ქართული წარმოშობის ყველაზე მეტმა სპორტსმენმა ძიუდოში მოიყარა თავი. მათ შორის ერთ-ერთმა უკვე მოიპოვა ოლიმპიური ვერცხლის მედალი საფრანგეთისთვის.
ლუკა მხეიძე - საფრანგეთი
60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 28 წლის ქართული წარმოშობის ფრანგი ძიუდოისტი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია.
“ლუკა მხეიძე, ვერცხლის მედალი! ბრავო ჩვენს ძიუდოისტს”, - დაწერა 27 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა X-ზე 28 წლის ქართული წარმოშობის ძიუდოისტის წარმატებაზე პარიზის ოლიმპიადაზე.
მის ბრძოლას საფრანგეთის პრეზიდენტი დარბაზიდან უყურებდა და ძიუდოისტს პირადად მიულოცა ვერცხლის მედლის მოპოვება ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.
მანამდე იყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები და ლუკა მხეიძის ბრინჯაოს მედალი. მაშინ ემანუელ მაკრონი X-ზე წერდა:
„ოლიმპიური თამაშები საოცარი ადამიანური ამბებითაა სავსე. საქართველოში დაბადებულმა და 2015 წლიდან საფრანგეთში ნატურალიზებულმა ლუკა მხეიძემ საფრანგეთს პირველი მედალი მოუტანა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. სიამაყეს იზიარებს ერი, რომელიც მან აირჩია!“
ლუკა მხეიძე 1996 წლის 5 იანვარს, თბილისში დაიბადა. 7 წლის იყო, როცა მამის რჩევით ძიუდოთი დაინტერესდა და თანატოლებს შორის მალევე გამოიჩინა თავი.
თუმცა, 2008 წლის ომის შემდეგ ლუკას ოჯახმა საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა. ისინი ჯერ პოლონეთში გაემგზავრნენ, ერთი წლის შემდეგ, 2010 წელს კი საფრანგეთში გადავიდნენ.
ფრანგული მედია წერს, რომ 2014 წელს ლუკამ დევნილის სტატუსი მიიღო და ერთი წელიწადი, პარიზის გარეუბანში, ერთ-ერთ პატარა სასტუმროში ცხოვრობდა.
2015 წელს ოჯახმა გადაწყვიტა, პარიზიდან ქალაქ ჰავრიში გადასულიყვნენ საცხოვრებლად.
ლუკა მხეიძე ფრანგ ჟურნალისტებს უყვება, რომ კლუბმა, რომელშიც მაშინ ვარჯიშობდა, ქალაქის მერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ედუარდ ფილიპს სთხოვა, რომ მისთვის, როგორც პერსპექტიული სპორტსმენისთვის, მოქალაქეობა მიენიჭებინა.
რამდენიმე თვეში ლუკა მხეიძე საფრანგეთის მოქალაქე გახდა, პარიზში დაბრუნდა და დაიწყო მზადება საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის საფრანგეთის სახელით.
ის ძიუდოში არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია.
ტრისტან (ტატო) მოსახლიშვილი - ესპანეთი
ქართული წარმოშობის ესპანელი ძიუდოისტი 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
დაიბადა 1997 წელს, თელავში. 2018 წლამდე საქართველოს სახელით გამოდიოდა სხვადასხვა ტურნირში.
2020 წლიდან კი 26 წლის ძიუდოისტი ესპანეთის დროშით მონაწილეობს შეჯიბრებებში.
ტრისტან მოსახლიშვილმა 2021 წელს მოიგო ესპანეთის შიდა ჩემპიონატი და მას შემდეგ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდა.
2024 წელს აბუ-დაბის მსოფლიო ჩემპიონატზე მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ერთი წლით ადრე, 2023 წელს კი გახდა ყაზახეთის გრანდ სლემის ოქროს მედლის მფლობელი.
2022 წელს, ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდა ოლიმპიურ ჩემპიონთან, ლაშა ბექაურთან.
ლაშა ბექაურთან ნახევარფინალში ბრძოლისას დამარცხდა ტრისტან მოსახლიშვილი 31 ივლისს, პარიზის ოლიმპიადაზეც.
ქართული წარმოშობის ესპანელი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბერძენ მეტოქესთან დამარცხდა.
ნიკოლოზ შერაზადიშვილი - ესპანეთი
100 კგ წონით კატეგორიაში, ესპანეთის სახელით მოასპარეზე 28 წლის ქართველი ძიუდოისტი 1996 წელს, თბილისში დაიბადა.
10 წლის იყო, სპორტით რომ დაინტერესდა და ჯერ კიდევ საქართველოში, ძიუდოსა და წყალბურთში დაიწყო ვარჯიში.
14 წლისა ოჯახთან ერთად მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად და მიხვდა, რომ ძიუდოში შეეძლო წარმატების მიღწევა.
მალევე ჩაეწერა კლუბში, სადაც მწყვრთნელი ცნობილი ესპანელი ძიუდოისტი ხოაკინ რუისი იყო.
2014 წელს ნიკოლოზმა ესპანეთის მოქალაქეობის მიღებასთან ერთად საერთაშორისო ტურნირებში, ესპანეთის სახელით ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.
2018 წელს ის გახდა პირველი ესპანელი, რომელმაც მოიპოვა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
2024 წელს ქართული წარმოშობის ესპანელი ძიუდოისტი თბილისის გრანდ სლემის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
თორნიკე ჭკადუა - ჰოლანდია
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე 27 წლის ქართველი ძიუდოისტი 1996 წელს, ჰოლანდიაში, ქალაქ ლეევარდენში დაიბადა.
თორნიკეს ქართველი მშობლები ჰყავს და ჟურნალისტები წერენ, რომ ის ჰოლანდიასთან ერთად საქართველოს მოქალაქეცაა.
თორნიკე ჭკადუასთვის პარიზის ოლიმპიური თამაშები მეორე ოლიმპიადაა.
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის შემდეგ, მან რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა. მათ შორის, 2024 წელს, თბილისის გრანდ სლემზე ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
უშანგი კოკაური - აზერბაიჯანი
32 წლის ქართული წარმოშობის აზერბაიჯანელი ძიუდოისტი, უშანგი კოკაური 1992 წელს, გორში დაიბადა.
11 წელია საერთაშორისო ტურნირებში აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობს.
პირველი მედალი, აზერბაიჯანის დროშის ქვეშ უშანგი კოკაურმა 2014 წელს, ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა, ის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
კიდევ ერთი ვერცხლის მედალი, ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატზე, მან 2018 წელს მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ის 2024 წელს, თბილისში გამართულ გრანდ სლემზეც.
ნუგზარ ტატალაშვილი - არაბთა გაერთიანებული საამიროები
34 წლის ქართველი ძიუდოისტი გორში დაიბადა. საქართველოსთვის მას არაერთი მედალი აქვს მოპოვებული საერთაშორისო ტურნირებზე. ქართული დროშით ასპარეზობდა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებშიც.
2022 წლიდან კი ნუგზარ ტატალაშვილი საერთაშორისო შეჯიბრებებზე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით გამოდის.
პირველი ცნობა მისი გაერთიანებულ საამიროებში გადასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს გავრცელდა, თუმცა მაშინ საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ეს ინფორმაცია უარყო, მაგრამ ის კი დაადასტურა, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ითხოვეს ნუგზარ ტატალაშვილი მათი დროშის ქვეშ გამოსულიყო.
მაშინ ძიუდოს ფედერაციამ განაცხადა, რომ ძიუდოს ეროვნული ფედერაციის დებულების მიხედვით, რომელიც ქართველ ძიუდოისტთა სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლას ეხება, „საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის წევრს, რომელიც მოისურვებს სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლას, მინიმუმ ორი წლის განმავლობაში უნდა ეთქვას უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე...“.
ნუგზარ ტატალაშვილის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადასვლის შესახებ ინფორმაცია 2022 წლის მარტში დადასტურდა.
სპორტული ჟურნალისტები წერდნენ, რომ საქართველოს ფედერაციამ მას უცხოეთის სახელით ასპარეზობის უფლება იმიტომ მისცა, რომ 30 წელს იყო გადაცილებული. ამ თანხმობის სანაცვლოდ კი გაერთიანებული საამიროები ქართველ სპორტსმენებს საწვრთნელ შეკრებებზე თავისი ხარჯით მიიღებდნენ.
ვანო რევაზაშვილი (ვედათ ალბაირაქ) - თურქეთი
ქართული წარმოშობის 31 წლის თურქი ძიუდოისტი, ვანო რევაზაშვილი 1993 წელს, ყაზახეთში დაიბადა.
ძიუდო მამამ შეაყვარა. მისი მამა, საგარეჯოში დაბადებული გიორგი რევაზაშვილი, 90-იანი წლების წარმატებული ძიუდოისტია. იყო ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი.
2016 წლამდე, მათ შორის რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც, ვანო რევაზაშვილი საბერძნეთის დროშის ქვეშ და რომან მოუსტოპოულოსის სახელით ასპარეზობდა.
2018 წლიდან კი კიდევ ერთხელ შეიცვალა სახელი, გახდა ვედათ ალბაირაქი და მას შემდეგ თურქეთისთვის იბრძვის პრესტიჟულ ტურნირებში. თურქეთის სახელით იჭიდავა მან ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც.
ვანო რევაზაშვილს არაერთი მედალი აქვს მოპოვებული სხვადასხვა პრესტიჟულ ტურნირზე, მათ შორის - 2021 წელს, ლისაბონში გამართულ ტურნირზე გახდა ევროპის ჩემპიონი. ეს ტიტული შეინარჩუნა 2023 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც.
ვაჰიდ ბორჩაშვილი - ავსტრია
ქისტი ძმები პანკისის ხეობიდან, 25 წლის ვაჰიდ ბორჩაშვილი და 29 წლის შამილ ბორჩაშვილი, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირებზე ავსტრიის სახელით ასპარეზობენ. ავსტრიის სახელით ასპარეზობს ტურნირებში მათი ძმა კიმრანიც.
სხვადასხვა წყაროს, მათ შორის, ამერიკაში ავსტრიის ყოფილი ელჩის, მარტინ ვეისის ცნობით, ბიჭები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, როდესაც ოჯახი ჩეჩნეთიდან ქალაქ ველსიში გადავიდა საცხოვრებლად და იქ თავშესაფარი ითხოვეს.
მარტინ ვეისის ინფორმაციითვე, ძმებმა ავსტრიის მოქალაქეობა 2016 წელს მიიღეს.
81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჰიდი არაერთი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია, მათ შორის, 2023 წელს ის თბილისის გრანდ სლემის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანია მისი ძმა შამილ ბორჩაშვილი. პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი მან თავად განაცხადა და გადაწყვიტა, რომ ადგილი ძმისთვის, ვაჰიდისთვის დაეთმო:
„ყველაფერი ვცადე, მაგრამ საუკეთესო ფორმაში არ ვარ - ზაგრებში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დავჯერდი. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მივიღებ. ეს გადაწყვეტილება გარდაუვალია. ჩემი ძმა, ვაჰიდია ახლა პირველი 81 კგ წონით კატეგორიაში და ამიტომ მას გარანტირებული აქვს ადგილი პარიზის ოლიმპიურ თამაშებში“, - ასე ახსნა პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი შამილ ბორჩაშვილმა ოლიმპიადის დაწყებამდე ორი თვით ადრე.
ჭიდაობა და ქართული გვარით მოასპარეზე სამი სპორტსმენი
აზერბაიჯანისა და უკრაინის სახელებით ასპარეზობენ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული წარმოშობისა და არაერთი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი მოჭიდავეები.
მათ შორის, 125 კგ წონით კატეგორიაში, აზერბაიჯანის სახელით ჭიდაობს ონში დაბადებული 32 წლის გიორგი მეშვილდიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა).
უკრაინის სახელითა და 97 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებში 30 წლის მურაზ მჭედლიძე (თავისუფალი ჭიდაობა).
ქალთა ჭიდაობაში უკრაინას წარადგენს წარმოშობით ქართველი, 25 წლის ალინა აკობია (57 კგ).
ორი წლის წინ, 2022 წლის მარტში, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, ალინა აკობია უკრაინის სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა.
ალინას მამა საქართველოში დაიბადა. 14 წლის იყო, როცა აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ, ოჯახი იძულებული გახდა უკრაინაში გადასულიყო. ალინა უკრაინაში დაიბადა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებში, 203 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან 11 ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის ყველაზე მეტი სპორტსმენით ასპარეზობენ აშშ, საფრანგეთი და ავსტრალია.
ფორუმი