Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ ახალი სახეების ძიებაშია


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახალი წევრების მოსაზიდად მუშაობას იწყებს. სახელისუფლებო პარტიაში არ უარყოფენ, რომ უკვე მიმდინარეობს რეკრუტირების პროცესი, რომელშიც ჩართულნი არიან როგორც პარტიის ლიდერები, ისე დეპუტატები და პარტიის საქალაქო თუ რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პარტიის რიგების განახლება, მათი შეფასებით, მუდმივი პროცესია, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განმარტავს, ამ შემთხვევაში არის კონკრეტული ამოცანაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სათანადოდ მომზადება. მისი თქმით, საკადრო გადაწყვეტილებები პოლიტიკური პროცესის საფუძველზე მიიღება:

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

რა თქმა უნდა, ზოგადად შესაძლებელია სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება შერჩევის პროცესში, თუმცა რაც შეეხება კომპანიას, ამ ინფორმაციას მე ვერ დავადასტურებ,“- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

„ქართული ოცნების“ ახალი სახეების შესარჩევად სპეციალური უცხოური კერძო კომპანიის დაქირავების შესახებ ინფორმაცია პირველად მედიასაშუალებებში გავრცელდა. ამ ინფორმაციას ოფიციალურად პარტიაში არ ადასტურებენ.

ერთგვარი გამონაკლისი აღმოჩნდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი. ტელეკომპანია „რუსთავი2-ს“ მან განუცხადა, რომ სპეციალური კომპანიის დაქირავება შესაძლებელია საჭირო გახდეს არა კადრების შესარჩევად, არამედ სტრატეგიული მიმართულებების დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის:

გია ვოლსკი
გია ვოლსკი

„ყველა დარგში და ყველა სფეროში მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მოისაკლისებს ინფორმაციას. მე არ მინდა ამას დავარქვა რაღაც პიარული კომპანია მხოლოდ, მაგრამ რეალურად საზოგადოებისთვის ბევრი რამ უნდა იყოს ცნობილი და სტრატეგია კარგად დალაგებული. მე ვფიქრობ, ამაში კარგი, პროფესიონალური, თუნდაც უცხოური კომპანიის ჩართვა არის აუცილებელი“- უთხრა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი2-ს“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა თანახმად, ახალი სახეების ძებნა მიმდინარეობს ძირითადად მათ შორის, ვისაც საზოგადოებაში კარგად იცნობენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ასევე ახალგაზრდებზე.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ იმასაც, რომ პარტიაში ახალი სახეების მოზიდვისთვის მუშაობა არანაირად არ უკავშირდება ძველი სახეების გადინების პროცესს. თუმცა ისინი, ვინც ამ ცოტა ხნის წინ დატოვეს პარტია, ფიქრობენ, რომ არც მათი ჩანაცვლება იქნება მარტივი და არც „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე რეკრუტირების პროცესი წარმატებული. როგორც ეკა ბესელიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, თავად პროცესი არ არის ჯანსაღი:

ეკა ბესელია
ეკა ბესელია

„არ შეიძლება მმართველი პარტია საარჩევნო სიებისთვის ეძებდეს მომხიბვლელ და ბრჭყვიალა სახელს და გვარს. ან ისეთ სახელს და გვარს, რომლის უკან არ იცი რა დგას. არ შეიძლება ადამიანები ერთმანეთს ეცნობოდნენ, როგორც ერთი პარტიის წარმომადგენლები, როდესაც პარლამენტში შედიან. ასე არ იზრდება პოლიტიკოსი. მას სჭირდება გარკვეული პროცესის გავლა. ნახეთ 2016 წელს როგორ შეიქმნა ეს საარჩევნო სია! როცა შემოგყავს ზარდიაშვილი და იქვე მეორე მხარეს საარჩევნო სიაში ძველი გვარდიიდან ვთქვათ, ნუკრი ქანთარიაა პირობითად, ძალიან ძნელი საპოვნელია ლოგიკა... “სივებით“ მოძებნილი ადამიანების მოყვანის შედეგი ვნახეთ უკვე და მე არ ვუყურებ ამას სერიოზულად“- გვითხრა ეკა ბესელიამ.

მისი განმარტებით, სახელისუფლებო პარტიაში სერიოზული მმართველობითი კრიზისია და რეალობა მას უბიძგებს გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, ბოლო დროს პარტიიდან წევრთა გადინების კომპენსირებისთვის. ეკა ბესელია ფიქრობს,რომ სანამ ოდიოზური ფიგურები არ დატოვებენ „ქართულ ოცნებას“, მისი დაბალანსება შეუძლებელი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, პარტიაში ახალი წევრების მოზიდვის საქმე პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს აქვს ჩაბარებული.

XS
SM
MD
LG