„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) გამოაქვეყნა კრიტიკული შეფასება თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაზე.
მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს პროკურატურამ განაცხადა:
„მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა მტკიცებულებითი სტანდარტი ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევის შესახებ, ასევე ხელყუმბარის ფლობასთან დაკავშირებითაც, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებით გამოწვეული ვითარების შეცვლის გამო. რაც შეეხება თავად სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, მასზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით“.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ საქმის მასალების ნაწილს, რომელიც თემირლანს უკავშირდებოდა. EMC-ს სისხლის სამართლის ადვოკატი და მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველი ქეთი ჩუთლაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
„ჩვენ საწყისი ეტაპიდანვე ვადასტურებდით, რომ თემირლან მაჩლიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო „დაკავებული“, სუს-ი თავის საჯარო განცხადებებში სწორედ ამ სიტყვას იყენებდა და ბუნებრივია, პროცესუალურად დაკავებისთანავე პირი ითვლება ბრალდებულად, რაც ნიშნავს, რომ მას/მის ადვოკატებსუნდა გადასცენ საქმის მასალები და მისცენ შესაძლებლობა დაიცვას თავი.
თუმცა, პროკურატურა უარს აცხადებდა ჩვენთვის მასალების გადმოცემაზე.
ახლა, როცა ვნახეთ დადგენილება, პროკურატურა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ის ამ მასალებით სასამართლოში შეძლებდა დაედასტურებინა თემირლანის ბრალეულობა, თუმცა, ვინაიდან მისი გარდაცვალება მოხდა, მათ ვერ შეძლეს ბრალდების წარდგენა. ეს მიიჩნია პროკურატურამ „ვითარების შეცვლად“ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს, რომ, თუ გარკვეულწილად შეიცვალა ვითარება, შესაძლოა არ იქნას პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული. სწორედ ამ არგუმენტაციით შეწყვიტეს სისხლისსამართლებრივი დევნა“.
რატომ იქცა პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივ დევნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ორი წლით ადრე მძიმედ დაჭრილი პირის გარდაცვალების ფაქტი „ვითარების შეცვლად“ მხოლოდ მიმდინარე წელს? ქეთი ჩუთლაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ადასტურებს, რომ ეს კითხვა მასა და მის კოლეგებსაც დაუსვამთ სამართალდამცავი ორგანოებისთვის:
„აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვაა. ჩვენც ვუსვამდით ამ შეკითხვას საგამოძიებო ორგანოსაც და პროკურატურასაც დიდი ხნის განმავლობაში, მაშინ, როცა საწყის ეტაპზე ვითხოვდით მასალების გადმოცემას და დაცვის უფლების ჯეროვანი რეალიზების შესაძლებლობის მოცემას, თუმცა ვინაიდან პროკურატურა და სუს-ი ამას ჯიუტად არ აკეთებდნენ, შემდეგ ეტაპებზე უკვე ვითხოვდით გამოძიების შეწყვეტას, რადგან არ იყო უფლებრივ სტანდარტთან შესაბამისობაში ამ გამოძიების წარმოება იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც რეალურად არც კი ეძლეოდა თავის დაცვის საშუალება, მის ადვოკატებს და ოჯახის წევრებს არ გვქონდა შესაძლებლობა თვითონაც მოგვეპოვებინა მტკიცებულებები და ეფექტურად განგვეხორციელებინა თემირლანის დაცვა.
თუმცა უკვე მას შემდეგ, რაც სუს-მა ფაქტობრივად ორი წლის განმავლობაში არალეგიტიმურად და პროცესუალური სტანდარტების დარღვევით გააგრძელა თემირლანის ნაწილში გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მივუთითეთ, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა, მხოლოდ ორი წლის შემდეგ მიიღეს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება“.
ქეთი ჩუთლაშვილი რადიო თავისუფლებას უზიარებს შთაბეჭილებასა და დასკვნებს, რომლებიც გამოძიების მასალებში ნანახ ინფორმაციას ეფუძნება:
„სუს-ი რამდენიმე გარემოებაზე დაყრდნობით ცდილობდა წარმოეჩინა თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობა და როცა საჯაროვდებოდა ცალკეული ინფორმაცია ან სუსის მააღალჩინოსნები გარკვეულ კომენტარებს აკეთებდნენ მედიაში, ყოველთვის თითქოს მტკიცებით ფორმაში ამბობდნენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს შემხებლობა ჰქონდა ტერორიზმთან კავშირში მყოფ პირებთან და თვითონაც ახორციელებდა ტერორიზმის მხარდაჭერას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ინფორმაცია ჟღერდებოდა იმ პირობებში, როცა ჩვენ არ გვქონდა მასალებზე წვდომა და მათი კრიტიკულად შეფასების შესაძლებლობა.
