29 იანვარს უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მეორე ვადით კენჭისყრის თაობაზე განაცხადა. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ომის პერიოდის ლიდერს, პოროშენკოს, უკრაინელი ამომრჩეველი 31 მარტს ჩანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურგს შეაქცევს.
უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებასა და ქვეყნის აღმოსავლეთში, რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეტაკებების დასრულებაზე თითქმის ოთხი წლის წინ შეთანხმდნენ უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები.
მინსკის შეთანხმების სახელით ცნობილი დოკუმენტი დღემდე უშედეგო აღმოჩნდა, რამაც უკრაინის დაახლოებით 40 მილიონი მოქალაქე იმედგაცრუებული დატოვა.
დღემდე, უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ომი მიმდინარეობს. კონფლიქტს 10 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა, 2 მილიონზე მეტი კი დევნილად აქცია.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 30-ზე მეტი ადამიანი აპირებს მონაწილეობას, თუმცა საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა კვლევაში ხუთამდე კანდიდატი ლიდერობს, რომელთაც გამარჯვების მეტნაკლებად რეალური შანსი აქვთ.
იულია ტიმოშენკო: ვეტერანი პოლიტიკოსი
გამოკითხვებში ყოფილი პრემიერ მინისტრი, იულია ტიმოშენკო ლიდერობს - უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და აქტიური პოლიტიკოსი - რომელიც პრეზიდენტობაზე მესამედ იყრის კენჭს.
ანალიტიკოსების აზრით, წინასაარჩევნოდ, ტიმოშენკო პოპულისტურ დაპირებებს გასცემს. მაგალითად, ხელფასების 3,5-ჯერ გაზრდა და მეზობელი პოლონეთის ნიშნულთან დაახლოვება; პენსიების გაზრდა; საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირება; დღგ-ს გაუქმება; გაზის ტარიფის ორჯერ შემცირება. მისი კიდევ ერთი დაპირებაა 2014 წელს რუსეთთან დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, თუმცა კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს, ამაზე ტიმოშენკო არ საუბრობს.
იულია ტიმოშენკო 2004 წელს უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაშინდელ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად.
იუშჩენკოს ტრიუმფის შემდეგ, ტიმოშენკო პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, თუმცა პრეზიდენტთან უთანხმოების გამო, თითქმის ცხრა თვეში პოსტიდან დაითხოვეს.
ტიმოშენკომ კიდევ ერთხელ დაიკავა პრემიერ მინისტრის პოზიცია 2007 წელს. 2010-ში კი პირველად იყარა კენჭი პრეზიდენტობაზე და რუსეთთან დამეგობრებულ ვიქტორ იანუკოვიჩთან დამარცხდა.
2011 წელს, იანუკოვიჩის დროს, იულია ტიმოშენკოს კორუფციის ბრალდებით 7 წელი მიუსაჯეს. ციხიდან ის 2014 წლის ანტიკორუფციული, პროევროპული საპროტესტო ტალღის შემდეგ გათავისუფლდა.
ამავე წელს მან მეორედ იყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა ამჯერად პეტრო პოროშენკოსთან დამარცხდა.
იულია ტიმოშენკო მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას და უკრაინულ ჯარს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: კომიკოსი და მსახიობი
საზოგადოებრივ გამოკითხვებში პოპულარული მსახიობი, კომიკოსი და სატელევიზიო პერსონა, ვოლოდიმირ ზელენსკი მოწინავე პოზიციებს იკავებს.
ზელენსკი მთავარ როლს თამაშობს სერიალში “ხალხის მსახური”. სერიალი უბრალო უკრაინელ მასწავლებელზეა, რომელიც მოულოდნელად პრეზიდენტი გახდება.
ზოგიერთი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ზელენსკი ოლიგარქ იგორ კოლომოისკთანაა დაკავშირებული, რომელიც ქვეყნის მთავრობას ისრაელში გაექცა. ამასთან, თავად ბიზნესმენი პრეზიდენტობის კანდიდატთან ნებისმიერ კავშირს უარყოფს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ახლახან სკანდალში გაეხვა: რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისა და ტელეკომპანია UA-ს ერთობლივი გამოძიებით გაირკვა, რომ კანდიდატს ჯერ კიდევ აქვს წილები ფილმების მწარმოებელ კომპანიაში რუსეთში. რუსულ ბიზნესში მონაწილეობა ბევრი უკრაინელი ამომრჩევლისთვის მიუღებელია. თავად ზელენსკი კი რუსეთში ყოველგვარ ბიზნეს ინტერესებს უარყოფდა.
