Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის აღდგენა - "ღირსების რევოლუციის" სიმბოლოდ აღიარებულმა მუსტაფა ნაემმა კარი გაიჯახუნა?


მუსტაფა ნაემი, უკრაინის აღდგენის სააგენტოს ხელმძღვანელი, ბერლინის კონფერენციის წინ გადადგა
მუსტაფა ნაემი, უკრაინის აღდგენის სააგენტოს ხელმძღვანელი, ბერლინის კონფერენციის წინ გადადგა

ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციის (URC2024) წინ უკრაინის სამთავრობო ვერტიკალში მორიგი სკანდალი დატრიალდა. მასშტაბური კონფერენციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე თანამდებობიდან გადადგა უკრაინის აღდგენისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი.

მუსტაფა ნაემი ფეისბუკით გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს იმას, რომ სააგენტოს მუშაობასა და ქვეყნის ეფექტიანად აღდგენაში ხელს უშლიდნენ როგორც მმართველი პარტიის დეპუტატები, ისე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დემის შმიჰალი, რომელმაც არ დაამტკიცა მუსტაფა ნაემის მივლინება ბერლინის კონფერენციაზე.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი უკრაინის აღდგენის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომაზე.

უკრაინელ ექსპერტებს შორის კი მუსტაფა ნაემის ამ გადაწყვეტილების და მის მიერ გამოთქმული ბრალდებების თაობაზე აზრი ორად გაიყო.

"ჩვენ ბიუროკრატიულ კოშმარში გვამყოფებდნენ"

ვითარებას, რომელშიც უკრაინის ომისშემდგომ აღდგენაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო სააგენტოს შარშანდელი ნოემბრის შემდეგ უხდებოდა საქმიანობა, მუსტაფა ნაემმა თავის ფეისბუკის პოსტში „ბიუროკრატიული კოშმარი“ უწოდა.

კერძოდ, უწყებას სრულად შეუმცირეს გზების აღდგენისა და შენახვის პროექტებზე განკუთვნილი ბიუჯეტი, რაც, მუსტაფა ნაემის თქმით, უსათუოდ აისახება თავდაცვითი მნიშვნელობის გზების მდგომარეობაზე და შედეგად - მთელ სამხედრო ლოგისტიკაზე.

„ბიუროკრატია "კოშმარს გვგვრიდა"... დამცავი საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობის ან სარესტავრაციო სამუშაოების დასაფარი ფინანსური დოკუმენტების შეთანხმებას მთავრობაში თვეები უნდებოდნენ, ექვსჯერ-რვაჯერ გვიბრუნებდნენ უკან უაზრო შენიშვნებით, რამდენიმე თვით გვიგვიანებდნენ, ხოლო ზოგიერთი ჯერაც არ არის შეთანხმებული“, - წერდა 10 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტში მუსტაფა ნაემი.

გარდა ამისა, სააგენტოს გვარიანად შეუმცირეს თანამშრომელთა სახელფასო ფონდი. ნაემის თქმით, დასაქმებულთა მნიშვნელოვან ნაწილს ხელფასები 68%-მდე შეუმცირდა, შედეგად, 2024 წლის დასაწყისიდან სააგენტომ თანამშრომელთა 25% დაკარგა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს განზრახ გაკეთდა, რათა სააგენტოში, რომელიც გარკვეულწილად მშენებლობის პროცესების ნულიდან დაწყების ნიმუშად იქცა, პრაქტიკულად აღარ დარჩენილიყვნენ პროფესიონალი და მოტივირებული ადამიანები, ხოლო [მთავრობას] სააგენტო არაეფექტიანად და უსარგებლოდ ჩაეთვალა“, - წერს გადადგომის შემდეგ გამოქვეყნებულ წერილში მუსტაფა ნაემი.

წარსულში ცნობილი ჟურნალისტი, 2013 წელს „ევრომაიდნის“ ერთ-ერთი ინიციატორი და „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ „ვერხოვნა რადის“ დეპუტატი მუსტაფა ნაემი გასული წლის იანვრიდან ჩაუდგა სათავეში უკრაინის მთავრობის სტრუქტურაში შექმნილ ახალ, აღდგენისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს.

მაისის დასაწყისში „ვერხოვნა რადამ“ ხმათა უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენა მუსტაფა ნაემის უშუალო უფროსი, უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერი და სათემო განვითარების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ოლექსანდრ კურბაკოვი.

ოლექსანდრ კუბრაკოვის ვიცე-პრემიერის პოსტიდან გადაყენებას "ვერხოვნა რადის" 272-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი
ოლექსანდრ კუბრაკოვის ვიცე-პრემიერის პოსტიდან გადაყენებას "ვერხოვნა რადის" 272-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი

ოლექსანდრ კუბრაკოვის ვიცე-პრემიერის პოსტიდან გადაყენებას "ვერხოვნა რადის" 272-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თვითონ კუბრაკოვის თქმით, ეს გადაწყვეტილება მასთან არ განხილულა. კენჭისყრის დროს ის სხდომათა დარბაზშიც კი არ იმყოფებოდა.

"ეს უკრაინაში საჯარო ადმინისტრაციის ერთგვარი სუიციდია"

9 ივნისს, ერთი დღით ადრე, ვიდრე თავის გადადგომას გამოაცხადებდა, მუსტაფა ნაემმა „ბლუმბერგს“ აცნობა, რომ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა არ დაამტკიცა უკრაინის აღდგენისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მივლინება ბერლინში დაგეგმილ კონფერენციაზე.

უკრაინის აღდგენის კონფერენცია (URC2024) 11-12 ივნისს გაიმართა ბერლინში, სადაც უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდა. ღონისძიების მთავარი მიზანი, ომით დაზარალებული უკრაინის ქალაქების აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება იყო.

ჯერ პროფილური ვიცე-პრემიერის საჩქაროდ გადაყენება, შემდეგ კი სააგენტოს ხელმძღვანელისათვის ბერლინში მივლინებაზე უარის თქმა, უკრაინელ ექსპერტთა ნაწილის აზრით, მძიმე დარტყმას აყენებს ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს.

„ეს, უკრაინაში საჯარო ადმინისტრაციის ერთგვარი სუიციდია, რაც უკიდურესად უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკასა და ნდობაზე უკრაინის, როგორც სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ რაღაცის მოთხოვნა, არამედ - რომელსაც შეუძლია განახორციელოს რთული პროექტები, შეასრულოს დაპირებები, უზრუნველყოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი ფულის გამოყენებაში“, - ამბობს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ ცენტრის ხელმძღვანელი, დარია კალენიუკი.

უკრაინელ ექსპერტთა მეორე ნაწილი მუსტაფა ნაემის ბრალდებებს არ იზიარებს. ისინი ამბობენ, რომ აღდგენის სააგენტოს უფროსმა მომენტით ისარგებლა და „კარი გაიჯახუნა“.

„მე, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ დიდ წარმატებებს უკრაინის აღდგენის საქმეში, რაშიც ნაემის დანაშაული არ არის, ვინაიდან ამ მხრივ ქვეყანაში უამრავი პრობლემა არსებობს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მან ისარგებლა გადადგომით. რადგან ახლახან გადაყენებული იქნა მისი პატრონი, რეკონსტრუქციის საკითხებში ქვეყნის ვიცე-პრემიერი და უკრაინის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი, ბატონი კურბაკოვი. ამის შემდეგ, როგორც ჩვენს სახელისუფლებო ვერტიკალში ამბობენ ხოლმე, ეს ყველაფერი [მუსტაფა ნაემის გადადგომა] დროის ამბავი იყო. ასე რომ, მან უბრალოდ კარი გაიჯახუნა, ეს არის და ეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

მუსტაფა ნაემი თავისი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, მაგრამ მზად არის შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა იქამდე, სანამ უკრაინის მთავრობა არ დააკმაყოფილებს მის თხოვნას გადადგომის შესახებ.

მხოლოდ ამის შემდეგ მუსტაფა ნაემი თავის მემკვიდრეს გადააბარებს საქმეებს. მომავალ გეგმებზე მას არაფერი უთქვამს. თუმცა უკრაინის აღდგენისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ საჯარო განცხადების შემდეგ ხელისუფლებამ მისი დევნა დაიწყოს.

„ჩვენ ყოველთვის ვერ ვეწერებოდით სახელმწიფო მართვის დღენადელ სტილსა და გუნდში. და მე არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში იქნება ჩვენი საქმიანობის დევნისა და დისკრედიტაციის მცდელობები“, - მოჰყავს მუსტაფა ნაემის სიტვები „ბიბისის“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG