- რა მოხდა ქერჩის სრუტეში
- რა ვერ გაიყვეს
- რას წარმოადგენს ქერჩის სრუტე
- საერთაშორისო სამართლის მიხედვით...
- ძალთა ბალანსი შავ და აზოვის ზღვებში
- რუსეთის უიმედო მარტოობა
რა მოხდა ქერჩის სრუტეში
25 ნოემბერი. დილა. უკრაინა. ოდესა (შავი ზღვა). უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მცირე საჯავშნო კატარღები „ბერდიანსკი“, „ნიკოპოლი“, ასევე საბუქსირო კატარღა „იანი კაპუ“ მიემართებიან ოდესიდან მარიუპოლში (აზოვის ზღვა).
ქერჩის სრუტესთან (შავი ზღვის მხრიდან) კატარღებს აჩერებენ რუსეთის ფედერაციის სანაპირო დაცვის ხომალდები, რომელთაგან ერთს (სასაზღვრო-საპატრულო გემი „დონი“, წყალრწყვით 1210 ტ) ტარანით გააქვს უკრაინული საბუქსირო კატარღა „იანი კაპუ“ (წყალრწყვა 30-38 ტონა).
პასუხად უკრაინის შეიარაღებული ძალები ბერდიანსკიდან (აზოვის ზღვა) გზავნის ორ სამხედრო ხომალდს კატარღების დასახმარებლად.
რუსეთის ფედერაცია ინციდენტში რთავს ავიაციას - Ка-52 - სამხედრო შვეულმფრენებისა და Су-25 - მოიერიშეების სახით და მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდ „სუზდალეცს“, რომელიც აღჭურვილია სარაკეტო, საზენიტო, ნავსაწინააღმდეგო და ნაღმსატყორცნი მოწყობილობებით.
რუსი სამხედროების მიერ გახსნილი ცეცხლით ჭრილობას იღებს ექვსი უკრაინელი მესაზღვრე.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კატარღები „ბერდიანსკი“, „ნიკოპოლი“ და „იანი კაპუ“, ეკიპაჟის წევრებთან ერთად, გადაჰყავთ რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირებულ ქერჩში.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ინფორმაციით, უკრაინელ მეზღვაურებს ბრალი ედებათ რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, პირთა ჯგუფთან ერთად, ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
რა ვერ გაიყვეს
საზღვაო სამართლის საერთაშორისო კონვენციის თანახმად, სრუტის უსაფრთხოდ გავლისთვის საჭიროა ქერჩის პორტის უფროსის ნებართვა.
რუსეთის ფედერაციის მტკიცებით, უკრაინელ სამხედროებს ქერჩის სრუტის გავლის მოთხოვნით არ მიუმართავთ რუსეთის სანაპირო დაცვის სამსახურისთვის.
არ აქვს არანაირი გამართლება სამხედრო ძალის გამოყენებას უკრაინული გემებისა და სამხედრო-საზღვაო პერსონალის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები და გემები, რომლებიც ხელში ჩაიგდო..იენს სტოლტენბერგი
უკრაინელები ამტკიცებენ, რომ მოთხოვნა გაიგზავნა, რაზეც მიიღებულ იქნა უარი, ინციდენტი კი მოხდა უკანა გზაზე, ტერიტორიული წყლების გარეთ, მოსაცდელი ზონიდან ბაზირების მუდმივი პუნქტისკენ მიმავალ მარშრუტზე, სადღაც 13-14 მილში ყირიმის ნაპირიდან, დაახლოებით 40 კილომეტრში ქერჩის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
2014 წლამდე, ვიდრე რუსეთის ფედერაცია მოახდენდა ყირიმის (უკრაინა) ანექსიას, სრუტის გავლით ნაოსნობა რეგულირდებოდა უკრაინის ტრანსპორტის მინისტრის ბრძანებით.
ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ ქერჩის პორტი და სრუტე გადავიდა რუსეთის ფედერაციის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ და სრუტეში ნაოსნობა რეგულირდება რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის 2015 წლის 21 ოქტომბრის N313 ბრძანებით.
რას წარმოადგენს ქერჩის სრუტე
ქერჩის სრუტე აკავშირებს აზოვის ზღვას შავ ზღვასთან.
- სრუტის დასავლეთი ნაპირი: ყირიმის (ქერჩის) ნახევარკუნძული (უკრაინის ტერიტორია. ანექსირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წლიდან).
- სრუტის აღმოსავლეთი ნაპირი: ტამანის ნახევარკუნძული (რუსეთის ფედერაცია).
- სრუტის სიგანე: 4,5 – 15 კმ.
- ყველაზე ღრმა ნიშნული: 18 მეტრი.
ქერჩის სრუტე ნაოსნობისთვის ვარგისიანია ძალიან ვიწრო ნაწილში - ხელოვნურად გაკეთებული ქერჩი-ენიკალსკის არხით, რომელიც გადის კუნძულ ტუზლიდან დასავლეთით. დანარჩენი საზღვაო გზები აზოვისა და შავი ზღვების დასაკავშირებლად, ფსკერის რთული რელიეფისა და მცირე სიღრმის გამო, გამოუსადეგარია.
ქერჩის სრუტის ჩაკეტვა იზოლაციაში აქცევს უკრაინის აზოვის ზღვისპირა ქალაქებს, მათ შორის ბერდიანსკსა და მარიუპოლს.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით...
გაეროს საზღვაო სამართლის საერთაშორისო კონვენციით, აზოვის ზღვა ითვლება ჩაკეტილ ან ნახევრად ჩაკეტილ ზღვად, ქერჩის სრუტე კი - „ვიწრო გასასვლელად“, რომელიც აკავშირებს აზოვის ზღვას შავ ზღვასთან.
აზოვის ზღვაში არ არის ნეიტრალური წყლები და არც საზღვრებია რამენაირად გამიჯნული. მოსკოვი და კიევი ვერ თანხმდებიან საზღვრების დელიმიტაციაზე აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში.
მოსკოვი მიიჩნევს, რომ სრუტე რუსეთის ტერიტორიული წყლების ნაწილია.
უკრაინა და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ყირიმის ანექსიას და მოსკოვს მიუთითებენ სრუტის საერთაშორისო სტატუსზე.
უკრაინა ასევე არ ცნობს რუსეთს „სანაპირო ქვეყნად“ ყირიმის ნახევარკუნძულთან მიმართებით და, შესაბამისად, ყირიმის გარშემო წყლებს - რუსეთის სანაპირო წყლებად.
2018 წლის თებერვალში კიევმა უჩივლა რუსეთს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში (ჰააგა) გაეროს კონვენციის საზღვაო სამართლის დარღვევის გამო.
ძალთა ბალანსი შავ და აზოვის ზღვებში
უკრაინა:
- სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფლაგმანი „გეტმან საგაიდაჩნი“ (წყალრწყვა 3100 ტ.) - წელიწადზე მეტია, იმყოფება რემონტზე.
- საშუალო-სადესანტო ხომალდი „იური ოლეფირენკო“ (წყალრწყვა 1120 ტ) - მწყობრშია.
- ტრალერი „გენიჩესკი“ (წყალრწყვა - 88 ტ.) - მწყობრშია.
- უკრაინის დანარჩენი ექვსი მცურავი საშუალება მიეკუთვნება კატარღების ან დამხმარე ხომალდების კლასს.
- უკრაინის საბრძოლო ხომალდების დიდი ნაწილი კვლავ რჩება რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებულ ყირიმში.
რუსეთი:
- ერთი სარაკეტო კრეისერი - „მოსკოვი“ (წყალრწყვა - 11 400 ტ.).
- ექვსი საგუშაგო ხომალდი.
- რამდენიმე ათეული საჯავშნო კატარღა.
- ექვსი საარტილერიო კატერი.
- ორი სარაკეტო კორვეტი.
- შვიდი სადესანტო ხომალდი.
- 40-ზე მეტი მცურავი საშუალება მარტო აზოვის ზღვაში.
სამხედრო ექსპერტებისთვის აშკარაა, რომ რუსეთი დაპირისპირებისთვის ემზადებოდა ქერჩის ხიდის მშენებლობის დაწყებიდან, როცა პარალელურად დაიწყო სამხედრო გემების გადაყვანა აზოვის ზღვაში.
მოსკოვი ბლოკავს ნაოსნობას აზოვსა და შავ ზღვებს შორის თავისი პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც მიმართულია უკრაინის ეკონომიკური ბლოკადისკენ.
რუსეთის უიმედო მარტოობა
ქერჩის სრუტესთან მომხდარი ინციდენტის გამო შეიკრიბა გაეროს უშიშროების საბჭო.
ნიკი ჰეილი, გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი: „ღრმად შეშფოთებული ვართ ინციდენტით, სახიფათო ესკალაციით და საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ჩვენ ვუცხადებთ ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის საზღვაო საზღვრებში“.
დმიტრი პოლიანსკი, რფ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გაეროში: „რა თქმა უნდა, ასეთი ბანდიტიზმი უნდა იქნეს აღკვეთილი, საერთაშორისო თანამეგობრობას კი უნდა ესმოდეს, საით მივყავართ კიევის ქმედებებს“.
პეტრო პოროშენკო, უკრაინის პრეზიდენტი: „რუსეთი, მეხუთე წელია, უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს. უკრაინულ კატარღებზე თავდასხმით რუსეთი გადავიდა აგრესიის ახალ ეტაპზე“.
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი: „არ აქვს არანაირი გამართლება სამხედრო ძალის გამოყენებას უკრაინული გემებისა და სამხედრო-საზღვაო პერსონალის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები და გემები, რომლებიც ხელში ჩაიგდო“.
დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: „უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდებზე თავდასხმა საერთაშორისო საზღვაო სამართლის აშკარა დარღვევაა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებას უთხრის ძირს“.