2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ რჩება. ომის შემდეგ საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, რომელთაგან 30 000 დევნილობაში რჩება. „სამხრეთ ოსეთის ეთნიკურად ქართულ სოფლებში ისტორიები თანაბრად შემაძრწუნებელია. გასამხედროებული ფორმირებები შედიან სოფლებში, მანქანებს და საბარგულებს ავსებენ ყველაფრით, რასაც ფასი აქვს, შემდეგ კი წვავენ სახლებს და შემდეგი სოფლისაკენ მიემართებიან.“ - წერდა რადიო თავისუფლება 2008 წელს. 2008 წლის 15 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გაზეთ „კომერსანტის“ ჟურნალისტის კითხვაზე „რა ხდება ამჟამად ქართული ანკლავების ტერიტორიაზე?“ აცხადებდა: „არაფერი, ყველაფერი დაინგრა, სამხრეთ ოსეთის საზღვრები დადგენილია“. იქვე, იმავე ინტერვიუში, იგი დაჟინებით იმეორებდა, „ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმე ოდესმე უკან დავაბრუნოთ. საქართველოდან დაახლოებით 18 ათასი ოსი დევნილია ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში და სწორედ ისინი უნდა დაბრუნდნენ სამხრეთ ოსეთში“ მოგვიანებით ეუთოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის დამდგენ სპეციალურ მისიას (OSCE/ODIHR HRAM), რომელიც საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ელეონორა ბედოევამ უთხრა, რომ „თუკი ქართველი, რომელიც რჩება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ვერ გაამართლებს ჩვენს მოლოდინს, მათ განვდევნით... მე არ მჭირდება ქართველების დაბრუნება ჩრდილოეთის სოფლებში თამარაშენსა და სხვებში, და მათ ამის შესაძლებელობა არ ექნებათ.” ქართული მხარის მიერ დაკარგული სოფლების ომის დროს და მომდევნო დღეებსა და თვეებში გადაწვეს და გაძარცვეს. შემდეგი წლები იქ არსებული ნაგებობების სრულ განადგურებას მოხმარდა. ხალხმრავალი სოფლების ადგილას ომის დასრულებიდან 13 წლის შემდეგ უღრანი ტყეები და მოსწორებული მინდვრებია. 2017 წელს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 4,2 მლდ. რუბლით (რაც დაახლოებით 70 მლნ. დოლარი იყო) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ისახავდა მიზნად, ქართულ სოფლებში დარჩენილი სახლები მძიმე ტექნიკით გაასწორეს მიწასთან. Google earth-ით გადაღებული ფოტოები ნათლად აჩვენებს ქართული სოფლების მდგომარეობას ომამდე და ომის შემდეგ. (გადაატარეთ ფოტოზე კურსორი, ან აამოძრავეთ თითოეული ფოტოს სლაიდერი, რათა ძველი და ახალი ფოტოები ერთმანეთს შეენაცვლოს)















„სოფელი და ქალაქი ერთად შერწყმული - აი, ასეთი იყო თამარაშენი. უნიკალური ჰაერი და წყალი. მაჩაბლის მუზეუმი, ახალი, ძალიან კარგი სკოლა, მაღაზიები, ბანკი - ყველაფერი, რაც საჭირო იყო ცხოვრების პირობებისთვის. ბავშვებისთვის ატრაქციონები გაკეთდა, საცურაო აუზი შენდებოდა, მაგრამ ვინ გვაცალა?! ეხლა აღარაფერი აღარ არსებობს. აღარც სახლები. მარტო სასაფლაოა“ - ასე იხსენებდა 2018 წელს რადიო თავისუფლებასთან თავის სოფელს თამარაშენის ერთ-ერთი ბინადარი, დარეჯან დათაშვილი.



„დაბომბვა რომ შეწყდა, გამოვედი გარეთ და ვნახე იქვე, ჩემი სახლიდან ცოტა მოშორებით, რამოდენიმე ჩემი თანასოფლელი უგონოდ ეგდო. მივედი, ვნახე და გარდაცვლილები იყვნენ. იმ დღეს მათი დასაფლავების საშუალებაც არ გვქონდა. დაღუპულები იყვნენ კახნიაშვილი გრიშა და კახნიაშვილი ვასო. როგორც შემდეგ გავიგე თანასოფლელებისგან, 9 აგვისტოს დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ ავალიანი თინათინი და მარიკა კახნიაშვილი მანქანაში სოფელ ერედვთან ახლოს, სოფლიდან გასვლას რომ ცდილობდნენ, მაშინ. 10 აგვისტოს დავასაფლავეთ გარდაცვლილები...“ - ასე იხსენებდა სოფლის დაბომბვას 2009 წელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ინტერვიუში კეხვში მცხოვრები და ამ დროისთვის უკვე დევნილი სულიკო კახნიაშვილი












2008 წლის ომის შემდეგ ფორმა შეიცვალა ცხინვალმაც. სამხედრო ბაზა, რომელიც ცხინვალში მდებარეობდა, 2008 წლის ომის შემდეგ ბევრად მასშტაბური გახდა და დაიკავა უკვე განადგურებული თამარაშენის მოსაზღვრე ტერიტორია. რუსეთის მე–4 სამხედრო ბაზა ცხინვალის რეგიონში 2009 წლიდან არსებობს და მის შემადგენლობაში დაახლოებით 4 000 სამხედროა. ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზის უშუალო ფუნქციაა ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ინტერესების დაცვა. ბაზა რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის და კავკასიაში კრემლის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის უზრუნველყოფის საქმეში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.



მე-4 სამხედრო ბაზის ფორმირების საკითხი დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დადგა. ბაზის ფორმირება 2009 წლის 1 თებერვალს მოხდა მე-19 მოტომსროლელი დივიზიის 693-ე საგვარდიო და 135-ე მოტომსროლელი პოლკების ბაზაზე. არსებული მონაცემებით, მე-4 სამხედრო ბაზაზე 4000-მდე სამხედრო მოსამსახურეა. ცხინვალის რეგიონში ბაზის ძირითადი დისლოკაციის ადგილებია ქ. ცხინვალსა და ჯავაში. ბაზა სამხედრო თვალსაზრისით სრულყოფილად არის აღჭურვილი. დღიდან დაარსებისა პერიოდულად მიმდინარეობს ბაზის სამხედრო პოტენციალის შეირაღების ახალი კომპონენტებით განახლება. მაგ. 2011 წლიდან ცხინვალის რეგიონში განათავსეს „Точка-У“-ს სარაკეტო კომპლექსის ოპერატიულ-ტაქტიკური დივიზიონი. 2012 წლიდან მე-4 სამხედრო ბაზის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა ოსური ბატალიონი, სადაც შეუძლიათ იმსახურონ ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებმაც. 2006-2017
* სტატია პირველად გამოქვეყნდა 2019 წლის 7 აგვისტოს, განახლდა 2021 წლის 21 ივლისს
data-thumb-caption="true" data-gallery="false">


სამხედრო დანიშნულების ნაგებობები ჩნდება ისეთ ადგილებში, სადაც ქრება ქართული სოფლები. ერთ-ერთი ასეთი ადგილია სოფელ ხუმსართას მოსაზღვრედ.