6 დეკემბერს რუსეთის დაზვერვის ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონულ სასამართლოს მიმართა თხოვნით, დაუსწრებლად გამოიტანოს უკრაინის ხელისუფლების ორი მაღალი რანგის წარმომადგენლის დაპატიმრების გადაწყვეტილება. ერთი მათგანი უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკია, მეორე - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ემინე ჯეპარი (ემინე ჯაფაროვა).
„სასამართლომ მიიღო შუამდგომლობები გამოძიებისგან, რათა დაუსწრებლად შეეფარდოთ პატიმრობა ირინა ვერეშჩუკსა და ემინე ჯაფაროვას, რომლებიც ბრალდებულნი არიან რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 280.2 მუხლით ("რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა") გათვალისწინებულ დანაშაულში“, - ნათქვამია ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებზე ასევე გამოცხადდა ძებნა „საერთაშორისო მასშტაბით“.
რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 280.2 მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 10 წლამდე.
რუსული მედია წერს, რომ ომის დაწყებისას ირინა ვერეშჩუკი ხელმძღვანელობდა დონბასის მცხოვრებლების ევაკუაციას კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და, რომ ის ასევე მოუწოდებდა ოკუპირებული ხერსონის მცხოვრებლებს, დაეტოვებინათ რუსეთის არმიის მიერ დაკავებული ოლქი, ხოლო მოსკოვის მიერ ორგანიზებული რეფერენდუმის მონაწილეებს აფრთხილებდა, რომ მათ წინააღმდეგ დაიწყებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა.
თვითონ ირინა ვერეშჩუკმა მის „დაუსწრებლად დაპატიმრებასა და ძებნილად გამოცხადებაზე“ მოკლე კომენტარი გააკეთა:
„მედია წერდა, რომ რუსებმა დაუსწრებლად დამაკავეს და გამოაცხადეს ჩემზე ძებნა „რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისთვის“. ყველა მეკითხება ამის შესახებ. აბა, რა შემიძლია ვთქვა? ეს ჩემი სამუშაოა“, - დაწერა ვერეშჩუკმა თავის Telegram-არხზე.
2014 წლის აპრილში ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომლითაც მოუწოდა რუს დედებს, არ დაეშვათ მოსალოდნელი ომი.
2016 წლის იანვრიდან ბალტია-შავი ზღვის კვლევებისა და კონსენსუსის პრაქტიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტია.
2017 წლის სექტემბრიდან არის მ. დრაგომანოვის სახელობის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორი.
2020 წლის 16 ივლისს ირინა ვერეშჩუკმა გაიმარჯვა კიევის მერის არჩევნების წინ გამართულ უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ შიდაპარტიულ არჩევნებში.
2020 წლის 11 დეკემბერს ირინა ვერეშჩუკს, უკრაინის სხვა 900-მდე მოქალაქესთან ერთად, რუსეთის ხელისუფლებამ დაუწესა სანქციები.
რუსეთის დაზვერვის ფედერალური სამსახურისა და ლეფორტოვოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ემინე ჯეპარმაც:
„ვაღიარებ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში ჩართული ვარ 2014 წლიდან, რუსეთის მიერ ჩემი სამშობლოს ოკუპაციის პირველივე დღეებიდან. ამიტომ, ასეთ ქმედებებს ჩემი მუშაობის ეფექტიანობის აღიარებად აღვიქვამ“.
2002-2003 წლებში მუშაობდა უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერის თანაშემწედ ეთნიკური უმცირესობების საკითხებში.
2008 წლის მარტიდან 2010 წლის იანვრამდე მუშაობდა ატაშედ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის დეპარტამენტში.
2011-2015 წლებში მუშაობდა ყირიმულ-თათრულ ტელეარხ ATR-სა და რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურში.
2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის აპრილამდე ეკავა საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის მრჩევლის თანამდებობა ყირიმთან დაკავშირებულ საკითხებში.
2016 წლის 20 აპრილს დაინიშნა უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.
2020 წლის 18 მაისიდან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა.
უკრაინელი პოლიტიკოსი ქალების დაპატიმრების მოთხოვნა, ერთგვარი პასუხია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ძებნა გამოცხადდა 700-მდე რუს პოლიტიკოსსა და ოფიციალურ პირზე, რომელთა შორის არიან რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და სხვები. რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ უკრაინის სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტზე.
- უკრაინელი ქალები სულ სხვა სიაში
7 დეკემბერს უკრაინელი ქალები რუსეთის მიერ ძებნილთა სიის გარდა, ასევე მოხვდნენ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის 100 გავლენიან ქალს შორის. „ბი-ბი-სის“ სიაში უკრაინის პრეზიდენტის მეუღლის, ელენა ზელენსკაიას გარდა, კიდევ 7 უკრაინელი ქალია:
- კრისტინა ბერდინსკიხი, ჟურნალისტი - უკრაინის ომის დროს მოგზაურობდა მთელ ქვეყნაში, აშუქებდა მოვლენებს იმ რეგიონებიდან, რომლებიც რუსეთის მხრიდან მასირებული ცეცხლის ქვეშ იყვნენ მოქცეული. სტატიებისა და რეპორტაჟების დიდი ნაწილი ეხებოდა ომის შედეგად დაზარალებული ქალაქების ყოველდღიურ ყოფას.
- მარინა ვიაზოვსკაია, მათემატიკოსი - 2022 წელს მიიღო პრესტიჟული ფილდსის პრემია, რომელსაც ხშირად უწოდებენ ნობელის პრემიას მათემატიკაში და, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ გაიცემა. მარინა ვიაზოვსკაიამ ჯილდო მიიღო 400 წლის წინ დასმულ ამოცანაზე შექმნილი ნაშრომისთვის, რომელმაც რვაგანზომილებიან სივრცეში სფეროების ყველაზე ეფექტური განლაგების პრობლემა გადაჭრა.
- იანა ზინკევიჩი, პოლიტიკოსი, მოხალისე პარამედიკოსი - შექმნა და დღემდე ხელმძღვანელობს სამედიცინო ბატალიონ „ჰოსპიტალიერებს“, რომელმაც 2014 წლიდან მოყოლებული 2700-ზე მეტი დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინა. იანა ზინკევიჩმა პირადად გადაიყვანა უსაფრთხო ადგილას 200 დაჭრილი ჯარისკაცი; უკრაინის უმაღლესი რადის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატია (27 წლისა), რომელიც ხელმძღვანელობს სამხედრო მედიცინის საპარლამენტო ქვეკომიტეტს.
- ირინა კონდრატოვა, ბავშვთა ექიმი - განუწყვეტელი დაბომბვის მიუხედავად, ირინა კონდრატოვა და მისი კოლეგები დარჩნენ ორსულებთან, ახალშობილებთან და მათ დედებთან ხარკოვის რეგიონალურ პერინატალურ ცენტრში. საავადმყოფოს სარდაფში მოაწყვეს სამშობიარო განყოფილება და სიცოცხლის რისკის ქვეშ არ ტოვებდნენ რეანიმაციულ განყოფილებას, მაშინაც კი, როცა გაისმოდა საჰაერო თავდასხმის სირენების ხმა. 2022 წლის 20 მარტს ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა სწორედ ირინა კონდრატოვას გადასცა სამართავად სოციალურ მედიაში თავისი ოფიციალური გვერდები.
- ოლექსანდრა მატვიიჩუკი, უფლებადამცველი - 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს ორგანიზაცია „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს“, რომელმაც 2022 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.
- იულია პაევსკაია, პარამედიკოსი - უკრაინელი სამხედრო მედიკოსი, მოხალისეთა ევაკუაციისა და სამედიცინო განყოფილების „ტაირას ანგელოზების“ დამფუძნებელი, რომელმაც რამდენიმე ასეული დაჭრილი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინა. პაევსკაია, რომელიც ცნობილია „ტაირას“ მეტსახელით, რუსულმა ჯარმა ტყვედ მაშინ აიყვანა, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში მონაწილეობდა.
- იულია საჩუკი, შშმ პირთა უფლებების დამცველი - დამფუძნებელი ორგანიზაციისა „ბრძოლა უფლებებისთვის“, რომელსაც შშმ ქალები ხელმძღვანელობენ. შექმნა სასწრაფო დახმარების სამსახური მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. იულია მუშაობდა 24-საათიან რეჟიმში და კოორდინაციას უწევდა ათასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ევაკუაციას.
როგორც BBC განმარტავს, სია ასახავს ქალთა როლს მსოფლიოში მიმდინარე რთულ მოვლენებში: დაწყებული ირანში თამამი საპროტესტო აქციებიდან და დამთავრებული უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომით.