თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება. XIX საუკუნის შენობის გამაგრებასა და სარესტავრაციო სამუშაოებს დაახლოებით სამი წელი დასჭირდა.
ნახავთ როგორ გამოიყურება ეს უნიკალური ადგილი გახსნამდე ერთი თვით ადრე.
ამ შენობის ევროპული ფასადის მიღმა აზიური სიმდიდრე იმალება. სასახლის არქიტექტორი გრიგორი ივანოვია, თუმცა 1856 წელს სასახლის მეპატრონეს ინტერიერზე სამუშაოდ ირანიდან ყაჯარელი ოსტატები მოუწვევია.
სახლი თბილისელ ვაჭარ არშაკუნის ეკუთვნოდა, რომლის ასაშენებლადაც იგი ფულს არ ზოგავდა: მის სასახლეს არქიტექტურისა და დიზაინის საუკეთესო ელემენტები უნდა გაეერთიანებინა.
არშაკუნიმ კიბის მოსაპირკეთებლად მარმარილო იტალიიდან ჩამოატანინა. თუმცა იგი სწორედ ამ კიბის მონტაჟის დროს გარდაიცვალა და ვერ შესძლო დასრულებული სახით ენახა სახლი.
მისი ოჯახი ცოტა ხანს დარჩა ამ შენობაში. სასახლემ რამდენიმე მეპატრონე გამოიცვალა. XX საუკუნის დასაწყისში შენობა ცნობილმა ქართველმა არქიტექტორმა სიმონ კლდიაშვილმა კიდევ ერთხელ გადააკეთა.
სასახლე აკადემიად 1922 წლიდან იქცა და უკვე მაშინვე საჭიროებდა რემონტს, თუმცა ამ პროცესის დაძვრას თითქმის 100 წელი დასჭირდა.
რესტავრაციის დროს პატარა სიურპრიზებიც აღმოაჩინეს. მაგალითად, დიდი საგამოფენო დარბაზის კედელში ჩამალული საცალფეხო საიდუმლო კიბე, რომელიც სხვენს უკავშირდება. ერთ-ერთი სარკეებიანი დარბაზის მოხატულობის მიღმა კი სხვა ნახატი იმალებოდა, რომელიც საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია და ხასხასა ფერებითაა შემონახული.
ვარაუდობენ, რომ ფანჯრის ჩარჩოს დეკორზე, მედალიონში გამოსახული მამაკაცი თავად არშაკუნი უნდა იყოს.
ანფილადა, რომელიც 7 ოთახისაგან შედგება, სარკეებითაა შემკული.
სარესტავრაციო სამუშაოებში აკადემიის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
გახსნის შემდეგ აკადემიის სამუზეუმო ნაწილი, რომელსაც სარკეებიანი ოთახები შეადგენს, ყველა მსურველისთვის იქნება ღია.