ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ შედარებით ახალი რუბრიკით „ჟანრი“ გთავაზობთ საუბარს დიდ ლიტერატურულ მოვლენაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო 40-იანიდან 60-იან წლებამდე და რომლის წარმომადგენლები იყვნენ: ალენ რობ-გრიე, მიშელ ბიუტორი, ნატალი საროტი, კლოდ სიმონი, კლოდ ოლიე, რობერ პენჟე, ჟან რიკარდუ და სხვები. ამ მწერლებმა გამომცემლობა „მინუიში“ მოიყარეს თავი და მათ ხანდახან „მინუის მწერლებს“ უწოდებდნენ. რა იყო ეს ლიტერატურული მოვლენა, რომელიც ცნობილია „ახალი რომანის“ სახელით? ამ ტერმინის ავტორია ფრანგი ჟურნალისტი ემილ არნიო, რომელმაც იგი 1957 წელს გაზეთ „მონდში“ დაბეჭდილ წერილში ახსენა იგი პირველად (წერილი ალენ რობ-გრიეს „ეჭვიანობასა“ და ნატალი საროტის „ტროპიზმებს“ ეხებოდა). მიმართულება სხვა სახელებითაც იყო ცნობილი: „რომანის ახალი სკოლა”, „ახალი რეალიზმი”, „ანტირომანი”, „ანტერომანი”, „მზერის სკოლა”, „უარყოფის სკოლა”, „ალიტერატურა” და სხვ. მთავარი ამ მიმართულებაში იყო რომანის ტრადიციული სკოლასთან და რეალიზმთან ბრძოლა. მთავარი ლიტერატურული დარტყმის ობიექტი გახდა ბალზაკი და მწერლის ტიპი, რომელიც „ომნისცენტია“, ყოვლისმცოდნეა და რომლის ხელშიც პერსონაჟები მხოლოდ მარიონეტები არიან. როგორია ახალი რომანი, რომელშიც, თუ მის ავტორებს დავუჯერებთ, მოკვდა მწერალი, მოკვდა პერსონაჟი, მოკვდა ინტრიგა, მოკვდა სიუჟეტი? როგორია რომანი, რომლის წაკითხვა, კორტასარის „კლასობანას“ მსგავსად, მრავალნაირად შეიძლება: თავიდან, შუიდან, ბოლოდან? როგორია რომანი, რომელიც თითქოს დეტექტივია და რომელშიც გამომძიებელი იკვლევს დანაშაულს, რაც სინამდვილეში თურმე არც მომხდარა და ბოლოს თავად ჩაიდენს მას? – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: