თუკი გიორგის შესახებ მეტის გასაგებად Google-ს მიაკითხავთ, ბევრს ვერაფერს იპოვით. ერთ-ერთ გამორჩეულ თანამედროვე ქართველ არტისტს არც საჯარო აქტივობები უყვარს და არც თავის თავზე ლაპარაკი. ძირითადად მოკლე წინადადებებით გპასუხობს, რომელთა შორისაც გრძელი პაუზებია და ამ პაუზების დროს ცოტა სინდისის ქენჯნას გრძნობ, რომ აწუხებ. პერიოდულად ნამუშევრებზეც მიგითითებს იმის ნიშნად, რომ შენს კითხვებზე პასუხი მათთან იპოვო.
ნამუშევრებს არც სახელები აქვთ და არც აღწერები, გიორგი ფიქრობს, რომ ვიზუალური გამოსახულებები საკმარისია, თავის "სათქმელს" ავტორის გარეშეც ამბობენ და ცოტა რთულია, ამაში არ დაეთანხმო. მისთვის ყველაზე საინტერესო უშუალოდ ნამუშევრის შექმნაა და მერე დიდად აღარ ფიქრობს, რა ბედი ეწევათ მის ნახატებს, სკულპტურებსა თუ ბარელიეფებს. თუ გაყიდის, ცოტა ფული გაუჩნდება, თუ გამოიფინება, ეგეც კარგია, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, ნამუშევარი ისეთი გამოვიდეს, როგორიც წარმოედგინა და ის განწყობა მიიტანოს მნახველამდე, რაც ავტორს ჰქონდა, როცა მასზე მუშაობას იწყებდა.
“მთავარანგელოზის პორტრეტიდან დავიწყე, მერე რომ მივყევი და სამ განზომილებაში გადავიყვანე, ანტიკური პორტრეტი გამოვიდა, მერე კომპიუტერულ თამაშებში რომ სხეულებია, ის დავუკავშირე და ასე აეწყო, ანტიკური პორტრეტი, ბიზანტიური ხატწერა და კომპიუტერული თამაშების ესთეტიკა. თმის ფერი ხატიდან აქვს აღებული, ბევრჯერ გავაფერადე და წავშალე, ხელებიც სპეციალურად არ აქვს”, - ასე ჰყვება გიორგი ხანიაშვილი 12 წლის წინ გაკეთებულ ხის სკულპტურაზე, რომელსაც მტკიცე მზერა, ტალღოვანი თმები და თითქოს უმწიფარი შიშველი სხეული აქვს სქესის ნიშნის გარეშე.
გიორგის ნამუშევრები გალერეა “ათინათშია“ გამოფენილი სახელოვნებო კოლექტივ “სლავებსა და თათრებთან” ერთად - ეს გამოფენა Kunsthalle Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა. „კუნსტჰალე თბილისი“ მოძრავი საგამოფენო სივრცეა, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის VAADS-ის დეკანმა ირინა პოპიაშვილმა და არტ-კონსულტანტმა ლიკა ჭკუასელმა 2017 წელს დააარსეს. პროექტი ქართული თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ქართველი არტისტების მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას ემსახურება. სწორედ ირინაა ის, ვინც სხვა არაერთი თანამედროვე არტისტის მსგავსაც, გიორგის ეხმარება თავისი ნამუშევრების გამოფენასა და გაყიდვაში - მისი ძალისხმევით მოხვდა გიორგის რამდენიმე ნამუშევარი ცნობილი კოლექციონერების კოლექციებში.
“ესეც სინთეზია: სხვადასხვა კულტურების, ანტიკურის, ბიზანტიურის და ეგვიპტურის. ეს ჯდომა ეგვიპტური ქანდაკებიდან მაქვს აღებული, ჩუქურთმა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრებიდან”, - ამბობს თეთრი მარმარილოს ქანდაკებაზე და ამატებს: “ამ ნამუშევრებში ცოტა იუმორიც არის, იუმორით რომ არ შემეხედა, ალბათ არ გამომივიდოდა“. მერე კიდევ ცოტას ფიქრობს და ამბობს, რომ გულწრფელობაა საჭირო, გამბედაობა და ის, რომ მოსმენა შეგეძლოს, ადამიანებისაც და გარემოსიც.
გიორგი თანამედროვე ხელოვანია, რომელიც ერთდროულად მუშაობს ფერწერაში, ქანდაკებასა და კერამიკაში. ხშირად ერთსა და იმავე ნამუშევარს სხვადასხვა ტექნიკით აკეთებს, ნახატი თიხის დაფებად გადააქვს, კერამიკის ბარელიეფებად, ზოგს ფერს უმატებს. ძველი ჩანახატებიც უქცევია სკულპტურებად.
მაგალითად, ბებიამისი მედეა გულზე მიხუტებული ქათმის თავით თავიდან ნახატი იყო და როცა მედეა გარდაიცვალა, მისი სახე მარმარილოს ქანდაკებად იქცა.
მისი ოჯახური პორტრეტიც, რომელიც ბავშვობის ფოტოს ინტერპრეტაციაა, ხეში გამოკვეთილ სკულპტურადაც არსებობს და მიწით შესრულებულ ნახატადაც. ოჯახური პორტრეტი ხეში კრაკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა [MOSAC] იყიდა რამდენიმე წლის წინ. ამ ქანდაკებაზე მშობლები ისე ძალიან უჭერენ ხელებს შვილს, რომ ტანსაცმელზე კვალი რჩება - მე ვფიქრობ, რომ ეს მშობლების შიშის, გადაჭარბებული მზრუნველობის გამოხატულებაა. გიორგი ამბობს, რომ ასეც შეიძლება გაიგო, მაგრამ უფრო სიყვარულის ნიშანია.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგის საკუთარ თავზე ლაპარაკის დიდი სურვილი არ აქვს, მაინც ვცდილობ მის შესახებ სხვადასხვა დროს გაგონილი ამბების და ჩემი შთაბეჭდილებების გადამოწმებას.
- მითხრეს, ადრე კრიმინალური ქრონიკებიდან და პორნოჟურნალებიდან სურათებს იყენებდა ნახატებშიო, ეგრეა?
- აკადემიაში როცა ვსწავლობდი, ჩვეულებრივ, ტრადიციულ ფერწერაში ვმუშაობდი. მერე გადავედი ამ ფერად ჟურნალებზე. როცა ეს პორნოჟურნალები შემოვიდა, ძალიან ფერადი იყო მაშინდელი შავ-თეთრი ცხოვრების ფონზე, ოჯახებშიც კი მოსული ამბავი იყო მათი ქონა, შინაარსის მიუხედავად, ისეთი ლამაზი იყო. ამ ესთეტიკას ვიყენებდი ნახატებისთვის.
- და ანგელოსების ქანდაკებების კეთება იმიტომ დაიწყე, რომ ხატებს ყიდდი მანამდე?
- ადრე, სამხატვრო აკადემიაში როცა ვსწავლობდი, ხის ხატებს და ჯვრებს ვაკეთებდი, ბზისგან, შემოსავლის წყარო ეგ იყო ჩემთვის. ერთი ხატის გაკეთების დროს ხე გამიფუჭდა და ვითამაშე, პატარა ობიექტი გავაკეთე, მომეწონა და გავაგრძელე. 15 წლის წინ დავამთავრე აკადემია, მაშინ ხატების გაყიდვა ბევრად უფრო შესაძლებელი იყო, ვიდრე ნახატების - არც გალერეები იყო ამდენი, მოთხოვნაც სხვანაირ ხელოვნებაზე არსებობდა.
- ბიბლიაში ქერუბიმი „ცეცხლოვანი ხმლით“ არის შეიარაღებული და სამოთხის კარს იცავს; შენს ქერუბიმებს ბევრი თვალები აქვთ და ყველაფერს ხედავენ.
- ქერუბიმების და ანგელოსების კეთება უფრო გვიან დავიწყე, რა ტენდენციაც ჩნდებოდა, იმას მივყვებოდი, უფრო ინსტინქტურად, ვიდრე შეგნებულად. ძალიან მინდოდა ეკლესიაში სიარული და მინდოდა ჩემს თავში გადამელახა ეს საკრალურობა, მინდოდა, ეს ანგელოსები ხელშესახებად მექცია და სამ განზომილებაში გადმოვიტანე.
- სთხოვ ხოლმე რაღაცებს შენს ანგელოსებს?
- არა, ახლა უკვე სამ განზომილებაში არიან, ის სივრცე დატოვეს და თხოვნებს აღარ ასრულებენ. თან ფრთებზეც თვალები აქვთ და თვითონ ხედავენ ყველაფერს. რასაც ადრე ღმერთზე ამბობდნენ, ყველაფერს ხედავსო, დღეს უკვე ადამიანზეც შეიძლება ითქვას, ტექნოლოგიების სახით ყველაფრის დანახვა შესაძლებელია.
- ადრე გაკეთებულ ნამუშევრებს უფრო კუსტარული ელფერი აქვს, რაც დრო გადის, განსაკუთრებით სკულპტურები ძალიან დახვეწილ ფორმებს იძენს, გამოცდილების ამბავია თუ ესთეტიკის ცვლილების?
- არადა, თავიდან უფრო პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი, ბევრს ვმუშაობდი, ესკიზებს ვაკეთებდი, სიზუსტე რომ დამეჭირა. ყველაზე ძნელია იმის პოვნა, რისი კეთება გსიამოვნებს, რაა შენი სტილი - სულ მეშინია მაგის, რომ ეგ არ დავკარგო, ეგ პასუხისმგებლობის გრძნობა, თორე მერე ძალიან ადვილია ერთ ადგილას გაჩერდე და აღარაფერი აღარ მოხდეს. ბევრს ემართება ეგრე.
- როგორ ახერხებ მაგას?
- რა გითხრა, აბა, სულ ეჭვი მეპარება.
- იმ ძალიან ცოტა მასალაში, რაც შენზეა დაწერილი, ძირითადად იმაზეა საუბარი, რა მასალებს იყენებ. ეს მნიშვნელოვანია თუ ამაზე იმიტომ წერენ, რომ შენ ელაპარაკები მეტს?
- ხომ ხედავ, რამდენასაც ვლაპარაკობ. ისე, მასალასაც აქვს მნიშვნელობა, რომ თავის სათქმელი თქვას.
ჩიხში ვარ და ვთხოვ, ისევ ნამუშევრები დავათვალიეროთ.
"ეს სექსუალური აქტის ასოციაციას იწვევს, გენიტალიაა; მეორე ინტერპრეტაციაა, რომ ისეთი ცხოველები არიან, რომლებიც ერთმანეთს სჭამენ".
"ეს კაცი მე ვარ. რიტუალია, წინაპრებთან დამაკავშირებელი რგოლი".
"ასეთი მეორეც არის, ეს აღდგომაა და მიცვალებულებთან კავშირის დამყარების გზა".
"ამის სახელი მ*ღნერის სუნი, ხო არის, რომ რაღაც ისე ყარს, ფსიქოლოგიურად გრძნობ, თვალით ხედავ - ორი ცხვირიც მაგიტომ აქვს".
"ეს შიმშილზე, ისეთ შიმშილზე, ინსტინქტებამდე რომ დაყავხარ გადასარჩენად".
"ეს არის, როცა სასმელი არ გინდა დაკარგო და რაც არ უნდა იყოს შიგნით, მაინც ბოლო წვეთამდე რომ სვამ - მეც ვყოფილვარ ხოლმე მაგ მდგომარეობაში".
"ეს თავიდან ნახატები იყო - ანიმაციასაცით არის, ჩემი სადარბაზოა, 9-სართულიანი კორპუსის. ესეც შიმშილზეა. ისეთ მდგომარეობაზე, როცა ჯობია ძაღლად გადაიქცეს ადამიანი და უფრო გაუმარტივდება საკვების მოპოვება".
"ეს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია, ქალთევზა, მედუზა. ანგელოსები ცოტა მომწყინდა".
- როდის მიხვდი, რომ არტისტი ხარ? - ვეკითხები ბოლოს.
- მივხვდი? ვარ? არ ვიცი, სულ ეჭვი მეპარება. ბავშვობიდან ვხატავ, ოღონდ უფრო იმის გამო, რომ სხვებზე კარგად გამომდიოდა ხატვა, ვიდრე იმის გამო, რომ სურვილი მქონდა, მხატვარი გამოვსულიყავი.
გამოფენა, სადაც გიორგის შევხვდით, 3 დეკემბერს მთავრდება. მისი ნამუშევრების თვალის დევნებას თუ გადაწყვეტთ, აი, მისი instagram გვერდი.