დასაწყისი
„შაურიანი ლიტერატურა“ თავიდან ეწოდებოდა მოსახლეობის ფართო ფენებისათვის სპეციალურად დაბეჭდილ იაფ წიგნაკებს, რომელთა მასობრივ გამოცემასაც XIX საუკუნის ე.წ. ქართული ინტელიგენცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან მოსახლეობის ფართო ფენებში განათლების შეტანის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა. ამასთან, როგორც გიორგი შაყულაშვილი (ავტორი წიგნისა „ძველი თბილისის პოეზიის ისტორიიდან“) შენიშნავს, „ცდილობდნენ, გამოსაცემად გამიზნული მასალა იდეურად და თემატურად გულდასმით ყოფილიყო შერჩეული, რათა არაკვალიფიციური მკითხველისთვის მიწოდებულ ლიტერატურაში დაცული ყოფილიყო განმანათლებლური მოძღვრების აღმზრდელობითი პრინციპი“.
„შაურიანი წიგნების“ გამოცემის მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამ საქმეში დიდი ენთუზიაზმით იყო ჩაბმული ცნობილი მეწარმე და მეცენატი სტეფანე ზუბალაშვილი, რომლის დასაფლავების დღეს წარმოთქმულ სიტყვაში ივანე როსტომაშვილმა შენიშნა:
„მას სავსებით ჰქონდა შეგნებული – რა არის სახალხო წიგნი, რა არის ჭკვიანურად დაწერილი შაურიანი წიგნაკი, რომელიც ორი და სამი ათასობით იფინება ხალხში და დღეს-ხვალიობით აწვეთებს მის გულში საუკეთესო ცოდნასა და იდეალებსა... დიახ, შეგნებული ჰქონდა ყველა ეს და აკი სრულიად მოულოდნელად აამდინარა კიდეც ჩვენში სახალხო იაფ-ფასიანი წიგნების გამოცემის საქმე...“.
„შაურიანი წიგნების“ გამოცემის სათავეებთან იდგა ცნობილი პედაგოგი და პუბლიცისტი პეტრე უმიკაშვილი, რომელიც გამოსაცემი ტექსტების შერჩევისას სწორედაც რომ „ლიტერატურის აღმზრდელობითი პრინციპით“ ხელმძღვანელობდა. პეტრე უმიკაშვილმა „სახალხო გაზეთის“ რედაქტორობისას სტეფანე ზარაფოვისა და არსენ კალანდაძის სტამბებში დაბეჭდა „სიბრძნე სიცრუისას იგავ-არაკები“, ბროშურა ყვავილის აცრაზე, „დედანი ქართულის წერისა“, „არსენას ლექსი“, „ბეჟანიანი“, „ალექსიანი“, „ქალვაჟიანი“, „ვარდბულბულიანი“...
„უკეთესი იქნებოდა, რა საკვირველია, მომეტებულ შინაარსიან თხზულებათა გამოცემა, მაგრამ მრავალი რამ დაბრკოლება დღევანდლამდე არ აგვიშორებია: მომზადება, ცოდნა და ძალა მწერლებისა, ცოდნა ხალხის გემოვნებისა, ნივთიერი ხელმოკლეობა...“, - წერდა წლების შემდეგ პეტრე უმიკაშვილი თავის ავტობიოგრაფიაში. - „მე მიხაროდა, რომ დაიძრა სურვილი წიგნაკების გამოცემის და ხალხში ყიდვის, ე.ი. კითხვის ხალისი, მე მკიცხავდნენ... მაგრამ ჩემი პასუხი ეს იყო: დეე, დაიძრას ეს ნაკადული. ახლად მოვარდნილი წყალი ბევრს ნაგავს მოიტანს, მაგრამ მერე დაწდება და წმინდა სასმელ-საზრდოსაც მოგვცემს“.
პეტრე უმიკაშვილის მოლოდინი არ გამართლდა: ახლად მოვარდნილი წყალი არ დაწდა, უფრო პირიქით...
გაზეთ „ივერიის“ რედაქტორის და ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ფილიპე გოგიჩაიშვილის, თქმით, რადგანაც წიგნაკებს ხალხში გასავალი ჰქონდა, ამ გამოცემას ხელი მიჰყვეს სხვა გამომცემლობებმაც:
„თანაც დაიწყეს ფასის მომატება - 2 შაურს ადებდნენ, რასაც ძალიან განიცდიდა პეტრე უმიკაშვილი და ერთხელაც წერილობითი პირობა დაადებინა კალანდაძეს, ახპატელოვს, მდივანოვსაც, რომ წიგნაკები შაურზე ძვირად არ გაეყიდათ“.
თუმცა წიგნაკების გაზრდილი ფასი პრობლემის მხოლოდ ნახევარი იყო. შეიცვალნენ „შაურიანი წიგნების“ როგორც გამომცემლები, ასევე ავტორები და, რაც მთავარია, შეიცვალა შინაარსი, თემატიკა...
წერა-კითხვა ერთ შაურად
ფილიპე გოგიჩაიშვილი იმასაც შენიშნავდა, რომ „შაურიანი წიგნაკების“ საშუალებით „ჩვენში მრავალთმრავალმა ისწავლა იმ დროში წერა-კითხვაო“.
არადა, წერა-კითხვის უცოდინრობა XIX საუკუნის საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა იყო. მიუხედავად იმისა, რომ 1879 წლიდან მოქმედებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, XX საუკუნის დადგომისას საქართველოში, ამ მხრივ, მაინც სავალალო მდგომარეობა იყო.
„XIX საუკუნის მიწურულში 9-49 წლის მოსახლეობიდან მთელი რუსეთის იმპერიაში წერა-კითხვის მცოდნეებზე მოდიოდა 28,4 %. ანალოგიური მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იყო საქართველოში, სადაც 1897 წელს წერა-კითხვის მცოდნეები შეადგენდნენ 23,6 %-ს. განსაკთრებით მაღალი იყო წერა-კითხვის უცოდინართა ხვედრითი წონა სოფლის მოსახლეობაში - 84,4 %“, - ვკითხულობთ ვახტანგ ჯაოშვილის 1984 წელს გამოცემულ ნაშრომში „საქართველოს მოსახლეობა XVIII-XIX საუკუნეებში“.
“შაურიანი წიგნების“ წყალობით კი ხალხში გაიღვიძა „წიგნის ცოდნის“ სურვილმა. იოსებ გრიშაშვილის თქმით, ტფილისის დაბალი მოსახლეობა ხარბად ეტანებოდა ამგვარ გამოცემებს:
„ზოგი წიგნი მეოცე და მეორმოცე გამოცემადაც გამოდიოდა და ათი ათასობით ვრცელდებოდა მდაბიო ხალხში. ...ეს წიგნები სრულიად შეუგნებლად პირველდაწყებითი ანბანის მოვალეობას ასრულებდნენ და თვით ავტორებიც მდაბიო ხალხისათვის, ასე თუ ისე, პატარა გოგებაშვილებად გახდნენ...“
მეტად საგულისხმო იყო ის, რომ ამ „შაურიან წიგნაკებს“ პირველ გვერდზე ხშირად შესავლის ნაცვლად დართული ჰქონდა ანბანი.
იოსებ გრიშაშვილი შინაარსგამოცვლილ „შაურიან წიგნებზე“ ლაპარაკობს, მდაბიური ენით დაწერილ ქალაქურ პოეზიაზე, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ წიგნაკების ამგვარმა გამოცვლამ კითხვის სურვილი კი არ შეანელა, პირიქით, გაზარდაო:
„ეს წიგნები, რომლებშიაც მდაბიურად და ხალისიანად იყო აღწერილი ბაზრის ყოველივე ღირსშესანიშნავი მომენტი, ხელიდან ხელში გადადიოდა და ქალაქის ღარიბი მოსახლეობა ძალაუნებურად თვითგანვითარებას ეწაფებოდა“.
იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში არაერთი „შაურიანი წიგნია“ დაცული, მათ შორისაა გრ. ჩარკვიანის სტამბაში დაბეჭდილი „ყასაბი მიხუას დახრჩობა მტკვარში“:
„ბატკნებისა საყიდვლათ
ავლაბარში წახვედი,
გრძელი გზა რომ მოგეჭრა,
მტკვარზედ ბორნით გახვედი…
უცბათ, მოულოდნელათ,
წყლისკენ გადაიხარე,
გადავარდი, და თუმცა
ბევრი ძალა იხმარე,
მაგრამ მაინც ვერა გზით,
ბორანს ხელი ვერ ჰკიდე
და ძაფი სიცოცხლისა
სამუდამოდ იწყვიტე.
თუმც ყვიროდი! მიშველეთ!
ვინა ხართ ქრისტიანი,
მაგრამ ამ შენს ძახილზე,
არვინ გაჩნდა ღვთიანი!“
როგორც ჩანს, იოსებ გრიშაშვილიც ჩართული იყო „შაურიანი წიგნების“ გამოცემაში, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, წიგნებს თავის გვარს არ აწერდა, ამისთვის, როგორც თვითონ შენიშნავს ჩანაწერებში, ჰქონდა რამდენიმე „სახალტურო ფსევდონიმი“, მათ შორის „ხვლიკი“, „შანტაკლერი“ და სხვ. გრიშაშვილის ბიბლიოთეკაში ნახავთ ასეთი წიგნს: „არ შეგცივდეს ბარაშკაჯან!“ სხვადასხვა სახუმარო სიმღერები შეკრებ. „ხვლიკისა“. ტფ., 1909. წიგნის ყდაზე ხაზგასმულია „ხვლიკი“ და წერია: „ჩემი ფსევდონიმი სახალტუროდ. ი. გრ.“
„ცრუ პოეტების წიგნაკები“
“შაურიან წიგნებს“ ავტორიც ბევრი ჰყავდა, გამომცემელიც და მკითხველიც: „ჯიბგირი ვარ“, „კინტოს გოდება“, „ქვრივი რით სჯობს ქალწულსა“, „ორთაჭალაში ლოთების ქეიფი“, „არ შეგცივდეს ბარაშკაჯან“, „საარშიყო სარკე“, „მსუნაგი კაცის ცხოვრება“ და ასე შემდეგ. - ეს წიგნები ხელიდან ხელში გადადიოდა, თუმცა ყველაზე პოპულარული წიგნების ავტორები გივიშვილი და სკანდარნოვა იყვნენ. გრიშაშვილის თქმით, ეს ორი მგოსანი ქალაქის დაბალ მოსახლეობაში ისეთივე პოპულარობით სარგებლობდა, როგორც ზედა ფენებში - ილია და აკაკი, თუმცა „მოწინავე ინტელიგენცია“ და ქართული პრესა („ცნობის ფურცელი“, „ივერია“, დროება“) შაურიანი წიგნების ავტორებს ერთმანეთისგან არ არჩევდა და ყველას ერთნაირად ჰკიცხავდა.
„თვე არ გავა, რომ ჩაქუჩ-ოღლანებმა, რიჟა-ოღლანებმა და სხვა ამგვარმა ოღლანებმა თავის პოეტური ნიჭის ნაწარმოები ერთი წიგნი მაინც არ გამოსცენ... სწორეთ გააჭირეს საქმე; უბედურება ეს არის, რომ ჩნდებიან ისეთი პირები, რომელთაც ორი შაური არ ეშურებათ და იმათ უმსგავსო წიგნებს ჰყიდულობენ. როგორ არა ვთქვათ ერთხელ კიდევა, რომ ეს გარემოება იმას ამტკიცებს, რომ ხალხში კითხვის სურვილი არსებობს და როდესაც ხეირიან წიგნებს ვერ აძლევს ჩვენი ლიტერატურა, ძალა-უნებურად რაც მოხვდებათ ხელში, იმას ჰყიდულობენ. თუ არ გვინდა, რომ ამგვარის წიგნების წყალობით ხალხი გონებით გაირყვნას, უნდა ვეცადოთ, რომ იმის ტვინს უფრო რიგიანი და გონივრული საზრდო მივსცეთ...“, - წერდა 1878 წლის N124 „დროება“. რიჟა-ოღლანი დავით გივიშვილის ფსევდონიმია.
„ცნობის ფურცელი“, 1899 წ. N777, „ცრუ პოეტების წიგნაკები“: „ტფილისში ხშირად იბეჭდება ხოლმე პატარ-პატარა უხეირო ქართული სახალხო წიგნები, ნამეტურ ლექსები. ამ წიგნებს კაცი თვალით ვერსად ნახავს, რომ შეეძლოს მისი გაცნობა და რამის თქმა. ერთი სიტყვით, ეს წიგნები ჩვენის მწერლობის ასპარეზზე უჩინრად შთება, მას ჩვენი ინტელიგენციის ნაწილი სულ ვერ იცნობს. ამ წიგნაკებს ვიღაც მაწანწალა ბიჭები დაათრევენ აქა-იქ და უმეტეს ნაწილს წიგნებისას სახლში მოსამსახურე ბიჭებზე ავრცელებენ. საჭირო კია, რომ ასეთ წიგნებს ჩვენგან ყურადღება მიექცეს და ყოველ ასეთ პატარა წიგნების ცნობა აღინიშნოს გაზეთში“.
მაინც რას უწუნებდა ქართული საზოგადოების პროგრესული ნაწილი ძველი თბილისის პოეზიასა და მის ავტორებს?
გიორგი შაყულაშვილის თქმით, ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ ძველი თბილისის პოეზიის წარმომადგენლებისთვის საქართველოში მიმდინარე ნაციონალურ-განმათავისუფლებელი ბრძოლა და მისი ამსახველი ლიტერატურული საქმიანობა სრულიად შეუმჩნეველი იყო.
„შაურიან პოეზიაში“ აზრის სიღრმეს ვერ ხედავდა ილია ჭავჭავაძეც, ვახტანგ ორბელიანის დამოკიდებულება კი კარგად ჩანს ლექსში „პოეტს“, რომელიც ასე იწყება:
მე არ მიყვარს კილო მუხამბაზისა,
კინტოთ კილო, კილო შუა-ბაზრისა;
იმ კილოთი რა იმღერო, პოეტო,
თუ არ ღვინო, ტოლუბაში და კინტო,
მათ დუდუკი, დიპლიპიტო და ზურნა,
მათ უაზრო ლაზღანდრობა, ყიჟინა?
მე არ მიყვარს სურათები ამგვარი.
მუხამბაზით სხვას რას იტყვი, მითხარი?
ცხადია, „მუხამბაზში“ არ არის ეროვნულ-მოქალაქეობრივი პათოსით გაჟღენთილი იდეები და აშუღური პოეზიის ეს ფორმა ვერ მოდის ჰარმონიაში თერგდალეულთა განმანათლებლურ მსოფლმხედველობასთან.
თერგდალეულებისაგან განსხვავებით, ქალაქური პოეზიის ელემენტებს - ღვინოს, თრობას, პირადი სიამოვნების კულტის აპოლოგიას - დიდად სწყალობდა გრიგოლ ორბელიანი, რის გამოც მასაც მწვავედ აკრიტიკებდნენ და არ ინდობდნენ. აი, რას წერდა აკაკი წერეთელი უფროს კოლეგაზე:
„ლექსის წერას ისე უყურებდა, როგორც სახუმარო და სალაღობო რამეს, და მიტომაც მის ხანგრძლივ ცხოვრებაში რამდენიმე გულის საფხანი ლექსის მეტი არა დაუწერია რა! „ონიკოვის დარდები“, „ლოპიანას ვინაობა“ და „იარალის“ ქვეყნის ჭირ-ვარამი ეგონა. მისი ფიქრი ლხინი იყო!.. მისი უბედურება - ულხინობა... საქართველოს ჭირ-ვარამზე კი არ ჰფიქრობს, ლხინი აგონდება, ქეიფსა ჰნატრობს, შუბლის გამაგრილებელ კოჯრის ნიავს, ჯეირნის შუშხუნა მწვადსა და სადღეგრძელოებს“.