გამოძიების თანახმად, სამი კომპანიის - Vaisberg Pictures, Platinumfilms, და Green Films - მოგებამ 2014-2017 წლებში 13 მილიონი დოლარი შეადგინა. ისინი კვიპროსში რეგისტრირებულმა კომპანიამ Green Family LTD დააფუძნა, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია კიდევ ერთი კომპანიის - Quarter 95 - მიერ. გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ ზელენსკიმ საჯაროდ დაადასტურა, რომ Quarter 95-ის მფლობელია.
პეტრო პოროშენკო: მოქმედი პრეზიდენტი
პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტი 2014 წელს, პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენების შემდეგ გახდა. მისი ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიასა და უკრაინის აღმოსავლეთში ომს დაემთხვა.
საზოგადოება პოროშენკოს ადანაშაულებს კორუფციასთან დამარცხებასა და ცხოვრების პირობების გაუარესებაში. დღეს უკრაინის საშუალო თვიური ხელფასი 380 დოლარია, ხუთი წლის წინ კი - 450 დოლარი იყო.
კენჭისყრის გადაწყვეტილების გამოცხადებისას, 29 იანვარს, პოროშენკომ შეცდომებისთვის ბოდიში მოიხადა და საკუთარი თავი რუსეთისა და პოპულიზმისგან უკრაინის დამცველად გამოაცხადა. ის მოსახლეობას დასავლური კურსის შენარჩუნებას დაჰპირდა. მისი სიტყვით გამოსვლისას კი პატრიოტული სიმღერები და ვიდეოები იყო ჩართული.
“2019 წელს ან პოროშენკო გაიმარჯვებს, ან პუტინი” - იუწყებოდა საარჩევნო კლიპი.
“არც ერთი ჩემი ნაბიჯი, წარმატებული თუ წარუმატებელი, არ შეწინააღმდეგებია კოლონიურ წარსულთან ჩამოშორების, უკრაინის საკუთარ გზაზე სიარულისა და ევროპასთან ალიანსის სტრატეგიას”, - თქვა პოროშენკომ - “და არ გვაქვს შუა გზაზე გაჩერების უფლება.”
პოროშენკოს წინასაარჩევნო კამპანია, კონკურენტებთან შედარებით, გაცილებით ადრე დაიწყო: როდესაც ის მხარს უჭერდა რუსეთის ეკლესიისგან დამოუკიდებელი უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნას, უკრაინული ენის გაძლიერებას და ძლიერ ჯარს.
პოროშენკოს მიღწევებიც აქვს, მაგალითად უკრაინელებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლა. ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობის მონაცემებით, უკრაინის კორუფციის ინდექსი, გასულ წელთან შედარებით, ათი ადგილით გაუმჯობესდა, თუმცა ქვეყანა180-იდან 120-ე ადგილზე რჩება.
იური ბოიკო: პრორუსი კანდიდატი
ყოფილი დეპუტატი, ვიქტორ იანუკოვიჩთან დაკავშირებული იური ბოიკო ჯერჯერობით მთავარ პრორუს კანდიდატად მიიჩნევა.
როგორც პოლიტოლოგი მიხაილ ბასარაბი რადიო თავისუფლების უკრაინულ სერვისთან ამბობს, ბოიკოს პრეზიდენტად არჩევის დაბალი შანსი აქვს და წარმოუდგენელია რუსეთმა მის სასარგებლოდ იმუშაოს. ამასთან, ბასარაბი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა შესაძლოა გარკვეული საბოტაჟი ჩაიდინოს.
ანატოლი გრიცენკო
ანატოლი გრიცენკო უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრია. ის კარგი რეპუტაციით სარგებლობს და დიდი ხანია უკრაინის ევროპულ გზას უჭერს მხარს. გრიცენკოს პატივს სცემენ ანტიკორუფციული აქტივისტებიც. ამათან, გრიცენკო კენჭს იყრიდა 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და მან ხმების მხოლოდ1,2% მიიღო. 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი ხმების 5,48% დააგროვა.
პოლიტტექნოლოგის, ოლექსანდრ მულენკოს შეფასებით, გრიცენკოს დიდი ხანია თავისი ნიშა უკავია და “წინა პლანზე” წამოწევის გეგმა არ აქვს.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები 2019 წლის 31 მარტს გაიმართება.