მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფალმა ევროპამ/რადიო თავისუფლებამ 27 წლის შემდეგ კვლავ განაახლა უნგრულ ენაზე მაუწყებლობა, ფოტოგრაფმა ეიმოს ჩეპლმა ამ ქვეყანაში იმოგზაურა, რათა ჰაერიდან გადაღებული ფოტოებით მოეთხრო უნგრეთის კულტურისა და ისტორიის შესახებ.
უნგრეთი ზედხედით

1
კელეტის, ბუდაპეშტის მთავარი რკინიგზის სადგურის თავზე აღმართული ამ სამი ქანდაკებიდან ორი გამოსახავს ცეცხლისა (მარცხნივ) და წყლის (მარჯვნივ) ღმერთებს, რომელთა შორის მდგარ ქალის ქანდაკებას ხელთ უპყრია ამ ორი ელემენტის კომბინაციით მიღებული ორთქლი. ორთქლი ენერგიის მთავარი წყარო იყო მატარებლებისათვის. ქანდაკება 1884 წელს არის შექმნილი.

2
კავიჩსოს ტბის ეს კუნძული, თავისი აგარაკებითა და სასტუმროებით, ბუდაპეშტის სამხრეთით მდებარეობს.

3
სიმინდის ყანებში ჩაძირული სომოგივამოს უძველესი ეკლესია ბალატონის ტბის მახლობლად მდებარეობს. მიტოვებული ნანგრევებიღა დარჩა იმ სოფლისგან, რომელიც, გადმოცემის თანახმად, პირისაგან მიწისა აღიგავა ოსმალებთან ომის დროს, შუა საუკუნეებში რომ მძვინვარებდა ამ რეგიონში.

4
მატიაშის ეკლესია ბორცვიდან გადმოჰყურებს ბუდაპეშტს. უნგრეთის მეფეებს აკურთხებდნენ ამ უძველეს ქვის ტაძარში, რომელიც ძლიერ დაზიანდა 1945 წელს, როცა მოკავშირეთა ალყაში მოექცა ბუდაპეშტი. მისი რესტავრაცია მხოლოდ 1980-იან წლებში დასრულდა.

5
ფუზერის ციხესიმაგრე 1200 წლით თარიღდება. სლოვაკეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ეს ძეგლი1600-იან წლებში საგრძნობლად დაზიანდა, როდესაც აჯანყებულებმა მისი ბაზად გამოყენება სცადეს. დღესდღეობით ძეგლს რესტავრაცია უტარდება.

6
ხელებგადაჭდობილი ქალების ფიგურები სეგედში მდებარე შენობაზე. უნგრეთის სამხრეთში მდებარე ეს ქალაქი ცნობილია ე.წ. არტ-ნუვოს არქიტექტურული სტილით.

7
ესტერგომის ბაზილიკა მდინარე დუნაის ნაპირზე მდებარეობს. 1869 წელს აგებული ეს ბაზილიკა უდიდესია უნგრეთში არსებულ ამ სტილის ძეგლებს შორის. მდინარის მარცხენა მხარეს კი უკვე სლოვაკეთია.

8
ბუდას სასახლე მოსაღამოებულზე, დუნაის მარცხენა სანაპიროდან გადმოჰყურებს არემარეს.

9
ბენევოლენტის, ანუ მშვიდობის მფარველი ანგელოზის, ოქროსფერი ქანდაკება. ანგელოზი მტრედით ხელში ხვდება ბალატონის ტბის პორტში დაბრუნებულ ნავებს. რუსი მოქანდაკის, პიოტრ სტრონკის, ეს ძეგლი 2012 წელს აღიმართა.

10
ტურული, უნგრეთის მითოლოგიიდან ცნობილი გიგანტური მტაცებელი ფრინველი, ამაყად ზის ბუდაპეშტის სამეფო სასახლის კვარცხლბეკზე.