Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტები მძევლად - დაპირისპირება ბედიანში


ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის ჭიშკარი პერსონალმა ხის მორებით ჩახერგა. კლინიკის 30 პაციენტი ჯანდაცვის სამინისტროს ბედიანიდან, ხონის რაიონის სოფელ ქუტირის კლინიკაში ავტობუსებით უნდა წაეყვანა. პერსონალმა სამინისტროს პაციენტები არ გაატანა. პერსონალისა და ადგილობრივი მოსახლეობის ხმაურის, კლინიკასთან პოლიციის მობილიზების ფონზე ჯანდაცვის სამინისტრომ „უკან დაიხია“.კლინიკის თანამშრომლებთან მოლაპარაკება მომავალ კვირაში დაიგეგმა.

„დღეს გამოპრანჭეს პაციენტები, წვერი გაპარსეს და გაამზადეს გადასაყვანად, 30 კაცი გაამზადეს, მანამდე მათაც არ იცოდნენ [რომ გადაჰყავდათ] და დიდი შეხლა-შემოხლის შემდეგ არ მივეცით პაციენტების გაყვანის უფლება“,- ეუბნება რადიო თავისუფლებას მალხაზ გულაშვილი, ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების ექთნის თანაშემწე.

რა მოხდა ბედიანში?

ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების ძველი შენობა დიდი ხანია გაუსაძლის პირობებს ქმნიდა პაციენტებისთვის. ორი კვირის წინ გამოიცა მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმადაც, გადაწყდა ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების შენობაში ნარკოსარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა.

„მოვამზადეთ ყველანაირი საშუალება, რომ ეს პაციენტები გადმოგვეყვანა და დაგვხვდა მოსახლეობის სერიოზული წინააღმდეგობა. მოსახლეობის ნაწილი, რომელიც კლინიკაშია დასაქმებული შიშობს, რომ დაკარგავენ სამსახურს. ეს არის აბსოლუტრად დაუსაბუთებელი შიში, ჩვენ წლის ბოლომდე, ვგეგმავთ პაციენტებს გადმოყვანას და იქ ნარკორეაბილიტაციის ცენტრის გახსნას“,- ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და იქვე ამატებს, რომ ის პერსონალი, რომელიც ახლა ფსიქიატრიულ კლინიკაშია დასაქმებული სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს ნარკოსარებილიტაციო ცენტრშიც.

„ჩვენ გავაგრძელებთ და დავიცავთ პაციენტების ინტერესებს... თუ დასაქმება სჭირდება ადამიანს, ის ალბათ, არ არჩევს რა ტიპის დაწესებულებაში იმუშავებს, რომელი სერვისი იქნება ნარკორებილიტაციის თუ ფსიქიატრიული და არ უნდა იყოს ასეთი ზეწოლა პაციენტების ინტერესებზე“,- ამბობს თამარ გაბუნია.

რას აპროტესტებს ფსიქიატრიული კლინიკის პერსონალი?

ფსიქიატრიული კლინიკის პერსონალის განცხადებით, მათი წინააღმდეგობა ორმა მიზეზმა განაპირობა. ერთი, რომ პაციენტთა სხვა კლინიკაში გადაყვანის შესახებ არასრული ინფორმაცია ჰქონდათ, არ იცოდნენ როდის იხურებოდა კლინიკა და კლინიკის დახურვის შემთხვევაში დარჩებოდნენ თუ არა უმუშევრად. და მეორე, უფრო მნიშვნელოვანი პრეტენზია - ნარკოსარეაბულიტაციო ცენტრის გახსნას ბედიანში ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან.

„აგვიხსნან, თუ დავუშვათ და არ იხურება კლინიკა და რეაბილიტაცია იწყება, 7-8 თვე რა უნდა ვაკეთოთ? ასევე ნარკორეაბილიტაციის ცენტრიც არ გვინდა“,- ამბობს მალხაზ გულაშვილი.

ზვიად ხაფავა, წალკის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ბედიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, რადიო თავისუფლებას იგივეს ეუბნება, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა:

„მოსახლეობა დაზაფრა იმის გაგებამ, რომ უნდა გაიხსნას ნარკოსარეაბილიტაციო ცენტრი, ბევრი ნარკომანი ამ პატარა დასახლებაში, წარმოიდგინეთ რა შედეგების მომტანია ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის და მოსახლეობისთვის?ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, რომ ან ნარკოლოგიური კლინიკა გაიხსნას“,- ამბობს ზვიად ხაფავა.

ვის აინტერესებს პაციენტების ბედი?

ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში 158 ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პაციენტი მკურნალობს. 98 მამაკაცი, 58 ქალი. კლინიკის შენობა პაციენტთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის კრიტიკულად შეუსაბამოა, ამის შესახებ, სახალხო დამცველი თავის ანგარიშებშიც წერს. იმის გამო, რომ ამ დრომდე ქვეყანაში არ არსებობდა ამ პაციენტების სხვა კლინიკებში გადანაწილების საშუალება, ისინი გაყინულ კედლებში, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის და ზოგჯერ არაადამიანური მოპყრობის პირობებში რჩებოდნენ.

მას შემდგ რაც ქუტირის ფსიქიატრიული დაწესებულების შენობა გარემონტდა, ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში კი 19 ოქტომბერს ფსიქიატრიული განყოფილება იხსნება, ჯანდაცვის სამინისტრომ ბედიანიდან პაციენტთა ეტაპობრივი გადაყვანა დაგეგმა, თუმცა ეს პროცესი დღეს ვერ დაიწყო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომბედიანიდან 90 პაციენტი ქუტირის ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში უნდა გადაიყვანონ, 30 პაციენტი ბათუმში გახსნილ ახალ ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებაში, 25 პაციენტისთვის ადგილი გამოძებნა სურამის ფსიქიატრიულში, რომელიც ახლა რემონტდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ბედიანის კლინიკის პერსონალმა დღეს არცერთი პაციენტი არ გაატანა. ორშაბათს სამინისტროს წარმომადგენლები ისევ ჩავლენ ბედიანში - გადასაწყვეტია პაციენტთა ბედი და პერსონალის მომავალი.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG