Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელი ტაქსისტების "შემოსევა" აფხაზეთში


სოხუმი, შრომითი მიგრანტები და დე-ფააქტო მიგრაციის სააგენტოს თანამშრომლები
სოხუმი, შრომითი მიგრანტები და დე-ფააქტო მიგრაციის სააგენტოს თანამშრომლები

აფხაზეთში ბევრია შუააზიელი შრომითი მიგრანტი, რომლებიც ძირითადად ქუჩების დასუფთავებასა და მშენებლობებზე შრომობენ. თუმცა ბოლო დროს ბევრმა ტაქსის მძღოლადაც დაიწყო მუშაობა, რამაც, როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტი იტყობინება, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აღაშფოთა.

სოხუმსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის- რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის სხვა ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იაფია: ავტობუსით მგზავრობა 10 რუბლი (0,1 $) ღირს, ტროლეიბუსით - 5 რუბლი (0,05 $), ბევრი კერძო ავტომობილის იყენებს (2021 წლის მონაცემებით, აფხაზეთში 50 ათასი ავტომობილია რეგისტრირებული), თუმცა ასევე პოპულარულია ტაქსი, რომელიც ბოლო დრომდე შედარებით იაფი იყო. სოხუმში ტაქსის მომსახურების ხარისხის გაუარესება და საფასურის მომატება ბევრმა დაუკავშირა შრომით მიგრანტებს.

ასიდა ქორთუა
ასიდა ქორთუა

„ცხადია, უფასოდ არ გვემსახურებიან. წესით, მადლიერნიც უნდა იყვნენ, რომ სამუშაო აქვთ, მაგრამ თითქმის ყოველი მეორე მძღოლი თავხედი და უხეშია. ხან მგზავრის აყვანის ადგილი არ მოსწონთ, ხან მარშრუტი, ხანაც 300 რუბლიდან (3$) დასაბრუნებელი ხურდა არ აქვთ და ამაში მგზავრია დამნაშავე. ბევრის თვალში ნაციონალისტად გამოვჩნდები, მაგრამ უნდა ვთქვა, ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით "უცხოელი" მძღოლები სცოდავენ. რამე ხომ არ გეშლებათ, "ძვირფასებო"? ნაკლებად სავარაუდოა, რომ სხვა ქვეყანაში სადმე ასე ლაღად და მშვიდად იგრძნოთ თავი. თავიდან, როცა ჩამოდიხართ, ნებისმიერი სამუშაოს შესრულებაზე თანახმა ხართ, მერე რა ხდება? კარგი მოპყრობის გამო ფუჭდებით? კომპანიების მენეჯერებს მოგმართავთ: ხანდახან მაინც ჩაუტარეთ პროფილაქტიკური სამუშაო თქვენს მძღოლებს, განსაკუთრებით არაადგილობრივებს, თორემ შემდეგ ჯერზე, შესაძლოა, თავი ვერ შევიკავოთ“, - სოხუმის მკვიდრი ასიდა ქორთუას ამ საჯარო სტატუსმა და მასზე გამოხმაურებამ გამოკვეთა შრომითი მიგრანტების პრობლემის მასშტაბი. სოხუმელთა ნაწილმა დაგმო ქსენოფობიური განწყობები, ნაწილმა კი შრომითი მიგრანტებისთვის ადგილის მიჩენა მოითხოვა:

  • „რატომ გრძნობენ მიგრანტები ასე ლაღად თავს? რამე კვოტა არ არსებობს მათთვის?“
  • „სიკეთეს და კარგ მოპყრობას სისუსტედ აღიქვამენ... ნელ-ნელა აფხაზეთი აზიად გადაიქცა“;
  • „ზაფხულში საკმარისი არ არიან ადგილობრივი მძღოლები - ეს არის მთავარი მიზეზი“.

შრომითი მიგრანტების შესახებ განმარტება გააკეთა ტაქსის კომპანიის წარმომადგენელმა, რომლის თქმითაც, ბევრი ადგილობრივი მძღოლი, ზაფხულის დადგომისთანავე გადავიდა უფრო სარფიან, ტურიზმის ინდუსტრიაში, ბევრმა უცხოელმა, ე.წ. გასტარბაიტერმა კი მიმართა კომპანიას მუშაობის დაწყების სურვილით და ყველა საჭირო დოკუმენტიც წარუდგინა.

„უარის თქმის მიზეზი არ გვქონდაო“, - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.

აფხაზი პოლიტიკოსის ნუგზარ აგრბას თქმით, არაფერია ცუდი იმაში, რომ უცხოელები მუშაობენ აფხაზეთში.

„სადაც არ უნდა იყვნენ - მშენებლობაზე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებაზე თუ სხვაგან - ყველგან ნორმალურად მუშაობენ. ნუ დავყოფთ მათ უზბეკებად, ტაჯიკებად, აფხაზებად, ებრაელებად... არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია კარგად მუშაობდნენ. ბევრი მათგანი კარგად მუშაობს. ხომ არ გვიკვირს, ბაზარში რომ ქირაობენ მაღაზიებს?.. აფხაზებიც სიამოვნებით მუშაობენ მათთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ხალხში არიან ავყიები, რომლებსაც არაფერი მოსწონთ... მათთვის მთავარია, ვინმე გააკრიტიკონ“.

ნუგზარ აგრბა
ნუგზარ აგრბა

ნუგზარ აგრბამ გაიხსენა „პატრიოტები“, რომლებიც დროდადრო მოითხოვენ ხოლმე „გასტარბაიტერების“ გაყრას, რადგან ისინი, თითქოსდა, ადგილობრივთა „ადგილებს“ იკავებენ, თუმცა, როცა მიგრანტები მასობრივად წავიდნენ კორონავირუსული პანდემიის დროს, აღმოჩნდა, რომ მათი შემცვლელები ვერ მოიძებნა.

„ამას ადასტურებს აფხაზეთის მიგრაციის სამსახური“, - ამბობს აფხაზი პოლიტიკოსი.

დე ფაქტო რესპუბლიკის მიგრაციის სამსახურის ინფორმაციით, შრომითი მიგრანტების ძირითადი ნაწილი აფხაზეთში შუა აზიიდან (უმეტესწილად უზბეკეთიდან) ჩადის. ასევე, დიდი რაოდენობით ჩადიან სომხეთიდან. არიან მიგრანტები ჩრდილოეთ კორეიდან, რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან.

აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის ზაურ შალაშაას თქმით, 2019 წელს, ანუ პანდემიის დაწყებამდე, აფხაზეთში 10 ათასამდე შუააზიელი შრომითი მიგრანტი მუშაობდა როგორც კომუნალური მეურნეობის, ასევე მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროებში. 2021 წლისთვის მათი რაოდენობა 3 ათასამდე შემცირდა, თუმცა ბოლო დროს შრომითი მიგრანტების ნაკადმა, მათ შორის არალეგალურმაც, კვლავ დაიწყო გაზრდა. 2022 წლის ოქტომბერში დე ფაქტო რესპუბლიკის მიგრაციის სამსახურმა მიგრანტების არალეგალური დასაქმების გამო 350 ათასი რუბლით დააჯარიმა კომპანია „ახალი ათონის კომპლექსი“. საიმიგრაციო სამსახურის სამართლებრივი განყოფილების უფროსის მადინა მარღანიას თქმით, კანონის ამგვარი დარღვევისათვის წლის განმავლობაში საშუალოდ 5-6 კომპანიას მაინც აჯარიმებენ.

შუააზიელი შრომითი მიგრანტების გარდა, აფხაზეთის საიმიგრაციო სამსახურს ასევე აღრიცხული ჰყავს სომეხი და ჩრდილოეთკორეელი მიგრანტებიც, რომლებიც ყველაზე კვალიფიციურ და დისციპლინირებულ სამუშაო ხელად ითვლებიან. ამასთან, კორეელების რაოდენობა დაახლოებით 500-მდეა, სომხების კი - 1000-მდე. ეს ორი ჯგუფი ძირითადად ბინების რემონტსა და მშენებლობებზეა სპეციალიზებული. შუააზიელი შრომითი მიგრანტების უმეტესი ნაწილი არაკვალიფიციური მუშახელია, რომლებსაც სოხუმში რესპუბლიკის სტადიონთან აქვთ მოწყობილი შრომის ბირჟა.

აფხაზეთის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვიაჩესლავ ბგანბამ ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ აფხაზეთში მუშახელის დეფიციტის გამო, ხშირ შემთხვევაში, შრომითი მიგრანტები თავიანთ პირობებს უკარნახებენ ადგილობრივებს:

„მიგრანტები მეტ თანხას ითხოვენ, იწუნებენ შრომის პირობებს, უარს ამბობენ სრულ სამუშაო დღეზე. ეს ხდება მარტივი მიზეზის გამო: შემცირდა მიგრანტების რაოდენობა და, შესაბამისად, ბევრ მათგანს ოქროს ფასი დაედო. ეს თავად შრომით მიგრანტებსაც კარგად ესმით. მუშაობენ იქ, სადაც მეტს უხდიან და უკეთეს პირობებს სთავაზობენ“.

თუმცა ასეთი ვითარება იყო 2020-2021 წლებში, როცა პანდემიის გამო ბევრ ქვეყანას შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული საზღვრებზე, შუააზიელი მიგრანტები კი აფხაზეთში რუსეთის გავლით ხვდებიან. ვითარება მკვეთრად შეიცვალა 2022 წლიდან. მიგრანტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა, რაც თვალშისაცემია თუნდაც აფხაზური მედიისათვის თვალის ზერელე გადავლებით. მიგრანტები ხვდებიან როგორც დღის ახალ ამბებში, ასევე კრიმინალურ ქრონიკებში:

  • გუდაუთაში სარემონტო სამუშაოების დროს დაიღუპა უზბეკი მოგრანტი. მამაკაცი სარეკლამო ბილბორდის დამონტაჟებისას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის სადენების შეერთებას ცდილობდა, როცა დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მისულმა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა ცხედარი გუდაუთის საავადმყოფოში გადაასვენეს.
  • აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა უზბეკეთის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ოტბეკ ს.-სა და აზერბაიჯანის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული ალი ი.-ზე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 6 აგვისტოს სოხუმში ინალ-იფას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG