ამ გამანადგურებელი ომიდან სამი წლის თავზე ბევრი მათგანი კვლავ იბრძვის რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, ნაწილი კი მიღებული ჭრილობების გამო იძულებული გახდა სამხედრო ფორმა გაეხადა და საქართველოში დაბრუნებულიყო. სწორედ რამდენიმე ასეთ ადამიანს ვთხოვეთ, გაეხსენებინათ რუსეთის სამხედრო აგრესიის პირველი დღეები და პირველი ბრძოლები, ეამბათ, თუ რა შეცვალა პირადად მათ ცხოვრებაში ომმა, რომელმაც უკვე მეოთხე წელში შეაბიჯა.
"ამ პოზიციის დაკავებით მტერი კეტავდა მარიუპოლისკენ მიმავალ გზას"
ვიცე-პოლკოვნიკ ზურაბ ჩიხელიძეს დამთავრებული აქვს საქართველოს სამხედრო აკადემია; სხვადასხვა დროს მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „კომანდოს“ და „შავნაბადას“ ბატალიონებში, მე-4 ქვეითთა და საინჟინრო ბრიგადებში. 2015 წლიდან იმყოფება უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში.
როგორც გამოცდილი ოფიცერი, სამი წლის წინ ჩიხელიძე რუსეთის იერიშის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაზე, ქალაქ ვოლნოვახაში იმყოფებოდა საბრძოლო დავალებით.
„2022 წლის 24 თებერვალს, როგორც ბატალიონის მოადგილე, ვიყავი ავდეევკის გვერდით, პერვომაისკიში გვეკავა პოზიციები. ამ მომენტში დონეცკში შემოსული და დაბანაკებული იყო რუსეთის არმიის სამი თუ ოთხი კოლონა, პირადი შემადგენლობა და ტექნიკა.
24 თებერვალს, უკრაინის სარდლობის დავალებით ჩვენი ბრიგადის შიგნით შეიქმნა ასეულის ტაქტიკური ჯგუფი, რომლის მეთაურადაც მე დამნიშნეს და გამიშვეს 53-ე ბრიგადის გასაძლიერებლად, რომლის პოზიციები მოწინააღმდეგემ ჯერ კიდევ 22-ში გაარღვია. რადგან ამ პოზიციის დაკავებით მტერი კეტავდა მარიუპოლისკენ მიმავალ გზას. ვოლნოვახაში ამ და მომდევნო დღეებში უმძიმესი ვითარება იყო. ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქში, რომლის დიდი ნაწილი მტრის არტილერიიდან და ავიაციიდან იბომბებოდა. მე მოგაწვდით ჩემი მებრძოლების მიერ გადაღებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ რა ხდება ქალაქში 25-26-27 თებერვალს.
ჩვენ ვიყავით დაახლოებით სამასი კაცი, რომლებიც პირველ დღეს შევხვდით მოწინააღმდეგეს, და მარტო ტექნიკა, რაც ერთი მიმართულებით მოგვადგა, 73 ერთეული დავითვალე. ეს ციფრი ზუსტად მახსოვს, რადგან ანგარიში დავწერე იმ დღეს.
მტრის აშკარად ჭარბი ძალების მიუხედავად, ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ვიცავდით ქალაქს, რომელიც დაახლოებით 11 თუ 12 მარტს დაიკავეს. ჩემთან ერთად ვოლნოვახაში მაშინ ერთი ქართველი იყო, გოჩა მუშკუდიანი, ახლაც კარგად არის. ერთ-ერთი სასწავლო ბატალიონის სერჟანტია და მებრძოლებს უზიარებს თავის გამოცდილებას“, - გვითხრა ზურაბ ჩიხელიძემ, რომელიც ამჟამადაც საბრძოლო დავალებაზე იმყოფება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზის მახლობლად.
მაშინაც საბრძოლო დავალების ზონაში იყო ქართველი სამხედრო, როდესაც 2022 წლის ბოლოს რადიო თავისუფლებას დისტანციური ვიდეოინტერვიუ მისცა.
„აქ რომ ვებრძვი რუსებს, მე ვებრძვი საქართველოს მტერს სხვა ადგილზე. მე აქ ჩემს [მხედრულ] მოვალეობასაც ვიხდი და ადამიანურ და მეგობრულ მოვალეობასაც უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე, რომელთანაც ჩვენ უდიდეს ვალში ვართ ყველანაირად...“ - ასეთი შემართებით საუბრობდა მაშინ ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ჩიხელიძე.
ამბობს, რომ ეს შემართება მას არც სამი წლის შემდეგ შესცვლია.
„ამ სამი წლის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება მივიღე, გავხდი ბატალიონის მეთაური და მივიღე მონაწილეობა არაერთ თავდაცვით ბრძოლასა და შეტევაში. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ დიდ ბრძოლებში მონაწილეობის მიღება ყველა სამხედროსთვის მნიშვნელოვანია.
მაგრამ ეს ყველაფერი მძიმეა, რადგან ახლავს დიდი დანაკარგი - ხალხში, მეგობრებში, თანამებრძოლებში. ამ სამი წლის განმავლობაში გავხდი ბატალიონის მეთაური, ჯილდოებიც მაქვს მიღებული, მესამე და მეორე ხარისხის ბოგდან ხმელნიცკის ორდენები. მოტივაცია იყო, არის და იქნება მაღალი, რადგან კარგად ვიცი და მჯერა, რომ აქ, უკრაინაში გადის რუსეთის დამარცხების ხაზი. და ამ ჩემ მოტივაციას არაფერი შეცვლის, მით უფრო, რომ ამ სამი წლის განმავლობაში უფრო იმატა რუსების მხრიდან ბარბაროსობამ და არაადამიანურმა მოპყრობამ, როგორც ტყეების, ისე სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ“.
"ყველაზე დიდი ჯილდო გადარჩენილი სიცოცხლეა"
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ქართველი მებრძოლების რიგებში რამდენიმე ახალგაზრდა ქალიც იბრძოდა. რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის პირველ დღეებში ქალაქ ვოლნოვახაში აღმოჩნდნენ გადასროლილი ქვეითი ნაწილის ყუმბარმტყორცნელი რუსკა ივანეიშვილი და მისი ქმარი, ასევე გამოცდილი სამხედრო გელა ბეგლარაშვილი.
„გასახსენებლად ეს ძალიან ძნელია. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ 21-ე საუკუნეში ომი თუ შეიძლებოდა დაწყებულიყო და ამდენი ხნით გაგრძელებულიყო. ეს ყველასათვის იყო წარმოუდგენელი. როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ჩვენ ვიყავით ვოლნოვახის მიმართულებით, და ის პირველი წუთები ნამდვილად არასოდეს დამავიწყდება და არასოდეს ამოვა ჩემი გონებიდან, რაც იქ ხდებოდა.
ძნელია, როდესაც ხედავ ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს, დაჭრილებს, რომლებიც შველას გვთხოვდნენ, რადგან ჩვენს გარდა მშველელი არავინ ჰყავდათ. ალბათ, ჩვენც იმ მომენტში ღმერთი გვაძლევდა იმის ძალას, რომ დავხმარებოდით, რითაც შეგვეძლო.
მედდა მე არ ვყოფილვარ. ომში ჩვეულებრივად მებრძოლი, ქვეითი დანაყოფის ყუმბარმტყორცნელი ვიყავი.
მაშინ ვოლნოვახაში ვერ შემოვიდნენ მედდები და პირველად დახმარებას დაჭრილებს მე და ჩემი მეუღლე, გელა ბეგლარაშვილი ვუწევდით და შემდეგ ვგზავნიდით ევაკუაციაზე.
ერთ-ერთი ოპერაციის დროს მეუღლე უკან ბეჭში, მხარში და გულის არეში დაიჭრა. ამჟამად საბრძოლო მოვალეობას არ ასრულებს. მისცეს ინვალიდობა, როგორც სამხედრო სამსახურისთვის არავარგისიანს“.
რუსკა მეუღლესა და შვილთან ერთად ამჟამად საქართველოში იმყოფება. მაგრამ „ქართველ მებრძოლ წყვილს“ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი უკრაინაში დაბრუნება, მეორე სამშობლოში, სადაც სწორედ ომის დროს დაიბადა მათი შვილი.
რუსკა ივანეიშვილი: „ომმა ბევრი რამ შეცვალა. მან წაგვართვა საუკეთესო მეგობრები და ეს ყველაზე ძნელი იყო იმ დროს ჩვენთვის. იყო ძალიან მძიმე დღეები... ბევრი ტკივილი დაგვიტოვა ყველას, მაგრამ როგორც ვიტყვით ხოლმე, “ზღაპრის ბოლო კეთილია”. ღმერთმა მაჩუქა ჩემი პატარა ანგელოზი, მარიამი, რამაც გადაგვატანინა ის დღეები და შეგვიმსუბუქა ის ტკივილი, რაც ომში განვიცადეთ.
ჯილდოებზე არ ვილაპარაკებ. ალბათ, ყველაზე დიდი, რაც ომმა მომცა, ეს იყო გამოცდილება და ყველაზე დიდი გამოცდილება მივიღე. ყველაზე დიდი ჯილდო კი არის იმ ადამიანების გადარჩენილი სიცოცხლე, რომელიც იმ მომენტში გადავარჩინე”.
"დაზვერვის ჯგუფი, რომელშიც 4 ქართველიც ვიყავით"
ვადიმ ჩხეტიანი, უფროსი ჯარისკაცი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა, ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციის დროს აღმოსავლეთ უკრაინაში შემოჭრილი დონბასელი სეპარატისტების „სახალხო ლაშქრისა“ და მათი მხარდამჭერი რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილების წინააღმდეგ.
ვადიმი იხსენებს, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე შეხვდა.
„ჩვენმა დაზვერვის ოცეულმა, რომელშიც მაშინ ვირიცხებოდი, 2022 წელს 19 თებერვალს მიიღო ბრძანება, რომ ერთ საათში მოვმზადებულიყავით საბრძოლო დავალებაზე გასასვლელად. დანიშნულების ადგილად განისაზღვრა ქალაქი კრემენნაია (უკრაინულად კრემინა). ესაა ლუგანსკის ოლქის სევეროდონეცკის ოლქში შემავალი ქალაქი, რომლის აღებაც, უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსებს სურდათ ბლიცკრიგით.
ჩვენი დაზვერვის ჯგუფი, რომელშიც 4 ქართველიც ვიყავით, ქალაქ კრემენნაიას მახლობლად ტყეში დავბანაკდით და 24 თებერვალს გაშლილ საბრძოლო ველზე ველოდებოდით მტრის შემოსვლას. მას უკვე ჰქონდა გადმოსროლილი ამ მიმართულებაზე არტილერია და მძიმე ტექნიკა. ჩვენც კარგად ვიყავით შეიარაღებულნი და მოტივაციაც მაღალი გვქონდა. მაგრამ მტერმა ქალაქში შემოჭრა გადაიფიქრა. ამიტომ სამ-ოთხ დღეში ოთხიდან სამი ქართველი სხვა ჯგუფთან ერთად ვოლნოვახაში გადაისროლეს, მე და ჩემი ჯგუფი კი - ზარიჩნოეში (დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი).
ამის შემდეგ ბევრ ბრძოლაში მივიღე მონაწილეობა, როგორც იტყვიან, ავიც ვნახე და კარგიც, გვერდში დგომაც და ღალატი. ომის პირველსავე წელს დავიჭერ და ხანგრძლივი რეაბილიტაცია დამჭირდა. ჩემთან ერთად ომის მთელ სიძნელეს ჩემი მეუღლე, ნატაში ჩხეტიანი-ზერიანოვაც იზიარებდა, რომელიც გვერდიდან არ მომშორებია“.
ვადიმ ჩხეტიანი დონეცკის ოლქის სოფელ იამპოლში ჭურვის ნამსხვრევმა თავის არეში დაჭრა. ჭრილობის გაკერვის შემდეგ ისევ ფრონტის ხაზზე დაბრუნდა, მაგრამ მალე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა. არ მალავს, რომ მისი მოტივაცია ამჟამად არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ომის დასაწყისში იყო.
ვადიმ ჩხეტიანი: „ისე მოხდა, რომ ომის განმავლობაში, ერთხელაც ვერ მოვახერხე საქართველოში ჩამოსვლა და დედის ნახვა, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში მარტოდმარტო დარჩენილი, ყოველდღე მელოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ შვებულებით ჩამოვედით ჩემი მეუღლე და მე.
უკრაინის მოქალაქე რომ გავხდი, საქართველოსი დავკარგე, ამიტომ საქართველოში მყოფმა მოქალაქეობის აღდგენაზე ჩავაბარე გამოცდები ქართულ ენაში, გადავიხადე გადასახადი, მაგრამ მალე უარი მითხრეს მოქალაქეობის აღდგენაზე. მიზეზი არ უცნობებიათ. ძალიან გული მეტკინა. რა ვიცი, როგორ იქნება ჩემი საქმე. უკანაც ვეღარ მივდივარ, რადგან იქ დეზერტირად ვარ გამოცხადებული. ვართ ჩემი მეუღლე და მე ვაჩნაძიანში და დღიური შრომით, ბაღ-ვენახებში მუშაობით ვირჩენთ თავს უკეთესის მოლოდინში“.
"რუსეთის დივერსიული ჯგუფი კიევში, სამთავრობო კვარტალზე აპირებდა შეტევას"
უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე რადიო თავისუფლების ხშირი სტუმარია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კარგად ინფორმირებული ოფიცერი.
რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე ბევრად უფრო ადრე, 2014 წლიდან ნადირაძეს უკვე ჰქონდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მრავალწლიანი გამოცდილება აღმოსავლეთ უკრაინაში. და, როგორც თავად იხსენებს, 2022 წლის 24 თებერვალს თავის ჯგუფთან ერთად „ყველაზე ცხელ“ წერტილში, კიევსა და მის გარშემო აღმოჩნდა გაგზავნილი სპეციალური დავალებების შესასრულებლად.
„24-ში ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, როცა ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ რუსები შემოიჭრებოდნენ ჩერნობილის მიმართულებიდან. გამთენიისას უკვე პირველი სამხედრო ვერტმფრენები გამოჩნდნენ და დესანტის გადმოსხმა მოინდომეს ჰოსტომელში, რასაც მოჰყვა საბრძოლო შეტაკებები რამდენიმე სოფელში.
იმ პერიოდისთვის ყველაზე დიდი ბრძოლა გაიმართა სოფელ მოშუნში (კიევთან ახლოს). იქ 72-ე ბრიგადა, ძალიან მაგარი ბიჭები იდგნენ.
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი დაიღუპა, რადგან ფსკოვის (რუსეთის ქალაქია - რედ.) მედესანტეებთან ჰქონდათ ბრძოლა და ეს ელიტარული ბრიგადა, 3 წლის წინ, ზუსტად მოშუნთან განადგურდა...
ამ დროს მე ვხელმძღვანელობდი მობილურ ჯგუფს, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. და ამ ჯგუფთან ერთად ვმოძრაობდი და ვაწვდიდი კოორდინატებს ჩვენს არტილერიას, თუ სად უნდა დაერტყა.
გამთენიისას უკვე სასწრაფოდ გვიბრძანეს, გადაგვისროლეს კიევში ვლადიმერსკაიას ქუჩაზე, სადაც სბუ-ს (უკრაინის უშიშროების სახელმწიფო სამსახური - რედ.) ცენტრალური ოფისი მდებარეობს.
გვქონდა ინფორმაცია, რომ რუსები აპირებდნენ შეტევას სამთავრობო კვარტალზე და ამისთვის გადმოასხამდნენ დესანტს. ეს, ჩვენი შეფასებით, შეიძლებოდა მომხდარიყო სოფიას მოედანზე. ამიტომ მივიღეთ დავალება, რომ გაგვენადგურებინა რუსების ვერტმფრენი და არ დაგვეშვა დესანტის შემოსვლა უკრაინის დედაქალაქში. ჩვენ და "ალფას" ჯგუფი ერთად ვიყავით.
პირადად მე ხელის გადასატანი საზენიტო დანადგარით ხუთსართულიანი სახლის სახურავზე ავძვერი. მაგრამ საჰაერო დესანტის ინფორმაცია არ გამართლდა. მაგრამ სამაგიეროდ კიევში შემოიჭრა ორი დივერსიული ჯგუფი. ერთი შულიავკი-ჟულიანის, მეორე კი ობოლონის მიმართულებიდან შემოვიდა. პირველ დიდ ჯგუფთან ჟულიანის აეროდრომთან, ჩვენ მოგვიხდა შეტაკება, ძალიან დიდი დივერსიული ჯგუფი იყო და ფაქტობრივად მთლიანად გავანადგურეთ, მათ შორის კადიროველებიც იყვნენ... პირველ დღეს ჩემი ჯგუფის საბრძოლო მიმართულება იყო ჩრდილო-აღმოსავლეთ კიევის რაიონში მდებარე სოფლები პერემოგა და რუდნიცკოე, სადაც რუსებმა მოასწრეს გამაგრება და იქ მივიტანეთ შეტევები.
სოფელ პერემოგასთან, მაგალითად, უწყვეტი 2-საათიანი ბრძოლები გვქონდა მოწინააღმდეგესთან, რომელსაც ფაქტობრივად 80-90 მეტრი თუ გვაშორებდა. ამის შემდეგ ქალაქ ირპენში გადაგვისროლეს. მტერი იქიდან აპირებდა კიევში შემოჭრას, ერთი პატარ მდინარის, ირპენის გადალახვა უნდოდათ და გზა ხსნილი იქნებოდა.
დიდი ბრძოლები გვქონდა იქ, ქალაქ ირპენის ეპოპეა ყველამ იცის და მასზე ბევრი რამეა მოსაყოლი. მათ შორის, ახლა იოლია გასახსენებლად, მაგრამ ბელარუს მოხალისეთა რაზმთან ერთად კინაღამ ალყაში აღმოვჩნდით.
ირპენში უკვე ქართველი მოხალისეებიც იყვნენ ჩამოსულები. პირველი მსხვერპლიც სწორედ იქ გვქონდა. ირპენის დაცვისას დაეცნენ გია ბეროშვილი და დავით რატიანი, რომელთა ცხედრებიც ჩვენ გამოვიყვანეთ“.
უკრაინაში მიმდინარე სამწლიანი ომის განმავლობაში რუსეთთან ბრძოლაში 62 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
შეკითხვაზე, თუ რა შეცვალა მის ცხოვრებაში სამწლიანმა ომმა, ვიცე-პოლკოვნიკი ნადირაძე თანამედროვე საომარი ხელოვნების ერთ-ერთი მიღწევის დრონების წარმოებისა და მართვის პრაქტიკის მიღებას ასახელებს.
„სამი წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ დრონების, უპილოტო მფრინავი საშუალებების მიმართულებით ასეთი სპეციალისტი გავხდებოდი. გარდა იმისა, რომ რასაც ვსაქმიანობ, კურირებას ვუკეთებ ერთ-ერთ უძლიერეს დრონების ლაბორატორიას, სადაც უკრაინელების ხელით მართლაც სასწაულები იქმნება”.