ამ მასალებით, რაიმე ახალი და მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა თემირლან მაჩალიკაშვილის შემხებლობას ტერორიზმის მხარდაჭერასთან, ჩვენთვის წარმოდგენილი არ არის და ბუნებრივია, მივიჩნევთ, რომ არც ყოფილა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოს ის უნდა გაეზიარებინა ჩვენთვის.
პირველ რიგში, მას შემდეგ, რაც სადგურის მოედანზე გადაღებული ვიდეოკადრები გაავრცელა უსაფრთხოების სამსახურმა, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდება თემირლან მაჩლიკაშვილი შოაიფ ბორზიევთან და ბერი სალოსის გამზირზე ლივკდირებულ ასლანბეკ სოლტახმადოვთან ერთად, ამის შემდეგ გაჟღერდა ე.წ. საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებით ინფორმაცია, ამის შემდეგ იყო სატელეფონო მიმოწერის შინაარსი.
ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახმედ ჩატაევმა დაურეკა თემირლან მაჩალიკაშვილს, როცა [2017 წლის 28 ოქტომბერს] უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.ამას მტკიცებითი ფორმით აცხადებდნენ.
საქმის მასალების მიხედვით, მსგავსი გარემოება არ დასტურდება. არ დგინდება, რომ ახმედ ჩატაევმა დაურეკა თემირლან მაჩალიკაშვილს. სუს-ის ეს მითითება არის დაუსაბუთებელი, ფრაგმენტული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი“.
ქეთი ჩუთლაშვილი ყვება კიდევ რამდენიმე ფაქტორზე, რომელზეც აქამდე ამახვილებდა საზოგადოების ყურადღებას სახელმწიფო და რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც, მასალებში ვერ ნახა. ამის თაობაზე დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ რადიო თავისუფლების სტატიაში.
დეტალები საქმიდან: დამნაშავეა თემირლან მაჩალიკაშვილი?კიდევ ერთი, რაზეც ქეთი ჩუთლაშვილი გადაცემა „დილის საუბრებში“ ამახვილებს ყურადღებას, არის ის, რომ პირის ტერორიზმის მხარდაჭერაში ბრალდების დასაბუთებისთვის მნიშვნელოვანია იმის დამტკიცება, რომ ის ამ ქმედებას შეცნობით სჩადიოდა:
„ტერორიზმის მხარდაჭერის განხორციელების ბრალდება უნდა მოიცავდეს პირის მიერ შეცნობით ქმედებას, რაც არ დასტურდება გამოძიების მასალებით. სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლი გარკვევით ამბობს, რომ აუცილებელია წინასწარი შეცნობა, ანუ წინასწარ უნდა იცოდეს ადამიანმა ვინ არის ესა თუ ის პირი. თუ შეცნობადობა არ არსებობს, არ არსებობს ეს დანაშაული“.
...მხოლოდ და მხოლოდ ამ მტკიცებულებების და ამ ინფორმაციის საფუძველზე რომ წაეღო სუს-ს და პროკურატურას საქმე სასამართლოში, ვთვლით, რომ ეს მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო სტანდარტს, რომელსაც გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტი ჰქვია, ნამდვილად ვერ დააკმაყოფილებდა და ამის გარეშე, ბუნებრივია, პირის მიმართ გამოტანილი უნდა იყოს გამამართლებელი განაჩენი“.
რა გზა რჩება მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის, რომ მიიღოს სამართლებრივი პასუხები კითხვებზე, რომლებიც დღემდე უპასუხოა? ქეთი ჩუთლაშვილი სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე განხილვაზე ლაპარაკობს - მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისს წარედგინა. მოსარჩელეები დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე:
„ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაწყებულია საქმის განხილვა. სახელმწიფოს უკვე ვალდებულება აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გაუგზავნოს საქმეში არსებული მასალებიდა ასევე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც ევროსასამართლომ დასვა. ამის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვეცემა ჩვენი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა და იმედი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო გაიზიარებს ჩვენს მითითებებს, ჩვენს მტკიცებას. მხოლოდ ამ სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ყველა კითხვაზე პასუხი“.
ქეთი ჩუთლაშვილი „დილის საუბრებში“ გამოეხმაურა იმ მსმენელს, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ შეკითხვების დასმა და მისი ქმედების სისწორეში ეჭვის შეტანა არის მისი დასუსტების მცდელობა:
„არც EMC და არც არავინ უპირისპირდება სახელმწიფო უსაფრთხოებას. უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი და ძალიან კარგია, როცა ლეგიტიმური, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა არსებობს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ვსვამთ ამდენ კითხვას და ამდენ გარემოებას იმიტომ ვიკვლევთ, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში, მათთვის გაწერილი უფლებამოსილებების ფარგლებში, არ ჰქონდეთ შესაძლებლობა დაარღვიონ კანონი, არ ჰქონდეთ შესაძლებლობა უკანონო ინტერვენციები განახორციელონ თუნდაც ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეში“.