ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქე ქუთაისის პოლიციის თანამშრომლებს ცემასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.
ადვოკატი ლევან ჭელიძე იუწყება, რომ ქუთაისში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფ კაცს „საკუთარი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სასტიკად სცემეს“.
"მთავარი არხისა" და "ტვ პირველის" ცნობით, ინციდენტი ქუთაისის ავანგარდის დასახლებაში მოხდა.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციის მითითებას, გაეჩერებინა ავტომობილი, რის შემდეგაც პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი აედევნა.
ადვოკატის თმით, პოლიციელებმა ნაცემი პირი დააკავეს და ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
ლევან ჭელიძის თქმითვე, იზოლატორის თანამშრომლებმა მას დაუმალეს, რომ დაკავებული ნაცემი იყო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.
ჭელიძე წერს, რომ მას შემდეგ, რაც ფაქტის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკით გაავრცელა, დაუკავშირდნენ შსს-ს გენერალური ინსპექციიდან და სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და საკითხის მოკვლევა დაიწყეს.
"მთავარი არხის" თანახმად, დაკავებული ხელწერილით გაათავისუფლეს და მისი სასამართლო 16 იანვარსაა ჩანიშნული.