ცხადია, ყველა არ მტრობდა შაურიან ლიტერატურას. ბევრი მიიჩნევდა, რომ ამ ტიპის ტექსტებს სარგებლის მოტანა შეძლო, რადგანაც აღნიშნული გამოცემები გარკვეულ შუამავალ როლში გამოდიოდა უფრო სერიოზულსა და საჭირო ლიტერატურაზე გადასასვლელად, თუმცა, როგორც „შაურიანი ლიტერატურის“ ზომიერი კრიტიკოსი, პოეტი იოსებ დავითაშვილი ამბობდა, მხატვრული სიტყვა ფართო მოსახლეობას განათლებისკენ უნდა უბიძგებდეს და არა ორთაჭალის ბაღებისკენო!
„შაურის ბიბლიოთეკის“ ფასი
1880 წლის 28 ივნისს გაზეთმა „დროებამ“ სათაურით „შაურის ბიბლიოთეკა“ გამოაქვეყნა რეპორტაჟი ტფილისის ქუჩებიდან, სადაც ყოველ ნაბიჯზე იყიდებოდა „შაურიანი წიგნები“:
„საიქიოს ამბავი, საიქიოსი“ გაჰკივიან ბავშვები ბაღში, ბულვარზე, თამამშოვის ქარვასლასთან იღლიას ქვეშ წიგნებამოჩრილები და თუ ჰკითხეთ, ეგ რა წიგნია, ყურში წაგჩურჩულებენ: „ეს მირზოევის ამბავიაო“.
„კალიების ამბავი, კაცი კალიებისა“ გაიძახიან სხვები და გამვლელ-გამომვლელს აჩეჩებენ ხელში წიგნს, რომელზედაც მართლა პირველსავე გვერდზე კალია არის დახატული.
ხშირად ნახავთ აგრეთვე ჯგუფ-ჯგუფად მსხდომარეთ ბაღში ან ბულვარის სკამზედ ხუთს-ექვს კაცს; ერთი მათგანი ჩათვლით კითხულობს „მირზოევის ან კაცი კალიების ამბავს“ და სხვები გაფაციცებულნი უგდებენ ყურს... მეც მინდა გადათვალიერება ამ წიგნებისა: ვიყიდე შაურ-ორ შაურიანი თხზულებები „რიჟა-ოღლანისა“, „ჩაქუჩ-ოღლანისა“, „გივი-ოღლისა“ და სხვა და სხვა „ოღლებისა“, მაგრამ უნდა გაგიტყდეთ, ვერც ერთის ბოლომდის ჩაკითხვა ვერ შევიძელ, თუმცა ზოგს მათგანში ორი-სამი გვერდის მეტი არ არის.
რა არის მიზეზი ამ მოვლენისა, რომ ჩვენი ხალხი ასეთის ხალისით კითხულობს ყოველგვარს უმზგავსს ნაბღაჯნს ვიღაცა „ოღლებისას“, რომელნიც სწერენ კია, მაგრამ რასა სწერენ და რას არა, თვითონაც არ ესმით, ლექსების მაგიერათ უაზრო, ბოლო-მოკვეტილს სტრიქონებს ჯღაბნიან და ქართულ ენას ხან თათრულად, ხან სომხურად ამახინჯებენ! ...ჩვენს ხალხს კითხვა უყვარს, მაგრამ ამასთანავე სიღარიბეც აწუხებს. ორი აბაზის, ათი შაურის გამოღება რიგიანის წიგნის საყიდავათ მისთვის სამძიმოა; ჰხედავს, რომ შაურითაც იშოვის წიგნსა და ყიდულობს ამ შაურიანს; ღირსებას აღარ უკვირდება: წიგნი წიგნიაო ფიქრობს თავის გულში“.
ღირსებას არ უკვირდებიანო, წერს ავტორი, თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც ღირსება „შაურიან პოეზიასაც“ ჰქონდა, სხვა შემთხვევაში 1908 წელს ჭაბუკი გალაკტიონი არ შეადგენდა "ბაზრის წიგნების" ასეთ სიას:
1. ბაღდასაროვი კოლია. ტფ. 1908. 2. გვრიტი: ოსეფ-აღა და შანტაჟისტები - შედგენილი გვრიტისა, გამოცემა „ჩიტისა“. 3. გრიშაშვილი იოსებ „ზურნა“ და სხვა სახუმარო ლექსები, სიმღერები, მუხამბაზები და ორსულთა კასის პატრონების სიმღერა. გამოცემა ბ. არნაუტოვის მიერ, № №5. 4. აბდულა ზამბუზალ-ოღლის ლექსები და სიმღერები. 5. „კინტო-საქულას შიქასტა და ბაიათები“. სკანდაროვისა. 6. გეურქ ძამუკოვი „ლექსები თელავის კარებზედ“. 7. ახპატელოვი მიხეილ. საარშიყო თაიგული. ლექსები და მუხამბაზები. 8. ანეგდოტების კრებული თბილისელი „კინტოსი“.
9. ალექსანდრე შახბარათოვი. 10. ორთაჭალის თაიგული. სალხინო ლექსები. 11. „ჭირიმე“ სიმღერები. გამოცემა პირველი, არტო ხალატოვის გამოცემა.
გალაკტიონის თვალსაწიერში მოხვედრილი გეურქ ძამუკოვის კალამს ეკუთვნის „შაურიანი წიგნი“ სათაურით „ხმა ცხოვრებისა“, რომელშიც ვკითხულობთ:
„ზოგიერთი პოეტი
გაფუჭებულ ზნისაა;
მისი მიმდევრებიცა,
ვიტყვი, ნაკლებ ჭკვისაა.
აღმერთებენ ქალებსა,
აქებენ მათ თვალებსა,
ათასგვარად გვირყვნიან
ქალ-ვაჟთ მომავალებსა.
ლექსებს სწერენ ამ გვარებს,
ზნედაცემულს და მყრალებს,
და მათ თხელ ტვინს ჰგონია,
კეთილ საქმეს ამყარებს.
გეხვეწებით ძმურადა,
იგი დასთმეთ სრულადა,
ისეთი რამ დასწერეთ,
გამოგვადგეს რჯულათა.
რომ იცოდე, ძამია,
ეხლა იგი წამია;
არშიყული წიგნები
ბოროტი და შხამია“.
და მართლაც, „არშიყული წიგნები“ ნელ-ნელა შეცვალა მუშა-პოეტების სოციალური თემატიკით გაჟღენთილმა „პოეზიამ“, ისეთმა, როგორიც, მაგალითად, გამოსცა 1901 წელს მაქსიმე შარაძის სტამბამ დავით ვეძელის ლექსთა კრებულის სახით:
„შევერთდეთ, ძმანო, შევერთდეთ,
ხელი ხელს მივცეთ ძმურადა,
ჩაგრულის დროშა აღვმართოთ
გულსაფხან გასახურადა“ და ა.შ.
ცხადია, არც ეს „მუშური ლექსია“ მაღალი მხატვრული ღირებულების ნაწარმოები, მაგრამ, სპეციალისტების აზრით, ისიც და მთელი „შაურიანი პოეზია“ მაინც საჭიროებენ სათანადო შესწავლას.
ლიტერატურათმოცოდნე მიხეილ ზანდუკელის თქმით, "ლიტერატურის ისტორია პირველ რიგში თხოულობს, რომ ყველა მწერალი ერისა, დიდი თუ პატარა, აუცილებლად აღრიცხული და შესწავლილი უნდა იყოს. ლიტერატურის ისტორია, როგორც ზოგიერთი ლიტერატორი სამართლიანად ამბობს, მხოლოდ ლიტერატურის "გენერლების" ისტორია კი არ არის, არამედ ყველა ლიტერატორის – მწერლისა, ვინაიდან ყველა თავისებურად ავლენს ერის საზოგადოებრივი ცხოვრების დუღილს, მაჯისცემას, ერის გენიას, რის გაგება და დაჭერაც აუცილებელია“ (მ. ზანდუკელი. "ჩემი ცხოვრების გზაზე").
ნორვეგიელი მწერალი იოჰან ბორგენიც ამბობს, რომ ყველანაირი ლექსი ფასეულია:
„მნიშვნელოვანია, როცა არაფრისგან რაღაცას თხზავ, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს".
„შაურიანი პოეზიაც“ ელოდება თავის დროს...