საბრძოლო შეტაკება დაიწყო უკვე 26 თებერვლიდან. გვიტევდა რუსეთის სატანკო და ქვეითი ქვედანაყოფები
რუსეთის მიერ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის მესამე წლისთავს ფრონტის ერთ-ერთ ცხელ წერტილში ხვდება უკრაინაში მებრძოლი სპეცდანიშნულების რაზმი „შავი არწივი“. ეს არის ძირითადად კავკასიელებისგან დაკომპლექტებული მრავალეროვნული დანაყოფი, რომლის მეთაური უკრაინის არმიის ლეიტენანტი, ვაკო სულაძე (იგივე აბუ მარიამ ალ გურჯი), სამი წლის წინ უკრაინელ საზღვაო ქვეითებთან ერთად იცავდა ხერსონის ოლქს.
ვაკო სულაძე: „2024 წლის 22 თებერვალს შევხვდი ქალაქ ნიკოლაევში (უკრაინულად მიკოლაივი - რედ.), გამთენიისას დაახლოებით 4 საათზე გავიგე პირველი აფეთქებების ხმა. სადღაც საათ-ნახევრის შემდეგ უკვე ვიყავი 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის წევრი, ანუ შევუერთდი 36-ე ბრიგადას. ქართველი იმ ბრიგადაში მარტო მე ვიყავი. ბრიგადის ერთი ნაწილი ქალაქ მარიუპოლს, მეორე ნაწილი კი ხერსონის მიმართულებას იცავდა. მე სწორედ ხერსონის მიმართულებაზე მყოფ დანაყოფს შევუერთდი. პირველ ორ დღეს მოწინააღმდეგე მანევრირებას ახდენდა. საბრძოლო შეტაკება დაიწყო უკვე 26 თებერვლიდან. გვიტევდა რუსეთის სატანკო და ქვეითი ქვედანაყოფები. მაგრამ მათი შეკავება ვერ შეძლო ხერსონის მიმართულებაზე მყოფმა ბრიგადებმა, ნიკოლაევის ოლქში კი შევძელით.
ქალაქ ვოზნესენსკთან მიიღეს რუსებმა დიდი დარტყმა, რადგან იქ იყო გამაგრებული უკრაინის ძირითადი ძალები. სამი წლის განმავლობაში შეიცვალა ის, რომ დიდი საბრძოლო გამოცდილება მივიღე და ეს ლოგიკურიცაა, როდესაც უშუალოდ ბრძოლაში ხარ ჩაბმული, ცოდნა და კვალიფიკაციაც მატულობს. გარდა ამისა, 2022 წელსვე ჩამოყალიბდა სპეციალური დანაყოფი "შავი არწივი", მასში გაწევრიანებული არიან როგორც კავკასიელები, ისე სხვა უკრაინის მეზობელი ერების წარმომადგენლები“.
ვაკო სულაძე ამბობს, რომ მრავალეროვნული დანაყოფისადმი სარდლობის ნდობას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ „შავი არწივი“ უკვე მეორე წელია იმყოფება საბრძოლო დავალებით ბახმუტის მიმართულებაზე. რუსეთის არმია აძლიერებს იერიშებს ქალაქებზე პოკროვსკსა და ტორეცკზე სრული კონტროლის დასამყარებლად.
„ვითარება აქ საკმაო რთულია. ქალაქი ტორეცკი მოწინააღმდეგეს უკვე თითქმის ბოლომდე დაკავებული აქვს. რუსი სამხედროები უკვე არიან შემოსულები დასახლებულ პუნქტ კრიმსკოეში და ახდენს ძალების მობილიზებას, სავარაუდოდ, ქალაქ კონსტანტინოვკაზე“, - ამბობს ვაკო სულაძე.
- დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკრაინაში, 1500-მდე ქართველი იბრძვის. მათი დიდი ნაწილი, ძირითადად, ოთხი ქვედანაყოფის - „ქართული ლეგიონის“, „კავკასიის ლეგიონის“, „ქვედანაყოფ თბილისისა“ და „შავი არწივის“ რიგებში ასრულებენ საბრძოლო დავალებებს.
- სამწლიანი ომის განმავლობაში ასევე ბევრი ქართველი მოხალისე სამხედრო გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრი და სხვადასხვა რეგულარულ დანაყოფთან ერთად აგრძელებს ბრძოლას უკრაინის დასაცავად.
ფორუმი