Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გვესმის საგანგებო მდგომარეობის სირთულე და ვამბობთ: შეაჩერე გადაწყვეტილებების მიღება და როცა დამთავრდება ეს საგანგებო მდგომარეობა, განაახლე"


ქეთი გუჯარაიძე, "მწვანე ალტერნატივის" პოლიტიკის ანალიტიკოსი
ქეთი გუჯარაიძე, "მწვანე ალტერნატივის" პოლიტიკის ანალიტიკოსი

არასამთავრობო ორგანიზაციები - „მწვანე ალტერნატივა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეაჩეროს პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში აგრეთვე წაიკითხავთ:

"განმცხადებელი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება პრობლემურ პროექტებზე გადაწყვეტილებების მიღების გასამარტივებლად შევიდა. ასეთ პრობლემურ პროექტად, მაგალითად, შეგვიძლია აბასთუმნის შემოსავლელი გზის პროექტი დავასახელოთ. დაგეგმილი გზა კვეთს ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებს. გზის მშენებლობის პროექტი ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული უფრო ფართო პროექტის ნაწილია, რომელიც აბასთუმნის გარდაქმნას ითვალისწინებს და მას სახელმწიფო უწყებები უპირობოდ უჭერენ მხარს".

„მწვანე ალტერნატივის“ პოლიტიკის ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, როცა ხელისუფლება რიგ პროექტებზე გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებს საჯარო განხილვების გარეშე იღებს:

„საგანგებო მდგომარეობისას ადამიანებს გვეზღუდება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და თუ ინფორმაცია არ მაქვს, მონაწილეობასაც ვერ ვიღებ [გადაწყვეტილების მიღების პროცესში]. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მიიღო დადგენილება, რომლითაც დაუშვა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში - გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის განმავლობაში საჯარო განხილვების არჩატარება.

საჯარო განხილვა არის ერთ-ერთი ფორმა საზოგადოების მონაწილეობის და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი ითვალისწინებს მონაწილეობის სხვა ფორმის გამოყენებასაც. ეს არის მოსაზრებების, მაგალითად, წერილობით წარდგენა, მაგრამ მნიშვნელოვანია მონაწილეობის მრავალფეროვანი საშუალებები იყოს გამოყენებული, რადგან ყველას არ აქვს წერილის დაწერის და გაგზავნის, ან აზრის წერილობით ჩამოყალიბების, გნებავთ ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ ითვალისწინებს კოდექსი მონაწილეობის სხვადასხვა ფორმას. მათ შორის ერთ-ერთი არის საჯარო განხილვა, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დაგეგმილი პროექტის ზეგავლენის არეალში მოქცეული ადამიანებისთვის.

მაგალითად, თუ ჭიათურაში იგეგმება მანგანუმის გადამამუშავებელი ახალი ქარხნის მშენებლობა, რას ამბობს ახალი, დროებითი ნორმა? ის ამბობს, რომ ინფორმაცია დაგეგმილი პროექტის შესახებ გამოქვეყნდება გარემოს დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობბის და მმართველობის ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე. რომელ ერთზე აქვს წვდომა ჭიათურის რიგით მოქალაქეს? პრინციპში, არც ერთზე, რადგან გადაადგილების უფლება შეზღუდული გვაქვს - მთავრობა მოგვიწოდებს, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, არ გავიდეთ გარეთ.

თუ ელექტრონულ ხელმისაწვდომობაზეა ლაპარაკი, რატომ შეამოწმებს ჭიათურის მცხოვრები ყოველ დღე გარემოს დაცვის სამინისტროს საიტს, ან კი რამდენს აქვს ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე. ანუ, გამოდის, რეალურად ჭიათურის მცხოვრები ვერ გაიგებს, რომ მის ახლომახლო იგეგმება მსგავსი პროექტის განხორციელება“.

ქეთი გუჯარაიძე ამბობს, რომ შექმნილი კოტექსტის სირთულე ყველასთვის თვალსაჩინოა. ის და მისი თანამოაზრეები თვლიან, რომ გამოსავალი არა პროცედურების განახევრება, არამედ ცალკეულ პროექტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის მთლიანად გადადებაა:

„ჩვენ გვესმის საგანგებო მდგომარეობის სირთულე და სწორედ ამიტომ ვამბობთ: დროებით საერთოდ შეაჩერე გადაწყვეტილებების მიღება და როცა დამთავრდება ეს საგანგებო მდგომარეობა, მაშინ განაახლე. ჩვენ ვამბობთ, რომ ნახევარი პროცედურის გავლა არ არის სწორი. საზოგადოების მონაწილეობის გარეშე გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მიღებული და ამიტომ ვთხოვთ დროებით შეჩერებას“.

„დილის საუბრების“ სტუმრის თქმით, სამართლებრივი დავის საგნად შეიძლება იქცეს როგორც მთავრობის მიერ მიღებული აქტი, აგრეთვე გადაწყვეტილებები, რომლებიც მასზე დაფუძნებით არის და იქნება მიღებული.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG