რადიო თავისუფლება იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს ივანე ჩხაიძეს ესაუბრა.
- რამ გამოიწვია წელს ყივანახველას ასეთი გავრცელება?
- კოვიდპანდემიის პერიოდში ძალიან ბევრმა მშობელმა თავი შეიკავა და ბავშვი არ აცრა. ფიქრობდნენ, აცრა დამატებითი რისკი იყო. პანდემიის დასრულებას ელოდნენ. სხვა ბევრ ქვეყანაშიც ასე მოხდა.
- ახლა დაგვიანებულია აცრა?
- თუ მშობელმა ვაქციანა გამოტოვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი გაკეთება ახლა არ შეიძლება. ახლაც შეგიძლიათ მიხვიდეთ ექიმთან, იმ პოლიკლინიკაში, სადაც ბავშვია აღრიცხვაზე. ექიმი ვაქცინაციის კალენდარს შეგიდგენთ და აცრით.
- რა სიმპტომები აქვს ყივანახველას?
- შეტევითი ხველა, ღებინება ახასიათებს. ამ დროს დაავადებული ყივილის მსგავს ხმას გამოსცემს. გამოცნობა ადვილია. თუ ბავშვი ორი კვირის განმავლობაში ახველებს, ხველის ინტენსივობა მატულობს, შემდეგ შეტევით ხასიათს იღებს, რაც ყივილითა და ღებინებით მთავრდება - ეს ყივანახველაა.
არცერთ სხვა დაავადებას, არც ვირუსს, არც ბაქტერიას მსგავსი სიმპტომები არ ახასიათებს. როგორც კი ეს ნიშნები გამოჩნდება, ექიმს უნდა მიმართოთ.
- შეიძლება ყივანახველა გართულდეს?
- ყივანახველას არცთუ იშვიათად ახასიათებს გართულებები, ფილტვების ანთება. გარდაცვალების შემთხვევებიც ფიქსირდება, ამიტომ არ უნდა შევხედოთ ამ დაავადებას, როგორც მხოლოდ ხველით მიმდინარე იოლ ავადმყოფობას. გართულების ალბათობა განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებშია მაღალი.
- როგორ მკურნალობენ?
- ყივანახველას დროს ხველება სამ თვეზე მეტხანს გრძელდება. ამას ასდღიან ხველასაც ეძახიან. ამ დროსც ექიმები ვიყენებთ „აზიტრომიცინს“. ხველას არ ამცირებს, მაგრამ დაავადების გართულებისგან იცავს. სამწუხაროდ, მშობლები ძალიან ბევრ მედიკამენტს აძლევენ ბავშვებს, იმედი აქვთ, რომ რომელიმე ხველას უშველის. მაგრამ დღემდე არ არსებობს წამალი, რომელიც ყივანახველას დროს ხველას ან დაავადების ხანგრძლივობას შეამცირებს.
- თვითმკურნალობა შეიძლება? ანუ, მაგალითად, მშობელს შეუძლია ექიმის დანიშნულების გარეშე დაალევინოს ბავშვს „აზიტრომიცინი“?
- არ მგონია, ოჯახის ექიმთან ვიზიტი პრობლემა იყოს. ექიმი შეამოწმებს, დაავადებას რამე გართულება ხომ არ ახლავს. ფილტვების ანთების დიაგნოზს მშობელი თავად ვერ დასვამს.
- სიცხე არ გითქვამთ სიმპტომებში და ყივანახველას მაღალი ტემპერატურა არ ახასიათებს?
- სიცხე არა. შეტევებს შორის პერიოდში ბავშვი სრულიად ჩვეულებრივადაა, თამაშობს, აქტიურია. თუმცა, შეტევა იმდენად რთულია, ადამიანი ამოსუნთქვას ვერ ახერხებს, ფიქრობს, რომ დაიხრჩობა.
- მართლა შეიძლება დაიხრჩოს?
- არა, მაგრამ როდესაც მშობელი ამას პირველად ხედავს, ძალიან ეშინია.
- რა ასაკში შეიძლება დაემართოს ადამიანს ყივანახველა?
- ყველა ასაკში. რა თქმა უნდა, ბავშვებში უფრო ხშირია, მაგრამ მოზრდილებშიც გვხვდება. ბავშვობაში გაკეთებული ვაქცინა შესაძლოა 40-50 წელი ეფექტური იყოს, მაგრამ არა მთელი ცხოვრების განმავლობაში.
- ზრდასრულებს უფრო რთულად გადააქვთ?
- შესაძლოა, ეს განსაკუთებით ასაკოვნებს ეხებათ. მათთვის ასეთი ხველა შეიძლება სერიოზული გართულების საფუძველი გახდეს.
- გადამდებია?
-კი, მაგრამ ვისაც ვაქცინა აქვს გაკეთებული, მას არ გადაედება.
ფორუმი